(ქც 4: 542,1,3,10,11), ბოდა (ქც 4: 90,27; 93,14; 21, 94,11; 542,1,სქ.1), ბოდე (ქც 1: 121,11), ბოდი (ქც 1: 121,14,15). ბოდბე, ბოდა, ბოდი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ (ქც 1: 121,14,15; 126,8; 128,3), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 542,1,3,10,11, სქ. 1, სქ. 2; 567,14,26; 568,29; 571,6; 576,12; 584,3), „მოქცევაი ქართლისაი“ (მქ 1979: 355), ისტორიული საბუთები (ქართლ-კახეთის ... 1903: 255-258; ისტ. საბ. 1913: 18, 19, 36-38), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 27, 259, 261).
ბოდბის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „ხორნაბუჯის დასავლით არს ბოდბის ხევი, პირველ წოდებული ბოდა ... ამ ხევსა ზედა არს ბოდბეს ეკლესია გუმბათიანი, დიდშენი, შუენიერი. აქ მიიცვალა წმიდა ნინო და დაეფლა აქავე. აღაშენა და შეამკო საფლავი მისი და ეკლესია კე მეფემან ბაქარ. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ქისიყისა და ვიდრე კონდოლამდე, აქუს სასპასპეტო დროშაცა, და არიან სადროშონი მისნი ქისიყით კონდოლამდე და მანავადმდე, და არს ბრძოლასა მეწინავე. ბოდბელი არს პირველი ეპისკოპოზი კახეთისა, პატივისათვის წმიდის ნინოსა“ (ქც 4: 542,1-10).
მდებარეობს სიღნაღის მუნიც-ში, სიღნაღიდან 3 კმ-ის დაშორებით.
ბოდბის ტაძრის აგება უკავშირდება მირიან მეფეს (IV ს). ნინო ბოდბეს (ბოდნი, ბოდისი, ბოდი) გარდაცვლილა და იქვე დაუკრძალავთ. მის პატივსაცემად მირიან მეფეს ბოდბეში ეკლესია აუგია (ქც 1: 121,14,15, 126,8, 128,3). აქ სამშენებლო სამუშაოები ჩაუტარებია ბაქარ მირიანის ძესაც (ქც 4: 542,5,6). ვახტანგ გორგასლის დროს ბოდბეში არსებობდა საეპისკოპოსო. ბოდბელი მღვდელმთავარი ესწრებოდა 506 წ. დვინის საეკლესიო კრებას (ჯავახიშვილი 1979: 338; პაპუაშვილი 1970: 142, 143). ქიზიყელი (ბოდბელი) მღვდელმთავარი საქართველოს მეფის კურთხევისას მეშვიდე ადგილზე მოიხსენიება. ბოდბელი ეპისკოპოსი კახეთის მეწინავე სადროშოს განაგებდა (ქც 4: 542,1-10; ასათიანი 1976: 218). XVII ს-ის დასაწყისში შაჰ-აბასის შემოსევისას დაზიანდა ბოდბის ეკლესია. 1792 წ. ლეკებთან ბრძოლაში დაიღუპა ბოდბელი მიტროპოლიტი კირილე ჯორჯაძე. აქ ეკურთხა მეფედ თეიმურაზ I (1606-1648). 1772 წ. ბოდბეში მამათა მონასტერი ყოფილა (გიულდენშტედტი 1962: 50). თეიმურაზ II-ისა (1744-1762) და ერეკლე II-ის (1744-1798) ბრძანებით ბოდბეს გადაეცა ჭერმის საეპისკოპოსო მიწები. 1837 წ. ბოდბის კათედრა გაუქმდა. ის გააერთიანეს კახეთ-ალავერდის ეპარქიაში. 1823 წ. იოანე მაყაშვილს გაუახლებია საეპისკოპოსო სასახლე კარის ეკლესიითურთ (ჩაჩხუნაშვილი, ძნელაძე, ახალაია 1995: 374-393). 1888 წ. რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I ოჯახით ეწვია ბოდბეს. 1889 წ. აქ გაიხსნა დედათა მონასტერი. ბოდბის ტაძარს ჰქონდა მდიდარი წიგნთსაცავი. ბოდბელი მღვდელმთავრები (ზაქარია XVII ს, ონოფრე XVIII ს-ის პირველი ნახევარი, იოანე XVIII ს-ის შუა წლები, იოანე მაყაშვილი 1743-1837 წწ.) იყვნენ ცნობილი მწიგნობრები (მენაბდე 1962: 353).
1986-1989 წწ. ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს მიერ ბოდბეში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები (ხელმძღვ. ზ. ქუფარაშვილი). მოიხსნა იოანე მაყაშვილის მიერ აგებული კარიბჭეები და ცრუ გუმბათი; გაიხსნა შენობის თავდაპირველი წყობა. ბაზილიკის შუა ნავის სამხრეთ-დასავლეთი კედლის აგურის წყობაში გამოვლინდა იქ ჩართული უცნობი ასომთავრული წარწერა.
1995 წ. ქართული ეკლესიის ისტორიის კვლევის ფონდის ინიციატივით ბოდბის ეკლესიაში ჩატარდა არქეოლოგიური კვლევა-ძიება ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს ექსპედიციის მიერ (ხელმძღ. მ. ძნელაძე). გათხრების შედეგად გამოვლინდა იატაკის რამდენიმე დონე. I და II 1901 წ. შემდგომ ხანას მიეკუთვნება. III დონის იატაკი მოგებული იყო ქვიშაქვის ფილებით (48X85X10 სმ; 67X54X5,6 სმ). ტრაპეზის ძირში გამოიკვეთა ორმო (70X55 სმ) ნაყარით. მასში 22 სმ სიღრმეზე აღმოჩნდა ვერცხლის ჭურჭელი – ტაკუკი XVIII ს-ის მხედრული წარწერით. IV და V (პირვანდელი) დონის იატაკი აგურისაა (21X21X5 სმ; 22X22X5 სმ; 21X26X5 სმ). აფსიდაში მრავლად დაფიქსირდა ფრესკული მოხატულობის ბათქაშის ნამტვრევები. აქვე აღმოჩნდა ფაიანსის ჯამის ნატეხები მცენარეული ორნამენტითა და გამჭვირვალე ჭიქურით. აფსიდის სამხრეთი კედლის ხარისხის ზედა ნაწილის მოხსნისას აღმოჩნდა სპილენძის თასი მხედრული წარწერით „იოანე ბოდაბალის ვარ“ (ჩაჩხუნაშვილი, ძნელაძე, ახალაია 1995: 387). იქვე აღმოჩნდა მოჭიქული ფიალა; ბრინჯაოს ზარი (საეკლესიო დროშის ატრიბუტს უნდა წარმოადგენდეს). გამოვლინდა ძველი ტრაპეზი, რომელიც შედგება სვეტისაგან და კაპიტელისებური ზედა ნაწილისაგან. სვეტი ჩასმულია დედაქანში ჩაჭრილ ორმოში. ტრაპეზი კირქვისაა. ის არაერთხელ განუახლებიათ. ტრაპეზის ქვის ზედაპირი შესაძლოა აფსიდის ცენტრში სარკმლის ქვეშ ჩაშენებული კვადრატული ფილა (45X45 სმ) ყოფილიყო. წმიდა ნინოს ეკვდერში იატაკი თითქმის თავდაპირველ დონეზეა.
ბოდბის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. ნავებს ბურჯების ერთი წყვილი ყოფს. გვერდითა ნავები განიერია. ნაგებობა ძლიერაა შეცვლილი გვიანდელი გადაკეთებებით. სამხრეთი ეკვდერი უნდა იყოს ტაძრის უძველესი ფენა, რომელიც მოგვიანებით (VII ან VIII-IX სს-ში) მოაქციეს სამნავიანი ბაზილიკის მოცულობაში. ტაძარი აგებულია აგურით (26X26X5 სმ; 27X27X5 სმ; 24X24X5 სმ). კუთხეები გამოყვანილია შირიმის კვადრებით.
სამხრეთის ფასადის ასომთავრული წარწერა გრძელდება დასავლეთისაზე. წარწერით ირკვევა, რომ ვინმე გიორგის ექვსი თვის მსახურებით აუგია ანუ განუახლებია ეკლესია, დავით აღმაშენებლის ძის დემეტრეს (1125-1156) მეფობის ხანაში. (ბარნაველი 1961: 36; ჩაჩხუნაშვილი, ძნელაძე, ახალაია 1995: 382). (იოსელიანი 1846: 129-141).
- ბიბლიოგრაფია: ასათიანი 1976: 218; ბარნაველი 1961: 36; გიულდენშტედტი 1962: 27, 259, 261; თოდრია 1982: 74-100; იოსელიანი 1846: 129-141; ისტ საბ. 1913: 18, 19, 36-38; მენაბდე 1962: 353; მქ 1979: 355; მჭედლიშვილი 1968: 51-57; პაპუაშვილი 1970: 142, 143; ქართლ-კახეთის ... 1903: 255-258; ქც 1: 121,14,15; 126,8; 128,3; ქც 4:542,1,3,10,11, სქ. 1, სქ. 2; 567,14,26; 568,29; 571,6; 576,12; 584,3; ჩაჩხუნაშვილი, ძნელაძე, ახალაია 1995: 374-393; ჩუბინაშვილი 1959: 83-86; ჯავახიშვილი 1979: 338.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.