ქუაბნი, ციხე (ქც 4: 353,11).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 343,11), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 34), XV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 291; 1967: 281; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 155; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 44; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 551; 1981: 78; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 126), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 273).
ვახუშტი ბაგრატიონი ბოდორნის შესახებ გადმოგვცემს: „ოხერხიდის ჩდილოთ არს ბოდორნას ქუაბნი გამოკვეთილნი და ციხე მაგარი“ (ქც 4: 353,11).
მდებარეობს დუშეთის მუნიც-ში, დუშეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 8 კმ-ის დაშორებით, დღევანდელი სოფ. ბოდორნას ტერიტორიაზე.
სახელ ბოდორნას ივ. ჯავახიშვილი უკავშირებდა მცენარე „ბალბას“ (მოლოქი) მეგრულ სახელწოდებას – „ბოდერია-ბოდორიას“ (ჯავახიშვილი 1986: 174).
1494 წ. არაგვის ერისთავმა ვამეყ შაბურისძემ სოფ. ხანდაკი შესწირა ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესიას (ქრონიკები 1897: 291). 1629 წ. ზურაბ არაგვის ერისთავმა ბოდორნა შესწირა წილკნის ღვთისმშობელს (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 440). ბოდორნა მეფე ერეკლე II-ის (1744-1798) ძის ვახტანგის საგამგებლოა (ბაგრატიონი 1986: 34). იოჰან გიულდენშტედტი ბოდორნას არაგვის საერისთავოს სოფლებში ასახელებდა (გიულდენშტედტი 1962: 273). 1789 წ. ბოდორნის ღვთისმშობლის დღესასწაულს დაესწრო ერეკლე II-ის ძე გიორგი (იოსელიანი 1978: 47, 48). XIX ს-ის 70-იან წლებში იქ 20 ქართული კომლი ცხოვრობდა (იოსელიანი 1875: 41, 42).
დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული იყო ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესიის მახლობლად 1957-1958 წწ. შემთხვევით აღმოჩენილი ბრინჯაოს ე. წ. კოლხური ტიპის ორი ცული (ინვ. №985, 986) და ნაჭდევი ორნამენტით შემკული ბრინჯაოს ორი მასიური რგოლი (ინვ. №987, 988) (ქორიძე 1965: 58).
ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟინვალის ექსპედიციამ (ხელმძღ. რ. რამიშვილი) ბოდორნაში 1971-1972 წწ. ჩაატარა სადაზვერვო-გათხრითი სამუშაოები; 1977-1979 წწ. კი სტაციონარული გათხრები. დაზვერვითი სამუშაოებისას აღმოჩნდა ქვის ხანის მასალა: ობსიდიანის მასიურ ანატკეცებზე დამზადებული იარაღები – სახოკები, სახვრეტები და დაუმუშავებელი ანატკეცები (წერეთელი 1975: 15; ჭელიძე, ჩიქოვანი 1991: 4).
1977-1979 წწ. გაითხარა დაზიანებული დიდი ქვაყრილიანი ყორღანის წრის გადარჩენილი ნაწილი, რომელშიც 1,3 მ სიღრმეზე გამოვლინდა მსხვილმინარევიანი, უხეშკეციანი, შავად გამომწვარი კერამიკის ნატეხები, პირზე ნაჭდევებით; ბზე და ობსიდიან-მინარევიანი თიხისაგან დამზადებული კერამიკის ფრაგმენტები; ობსიდიანის ანატკეცები; 0,6-0,7 მ სიღრმეზე მცირე რაოდენეობით გამოვლინდა გვიანანტიკური და ადრე შუა საუკუნეების კერამიკის ნატეხები. გაითხარა 1,8 მ სიღრმისა და 1,4 მ დიამეტრის ოვალური ორმო, რომელშიც აღმოჩნდა რიყის ქვები, ბზენარევი კერამიკის ნატეხები და ობსიდიანის ანატკეცები; ქვის სანაყი, ხელსაფქვავის ქვები. მასალა თარიღდება ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანით (რამიშვილი 1982: 26, 27).
ამავე ადგილზე გაიწმინდა ადრე შუა საუკუნეების დაზიანებული ორმოსამარხი. მიცვალებული დაკრძალული იყო გაშოტილი, თავით სამხრეთით. მარცხენა ხელთან იდო რკინის დანა და ხოსრო I-ის (549-550) ვერცხლის მონეტა (რამიშვილი ... 1981: 129, 130). სოფელ ბოდორნის ჩრდილოეთით, დუშეთის ხევის მარცხენა ნაპირზე (მდ. არაგვის მარჯვენა შენაკადი) 1972 წ. გაითხარა მრგვალი კოშკი, რომელიც ნაგებია რიყის ქვით დუღაბზე. გათხრებისას გამოვლინდა მოზრდილი თაღოვანი სათავსო შეისრული თახჩებით, ჩრდილოეთისაკენ არსებული კარითა და ბუხრით. მოპოვებული მცირე რაოდენობის უხეშად ნაძერწი კერამიკის ნატეხები გვიანი შუა საუკუნეებისაა (რამიშვილი ... 1973: 85). ბოდორნის არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის ბაზაში.
სოფ. ბოდორნის დასავლეთით 300-ოდე მ-ის დაშორებით მდ. არაგვის მარჯვენა ნაპირზე გამოქვაბულებით გარშემორტყმული კლდის თავზე მდებარეობს ბოდორნის ღვთისმშობლის გუმბათიანი ეკლესია (10,3X7,03მ). ნაგებია რიყის ქვითა და აგურით დუღაბზე. შესასვლელი სამხრეთითა და დასავლეთითაა. აქვს ნახევარწრიული აფსიდა. ყველა კედელში თითო შეისრული სარკმელია. აბსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია. სარკმლის ქვეშ ტრაპეზია. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია მასიური ქვის კანკელით. აღმოსავლეთის ფასადზე აგურით გამოყვანილია ჩაღრმავებული ჯვრები. დანარჩენი ფასადები სადაა. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გუმბათი პირამიდული. ამჟამად გადახურულია თუნუქით. ეკლესიის სამხრეთის შესასვლელის თავზე ჩასმულ ფილაქვაზე რვასტრიქონიანი მხედრული წარწერაა, რომელშიც აღნიშნულია ეკლესიის განახლების თარიღი (1717 წ.). ეკლესია განუახლებია არაგვის ერისთავის შვილს, ნინოწმინდელ მიტროფანესა და სახლთუხუცესს ქაიყუბათ კობიაშვილს. დასავლეთის კედლის წარწერის მიხედვით, ეკლესია ხელახლა შეუკეთებიათ 1912 წელს.
სოფ. ბოდორნის სამხრეთით (ბოდორნის ეკლესიის აღმოსავლეთით) აღმართულია 15 მ სიმაღლისა და 5 მ დიამეტრის ბოდორნის სვეტი, რომელიც წარმოადგენს ნეოგენურ კონგლომერატის შთენილს. სვეტის ქვეშ გამოკვეთილია ძნელად მისადგომი ოროთახიანი გამოქვაბული. კედელში ამოჭრილია მცირე თახჩა, შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. გამოქვაბულს აქვს გუმბათი და სხვა არქიტექტურული დეტალები. 1986 წ. ჩატარდა ბოდორნის სვეტის გასამაგრებელი სამუშაოები (ჯაფარიძე 1983: 59-61).
ვახუშტი ბაგრატიონის მიერ მოხსენიებული „ციხე მაგარი“ ბოდორნის ტერიტორიაზე ჯერჯერობით მიუკვლეველია (გვასალია 1983: 83).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 34; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 155; გვასალია 1975: 47-78; 1983: 83; გიულდენშტედტი 1962: 273; იოსელიანი 1875: 41, 42; 1978: 42-48; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 44; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 126; რამიშვილი ... 1973: 77-89; რამიშვილი ... 1974: 65-75; რამიშვილი ... 1981: 129-143; რამიშვილი 1982: 25-46; ქც 4: 353,11; ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 18; ქორიძე 1965: 58; ქრონიკები 1897: 291; 1967: 281; წერეთელი 1975: 13-15; 1983: 40-50; ჭელიძე, ჩიქოვანი 1991: 4; ჯავახიშვილი 1986: 174; ჯაფარიძე 1988: 53-61.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.