აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
ალა ალე ალი ალო

ალასტანი


(ქც 2: 443,4,6,10,17,23,29; 447,7). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მეორე ტექსტი (ქც 2: 443,4,6,10,17,23,29; 447,7), „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 14, 196, 197, 203).

მდებარეობს ახალქალაქის მუნიც-ში, ახალქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 22 კმ-ზე მდ. ჭობარეთისწყლის ორივე ნაპირზე, დღევანდელ სოფ. ალასტანის ტერიტორიაზე.

ალასტანი ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება როგორც ადგილი და როგორც სამემკვიდრო სამფლობელო, ქართველ ბაგრატოვან უფლისწულთა – „ალასტანელთა“ მამული-რეზიდენცია XIII-XIV სს-ში. „ალასტანელები“ ქართველ უფლისწულთა ზეწოდებაა, რომელიც წარმომდგარია საუფლისწულო ცენტრის – ალასტანის სახელიდან. ალასტანელი უფლისწულები ფლობდნენ მთლიანად ჯავახეთსა და მის მოსაზღვრე ზოგიერთ რაიონსაც (კერძოდ, ლორეს, ქვემო ქართლში, რომელიც ამჟამად სომხეთის საზღვრებშია). ქართულ წყაროებში პირველი „ალასტანელი“ იყო გიორგი IV ლაშა, თამარის ძე (1207-1223). უკანასკნელი „ალასტანელი“ მეფე იყო გიორგი ანდრონიკეს შვილი ალასტანელი (1355-1373). მისი გავლენის ქვეშ ჯავახეთის გარდა შედიოდა ლორეც, სომხითის მხარის ნაწილი, ქვემო ქართლში. ის თურქებმა მოკლეს ბრძოლაში 1373 წ. XIV-XV სს-ში ალასტანს სამცხის მთავრები – ჯაყელები დაეპატრონნენ. XVI ს-იდან, ოსმალური ექსპანსიის შედეგად, სოფლები ზემო და ქვემო ალასტანი, რომლებიც ტყიანი ჯავახეთის რაიონს ეკუთვნოდა, ხერთვისის ლივაში შევიდა (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 196).

რუსეთ-თურქეთის ომის დამთავრების შემდეგ, ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების თანახმად, 1829 წლიდან დღემდე სოფ. ალასტანში (ისევე, როგორც ჯავახეთის სხვა სოფლებში) ცხოვრობენ ერზერუმიდან (თურქეთი) გადმოსახლებული სომხები.

ალასტანი არქეოლოგიურად შესწავლილი არაა.

ჯავახეთის ახალქალაქის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 1960 წელს (ხელმძღ. გ. ლომთათიძე) და 1968 წელს (ხელმძღ. ე. ჯანდიერი) ამ მიდამოებში ჩატარდა დაზვერვები. მოძიებულია სპილენძის ნახევარმონეტები ზედწერილით: „ჯავახთუფალი“ და „დავით ძე გიორგისა, ჯავახთუფალი“ (იგულისხმებიან გიორგი IV ლაშა (1207-1223) და დავით VII ულუ, ლაშა-გიორგის ძე (1247-1270). ალასტანელი ჯავახთუფლების ორი მონეტა (სხვა 33 მონაპოვარ მონეტასთან ერთად) ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკის ფონდი). ალასტანში შემორჩენილია ნახევრადდანგრეული, დარბაზული ეკლესია. შემოსილი ყოფილა თლილი ქვით. აღმოსავლეთის ფასადზე შემორჩენილი იყო ნუსხურით შესრულებული, ასომთავრულნარევი წარწერა. ამჟამად სამ ქვაზე წარწერა აღარ იკითხება. დარბაზული ეკლესია აშენებულია X-XI სს-ში და გადაკეთებულია XII-XIII სს-ში. სარკმლის მარჯვნივ და მარცხნივ ორ ქვაზე შემორჩენილი წარწერა ნაწილობრივ იკითხება. სარკმლის ზემოთ გამოსახულია სამი წრე ჯვრებით: 1. მარცხენა ქვაზე, წრის გარეთ, მაღლა, მკრთალად არის ამოკვეთილი: „ესე მე რომელმან დავდე ქვაი“. 2. სარკმლიდან მარჯვნივ, მაღლა, ცალკე ქვაზე ამოკვეთილია: „ესე მე და ჩიმ ... საოლის ძემ(?)“. წარწერა თარიღდება XIII ს-ის შემდგომი ხანით (როსტომოვი 1898: 30, 31; ცისკარიშვილი 1959: 123; ბერძენიშვილი 1964: 157, 158).
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1964: 157, 158; ბერძენიშვილი 1985: 100, 107, 109, 114, 116, 123; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 14, 196, 197, 203; 1958: 274, 275; მელიქსეთ-ბეგი 1957: 9; ოდიშელი 1964; როსტომოვი 1898: 30, 31; ქც 2: 443,4,6,10,17,23,29; 447,7; ცისკარიშვილი 1959: 92, 104, 123; ჯავახიშვილი 1966: 125, 126, 127.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9