ბა ბე ბი ბო ბრ
ბობ ბოგ ბოდ ბოე ბოკ ბოლ ბოჟ ბორ ბოს ბოჭ

ბოლნისი 

ეკლესია (ქც 1: 138,3; ქც 4: 113,28; 311,9, სქ. 1), მცირე ქალაქი (ქც 4: 204,6; 311,8,9, 21,27, სქ. 1; 428,8; 470,30; 496, სქ. 2), ბოლნისები (ქც 4: 496,7; 617,3; 625,14).

მოხსენიებულია შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“ (ქც 1: 138,3), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 113,28, 204,6, 311,8,9,21,27, სქ. 1, 428,8, 470,30, 496,7, სქ. 2, 617,3, 625,14), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (ქც 1: 140, სქ. 2), „ჟამთააღმწერელი“ (ქც 2: 183,2), „მოქცევაი ქართლისაი“ (მქ 1963: 92), პაპუნა ორბელიანისა და სეხნია ჩხეიძის თხზულებები (ორბელიანი 1913: 76, 90, 106; ჩხეიძე 1913: 41) XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (მასალანი საქ. სტატ. 1907: 225, 228, 232, 233, 236, 238, 243, 256, 282, 351, 352, 397, 401, 405; ქრონიკები 1897: 443; საქ. სიძ. 1909: 349, 395; 1910: 170, 308; 1920: 307), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1964: 11, 185).

ვახუშტი ბაგრატიონი ბოლნისის შესახებ გადმოგვცემს: სარკინეთის ხევის „დასავლით დის მდინარე ფოლადაური, გამოსდის ლელვარს და მოერთვის მდინარეს მაშავერს. ამას ზედა არს მცირე ქალაქი ბოლნისის. მას ზემორ ეკლესია დიდი, უგუმბათო, ბოლნისისა“ (ქც 4: 311,6-9).

ბოლნისის სიონი ლოკალიზდება დღევანდელი ბოლნის-ხაჩინის ტერიტორიაზე, მდ. ფოლადაურის მარცხენა ნაპირზე, ქ. ბოლნისიდან (ძველი რატევანი, XIX ს-ის ლუქსემბურგი, იგივე კატარინეფელდი) 800 მ მანძილზე. ისტორიული მცირე ქალაქი ბოლნისი ლ.მუსხელიშვილის აზრით ლოკალიზდება სიონიდან სამხრეთით, სოფ. ქვემო-ბოლნისის, ანუ ბოლნის-ქაფანაქჩის ტორიტორიაზე (მუსხელიშვილი 1938: 321, 322). ჯ. ამირანაშვილის აზრით, ის ლოკალიზდება სოფელ ბოლნის-ხაჩინის ტერიტორიაზე (ამირანაშვილი 1968: 65). ლ. მუსხელიშვილის აზრით, ძველად უნდა ყოფილიყო სამი ან ოთხი ბოლნისი, „ზემო-ბოლნისად“ ის მიიჩნევდა ხაჩინის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ნანგრევებს (მუსხელიშვილი 1938: 321). ქალაქი ბოლნისი მდებარეობს ქვემო ქართლში, ისტორიული სომხითის ტერიტორიაზე, მდ. ფოლადაურის მარცხენა ნაპირას.

ლეონტი მროველის მიხედვით, ბოლნისში ეკლესია დაუარსებია მეფე ფარსმან ვარაზ-ბაკურის ძეს, სვიმონის ეპისკოპოსობის დროს (ქც 1: 138,3). იგივეს გვამცნობს ჯუანშერი (ქც 1: 140, სქ. 2). „მოქცევაი ქართლისაი“ მოგვითხრობს, რომ ბოლნისს ეკლესია აღაშენა მთავარეპისკოპოსმა ელიამ, მეფე ბაკურის დროს, V ს-ის დამდეგს (მქ 1963: 92). ვახტანგ გორგასალს ბოლნისში ეპისკოპოსი დაუსვამს (ქც 1: 198,16; ქც 4: 113,28). 1230 წ. თბილისზე ლაშქრობის დროს სულთანი ჯალალედინი დაბანაკებული იყო ბოლნისის ხევში (ქც 4: 204,6). ბაგრატ-ხანმა თავისი ხანმოკლე მეფობა ბოლნისში გაატარა, სადაც გარდაიცვალა 1619 წელს (ქც 4: 428,8). XVII ს-ში ბოლნისში საქარავნო გზა გადიოდა და საბაჟოც არსებობდა (ქრონიკები 1897: 443). 1734 წ. ოსმალთაგან სომხით-საბარათიანოს აოხრებისას ბოლნისი ისევ დაზიანდა (ხერხეულიძე 1913: 243). 1717, 1730, 1742, 1744, 1745, 1747 წწ. ბოლნისები ააოხრეს ლეკებმა (ქც 4: 496,7, 617,3, 625,14; ჩხეიძე 1913: 41; ორბელიანი 1913: 76, 90, 106). ბოლნისის საეპისკოპოსოში შედიოდა ფოლადაურის, მანხუტისა და შულავრის ხევები (ბერძენიშვილი 1964: 21). ადრე შუა საუკუნეებში ბოლნისი ქვემო ქართლის საპიტიახშოში შედიოდა. ქართლის სამეფო გვარისა და ბოლნელი ეპისკოპოსის გარდა, აქ მსხვილი მიწათმფლობელები იყვნენ ორბელიანები (მუსხელიშვილი 1938: 378).

პირველი არქეოლოგიური ექსპედიცია ბოლნისში მოეწყო 1936 წ. ნ. მარის სახ. ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის საიუბილეო კომიტეტის თაოსნობით (ხელმძღ. ლ. მუსხელიშვილი). ბოლნისის სიონი გაიწმინდა მიწისაგან. დაზვერვითი სამუშაოები ჩატარდა სიონის გალავნის შიგნით, სადაც აღმოჩნდა ქვა სამშენებლო წარწერით (მუსხელიშვილი 1938). XX ს-ის 50-იან წლებში ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტმა იქ ჩაატარა რამდენიმე არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელიც მიზნად ისახავდა ბოლნისის რაიონის ისტორიულ-არქეოლოგიურ შესწავლას უძველესი დროიდან დღემდე. არქეოლოგიური დაზვერვებისა და გათხრებისას აღმოჩნდა ენეოლითის ხანის იარაღები და თიხის ჭურჭელი. ბოლნისის მიდამოებში გაითხარა როგორც ადრერკინის ხანის, ისე შუა საუკუნეების რკინის გამოსადნობი რამდენიმე ქურა (გძელიშვილი 1964გ: 31-38).

ბოლნისის ხეობაში გამოვლინდა გვიანბრინჯაოსა და ადრერკინის ხანის გორა-სიმაგრეები. მათი კედლების წყობა ერთნაირია: დიდი ლოდებისაგან აგებულ პერანგს შორის ჩაყრილია მომცრო ზომის ნატეხი ქვები. ნაშენია უდუღაბოდ (კედლის სისქე 2 მ). ზედაპირზე აკრეფილი კერამიკული მასალა თარიღდება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანითა და შუა საუკუნეებით. ყველა ამ გორა-სიმაგრეებთან აღმოჩნდა ნამოსახლარები (ბერძენიშვილი 1964: 6). სულ გამოვლინდა წინაქრისტიანული ხანის 50-მდე, ადრე შუა საუკუნეების 40-ოდე გვიანი შუა საუკუნეების 100-ზე მეტი ნამოსახლარი.

დღევანდელი ბოლნის-ხაჩინის ტერიტორიაზე მიაკვლიეს ნაქალაქარს, რომელსაც გალავანი ჰქონდა შემოვლებული, ხოლო ახლომდებარე გორაზე აგებული ყოფილა ციხესიმაგრე (ამირანაშვილი 1968: 65). ბოლნისის სიონიდან 800 მ ჩრდილო-დასავლეთით ბორცვზე, რომელსაც ლამაზ-გორას უწოდებენ, გაითხარა ადრე შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი. სამონასტრო კომპლექსი შეიცავდა 13 შენობას – ეკლესიებს, სენაკებს, დარბაზებს, მარანს, სამჭედლოსა და სხვ. სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს. შენობებიდან დარჩენილია წყობის რამდენიმე რიგი. ეკლესიის კედლები ნატეხი და თლილი ქვის წყობითა და კირითაა ამოყვანილი, ხოლო სენაკების კედლები ნატეხი ქვითა და თიხით. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ადგილობრივი ჯიშის დაციტის ქვები. აღმოჩენილია მრავალრიცხოვანი ქვის სტელები, ქვა-ჯვრები; რელიეფები ეპიგრაფიკული წარწერებით; კერამიკის ნამტვრევები, ქვევრები და დოქები, მინის ნაწარმი, რკინის იარაღი, სამკაული, მონეტები. აღსანიშნავია VI ს-ის პირველი ნახევრის ე. წ. პიტიახშის გამოსახულებიანი რელიეფი. ლამაზ-გორის პირველი სამშენებლო პერიოდი V-VIII სს-ს განეკუთვნება, შემდგომი კი VIII-XIII სს-ს. მონღოლების შემოსევის შემდეგ ცხოვრება აქ შეწყვეტილა. სამაროვანზე მიცვალებულები ქრისტიანული წესითაა დაკრძალული (ამირანაშვილი 1964: 64-66).

ბოლნის-ხაჩინში აღმართულია ღვთისმშობლის ეკლესია – ბოლნისის სიონი. ეკლესია წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას (ზომები: სიგრძე 27,8 მ, სიგანე 24,5 მ, სიმაღლე შიგნიდან 11 მ). სამივე ნავი გადახურულია ორფერდა საერთო სახურავით. ცენტრალური ნავი აღმოსავლეთით სრულდება ნახევარწრიული შვერილი აფსიდით. კარებები გაჭრილია სამხრეთით და ჩრდილოეთით. ეკლესიას არ აქვს სადიაკვნე და სამკვეთლო. სანათლავი ცალკეა გამოყოფილი. თაღებსა და კამარებს ნალისებური მოყვანილობა აქვთ. ნავები გაყოფილია ჯვრისებრი გეგმის ბოძების ხუთი რიგით. ეკლესია აგებულია ადგილობრივი ბოლნური ფირუზისფერი-მომწვანო ტუფით. აქა-იქ ჩასმულია მოლურჯო თირის კვადრები. ბარელიეფებითა და ჩუქურთმებით არის შემკული ჩრდილოეთის გალერეა, ნავებისა და სანათლავის პილასტრების ცალკეული კაპიტელები და ბაზისები. შუა ნავში შემკულია მხოლოდ საკურთხევლის მიმდებარე სვეტისთავები. აქ გამოსახულია ქრისტიანული სიმბოლიკის ამსახველი, ცხოველებისა და ფრინველების რელიეფური ფიგურები და სცენები (ჩუბინაშვილი 1940; 1936: 65-67; ბერიძე 1974: 23-24, 88-89; ზაქარაია 1953ა: 14-31). ბოლნისის სიონზე შემოჩენილია სამი დიდი წარწერა. მათგან სამშენებლო ხასიათის ასომთავრული წარწერა აღმოაჩინა ლ. მუსხელიშვილის ექსპედიციამ. „შე(წევ)ნითა წმიდ(ისა სამებისაითა ო(ც წ)ლისა პეროზ მეფე(ისასა) (შენებ)აი ხიწყო წმიდისა) ამის ეკლესიაისაი და ათხუთმეტ წლის(ა გ)ა(ნხეშორა)“. წარწერაში ნათქვამია, რომ ტაძრის მშენებლობა დაუწყიათ სპარსთა მეფის, პეროზის (458-484) გამეფებიდან 20 წლის შემდეგ და დაუსრულებიათ 15 წლის შემდეგ. ე. ი. 493-494 წლებში (შანიძე 1926: 158-161). მეორე წარწერაში მოხსენიებულია დავით ეპისკოპოსი კრებულით. თარიღდება VI ს-ით. სამშენებლო წარწერის შესახებ გამოთქმული განსხვავებული მოსაზრების მიხედვით, წარწერაში მოხსენიებულია ქვემო ქართლის ნახპეტი პეროზ, ხოლო თარიღად მიჩნეულია 343-457 წლები (პატარიძე 1984: 140-159; მჭედლიშვილი 1984: 100-140). ბოლნისის სიონი საფუძვლიანად შეუკეთებიათ მეფე როსტომის დროს (1632-1658), მისი მეუღლის, მარიამის თაოსნობით. 1678-1688 წწ. აუგიათ სამრეკლო, რომლის წარწერაში მოხსენიებულია ნიკოლოზ ბოლნელის საამშენებლო მოღვაწეობა გიორგი XI-ის ხანაში (1657-1688). სამრეკლო ნაგებია საშუალო ზომის ქვით, ნაწილობრივ აგურითაც კირხსნარზე. გალავანი აგებულია XVIII ს-ის პირველ ნახევარში. გალავანი ოთხკუთხაა (90X56 მ). კოშკები იდგა სამრეკლოსთან და გალავნის დასავლეთსა და ჩრდილო კუთხეებში (მუსხელიშვილი 1938: 352, 353; გვერდწითელი 1968: 59-62). XVI ს-ში ეკლესიის ჩრდილო სტოა და ეზო სასაფლაოდ იყო ქცეული. გაითხარა გვიანი შუა საუკუნეების ქვაყუთები. აღმოჩენილი არქეოლოგიური ინვენტარი მწირია: კერამიკის ნამტვრევები, ბრინჯაოსა და რკინის ბეჭდები, მძივები (მუსხელიშვილი 1938: 360-372).

ბოლნის, ქაფანაქჩის ანუ ქვემო ბოლნისის ეკლესია სამეკლესიანი ბაზილიკაა (13,5X12,7 მ). აგებულია ქვით დუღაბზე. მოპირკეთებულია თლილი მომწვანო ფერის ბოლნური ტუფით. ეკლესია დაზიანებულია. დანგრეულია სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფრთები, ჩაშლილია გადახურვის კამარა. შუა ეკლესიის კედლებზე ამოკვეთილი იყო ამაღლების რელიეფური კომპოზიციები. ძეგლი დათარიღებულია V-VI სს-ით (ჩუბინაშვილი 1936: 192; 1940: 135-196; ბერიძე 1974: 93, 94; ზაქარაია 1953ა: 32-37).
 
ბიბლიოგრაფია: ამირანაშვილი 1958: 11-61; 1961: 100-107, 309-324; ამირანაშვილი 1964: 58-60; 1968; ბერიძე 1974: 93, 94; ბერძენიშვილი 1964: 5-50; გიულდენშტედტი 1964: 11, 185; გვერდწითელი 1971: 59-62; გძელიშვილი 1964გ; ზაქარაია 1953ა; კაკაბაძე 1984: 90-99; კეკელიძე 1960: 418-420; ლომოური ... 1984: 115-141; მასალანი საქ. სტატ. 1907: 225, 228, 232, 233, 236, 238, 243, 256, 282, 351, 352, 397, 401, 405; მაჭავარიანი 1985; მეფისაშვილი 1971: 17-31; მუსხელიშვილი 1938: 311-382; 1941; მქ 1963: 92; მჭედლიშვილი 1984: 100-114; ორბელიანი 1913: 76, 90, 106; პატარიძე 1984: 140-159; საქ. სიძ. 1910: 170, 308; 1909: 349, 395; 1920: 307; ქრონიკები 1897: 443; ქც 1: 138,3; 140, სქ. 2; ქც 2:183,2; ქც 4:113,28; 204,6; 311,8,9,21,27, სქ. 1; 428,8; 470,30; 496,7, სქ. 2; 617,3; 625,14; შანიძე 1926: 158-161; ჩუბინაშვილი 1917: 172-220; 1936: 65-67; 1940: 135-196; ჩხეიძე 1913: 41; ხერხეულიძე 1913: 243.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9