ბა ბე ბი ბო ბრ
ბობ ბოგ ბოდ ბოე ბოკ ბოლ ბოჟ ბორ ბოს ბოჭ

ბორჯომი


(ქც 4: 663,18). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 663,18), 1730 წ. საბუთი (ისტ. დოკ. 1958: 58), გურჯისტიანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 12, 158), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 144), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 117).

ვახუშტი ბაგრატიონი ბორჯომის შესახებ გადმოგვცემს: „ამ ხევს ზეით, ახალციხეს ერთვის ურიებთან ბორჯომის ხევი, მისივე მთის გამომდინარე და მომდინარე ეგრეთვე“ (ქც 4: 663,18).

ლოკალიზდება დღევანდელი სოფ. ანდრიაწმინდის სამხრეთით, მდ. ურაველის ხეობაში (გურჯისტიანის ვილაიეთის ... 1958: 221, 222), მდებარეობს მდ. ურაველის, მდ. მტკვრის მარცხენა შენაკადის, მარცხენა ნაპირას.

გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით, ბორჯომი პატარა, ხუთკომლიანი სოფელია ქ. ახალციხესთან, სადაც კომლთა ჩამონათვალში დასახელებულია ხარებასძეს ოჯახი (გურჯისტიანის ვილაიეთის ... 1941: 158). სოფლის ზუსტი მდებარეობა სადღეისოდ არ დგინდება. ვახუშტი ბაგრატიონი სწორედ ამ ბორჯომს ახსენებს.

დღვანდელი ქ. ბორჯომის ტერიტორია ისტორიულ პროვინცია თორში შედიოდა. გვიან შუა საუკუნეებში ის თავად ავალიშვილებს ეკუთვნოდა. 1871 წლიდან ბორჯომის ტერიტორია გადადის სახელმწიფო მფლობელობაში და შემდგომ იქ საკურორტო მშენებლობა იწყება; შენდება სასახლეები, პარკები. ახლანდელი ბორჯომის ადგილზე გვიან შუა საუკუნეებში იყო სოფ. ნუა, ფაფა, ლიკანი, გოგიას ციხე, პეტრეს ციხე (ბერძენიშვილი 1985: 21-23; ღამბაშიძე, ტატიშვილი 1982: 63-72; აბულაძე 1983: 13-20); ბორჯომი, როგორც დასახლება, იოჰან გიულდენშტეტს მითითებული აქვს ქ. ბორჯომის რკინიგზის ახალ სადგურთან (გიულდენშტეტი 1962: 177).

ქ. ბორჯომთან მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, კლდის თხემზე შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების ციხის (35X7 მ) ნაშთები, რომელიც ნაგებია ფლეთილი ქვითა და კირხსნარით. ნაციხარი არქეოლოგიურად შეუსწავლელია. საისტორიო წყაროებში არ იხსენიება. ადგილობრივი მოსახლეობა მას გოგიას ციხეს ეძახის (ბარნაველი 1959: 39; ბერძენიშვილი 1985: 21). 1950 წ. ქ. ბორჯომში შემთხვევით იპოვეს 3 ცალი მონეტა XIII ს-ის სელჩუკური დირჰემის მინაბაძი (ჯალაღანია 1958: 110).
 
ბიბლიოგრაფია: აბულაძე 1983: 13-20; ბარნაველი 1959: 39; ბერძენიშვილი 1964: 207-267; ბერძენიშვილი 1985: 17-27; გიულდენშტედტი 1962: 117; გურჯისტიანის ვილაიეთის ... 1941: 12, 158; 1958: 221, 222; დადიანი 1962: 144; ისტ. დოკ. 1958: 58; მაკალათია 1957: 26-28; ქც 4: 663,18; ღამბაშიძე, ტატიშვილი 1982: 63-72; ყიფშიძე 1954; ხუჯაძე 1969; ჯალაღანია 1958: 110.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9