რე რი რკ რო რუ
რუი რუს რუხ

რუსთავი 

ქალაქი (ქც 1: 331,14; ქც 4: 331,10,12,13).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“ (ქც 1: 8,20; 9,4; 18,1), მისივე „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ (ქც 1: 131,7; 137,15), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 113,29; 115,4; 151,21; 157,9,27; 331,10,12,13; 538,4), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 159,11; 181,20; 199,1; 202,16), მატიანე ქართლისა (ქც 1: 310,2,4; 312,13, 316,6), „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ქც 1: 331,14; 333,6), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 55,8), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 252,21), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 42), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 61), დავით გარეჯელის ცხოვრება (ცხოვრება დავით გარეჯელისა 1963: 234), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 119), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962 :82, 91, 130, 134), თბილისის ლურჯი მონასტრის წარწერა (ბერიძე 1948: 97), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1892: 45, 46; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 178; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 198, 364, 374), ეპისტოლეთა წიგნი (ეპისტოლეთა წიგნი 1968: 97), უხტანესი „ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან“ (უხტანესი 1975: 139), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 67, 189, 207).

მდებარეობს თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დღევანდელი ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე.

ისტორიული ტრადიციის თანახმად, ციხე-ქალაქი რუსთავი ააშენა ქართველთა ეთნარქის, ქართლოსის ცოლმა. მეფე თრდატს (IV ს.) იქ აუგია ეკლესია და გაუყვანია რუ (აქედან ქალაქის სახელი რუსთავი). ვახტანგ გორგასალმა (V ს-ის მეორე ნახევარი) რუსთავში დასვა ეპისკოპოსი. თბილისის საამიროს დაარსების შემდეგ, რუსთავი მის შემადგენლობაშია. 1070 წ. მეფე ბაგრატ IV-მ (1027-1072) დაამარცხა განძის ამირა ფადლონი და რუსთავი აიღო (ქც 4: 115,4). 1115 წ. რუსთავი თურქებისაგან გაათავისუფლა გიორგი ჭყონდიდელმა (ქც 4: 157,9,27). XII ს-ის 60-იან წლებში რუსთავს განაგებდა ამირთ-ამირა აბულასანი (ბერიძე 1948: 97). XII ს-ის 90-იან წლებში რუსთავი გადაეცა ზაქარია მხარგრძელს (ქც 2: 55,8). რუსთავი მოოხრდა 1265 წ. ბერქა ყაენის შემოსევის შედეგად. ერეკლე I-მა (ნაზარალიხანმა) (1688-1703) რუსთავში ააგო სასახლე, რომელიც ვახტანგ VI-მ (1716-1724) დაანგრია (ქც 4: 331,10-12). წყაროებში რუსთავი ზოგჯერ ბოსტან-ქალაქად (ქც 4: 331,10,12) ან ნაგებად (ქც 4: 331,13) მოიხსენიება. ბოსტან იგივე ვუსტანია, რაც სპარსულად ნიშნავს საუფლისწულო დომენს, ამ შემთხვევაში საუფლისწულო ქალაქს (ჭილაშვილი 1958: 45, 46). რაც შეეხება ნაგებს, სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ნაგები ნიშნავს სამხრეთით მდებარეს (იგულისხმება თბილისის სამხრეთით მდებარე) (ორბელიანი 1949: 242). ქართლის ცხოვრების სომხურ თარგმანში რუსთავი მოიხსენიება რიშად, რიშ-ყალად (ქართ. ცხ. 1953: 021).

რუსთავის არქეოლოგიური შესწავლა, რომელიც დაკავშირებული იყო იქ მეტალურგიული ქარხნის მშენებლობასთან, 1944 წ. დაიწყო ისტორიის ინსტიტუტის რუსთავის ექსპედიციამ (ხელმძღ. 1944-1948 წწ. მ. ივაშჩენკო, ნ. ღამბაშიძე, 1949-1951, 1959-1961, 1965 წწ. გ. ლომთათიძე, 1972 წ. მ. მიწიშვილი, 1973-1976 წწ. ნ. უგრელიძე, 1977 წლიდან ც. ჩიკოიძე).

რუსთავის ნაქალაქარიდან ცნობილია შემთხვევით აღმოჩენილი: შუა ბრინჯაოს ხანის წითლად გამომწვარი და შავი საღებავით მოხატული ქოთანი და ვიწროპირიანი, გრძელი სატევარი; II-III სს-ით დათარიღებული შავპრიალა პირმოყრილი ჯამები, კოპებით შემკული სამტუჩა ხელადა და სხვ.

გათხრების შედეგად ნაქალაქარზე გამოიყო 6 სხვადასხვა პერიოდის ფენა. I ფენა თარიღდება გვიანი ბრინჯაო-ადრერკინის ხანით. II-VI ფენები მიეკუთვნება ადრე, განვითარებულ და გვიან შუა საუკუნეებს.

I ფენა, როგორც ნამოსახლარების, ისე სამარხების სახით, დამოწმებულია ნაქალაქარის რამდენიმე უბანზე. განათხარი მასალა წარმოდგენილია შავად გამომწვარი ორნამენტებული დერგით, ნაცრისფერკეციანი ქოთნით, ყურიანი სასმისებით, სპილენძის ქვაბით და სხვ.

ამავე პერიოდის ორმოსამარხებში გამოვლენილია ბრინჯაოს დაფანჯრულთავიანი სატევრები, რკინის მახვილი, ბრინჯაოს ქედიანი შუბისპირები, სხვადასხვა ტიპის ისრისპირები, სამკაულები, სარდიონისა და პასტის მძივები.

II ფენა, რომელიც თარიღდება IV-V სს-ით, დაფიქსირდა ნაქალაქარის ყველა უბანზე. ეს ფენა წარმოდგენილია საცხოვრებელი და სამეურნეო შენობების ფრაგმენტებით. ისინი ნაგებია რიყის ქვის საძირკველზე ალიზის აგურებით. განათხარი მასალის უმეტესობა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებია. ესენია: წითლად ნაპრიალები ხელადები, ჭინჭილები, მოჩალისფროდ გამომწვარი ყელწიბოიანი ხელადები, ორყურა ჩაფები, დერგები და სხვ. ამავე ფენაში გვხვდება მინის ადგილობრივი და იმპორტული (სირიული) ნელსაცხებლები, მინის წიდები, ბრინჯაოს საკინძები (მათ შორის ჯიხვისთავიანები, მარჯნისთავიანები), სამაჯურები, სარდიონის ბეჭედი სასანური გემით და სხვ.

III ფენა თარიღდება VI-VIII სს-ით და საკმაოდ მძლავრი ფენაა. მოიცავს ნაქალაქარის ყველა უბანს და წარმოდგენილია რამდენიმე სამშენებლო დონის სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი და სამეურნეო შენობების ფრაგმენტებით. ძირითადად გავრცელებულია რიყის ქვის საძირკველზე ალიზით ნაგები ბანურსახურავიანი ნაგებობები. გვხვდება აგრეთვე ქვიშაქვის დიდი კვადრებითა და რიყის ქვის მონაცვლეობით ნაგები შენობებიც. აღნიშნულ ფენაში არქეოლოგიური მასალა უხვადაა წარმოდგენილი. მათი უმრავლესობა წითლად და ჩალისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭელია (ხელადები, სასმისები, ჭინჭილები, ყელწიბოიანი დოქები). მინის ნაწარმიდან გვხვდება: ხალიანი მინის ჭურჭლის ნატეხები, მინის ბეჭდები. მონეტებიდან აღსანიშნავია იუსტინე I-ისა (518-527) და კონსტანტინე II-ის (641-668) მონეტები და სხვ. აღნიშნული ფენა დაფარულია მძლავრი ნაცროვან-ნახშიროვანი ნანგრევით. ამ პერიოდში ინგრევა ციხის I ზღუდე, არსებობას წყვეტს ქალაქის მარჯვენა ნაპირის უბნები. ეს მოვლენა უკავშირდება მურვან ყრუს ლაშქრობას 736-738 წლებში.

IV ფენა თარიღდება IX-X სს-ით. ეს ფენა შემორჩენილია მარცხენა ნაპირის ზოგიერთ უბანზე. იმ პერიოდის ფენები ყველაზე მძლავრადაა წარმოდგენილი რუსთავის ციხეზე. იმ დროსაა აღდგენილი ციხის ზღუდე. ზღუდის შიგნით, ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელზე, მიუშენებიათ პილონებიანი სასახლე.

V ფენა თარიღდება XI-XIII სს-ით. მოიცავს მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირის ყველა უბანს. შენობები ნაგებია რიყის ქვის ბალიშზე თიხით ამოყვანილი კედლებით. ისინი ნახევრადმიწური დედაბოძიანი ნაგებობებია, ბანური გადახურვით. გვხვდება რიყის ქვით თიხის ხსნარზე „თევზიფხური“ წყობით ნაგები, მრავალსენაკიანი შენობები ბანური ან ფერდიანი გადახურვით. გათხრებისას ჩნდებოდა ქვიშაქვის კვადრებითა და რიყის ქვის მონაცვლეობით თიხის ხსნარზე ნაგები შენობები. აღნიშნული ფენა გამოირჩევა არქეოლოგიური მასალის განსაკუთრებული სიუხვით. მათში გვხვდება: სხვადასხვა ფორმა-ზომისა და დანიშნულების თიხის, ბრინჯაოსა და მინის ჭურჭელი, სამკაულები, მონეტები (მათ შორის განძები). მონეტებიდან აღსანიშნავია: დემეტრე I-ის (1125-1156), გიორგი III-ის (1156-1184), თამარის (1184-1207), ლაშა-გიორგის (1207-1223), რუსუდანის (1223-1245), ქართულ-ჰულაგუიდური მონეტები და სხვ.

XI-XIII სს-ის ფენებში დაფიქსირდა ორი ძლიერ დამწვარი შრე და ნგრევის კვალი. პირველი მიეკუთვნება XI ს-ს და უკავშირდება თურქ-სელჯუკთა ლაშქრობას. მეორე შრე უკავშირდება 1265 წ. ბერქა ყაენის შემოსევას, რომლის შემდეგაც ქალაქმა არსებობა შეწყვიტა.

XIV-XVII სს-ის ფენები მხოლოდ ციხეზეა დაფიქსირებული. ეს ფენა ზემოდან ადევს განვითარებული შუა საუკუნეების ნაყარ-ნანგრევ ფენას. ფენა წარმოდგენილია დარბაზული ტიპის ეკლესიის საძირკვლითა და შესაბამისი სამაროვნით. არქეოლოგიური მასალა ძალზე მცირეა. ძირითადად გვხვდება წერნაქით შეღებილი თიხის დოქებისა და თეფშების ფრაგმენტები. ამავე ფენას მიეკუთვნება ციხის ჩრდილო-დასავლეთ ზღუდეზე მიდგმული ორსენაკიანი ნაგებობა, ე. წ. სასახლე, რომელიც, წყაროთა ჩვენებით, ერეკლე I-ის რეზიდენცია უნდა ყოფილიყო.

1996 წ. ნაქალაქარის ტერიტორიაზე ვახტანგ გორგასლის ეკლესიის ეზოში აღმოჩნდა მრავალფენიანი ძეგლი, სადაც გამოვლინდა: ადრე შუა საუკუნეების სასახლის ნაშთები, რომელიც რუსთავის ეპისკოპოსის რეზიდენცია უნდა იყოს; IX-X სს-ში საწარმოო უბანი, კრამიტის გამოსაწვავი სამი ქურითა და დამხმარე ნაგებობებით; განვითარებული შუა საუკუნეების საცხოვრებელი ნაგებობები და სამარხები (არჩვაძე, ჩხატარაშვილი 1998: 67-72).

1950 წ. მედქალაქის ტერიტორიაზე გაითხარა ნაგებობა, სადაც დაფიქსირდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიმართული სვეტების ორი ბაზა და ქვის ფილებით მოგებული იატაკი. ნაგებობა სამნავიანი ბაზილიკის შთაბეჭდილებას ტოვებს (ჭილაშვილი 1958: 91, 92; ლომთათიძე 1988: 23, 24).

რუსთავის ნაქალაქარზე სხვადასხვა პერიოდის რამდენიმე სამაროვანია მიკვლეული. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ნაქალაქარის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, მიკვლეულია IV-V სს-ის სამაროვანი. სამაროვანზე გვხვდება ორი ტიპის სამარხები. ორმოსამარხები ინდივიდუალურია, ქვის სამარხები – საოჯახო. ორმოსამარხებში მიცვალებულები დასვენებულია ზურგზე გაშოტილი, ხელები ტანის გასწვრივ ან გულხელდაკრეფილი, გულაღმა გაშოტილი და ფეხებმოკეცილი. დამხრობა სამხრეთ-დასავლეთით, სამხრეთით ან დასავლეთითაა. ქვის სამარხებში მიცვალებულები დაკრძალულნი არიან თავით დასავლეთით, ზურგზე გაშოტილი, ხელები ტანის გასწვრივ ან გულხელდაკრეფილი. სამარხეული მასალა უმთავრესად სამკაულითაა წარმოდგენილი. ესენია: ოქროს ორწილადი მძივასხმული საყურეები; ბეჭდები, ბრინჯაოს საკინძები, მინის ადგილობრივი და სირიული წარმომავლობის სანელსაცხებლები და სხვ.

რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება ნაქალაქარის მარჯვენა ნაპირის ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილი V ს-ით დათარიღებული თიხის სარკოფაგი.

1986 წ. ნაქალაქარის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანზე, V-VI სს-ის ეკლესიის მახლობლად, აღმოჩნდა მოყვითალო-მონაცრისფრო ქვისაგან გამოკვეთილი რელიეფური ჯვრით შემკული სარკოფაგები. მათში ჩასვენებული იყვნენ ქალები. პირველ სარკოფაგში მიცვალებული ესვენა ხელფეხმოკეცილი მარცხენა გვერდზე. მეორე სარკოფაგში კი ე. წ. ვედრების პოზაში. მიცვალებულებს ემოსათ აპლიკაციებით შემკული შალის ქსოვილის გრძელი კაბა. მიცვალებულები გახვეული იყვნენ სელის სუდარაში. სარკოფაგები თარიღდება VII-VIII სს-ით (პაჭიკაშვილი 2000: 22, 23).

VI-VIII სს-ით თარიღდება სამაროვანი, რომელიც მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ნაქალაქარის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ მხარეს. სამარხები შედგენილია ქვიშაქვის გათლილი ფილებით. სამარხები კოლექტიურია. დამხრობილია აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე. მიცვალებულები დაკრძალული არიან ქრისტიანული წესით. სამარხეული ინვენტარი წარმოდგენილია ოქროს ორწილადი საყურით, ბრინჯაოს მძივსხმული საყურეებით, ბრინჯაოსა და რკინის საკიდით, მარგალიტისა და პასტისთავიანი საკინძებით, მინის ბეჭდებით, ბრინჯაოსა და რკინის სამაჯურებით, გიშრისა და პასტის მძივებით და სხვ.

XI-XIII სს-ის სამაროვანი, რომელიც გამართულია ადრე შუა საუკუნეების ქვის სარკოფაგებზე, მდებარეობს ნაქალაქარის ცენტრალურ უბანზე (თანამედროვე მედქალაქის ტერიტორიაზე), ციხიდან 300 მ-ის დაშორებით. სამაროვანზე გაითხარა 3 ტიპის სამარხები: ორმოსამარხები, ქვის სამარხები და ალიზის სამარხები. უმრავლესობა ორმოსამარხებია. დაკრძალვის წესი ქრისტიანულია. სამარხთა ნაწილი ინვენტარიანია. სამარხეული ნივთები, ძირითადად, სამკაულები და ტანსაცმელთან დაკავშირებული ნივთებია: ბრინჯაოს დაფანჯრული ბურთულა ღილები და ფაიანსის ღილები; რკინის აბზინდები, მძივები, მინისა და ბრინჯაოს სამაჯურები; ფაიანსის გულსაკიდები; იშვიათად გვხვდება ჭურჭელი: წითლად და შავად მოხატული თიხის ჭინჭილები, მოჭიქული ჯამები, ჩაიდნისებური ლითონის ჭურჭელი, მინის სასმისები, დოქი და სხვ.

რუსთავის ციხე მდებარეობს მდ. მტკვრიდან გამოყვანილი არხის სათავესთან. ციხეს უკავია 1,5 ჰა ფართობი. ციხე გაშენებულია გვიანი ბრინჯაო ადრე რკინის ხანის გორანამოსახლარზე. ციხეზე გაითხარა შუა საუკუნეების ზღუდეების სასახლეების, აბანოების, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების ნაშთები.

ციხეს ჰქონია სამი სხვადასხვა პერიოდის, განსხვავებული სამშენებლო ტექნიკითა და კონსტრუქციით ნაგები ზღუდე. პირველი ზღუდე, ოთხკუთხა კოშკებითა და პილონებით, აგებულია IV-V სს-ში, ქვის კვადრებითა და აგურის მონაცვლეობით გაჯის ხსნარზე. ზღუდის სისქეა 0,8 მ. პილონებს შორის მანძილია 4,2-5 მ. სიმაღლე, სავარაუდოდ, 7 მ-ს აღწევდა. ზღუდე დაინგრა 736-738 წწ. მურვან ყრუს შემოსევის შედეგად. VIII-IX სს-ით დათარიღებული მეორე ზღუდე იმეორებს პირველი ზღუდის პერიმეტრს. შედგება 16 დიდი და პატარა ნახევარწრიული კოშკისა და ბურჯისაგან. ზღუდის ქვედა ნაწილი 3-4 მ სიმაღლეზე ნაგებია ქვიშაქვის თლილი ქვებით, აგურის ე. წ. „ჭადრაკული“ წყობის მონაცვლეობით. ზედა ნაწილი კი გაჯის ხსნარზე ნაგები ალიზის კედელია. მისი სისქეა 1,2 მ, სავარაუდო სიმაღლე – 11 მ. მეორე ზღუდე დაინგრა XI ს-ში თურქ-სელჯუკთა შემოსევების დროს. მესამე ზღუდე თარიღდება XII-XIII სს-ით. ნაგებია რიყის ქვით, კირხსნარზე. გარედან მოპირკეთებული ყოფილა ქვიშაქვის კვადრებითა და აგურით. შემორჩენილია მხოლოდ მისი ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლები. სამხრეთ-დასავლეთ მხარეს ჩაშენებულია აგურით ნაგები გვირაბიანი კარიბჭე. ზღუდე განადგურდა XIII ს-ის მეორე ნახევარში მონღოლთა ლაშქრობების დროს.

ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორში გაითხარა IX-XIII სს-ის სასახლის კომპლექსი. შემორჩენილია 13 მასური პილონი. სავარაუდოდ, სასახლე და მეორე ზღუდე ერთდროულად IX ს-ში უნდა იყოს აგებული. სასახლე XI ს-ში გადაუკეთებიათ. ორსართულიან სასახლეში აღმოჩნდა ფიგურული კარნიზები, სარკმლის მინა ალებასტრის ჩარჩოებით, ჰორელიეფი ადამიანის გამოსახულებით, კედლის მოხატული ფრაგმენტები, ბრინჯაოს შტანდარტი და სხვ. იქვე გაითხარა ორ ზღუდეს შორის მოქცეული აბანო.

რუსთავის ნაქალაქარსა და ციხეზე აღმოჩენილია მონეტების რამდენიმე განძი. მედქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილ განძში შედიოდა 395 სპილენძის მონეტა (წონა 8,2 კგ). მათ შორის იყო: დემეტრე I-ის, გიორგი III-ის, გიორგი III-ისა და თამარის, თამარის, ლაშა-გიორგის, ჯალალედინის და გაურკვეველი მონეტები. ციხის სასახლის ეზოში აღმოჩნდა რუსუდანის მონეტების განძი, რომელშიც შედიოდა 76 მონეტა: 1 დემეტრე I-ის, 1 ილდიგიზიდური, 2 ჯალალედინის, დანარჩენი ეკუთვნოდა რუსუდანს. მეორე „მცირე განძი“, რომელიც შეიცავს 15 მონეტას, აღმოჩნდა ციხის I თხრილში (ჯალაღანია 1978: 46-68).

ნაქალაქარზე აღმოჩენილია ორი წარწერიანი საფლავის ქვა, რომლებიც თარიღდება X-XI სს-ით (ჭილაშვილი 1958: 148, 149). წარწერები გვხვდება თიხის ჭურჭელზე (ხელადაზე – „თეფალე“, ჯამზე – „ესე ამისა დამწერი შეიწ ...“, კრამიტებზე და სხვ.).

განათხარი მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი), რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და რუსთავში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ. ლორთქიფანიძის სახ. არქეოლოგიის ცენტრის კუხეთის ექსპედიციის ბაზაზე.
 
ბიბლიოგრაფია: არჩვაძე 1966: 21, 22; 1969: 126-135; 1970: 223-237; 1978: 111-130; არჩვაძე ... 1984: 49-54; არჩვაძე, ჩხატარაშვილი 1998: 67-72; ბაგრატიონი 1983: 61; ბაგრატიონი 1986: 42; ბერიძე 1948: 97; გეგენავა, პაპუაშვილი ... 1979: 32-48; დადიანი 1962: 82, 91, 130, 134; თედეიშვილი ... 1977: 73-77; გიულდენშტედტი 1962: 67, 189, 207; ეპისტოლეთა წიგნი 1968: 97; ივაშჩენკო 1988: 62-70; 1988ა: 71-86; ლომთათიძე 1950: 15-17; 1950ა: 43, 44; 1952: 190-194; 1955: 171-210; 1960: 50-55; 1961: 50-53; 1962: 51-56; 1963: 73-76; 1966: 38, 40; 1968: 35-44; 1969: 3-19; 1988: 6-61; ლორთქიფანიძე 1958: 321-324; მამაიაშვილი 1961: 343-346; 1966: 180-199; 1969: 106-124; 1976: 101, 102; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 178; მელითაური 1979: 24-31; მიწიშვილი ... 1973: 95-98; მიწიშვილი ... 1973ა: 82-84; 1978: 25-30; მიწიშვილი 1985: 42-45; 1998: 45-66; მქ 1963: 91; ორბელიანი 1981: 119; პაპუაშვილი ... 1978: 98-100; პაჭიკაშვილი 1995: 20; 2000: 22, 23; უგრელიძე 1953: 52; 1978: 35-40; უგრელიძე ... 1974: 75-77; უგრელიძე ... 1976: 95-98; უგრელიძე ... 1978: 86-89; უგრელიძე ... 1979: 242-247; უხტანესი 1975: 139; ქართ. ცხ. 1953: 021; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 198, 364, 374; ქრონიკები 1892: 45, 46; ჩიკოიძე 1988: 47, 48; ქც 1: 8,20; 9,4; 18,1; 131,7; 137,15; 159,11; 181,20; 199,1; 202,16; 310,2,4; 312,13; 316,6; 331,14; 333,6; ქც 2: 55,8; 252,21; ქც 4: 113,29; 115,4; 151,21; 157,9,27; 331,10,12,13; 538,4; ჩიკოიძე ... 1978: 492; 1980: 275-281; 1981: 186-192; 1982: 59-61; 1985: 61-65; 1987: 89-93; 1999: 99-102; ჩხატარაშვილი 1964: 165-177; 1966: 27, 28; 1968: 267-273; 1969: 136-153; 1973: 31-34; 1978; 1978ა: 69-97; 1988: 26, 27; 1998: 4-41; ცხოვრება დავით გარეჯელისა 1963: 234; ჭილაშვილი 1958; 1961: 399-402; ჯალაღანია 1978: 46-67; ჯანდიერი 1962: 46-49; ჯღამაია 1964: 61-64; ჯღამაია 1982: 99-102.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9