(ქც 4: 381,21). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 381,21), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 80), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 117), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 330), ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი (ჩილდირის ... 1979: 81), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 219).
ვახუშტი ბაგრატიონი პეტრეს ციხის შესახებ გადმოგვცემს: „მტკურის კიდესა ზედა, სამხრით, პეტრეს-ციხე, ფრიად მაგარი და შეუალი მტრისაგან. ამ ციხეს დასავლით უდის ყვერბლის-ხევი ... პირისპირ ციხისა მოერთვის მტკუარს ჩდილოდამ ლიკანის-ხევი“ (ქც 4: 381,20-24).
მდებარეობს ბორჯომის მუნიც-ში, მტკვრის მარჯვენა ნაპირის მაღალ კლდეზე, სოფ. ლიკანის პირდაპირ.
პეტრეს ციხის ადრინდელი სახელი უნდა იყოს ყვერბილის ციხე. ახლანდელი კი უკავშირდება მის მფლობელ პეტრე ავალიშვილს. ციხე სდარაჯობდა ლიკანიდან მტკვარზე გადამავალ ხიდსა და გზას (ბერძენიშვილი 1985: 22). შემდეგ ციხე თორის ოსმალური ადმინისტრაციის ცენტრად იქცა. თორს კი პეტრეს ლივა ეწოდა (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 330). 1639 წ. ზავით პეტრეს ციხე ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა (ბერძენიშვილი 1985: 60). XVIII ს-ში ის ავალიშვილთა საყრდენს წარმოადგენდა. 1742 წ. ციხე გივი ამილახვარს ეჭირა. 1744 წ. აქ ქართველებმა ოსმალთა ჯარი დაამარცხეს (ორბელიანი 1981: 80). 1772 წ. პეტრეს ციხე და მისი მიმდებარე მხარე მოსახლეობისაგან დაცლილია (გიულდენშტედტი 1962: 219). 1812 წ. აქ მოუკლავთ ბატონიშვილი ლეონი (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 117).
პეტრეს ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
ის შედგება ციტადელისა და მასთან დაკავშირებული ეზოსაგან. შიდა ციხეში არის საცხოვრებელი ნაგებობების, ხაროებისა და მარნის ნაშთი. გალავანში დატანებულია სათოფურები და სალოდეები. ციხის ქვედა, XI-XII სს-ის ფენა გამოირჩევა თარაზული წყობით. შემდგომ ნაგებობა მრავალგზისაა გადაკეთებული. ციხის ძირში არის ყვერბილის ნასოფლარი XI-XII სს-ის ეკლესიითა და სასაფლაოთი (ბერძენიშვილი 1985: 22).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 117; ბერძენიშვილი 1985: 22, 60; გიულდენშტედტი 1962: 219; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 330; მაკალათია 1957; ქც 4: 381,21; ჩილდირის ... 1979: 81.
იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.