დედა-ციხე, ციხე (ქც 4: 133,26).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 133,26; 151,18; 530,18,19,21; 531,3,4,15; 559,3), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 263,7,13; 268,14; 269,4,5,7; 279,11,12; 312,4,8), იოანე ბაგრატიონის „სჯულდება“ და „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1957: 52; 1986: 65), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 139), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 122, 158), XV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 46, 82; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 100, 199, 512), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 49, 263).
ვახუშტი ბაგრატიონი ბოჭორმის შესახებ აღნიშნავს: „უჯარმას ზეით ჩდილოთ და იორს აღმოსავლით არს ბოჭორმა-ციხე. ბოჭორმიდამ უჯარმამდე არს ხეობა ფრიად მაგარი, მთოვანი, კლდოვანი ძუელად შენობიან-ეკლესიანი. ხოლო ბოჭორმა აღაშენა ცოლმან ქართლოსისამან და უწოდა დედა-ციხე. ესე არს მაღალს კლდესა ზედა. გამოდის ციხესა შინა წყარო. არს შენობა დიდი და მაგარი (ესე არს რომელი წილად ხუდა კახოსს და შენებასა ჩელეთისასა მისცა კუხოსს, და შეეწია კუხოს შენებასა ჩელეთისასა კახოსს), შემდგომად უწოდეს ვეჭორმა, ესე იგი არს: „ვეჭ, ორმა ძმამ ცილება ყვეს ამ ციხესა ზედა“. მერმე უწოდეს ბოჭორმა“ (ქც 4: 530,18-24, 531,1-3).
მდებარეობს თიანეთის მუნიც-ში, სოფ. ბოჭორმიდან 2 კმ-ის დაშორებით, მდ. იორის მარცხენა ნაპირზე.
წყაროებში მოიხსენიება X ს-იდან (ქც 1: 263,7,13). განეკუთვნება უძველეს ციხესიმაგრეთა რიცხვს. იდგა მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილზე და კეტავდა ივრის ხეობას, რომელიც ციხესიმაგრიდან ხელისგულივით ჩანს 30 კმ მანძილზე (მუსხელიშვილი 1966: 71). 914 წ. არაბებმა აბულ-კასიმის სარდლობით აიღეს უჯარმა. ამის გამო ბოჭორმელებმა ციხე მიატოვეს და დამპყრობლებმა ის უბრძოლველად ჩაიგდეს ხელში (ქც 4: 133,1-6). არაბები ბოჭორმაში გამაგრდნენ (ქც 1: 263,7,8). X ს-ში კვირიკე ქორეპისკოპოსს (929-997) ძმამ უღალატა და უჯარმა აფხაზთა მეფე გიორგი II-ეს (922-957) გადასცა. მან ხელთ იგდო კახეთის სხვა ციხეებიც. ქართლის აზნაურების დახმარებით კვირიკემ კახეთი კვლავ დაიბრუნა (ქც 1: 269,1-13). ბაგრატ III-მ (975-1014) კახეთ-ჰერეთის დაპყრობის შემდეგ ბოჭორმის ციხეც აიღო. ცოტა ხანს ბოჭორმას ბაგრატ IV (1027-1072) ფლობდა, მაგრამ შემდეგ ის განძის ამირა ფადლონის სანაცვლოდ დაუთმო კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართანს (1058-1084) (ქც 1: 312,8-10). ციხე ფუნქციონირებდა XVIII ს-ის ბოლომდე. 1749 წ. ერეკლე II-მ ციხე განაახლა (ორბელიანი 1981: 158; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 512).
მდ. ირის მარცხენა ნაპირზე 300 მ სიმაღლის ქედზე განლაგებულ ციხესიმაგრეს უჭირავს 1,5 ჰა ფართობი. ციხე შედარებით ადვილი მისასვლელია აღმოსავლეთიდან. აქედან ჰქონია მას შესასვლელი. ბუნებრივი სიმაგრეებით დაცული ციხე წარმოადგენს მძლავრ საფორტიფიკაციო ნაგებობას, რომელიც ბატონობს შემოგარენზე (მელითაური 1972: 28). მისი კედლები მაღალი მთის რთულ რელიეფს მიუყვება. ციხე შედგება ორი ნაწილისაგან. მაღლობზე განლაგებულია შიდა ციხე, ციხე-დარბაზი და სხვადასხვა ნაგებობები. კომპლექსში შედის: წმიდა გიორგის ექვსაფსიდიანი ეკლესია, სასახლე, პატარა ეკლესია, კოშკები, „მეფის დარბაზი“ – კოშკური სახლი. შენობები ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვებით კირხსნარზე. კოშკების კედლებში დატანებულია მცირე სარკმლები, ბუხრები, ნიშები, სათოფურები და სალოდეები. შიდა მხრიდან სართულების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ქვის კიბეებია. დიდი ნაგებობა ორი დარბაზისგან შედგება, შესაძლოა ორსართულიანიც იყო (ზაქარაია 1962: 40-47).
შიდა ციხის შუაში დგას ძლიერ განადგურებული და მრავალჯერ შეკეთებული წმიდა გიორგის X ს-ის ექვსაფსიდიანი გუმბათოვანი ეკლესია. კედლები შემორჩენილია 13 მ სიმაღლეზე (ჩუბინაშვილი 1959: 416-424). ნაგებია შირიმის ქვით, გამოყენებულია ქვიშაქვაც. კედლები შიგნიდან და გარედან მოპირკეთებული ყოფილა გათლილი ქვებით. ეკლესიაში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობა. შესასვლელები სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ აფსიდშია. სამხრეთ-დასავლეთის კარიბჭეზე ფანჩატურიანი სამრეკლოა დაშენებული. საკურთხევლის აფსიდა დანარჩენი სივრცისაგან გამოყოფილია XVIII ს-ის აგურის კანკელით. ეკლესია გარედან თორმეტწახნაგაა. ყოველი წახნაგი ორფერდა სახურავითაა დახურული. გუმბათის ყელში 6 სარკმელია. მოხატულობა, რომელიც ამკობს ეკლესიის ექვსივე აფსიდის კედლებს თარიღდება XI-XII სს-ით. ფრესკებზე წარმოდგენილია ქრისტეს ცხოვრების ამსახველი სიუჟეტები, წმინდა მამები, წმინდა გიორგის ცხოვრებისა და წამების სცენები, ქტიტორის გამოსახულება და სხვ. (ჩუბინაშვილი 1959: 416-424).
პატარა ეკლესია დარბაზული ტიპისაა (4,7X3,7 მ). ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდა ნახევარწრიულია. აფსიდის სარკმლის ქვეშ კედელზე მიდგმულია ტრაპეზის ქვა. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია.
ბოჭორმის ციხის ტერიტორია არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
- ბიბლიოგრაფია: ალიბეგაშვილი 1967: 25-29; ბაგრატიონი 1957: 52; 1986: 65; ბერძენიშვილი 1964: 174-185; გიულდენშტედტი 1962: 49, 263; დადიანი 1962: 139; ზაქარაია 1957ა: 184; 1962: 40-47; 1965: 90-96; 1973: 70-75; ბარნაველი 1961: 45; ლომთათიძე 1989: 138, 139; ლორთქიფანიძე 1963: 145, 147, 162-164, 166, 169; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 46, 82; მელითაური 1972: 28-37; მუსხელიშვილი 1980: 109; ორბელიანი 1981: 158; უვაროვა 1904: 56-60; ქც 1: 263,7,13; 268,14; 269,4,5,7; 279,11,12; 312,4,8; ქც 4: 133,26; 151,18; 530,18,19,21; 531,3,4,15; 559,3; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 100, 199, 512; ქართ. დოკ. 1982: 106; ქრონიკები 1897: 259; 1967: 188; ჩუბინაშვილი 1959: 416-424.
იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.