მონასტერი (ქც 4: 374,12,14).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 374,12,14), XIV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1892: 151, 152, 207; 1897: 202; 1967: 45; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 100, 176, 226; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1958: 136; ისტ. დოკ. 1959: 20; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 47; ქართულ-სპარსული ... 1955: 124, 125), დონ კრისტოფორო დე კასტელის ცნობები საქართველოს შესახებ (კასტელი 1977: 187), 1772 წელს იოჰან გიულდენშტედტის მიერ შედგენილი რუკა (გამრეკელი 1964: 31), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 134).
ვახუშტი ბაგრატიონი ბრეთის შესახებ გადმოგვცემს: „მტკურის ჩდილოთ, ამ მდინარის აღმოსავლით, არს ბრეთს მონასტერი უგუმბათო, რომელი ჰქმნა პიროს ... ბრეთის დასავლით, წვერიდამ, ასტყდების მთა კვერნაქი და მივალს ფცის-წყლამდე, რომელსა ეწოდა ცეცხლის-ჯუარი“ (ქც 4: 374,12-16).
მდებარეობს ქარელიდან 9 კმ-ზე, შიდა ქართლის ვაკეზე, მდ. აღმოსავლეთ ფრონეს (დვანისწყლის) მარცხენა ნაპირზე, დღევანდელი სოფ. ბრეთის ადგილზე.
ბრეთში VI ს-ში ერთ-ერთ ასურელ მამას, პიროსს, დაუარსებია მონასტერი, რომელიც შემდგომ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ კერად იქცა. პიროსი დაკრძალულია ბრეთში (ქც 4: 374,12,16; ასურელ მოღვაწეთა ... 1955: 80). ბრეთი და მისი მიმდებარე ხეობა XI-XIII სს-ში სამეფო დომენში შედიოდა. XIV ს-ის ბოლოს სოფ. ბრეთი ალექსანდრე I-მა (1412-1443). სვეტიცხოველს შესწირა. XV ს-ში ბრეთი ექვემდებარებოდა ურბნისის მონასტერს. XVII-XVIII სს-ში ბრეთის დიდი ნაწილი თავად ავალიშვილების საგვარეულოს ეკუთვნოდა. აქ მათ ჰქონიათ მცირე სასახლეც, რომელიც დღეისათვის აღარაა შემორჩენილი. ხსენებული დროისათვის ბრეთი ადმინისტრაციულად ზემო ქართლის სადროშოში შედიოდა (გვასალია 1989: 11; მაკალათია 1957: 31; 1963: 18; ბერძენიშვილი 1964: 211).
ბრეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია. სოფლის ცენტრში წმინდა გიორგის ეკლესიასთან, ზედაპირულად აღმოჩენილია, რიყის ქვით ნაგები ნამოსახლარის ნაშთები. აქ ნაპოვნია შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი ლურჯად მოჭიქული თიხის ჭურჭლისა და კრამიტის ნატეხები.
სოფ. ბრეთის დასავლეთით, შემაღლებულ ადგილზე, ზედაპირულად დასტურდება კერამიკის ნატეხები და ნამოსახლარის ნაშთები. აქვე არის რიყის ქვით ნაშენები სწორკუთხა კოშკი (4,6X4 მ). შემორჩენილია ოთხი სართული. კოშკს სარკმლები აქვს. მასთან ახლოს არის დარბაზული ტიპის ეკლესია (8,6X4,6 მ), რომელიც რიყის ქვითა და აგურითაა ნაშენი. ეკლესიას ნახევარწრიული აფსიდა, მასში ერთი სარკმელი და ორი ნიში აქვს. სახურავი კამარულია. ზემოდან კრამიტითაა დახურული. ეკლესია XVI-XVII სს-ით თარიღდება, კოშკი – XVII ს-ით.
სოფ. ბრეთის ცენტრში წმინდა გიორგის VIII-IX სს-ის დარბაზული ეკლესიაა (14,35X13,2მ). ნაგებია ფლეთილი ქვით. გამოყენებულია აგრეთვე რიყის ქვა და აგური. გადაკეთებულ-შეკეთებულია რამდენჯერმე. აფსიდა ნახევარწრიულია, ერთი სარკმელითა და ორი ნიშით. სამხრეთით და დასავლეთით მინაშენი აქვს. ბოლო შეკეთებისას ეკლესია შეულესიათ. გადახურულია კამარით, რომელზეც კრამიტით დახურული სახურავია. წმინდა გიორგის ეკლესია მიდგუმულია მამა პიროსის VI ს-ის დარბაზული ტიპის ეკლესიაზე. პიროსის ეკლესია ამჟამად გამოიყურება როგორც წმიდა გიორგის ეკლესიის ჩრდილოეთი მინაშენი; ნაგებია ფლეთილი ქვით. მოგვიანებით ცალფერდა სახურავით გადაუხურავთ. აფსიდა ნალისებურია და შუაში ვიწრო სარკმელი აქვს. ერთადერთი სამხრეთი კარი წმიდა გიორგის ეკლესიაში გადის. ეკლესიაში დაკრძალულია მამა პიროსი (გვასალია 1989: 11).
ბრეთიდან ცნობილია მოოქრული ვერცხლის საწინამძღვრო ჯვარი, რომელზეც გამოსახულია ქრისტე და ოთხი მახარებელი. ჯვარზე ასომთავრული წარწერებია. ერთ-ერთში იხსენიება მეფე ბაგრატი, გურგენ მეფის შვილი. ჯვარი თარიღდება 994-1001 წწ. გადაკეთებულია გაბრიელ საფარელის მიერ. ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). (ჩუბინაშვილი 1957: 19; 1959: 70; ბერიძე 1967: 62). ბრეთიდან აგრეთვე ცნობილია 1684 წ. ვერცხლით მოჭედილი მაცხოვრის ხატი, რომლის არშიაზეც ასომთავრული წარწერაა: „შენ კრაო ღვთისაო და ძეო მამისა ევმანუილ და მხსნელო ადამისაო იესო ქრისტე. შემწე გვეყავ ჩვენ ბატონიშვილს ლევანს და თანამეცხედრესა ჩვენსა თინათინს, რომელთა მოვაჭედინეთ ხატი ესე მაცხოვრისა შიშთახევისა მეორედ დამწვარი დღეთა ჩვენთა სადღეგრძელოდ და ძეთა ჩვენითა ქკს: ტობ“. აქ მოხსენიებული ლევანი, მეფე არჩილის (1664-1675) ძმაა (ქრონიკები 1897: 500). ხატი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). ბრეთიდანაა 1722 წ. ვერცხლით მოჭედილი წმინდა გიორგის ხატი, რომელზეც მხედრული წარწერაა. მასში მოხსენიებულია სადგრის ხეობის მოურავი ბიძინა (ქრონიკები 1967: 87). ამჟამად ხატის ადგილმდებარეობა უცნობია.
- ბიბლიოგრაფია: ასურელ მოღვაწეთა ... 1955: 80; ბერიძე 1967: 62; ბერძენიშვილი 1964: 211; გამრეკელი 1964: 31; გვასალია 1989: 11; დადიანი 1962: 134; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 100, 176, 226; ისტ. დოკ. 1959: 20; კასტელი 1977: 187; მაკალათია 1957: 31; 1963: 18; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1958: 136; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 47; ქართულ-სპარსული ... 1955: 124, 125; ქრონიკები 1892: 151, 152, 207; 1897: 202, 500; 1967: 45, 87; ქც 4: 374,12,14; ჩუბინაშვილი1957:19; 1959: 70.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.