ბა ბე ბი ბო ბრ
ბრე ბრი

ბრეძა 

ციხე (ქც 4:375,18-20).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოისა“ (ქც 4: 375,18-20), 914 წლის სამშენებლო წარწერა ხუროთმოძღვარ თევდორე თაფლაის ძისა სოფ. ერედვის წმინდა გიორგის ეკლესიიდან (ქართ. წარწ. კორ. 1980: 170-172).

ვახუშტი ბაგრატიონი ბრეძას შესახებ გადმოგვცემს: „ამას ზეით, ავლევს, მოერთვის ამ წყალს დასავლიდამ ბრეძისწყალი. არს ბრეძას მცირე ციხე. გამოსდის ეს წყალი პერანგს, მიდის სამხრით ბრეძამდე, მერმე აღმოსავლით. აბანოს ერთვის ამ წყალს წაღვლისწყალი, და ბრეძას მოერთვის აბანაოსწყალი“ (ქც 4: 375,18-20).

მდებარეობს ქარელის მუნიც-ში, მდ. დასავლეთ ფრონეს (ფცისწყალის) მარცხენა ნაპირას, შიდა ქართლის ვაკეზე, დღევანდელი სოფ. ბრეძის ადგილზე.

X ს-ის დასაწყისში ეგრის-აფხაზეთის მეფე კონსტანტინე, ერთ-ერთი ლაშქრობის შემდეგ გაჩერებულა ბრეძაში. ნაწყვეტი 914 წ. ერედვის წმიდა გიორგის ეკლესიის ასომთავრული წარწერიდან: „... ხელმწიფობასა ღმრთივდამყარებულისა წმიდა კონსტანტინე მეფისასა, რომელმან ბრძანა და ჩავიდა ჰერეთს შიგან, ჰერთა მეფეი გააქცია და მუნით მშუიდობით იქცა, ცისკრად ალავერდს ილოცა, მწუხრი ბრეძას გადაჰხთა ...“ (ქართ. წარწ. კორ. 1980: 172). ადრეულ შუა საუკუნეებში ბრეძა ქართლის საერისთავოში შედიოდა, გვიანდელ შუა საუკუნეებში – ამირეჯიბების სამფლობელოშია. ბრეძაზე გადადიოდა ლიხთიმერეთში გადასასვლელი ერთ-ერთი გზა. 1715 წ. რუისის საეპისკოპოსოს აღწერის მიხედვით, აქ 60-მდე კომლი სახლობდა. იმ დროისათვის ბრეძა მუსხელიშვილების საგვარეულოს ეკუთვნოდა (გვასალია 1989: 20).

სოფ. ბრეძა არქეოლოგიურად შეუსწვლელია.

სოფლის ცენტრში, ახალ სასაფლაოსთან, ზედაპირულად დადასტურებულია რიყისა და ფლეთილი ქვით ნაშენ ნაგებობათა საძირკვლის ნაშთები. ნანახია აგრეთვე ნაციხარიც (გვასალია 1989: 20). აქ აღმოჩენილია გვიანი შუა საუკუნეების მოწითალო თიხიანი კერამიკისა და ქვევრების ნატეხები.

აქვე არის „ზღუდერის“ X ს-ის დარბაზული ეკლესია (14,7X8,5 მ). პერანგი ნაგებია ბაზალტის გათლილი კვადრებით. აფსიდაში სარკმელია. დარბაზი გადახურულია კამარულად. დასავლეთ ფასადზე ამოკვეთილია ჯვარი და ვარდულები. ეკლესიის მინაშენები დანგრეულია. XIX ს-ში ეკლესია შეუკეთებიათ.

„ზღუდერის“ ეკლესის დასავლეთით, თხუთმეტიოდე მეტრზე წმინდა მარინეს დარბაზული ტიპის ადრე შუა საუკუნეების ეკლესიაა (7,2X4,75 მ), რომელიც მოზრდილი ფლეთილი და რიყის ქვებითაა ნაგები. აფსიდა ნახევარწრიულია. მას ვიწრო სარკმელი და ორი ნიში აქვს. გადახურულია კამარულად. მასზე მოხატულობის კვალი შეიმჩნევა. „ზღუდერისა“ და წმინდა მარინეს ეკლესიებს შემოვლებული ჰქონიათ გალავანი.

სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, შემაღლებაზე დადასტურდა შუა საუკუნეების ნამოსახლარის ნაშთები. აქ დგას კვირაცხოვლის დარბაზული ტიპის X ს-ის ეკლესია (10,8X6,1 მ). მისი პერანგი კარგად გათლილი ქვებითაა მოპირკეთებული. დარბაზი კამარულადაა გადახურული. აღმოსავლეთის ფასადზე ასომთავრული წარწერაა, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (ბარნაველი 1959: 109).
 
ბიბლიოგრაფია: ბარნაველი 1959; გვასალია 1989: 3-35; ქართ. წარწ. კორ. 1980: 172; მაკალათია 1963; ქც 4: 375,18-20.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9