(ქც 4: 376,29; 377,1,2). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 376,29; 377,1,2), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 44).
ვახუშტი ბაგრატიონი ბრილის შესახებ გადმოგვცემს: „ნაბახტევს ზეით ერთვის ალის-წყალს ბრილის-წყალი ... აქ, ბრილს, ითხრების კაჟი ფრიად კეთილი“ (ქც 4: 376,29; 377,1,2).
მდებარეობს ხაშურის მუნიც-ში, მდ. ბურნეულის (ჭურათხევის მარჯვენა შენაკადი) სათავეში, თანამედროვე სოფ. ბრილის ჩრდილოეთით.
წყაროებში პირველად იხსენიება XVIII ს-ის დასაწყისში. ბრილი ჯერ ამირეჯიბს ეკუთვნოდა, შემდეგ ბრილის ნასოფლარს დაუფლებია საქაშათელი დიასამიძე, რომელსაც 1689 წ. წმინდა ნინოს ეკლესია აუშენებია. 1715 წ. ბრილი რუისის სამწყსოს ეკუთვნოდა და სოფელში 40-ზე მეტი კომლი სახლობდა (მაკალათია 1963: 76; გვასალია 1989: 25). ამავე სახელწოდების სოფლები მდებარეობს ონისა და ცხინვალის რაიონშიც.
ბრილი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
სოფ. ბრილსა და მის მიდამოებში რამდენიმე ეკლესიაა: 1. ბრილის ჩრდილოეთით, განაპირა უბანში მდებარეობს დარბაზული ტიპის (7,8X5 მ), კირქვით ნაგები ეკლესია. აქვს ნახევარწრიული აფსიდა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ამჟამად ეკლესია დანგრეულია (სძა 1990: 425). 2. წმინდა ნინოს დარბაზული ტიპის (8,3X5,6 მ) ეკლესია დგას სოფლის დასავლეთ ნაწილში. ნაგებია ქვიშაქვის კვადრებითა და აგურით. შესასვლელი აქვს სამხრეთითა და დასავლეთით. დასავლეთის კარის თავზე ჩასმულია ქვაფიქალი ცხრასტრიქონიანი მხედრული წარწერით, რომლის მიხედვითაც ეკლესია აშენებულია 1689 წ. დიასამიძის მიერ ქართლის მეფის ერეკლე I-ის (1688-1703) მეფობისას (მაკალათია 1963: 76; გვასალია 1989: 25). 3. ბრილის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე დგას დარბაზული ტიპის (8,7X5,5მ) XI ს-ის ღვთაების ეკლესია. გვიან შუა საუკუნეებში გადაუკეთებიათ და კარიბჭე მიუშენებიათ. ეკლესიის პირველი სამშენებლო ფენა ნაგებია კირქვითა და ბაზალტით, მეორე – აგურით. გადახურულია კრამიტის ორფერდა სახურავით. შესასვლელი აქვს დასავლეთიდან და სამხრეთიდან. აფსიდა ნახევარწრიულია; საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია შეისრული სატრიუმფო თაღით. ეკლესია შიგნით შელესილი და შეთეთრებულია. შემორჩენილია XVII ს-ის მოხატულობის ფრაგმენტები – წმინდა მამათა ფიგურები, რომლებსაც ახლავს დაზიანებული ასომთავრული წარწერები. განვითარებულ შუა საუკუნეებში მიშენებული კარიბჭის ფასადზე ჩასმულია ეკლესიის ძველი კანკელის ფილა ფერისცვალების რელიეფური კომპოზიციით. მასზე შემორჩენილია ამოკაწრული და საღებავით შესრულებული ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები (მაკალათია 1963: 77). 4. ბრილის ჩრდილოეთით, 2 კმ დაშორებით, მაღალ სერზე, ციხის დანგრეული გალავნის აღმოსავლეთ კედელში დგას IX-X სს-ის ღვთისმშობლის დარბაზული ტიპის (6,2X5მ) ეკლესია. ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდა ნალისებურია. შესასვლელთან აღმოჩნდა ქვიშაქვის ფრაგმენტი ასომთავრული წარწერით. წარწერა ინახება ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ამჟამად ეკლესია დანგრეულია (მაკალათია 1963: 78). 5. წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს ბრილის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სურამ-ბრილის გზის მარჯვენა მხარეს. ამჟამად დანგრეულია (სძა 1990: 427).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 44; გვასალია 1989: 25; მაკალათია 1963: 76, 77; სძა 1990: 425, 427; ქც 4: 376,29; 377,1,2; ხარაძე 1991: 162.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.