გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გაგ გავ გან გარ გაჩ

გავაზი, გავაზნი

ქალაქი (ქც 4: 133,26 545, სქ. 2; 558,18; 618,23; 625,7).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 133,26; 545,სქ.2; 558,18; 618,25; 625,7), მატიანე ქართლისა (ქც 1: 254,5; 264,13), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 444,6), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 71), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 44), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 230), IX, XI, XIII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 18, 49; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 18, 68, 122, 125; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 106, 199, 418; 1970: 180; 1977: 386, 732; ქრონიკები 1897: 440, 463, 492; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 381, 394), მიშეცკისა და კლუჩარევის კახეთის სამეფოში ელჩობის (1640-1643) მუხლობრივი აღწერილობა (მიშეცკი, კლუჩარევი 1928: 137).

მდებარეობს ყვარლის მუნიც-ში, ალაზნის ველის დასაწყისში, სოფ. ახალსოფლის ტერიტორიაზე (ჭილაშვილი 1975: 5).

წყაროებში იხსენიება IX ს-იდან (ქც 1: 254,5). X ს-ში კონსტანტინე აფხაზთა მეფე და კვირიკე ქორეპისკოპოსი შემოადგენენ ვეჟინის ციხეს. ადარნასე პატრიკი იძულებული იყო კონსტანტინესათვის დაეთმო გავაზნი (ქც 1: 264,13,). 1392 წ. გავაზი მოხსენიებულია საკათალიკოსო მამულების გუჯარში (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 180). 1678 წ. ერეკლე I-ს შეუწირავს ალავერდისათვის გავაზში მცხოვრები ერთი ყმა. ლეკების თარეშმა გავაზის მოსახლეობა ძლიერ შეაწუხა, რის გამოც ისინი გადასახლდნენ ალაზნის პირას. 1643 წ. რუსეთის ელჩი თავადი მიშეცკი აღნიშნავდა, რომ გავაზში მხოლოდ 10 კომლი იყო (მიშეცკი, კლუჩარევი 1928: 197). აქ ხშირად უხდებოდა ერეკლე II-ს ლეკთა რაზმებთან შებმა (ორბელიანი 1981: 230). XIX ს-ის შუა ხანებიდან კვლავ იწყო აღორძინება ძველმა გავაზმა. ეკლესიის წარწერა გვამცნობს, რომ ძველი სოფლის გაშენება და ტაძრის განახლება მომხდარა 1850 წ. მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის ადიუტანტ ივანე გიორგის ძე ამილახვრის მიერ (ჭილაშვილი 1975: 9). გადმოსახლებულებს სახლების ასაშენებლად ეძლეოდათ შეღავათები და დახმარება, რასაც გვაუწყებს 1852 წ. საბუთი (ჭილაშვილი 1975: 9, 10).

1969-1972 წწ. ძველი გავაზის ტერიტორია შეისწავლა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ლ. ჭილაშვილი). ძეგლი შუა საუკუნეებისაა. შემთხვევითი მონაპოვრების მიხედვით იქ გვიანი ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის დასახლებებიც ივარაუდება.

ექსპედიციამ შეისწავლა რამდენიმე უბანი: კოპალე, ნაბაზრალი, სამაროვანი, დარბაზოვანი, სამების უბანი (ნაქარვასლარი, სამების ეკლესია, სამეთუნეო ქურა). კოპალე წარმოადგენს სამიწათმოქმედო უბანს, სარწყავი სისტემით, დროებითი სადგომებით, საწნახლებით. ის ერთ-ერთი ვრცელი უბანია და მდებარეობს სოფლის განაპირას. იქ არსებული სამლოცველო წმინდა გიორგის სახელობისაა. არქეოლოგიური მასალის მიხედვით, იქ დასახლება ყოფილა ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში. ამ უბანზე გამოვლენილია სარწყავი არხი, რომლის გვერდები რიყის მსხვილი ქვებითაა ნაგები. მასზე გადასასვლელი ბოგირები ყოფილა მოწყობილი. აღნიშნული უბანი დაყოფილია დიდ-პატარა ეზოებად, რომლებიც ქვებით ნაგები ყორე-ღობეებით ყოფილა შემოფარგლული. გეგმარება სწორკუთხოვანია. ეზოები ერთმანეთს უკავშირდება ქუჩებით (ჭილაშვილი 1975: 15). ეს დროებითი სადგომებია. შეიძლება ეს ადგილი მამულები იყო. საცხოვრებელი კი სხვაგან მდებარეობდა. არქეოლოგიური მასალიდან აღსანიშნავია XII-XIII სს-ის სადა და მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები, ლურსმნები, წალდი და სხვ. აქვე გამოვლენილია ოთხი საწნახელი. ერთი ორგანყოფილებიანია. მეორე, მცირე ზომისა მიდგმულია ეკლესია-სამლოცველოზე. საწნახლები ნაგებია რიყის დიდი ქვებით და შელესილია. გათხრებისას გამოვლენილი მასალა, სადა და მოჭიქული კერამიკა ძირითადად X-XIV სს-ით თარიღდება (ჭილაშვილი 1975: 20-35).

ნაბაზრალი მდებარეობს ავანისწყლის მარჯვენა მხარეს და ვრცელდება 2-3 კმ-ზე. აღნიშნულ უბანზე მოპოვებული კერამიკა თარიღდება X-XIV სს-ით. ნაბაზრალის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ქვა ასომთავრული წარწერით, რომელშიც მოხსენიებულია ეკლესიის აღმშენებელი ქტიტორი და კალატოზი. თარიღდება 1025 წლით (ბარნაველი 1962: 116, 117; ჭილაშვილი 1975: 37). მიწისზედა ძეგლებიდან შემორჩენილია მცირე საყდარი და თუშის ციხე ავანისწყლის მარჯვენა მხარეს. ციხე მასიურია, უსაძირკვლო, ერთსათავსიანი. ნაგებია ქვით კირხსნარზე (5,8X4,4მ). გარედან კუთხეები მომრგვალებულია, 2 სართული შემორჩენილია 5 მ სიმაღლეზე. კარის სიგანე 0,7 მ. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში ნიშებია. ნაბაზრალის ტერიტორიაზე აკრეფილი არქეოლოგიური მასალა X-XIV სს-ით თარიღდება (ჭილაშვილი 1975: 36-43).

სამაროვანი (ძველი გავაზის ეკლესიის უბანი) მდებარეობს ეკლესიის მიდამოებში. ეკლესია განეკუთვნება VI ს-ის ახლო ხანებს. ძეგლი გეგმითY ტეტრაკონქია. ცენტრალურ გუმბათქვეშა კვადრატს ყოველი მხრიდან ებმის აფსიდა კონქით. ოთხივე აფსიდა ნალისებურია. გარედან მათ ნახევარწრიული ფორმა ჰქონია. ეკლესია მრავალგზის გადაკეთებულია (ჩუბინაშვილი 1959: 214-220).

ეკლესიის ირგვლივ გაითხარა 35 კოლექტიური ქვის სამარხი. დაკრძალვა ქრისტიანულია. სამარხეული ინვენტარი წარმოდგენილია თიხის, მინისა და ლითონის ნაწარმით. თიხიდან აღსანიშნავია სამტუჩაპირიანი ხელადა, ჩაიდნისებური ჭურჭელი და მოჭიქული ჯამის ორი ნატეხი. მინის ნაწარმიდან გვხვდება ორი ვიწროყელიანი ჭურჭელი, მძივები და სამაჯურები. მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია სამაჯურები: სადაზედაპირიანი ბრტყელი და მრგვალგანივკვეთიანი ღეროთი; ღეროდაგრეხილები სხვადასხვა ფორმისაა. ლითონის ნაწარმიდან აღსანიშნავია რკინისა და სპილენძის სამაჯურები. საყურეები დაზიანებულია. ორი ვერცხლის საყურე ბურცობებითაა შემკული. სამაროვანზე რკინის, სპილენძისა და ვერცხლის 7 ბეჭედია მოპოვებული. იქვეა გამოვლენილი სპილენძისა და ვერცხლის ბურთულა საკიდები, ბრინჯაოს ჯვარი ჯვარცმის გამოსახულებით. მძივები გიშრის, სარდიონის, ამეთვისტოსი და ფაიანსისაა. აქვეა ფაიანსის ორი მედალიონი. სამაროვანი თარიღდება XI-XIII სს-ით (ჭილაშვილი 1975: 43-74).

დარბაზოვანი მდებაროებს კოპალეს ჩრდილოეთით, 1 კმ-ის დაშორებით, მდ. ავანისწყლისა და ქვაწერას შესართავში, მაღალ კონცხზე სტრატეგიულ ადგილზე. შედგება თავდაცვითი, საერო და საეკლესიო ნაგებობებისგან. აქედან გზა გადიოდა დაღესტნისაკენ. აქვეა, სავარაუდოდ, საირიგაციო არხის სათავე ნაგებობაც. დარბაზოვანი განლაგებულია კლდოვან ქედზე. ჩრდილო-დასავლეთ განაპირა კუთხეში სამსართულიანი ციხე-სასახლეა აგებული, რომელიც საგუშაგო კოშკის მოვალეობასაც ასრულებდა. ზღუდე ნაშენია დიდრონი ქვებით. მაღლა ეკლესია და ციხე-სასახლეა აგებული. ეკლესია დაზიანებულია. შემორჩენილია ძირითადი ნავი და სამხრეთის თაღედი. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. საკურთხეველი მიშენებულია კედელთან. სამლოცველო სამი საფეხურითაა გამოყოფილი. კანკელი ქვითაა ნაგები. შემორჩენილია ფრესკების კვალი და ასომთავრული წარწერის ფრაგმენტი. სავარაუდოა, ეკლესია ადრე შუა საუკუნეების ბოლო ხანებს ეკუთვნოდეს.

სამსართულიანი ციხე-კოშკი რიყის დიდრონი ქვებით კირხსნარზეა ნაშენი. დარბაზიანის კომპლექსი კეტავდა ხეობიდან გამოსასვლელს და წარმოადგენდა გავაზის ფორპოსტს (ჭილაშვილი 1975: 80).

სამების უბანი გავაზის განაპირას იყო, კოპალესა და ნაბაზრალისაგან 3-4 კმ-ის დაშორებით. მდებარეობს დღევანდელი ახალსოფლის (გავაზის) განაპირას ყვარელ-ლაგოდეხის გზატკეცილის მარცხენა მხარეს. სამება კომპლექსური ძეგლია, რომელშიც თავმოყრილია ქარვასლა – დიდი შენობა, ეკლესია და სამეთუნეო ქურა.

სამების უბნის ცენტრალური ნაწილი შემაღლებული ადგილია, სადაც ოთხკუთხა ნაგებობა – ერთფენიანი ძეგლია, ნაშენი რიყის ქვით კირხსნარზე. კედლის სიგანე 1,9 მ. საერთო ფართობი 27,6X27,8 მ. აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლების ცენტრში კონტრფორსებია. სამხრეთის კედელში 1,9 მ სიგანის ღიობია.

სამების ეკლესია ნაგებია რიყის ქვით კირხსნარზე (13,5X7,4 მ). დასავლეთის და სამხრეთის კედლებში 1,2 მ სიგანის კარია. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია საფეხურით. დასავლეთის მხრიდან ეკვრის სამეურნეო ნაგებობების ნანგრევები (ჭილაშვილი 1975: 86, 87).

ქურა ნაქარვასლარიდან 40-50 მ დაშორებით, ფლატის პირასაა მიკვლეული. ის სანახევროდ დანგრეულია. გეგმით წრიულია. შემორჩენილი ზედა ნაწილი ხვრელებითაა დაფარული. ქურა ორგანყოფილებიანი უნდა ყოფილიყო. მახლობლად მოპოვებული მასალის მიხედვით, ის განკუთვნილი ყოფილა დიდი ზომის ჭურჭლის გამოსაწვავად. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით.

გავაზის ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდა სხვადასხვა პერიოდის ნივთები: ბრინჯაოს ე. წ. „აღმოსავლურ-ქართული“ ცულები, ჯაჭვი, თიხის ჭურჭელი. თანამედროვე სასაფლაოზე ჩნდება ანტიკური ხანისათვის დამახასიათებელი ნივთები და სხვ. არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 71; ბარნაველი 1962: 116, 117; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 377, 381, 394; მიშეცკი, კლუჩარევი 1928: 137; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 49; ორბელიანი 1981: 230; სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 50, 149; ქც 1: 254,5; 264,13; ქც 2:444,6; ქც 4:133,26; 545, სქ. 2; 558,11; 618,23; 625,7; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 18, 68, 122, 125; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 106, 199, 418; 1970: 180; 1977: 386, 732; ქრონიკები 1897: 440, 463, 492; ჩხეიძე 1913: 44; ჩუბინაშვილი 1959: 215; ჭილაშვილი 1971: 96-102; 1974: 109-137; 1975.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9