გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გაგ გავ გან გარ გაჩ

გარეჯა


(ქც 4: 229,6) იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 229,6; 331,25; 332,1-7; 529,9,სქ.3; 530,9, სქ. 1) ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (ქც 1: 208,24; 209,20 210,11), ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი (ქც 2: 122,28), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 272,19; 283,20; 287,7), XIII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ისტ. დოკ. 1958: 116, 154, 155, 157; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 42, 61, 65; 1974: 56; 1977: 718; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 150, 154; ქართლ-კახეთის ... 1903: 9, 12, 13, 19, 28, 40, 42, 45, 103, 105, 110, 198; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 64, 266-268, 270-273, 280-282, 284-288, 293, 294, 296-298, 326, 327; 1953: 185, 311; 1955: 24, 27, 31-33, 113, 141, 413, 456, 530), გაბრიელ მცირეს „ცხოვრება ონისიფორესი“ (ძქაძ 1989: 111), სპირიდონ გრძელიშვილის „ცხოვრება და მოღვაწეობა ქრისტეფორესი“ (ძქაძ 1989: 127, 128, 130), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 56), ერეკლე I-ის (1688-1703) შეწირულობის წიგნი დავით გარეჯის მონასტრისადმი (ქართულ-სპარსული ... 1984: 24), ქალბალი ბეგის შეწირულობის წიგნი უდაბნოს ნათლისმცემლის მონასტრისადმი (ქართულ-სპარსული ... 1984: 35), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 14), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 58).

ვახუშტი ბაგრატიონი დავით გარეჯის შესახებ გადმოგვცემს: „გარეჯის მთას არს მონასტერნი, კლდესა შინა გამოკუეთილნი, სენაკნი, ტრაპეზნი, პალატნი, ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი. ნათლისმცემელს ზის არქიმანდრიტი, ჩიჩხატურს ზის წინამძღუარი, დავით-გარეჯას არქიმანდრიტი, ბერთუბანს წინამძღუარი. არამედ ყოფილან მონასტერნი მრავალნი ვიდრე მწარე-წყლამდე, და მოწესითა სავსენი, ხოლო აწ არს ხუთი მოწესითა მყოფი“ (ქც 4: 331,25, 332,1-7).

დავით გარეჯის მონასტერი მდებარეობს თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ის დაშორებით, გარეჯის უდაბნოში. აქ პირველი მონასტერი დაარსა VI ს-ის პირველ ნახევარში ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, დავით გარეჯელმა, თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად. მოგვიანებით დავით გარეჯი მძლავრ სამონასტრო კერად იქცა. ჩამოყალიბდა მონასტრების არაერთი კომპლექსი, რომლებიც უზარმაზარ ფართობზეა გადაჭიმული. მონასტრის ძირითადი ცენტრი – დავითის ლავრა დროთა ვითარებაში გაიზარდა და მისი განშტოებები შეიქმნა ყველა მიმართულებით. ჯერ კიდევ დავითის სიცოცხლეში დაარსდა დოდოს რქის მონასტერი, შემდეგ – ნათლისმცემლის. გარეჯის მონასტრები დასავლეთიდან აღმოსავლეთით განლაგებულია შემდეგი თანამიმდევრობით: წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხატური, თეთრ-სენაკები, დოდოს რქა, ლავრა, უდაბნო, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჯა, პირუკუღმარი, პატარა ქვაბები. თუ მონასტრებად ჩავთვლით მღვიმიდან ქოლაგირამდე ბერების სერზე განაწილებულ, ერთმანეთისაგან ერთი-ორი კმ-ით დაშორებულ ცალკეულ ჯგუფებს, რომელთა სახელები უცნობია, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება (თოდუა 1973: 25). თავის დროზე აქ გამომუშავდა სამონასტრო ცხოვრების საკუთარი წესი, გამოქვაბული სადგომების თავისი, დამახასიათებელი გადაწყვეტა, სასულიერო ლიტერატურის საკუთარი სკოლა (დოლიძე 1964: 43, 44; ქავთარია 1965). ქრონოლოგიურად დავით-გარეჯის ფრესკები დიდ პერიოდს მოიცავს X ს-იდან ვიდრე XIV ს-მდე. მოხატულობათა კოლორიტი, ფერწერის კანონებისადმი თავისუფალი მიდგომა, სცენების თავისებური გამომსახველობა მიუთითებს დავით გარეჯის საკუთარი ფერწერული სკოლის არსებობაზე. ფრესკებმა შემოგვინახა ქტიტორთა მრავალრიცხოვანი პორტრეტები, მათ შორის, მეფეთა პორტრეტები – თამარისა და მისი ძის გიორგი-ლაშასი (ბერთუბანი), დიმიტრი თავდადებულის (უდაბნოს ეკლესია). უდაბნოსა და ნათლისმცემლის ეკლესიების მოხატულობებმა შემოგვინახა ქტიტორთა პორტრეტების მთელი გალერეა. დავით გარეჯის ფერწერულ სკოლაში განსაკუთრებულ სიმაღლეს აღწევს ბერთუბნის ტაძრისა და სატრაპეზოს მოხატულობა (ალიბეგაშვილი, ვოლსკაია 1964: 47-51).

1939 წ. გარეჯის უდაბნოში პალეონტოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა საქართველოს სახ. მუზეუმის გეოლოგიის განყოფილება (ნ. ბურჩაკ-აბრამოვიჩი, ე. გაბაშვილი, დ. წერეთელი, მ. ფოფხაძე). გათხრებისას დავით გარეჯის მონასტრის მიდამოებში, ზედა სარმატულ ნალექებში აღმოჩნდა ანთროპოიდული არსების ქვედა ყბის ფრაგმენტი. სამეცნიერო ლიტერატურაში ეს აღმოჩენა „უდაბნოპითეკის“ სახელითაა ცნობილი (ბურჩაკ-აბრამოვიჩი, გაბაშვილი 1945: 451-464).

გარეჯის უდაბნოს ინტენსიური არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო 1971 წლიდან, როცა ამ მიდამოებში ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ განახორციელა პირველი დაზვერვითი სამუშაოები (ბუგიანიშვილი ... 1972: 15-19). შემდგომში გარეჯის უდაბნოში გამოვლინდა არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელთა ქრონოლოგიური დიაპაზონი ფართოა – ქვის ხანიდან მოყოლებული, გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით.

გარეჯის უდაბნოში სამი ქვედაპალეოლითური ძეგლია გამოვლენილი. სამივე ღია სადგომია. აშელის ხანის ადგილსამყოფელი მდებარეობს მრავალწყლის ხევის მარჯვენა დიდი შენაკადის, ჩამძვრალიხევის მარჯვენა მხარეს, მისგან 80-100 მ-ის დაშორებით. ანაკრეფ მასალაში, რომელიც თავისი პირვანდელი ადგილიდან დაცურებულია ნიაღვრების გამო, არის 1 ნუკლეუსი, 9 ანატკეცი და 1 იარაღი – ხელნაჯახი. მასალა აშელის ეპოქის მეორე ნახევრით თარიღდება. მუსტიეს ეპოქის ნასადგომევი „უდაბნო I“ მდებარეობს მრავალწყლის ხევის შუა წელის ქვემო ხეობის მარჯვენა ნაპირზე, ხევიდან 50-60 მ დაშორებით, უდაბნო – რუსთავი – გარდაბნის შარაგზის მარჯვენა მხარეს. პირვანდელი ადგილიდან დაცურებული ანაკრეფი მასალა შეიცავს 6 ნუკლეუსს, 40 ანატკეცსა და 5 დასრულებულ იარაღს.

მუსტიეს ეპოქის მეორე ნასადგომევი „უდაბნო II“ მდებარეობს მრავალწყლის ხევის შუა დინების ფარგლებში. შეგროვებული მასალა შედგება 4 ნუკლეუსის, 27 ანატკეცისა და 8 დასრულებული იარაღისაგან. განათხარი მასალით ცხადი ხდება, რომ 60-30 ათასი წლის წინ, აშელის ეპოქის მეორე და მუსტიეს ეპოქის პირველ ნახევარში უდაბნოს ტერიტორიაზე უკვე უცხოვრია ადამიანს. ჩანს, შუა და ზედა პლეისტოცენში აქ დღევანდელისაგან საგრძნობლად განსხვავებული, პირველყოფილი ადამიანის ცხოვრებისათვის ოპტიმალური ბუნებრივი და კლიმატური პირობები არსებობდა (ბუგიანიშვილი 1988: 18-37).

ქვის ხანის იარაღები დიდი რაოდენობით აღმოჩნდა „ლავრის“ გამოქვაბულების აღმოსავლეთითაც, ბაიდოს კალოს მთაზე.

სოფ. უდაბნოს შემოგარენში მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოჩნდა ადრებრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭელი, რომელიც ძვ. წ. IV ათასწლეულის დასასრულს ამ მხარეს ე. წ. მტკვარ-არაქსის კულტურის ფარგლებში აქცევს.

უდაბნოს სარწყავი სისტემის მკვებავი არხი, მრავალწყლის ხევით რომ მოედინება, გზად გადის ყორღანულ ველზე, რომელიც 200-მდე შუა და გვიანბრინჯაოს ხანის სამარხს მოიცავს. შუაბრინჯაოს მდიდრულინვენტარიანი სამარხის კერამიკული და ლითონის მასალის მიხედვით ეს მხარე ბრწყინვალე თრიალეთური კულტურის ფარგლებში უნდა მოექცეს. ყველაზე მნიშვნელოვანი გარეჯის უდაბნოში ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრისა და I ათასწლეულის პირველი ნახევრის ნამოსახლარებისა და სამაროვნების გამოვლენაა (ფიცხელაური 1988: 14, 15).

მრავალწყლის გვიანბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი მდებარეობს მრავალწყლის ხევის მარცხენა მხარეს, ქედის თხემზე. ნამოსახლარის სამხრეთი მხარე განიცდის ძლიერ ეროზიას. აქ ჭრილში მოჩანს ქვების წყობა და 2-3 მ სიგანის ნაცრის ბუდეები, რომლებშიც თიხის ჭურჭელია შერჩენილი. კერამიკის უმეტესობა ლეგა ფერისაა. ყველა ჩარხზეა ამოყვანილი.

მრავალწყლის სამაროვანი წარმოდგენილია გორასამარხებით. მდებარეობს ხეობის მარჯვენა ნაპირზე, მის გასწვრივ 200 მ სიგრძეზე. ყველაზე დიდი გორასამარხის დმ-ია 15 მ, სიმაღლე – 0,75 მ. სამარხების უმეტესობა ქვაყრილიანია. სამაროვნის ტერიტორიაზე, ხევის ფლატის მახლობლად მცირე რაოდენობით აიკრიფა შუაბრინჯაოს ხანის ჭურჭლის ფრაგმენტები. სამაროვნის ჩრდილოეთით, 200 მ დაშორებით, მარჯვენა მხარეს აღმოჩნდა მეორე ყორღანული ველი. მათი დმ 10-25 მ-ია, სიმაღლე – 0,5-1,5 მ. არის როგორც ქვაყრილიანი, ისე ქვამიწაყრილიანი ყორღანები.

გვიანბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი მდებარეობს ხეობის შუა წელზე, მის მარცხენა მხარეს. ნამოსახლარის სამხრეთ ნაწილში, რომელიც ინტენსიურად ირეცხება წვიმის წყლებით, მოჩანს ნაცრისა და სამშენებლო ქვების გროვები. ნასახლარის კერამიკული მასალა დამზადებულია ჩარხზე. ქვის მასალიდან თოხებისა და ობსიდიანის ანატკეცების გარდა, აღსანიშნავია ობსიდიანის ქუსლამოღარული ისრისპირი, დამუშავებული მცოცავი რეტუშით.

უდაბნოს თანამედროვე დასახლების ჩრდილოეთით, 2 კმ-ის დაშორებით გვიანბრინჯაოს ხანის სამი ნამოსახლარია. ნამოსახლარი ნატახტარი სერის დასავლეთ ნაწილშია. ირგვლივ შემოსდევს თავდაცვითი თხრილი. გამაგრებული ყოფილა გალავნითაც, რომლისგან მხოლოდ ქვის საფუძველია შემორჩენილი. სამხრეთ ფერდობზე აღმოჩნდა ზღუდის გარე დასახლებაც. კერამიკა ლეგა ან მოშავო ფერისაა. ქვის იარაღებიდან აღსანიშნავია რიყის ქვის წელში გამოყვანილი თოხი და კაჟის ვიწრო, ნავისებური ფორმის ნამგლის ჩასართი. მეორე ნამოსახლარი გამართულია სერის შუა წელზე და მას შუაგორის ნამოსახლარი ეწოდა. ირგვლივ შემოუყვება ხელოვნური მიწაყრილი. დისჟიეს ნამოსახლარი ამავე სახელწოდების მთაზეა. მისი დიდი ნაწილი თავის დროზე დაუზიანებიათ რუსეთის სამხედრო ნაწილებს. არქეოლოგიური მასალა ძირითადად შავზედაპირიანი კერამიკაა. დიფზისის ნასახლარი იმავე სახელწოდების ხევის მარჯვენა მხარეს აღმოჩნდა. ხელოვნური თხრილის გარდა, ის გამაგრებული ყოფილა ქვის ზღუდითაც. ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე დადასტურდა ზღუდის გარე დასახლება. მას დასავლეთიდან ებმის მეორე ნამოსახლარი, რომლის სიგრძე 70 მ-ს აღწევს.

შუა გორის სერის სამხრეთითა და დისჟეის დასავლეთით, ველზე მრავალი სხვადასხვა ზომის გორასამარხი დასტურდება. შუა გორის ჩრდილოეთით ერთ-ერთი მშრალი ხევის მარცხენა ნაპირზე აღმოჩნდა გვიანბრინჯაოს ხანის უსახელო ნამოსახლარი. მის სამხრეთ ფერდზე, მცირე მონაკვეთზე, კარგად ჩანს ქვის კედელი. ნამოსახლარი თავის დროზე ძლიერ დაუზიანებიათ რუსეთის სამხედრო ნაწილებს. მას ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება ტაფობი, რომელზეც მრავლად შეინიშნება გორასამარხები. მათი რაოდენობა რამდენიმე ათეულს აღწევს (ვარაზაშვილი 1988: 38-47).

შავი მიწის ველის გორასამარხები მდებარეობს მტკვრის ხეობაში, მის მარცხენა ნაპირზე, უდაბნოს მთების ძირში. 1982-1984 წწ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის (ხელმძღ. კ.ფიცხელაური) უდაბნოს რაზმმა შეისწავლა 18 ქვა და ქვამიწაყრილიანი გორასამარხი. არქეოლოგიური მასალა ძირითადად წარმოდგენილია კერამიკული ნაწარმითა და ბრინჯაოს სატევრით. გორასამარხები თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებით (ყვავაძე 1988: 53-60).

ნაომარი გორა მდებარეობს მლაშე ტბის მხარეში, სოფ. მალხაზიანის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ის მოზრდილი მთაა, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიემართება. თხემი დაახლოებით 800 მ სიგრძეზეა მოსწორებული. მის აღმოსავლეთ ნაწილში 2 მ სიგანის ქვის ზღუდის ნაშთები შეინიშნება. შენობათა ნაშთები მოჩანს თხემის მოსწორებულ ადგილზეც. თხემის დასავლეთ შემაღლებულ ნაწილს სამი ზღუდე იცავდა. პირველი შიდა ზღუდის კუთხეები კოშკებით ყოფილა გამაგრებული. დასახლების ეს ნაწილი დასავლეთიდან კიდევ სამი ღრმა თხრილითა და მიწაყრილით ყოფილა დაცული. ციტადელის გარეთ ქვით ნაგები შენობების ნაშთები შეიმჩნევა. ნასახლარზე ადამიანს უცხოვრია ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან ძვ. წ VII-VI სს-მდე (ფიცხელაური 1988: 16).

ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანების შემდეგ უდაბნოში ადამიანის ცხოვრების კვალი ქრება და მხოლოდ ადრე შუა საუკუნეებში ჩნდება აქ სამონასტრო კომპლექსები.

გარეჯის უდაბნოს ტერიტორიაზე ჩატარებული გეოლოგიური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ არქეოლოგიურად გამოვლენილი მეტად თავისებური, არაბუნებრივი ფორმისა და შედგენილობის მოედნები, წითელი ფერის „ნაცრიანი“ ზედაპირებით, წარმოადგენენ მეტალურგიული სახელოსნოების ნაშთებს. ამგვარი ნაშთები გვხვდება: მრავალწყლის, ჩამძვრალის, ნაცვალწყლის, ალანდრისა და სხვა ხევებში. სიდიდითა და მასშტაბურობით გამოირჩევა: ნაცვალწყლის, ნათლისმცემლისა და შავი მთის სახელოსნოების ნაშთები. ყველა ამ სახელოსნოს სიახლოვეში, 500-600 მ-ის დაშორებით დასტურდება რკინის მადანგამოვლინება (მგელიაშვილი 1988: 156-163).

1974-1976 წწ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის სპელეისტიკის ლაბორატორიის ექსპედიცია (ხელმძღ. გ. გაფრინდაშვილი, ბ. მჭედლიშვილი) არქეოლოგიურ დაზვერვებს აწარმოებდა გარეჯის კომპლექსში შემავალ „ქვაბებში“ (VI-XIII სს). სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს სიღნაღის მუნიც-ში, სოფ. ქვემო ბოდბიდან სამხრეთით, 25 კმ მანძილზე, ივრის მარცხენა მხარეს. აღმოსავლეთ-დასვლეთის ხაზზე გაჭიმულია 3 კმ სიგრძის მთა. ქედის სამხრეთ კლდოვან ქარაფზე, დაახლოებით 700 მ სიგრძეზე სხვადასხვა სიმაღლეზე, ექვს იარუსად გამოკვეთილია სამონასტრო კომპლექსი. შემორჩენილ ქვაბთა რაოდენობა 80-ს აღწევს. „ქვაბების“ ტერიტორიაზე მიგნებულია ოთხი სამაროვანი. III სამაროვნის შესწავლისას გამოირკვა, რომ რამდენიმე სამარხის გარდა, ყველა მრავალჯერაა გამოყენებული. სამარხეული ინვენტარი ძალზე მწირია – რამდენიმე მძივი. ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა იოანე ციმისხის სპილენძის მონეტა, რომელიც მიმოქცევაში იყო X ს-ის ბოლოდან XI ს-ის დასაწყისამდე. სამაროვნიდან მომდინარეობს შემთხვევით აღმოჩენილი სპილენძის ბეჭდები. სამაროვნების გარდა იქ გამოვლინდა რამდენიმე ნასახლარი, რომლებიც კლდიდან ჩამოშლილი მიწითა და ლოდებითაა დაფარული. ერთ-ერთი ნაგებობის გაწმენდისას გამოვლინდა სამი თაღოვანი ნიში. კედლები მთლიანად ცეცხლისაგან იყო გაწითლებული. ფლატეების სიღრმეში ფიქსირდება ნიაღვრებისაგან გაშიშვლებული ქვევრი, რომელშიც აღმოჩნდა: ქოთანი, დოქი, სადღვებლის, მოჭიქული სამარილისა და ჯამის ნატეხები. ერთ-ერთ სათავსოში აღმოჩნდა კედლის გასწვრივ მოწყობილი, თიხით და რიყის ქვით ნაშენი ნალისებური მოყვანილობის სამი ქურა. მათ წინ, იატაკში ჩადგმული იყო ხელსაფქვავის ნატეხი. ბაქანზე, რომელზეც ქურებია გამართული, ეყარა ან ეწყო ქოთნები, ლულიანი ჭრაქები, ქვაბქოთნის ნატეხები. სათავსოებში იატაკებზე თითქმის ყველგან შეინიშნება დამწვარ-დანახშირებული ფენები. კომპლექსში ზედაპირულად თუ გათხრებით გამოვლენილი ადრეული და განვითარებული შუა საუკუნეების ნივთებიდან აღსანიშნავია მოჭიქული ჯამები, რომელთა შორის გვხვდება: ანგობით მოხატული და მწვანედ მოჭიქული, ნაღვენთებით შემკული და სხვა სახის ნიმუშები. 60 ერთეულამდეა მინის სხვადასხვა ფორმისა და ფერის – ლურჯი სამკუთხაგანივკვეთიანი, სადა და გრეხილი მრგვალგანივკვეთიანი, ბრტყელგანივკვეთიანი ინკრუსტირებული სამაჯურები. აღმოჩენილია მინის ჭურჭლების, მათ შორის, გრავირებული ორნამენტით შემკული ნიმუშები. VI-VII სს-ს მიეკუთვნება ლურჯი მინის სასანური გემა. მრავალფეროვანია ლითონის ნაწარმი. გვხვდება თვალბუდიანი სპილენძის ბეჭდები, ვერცხლის მედალიონი ერთ მხარეს ჯვრის, მეორე მხარეს კი ძალზე სქემატური, გაურკვეველი გამოსახულებით; ბრინჯაოს გახვრეტილი საკიდი, რომელიც სავარაუდოდ VII-IX სს-ის არაბული ფელსი უნდა იყოს. საინტერესოა ბრინჯაოს სამაჯურები, რომელთაგან ბრტყელგანივკვეთიანები შემკულია რელიეფური ან ნაკაწრი ორნამენტით, სხვები – გრეხილი ან გრეხვის იმიტაციით შემკული სამაჯურები. ბრინჯაოს თვალბუდიანი ბეჭდების რკალი სამკუთხაგანივკვეთიანია. ცისფერი მინის თვალი მხოლოდ ერთს ჰქონდა შემორჩენილი. საყურეები ბრინჯაოსია. ზოგიერთი მათგანი სამაჯურიდანაა გაკეთებული. საინტერესოა ფარშევანგის გამოსახულებიანი ბრინჯაოს ფირფიტა. აბზინდა მხოლოდ ერთია. ქვის ნივთებიდან ყურადღებას იქცევს 5 სმ სიმაღლის სამელნე (მჭედლიშვილი 1977: 157-162; 1978: 114-122).

ივრისპირა ქვაბებში არქეოლოგიური სამუშაოები გაგრძელდა 2005 წელსაც. შეისწავლეს ცენტრალურ-გუმბათოვანი და დარბაზული ტიპის IX-X სს-ის ეკლესია. გაითხარა 11 სამოსახლო, სადაც გამოვლინდა IX-XI სს-ის საკმაოდ მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალა. საინტერესოა არტეფაქტების თანხვედრა წერილობითი წყაროების მონაცემებთან, რომელთა მიხედვით XI ს-ის ბოლოს ივრისპირები თურქ-სელჩუკებმა ააოხრეს (ჯავახიშვილი 1983: 160-163). გამოქვაბული კომპლექსი, როგორც სამონასტრო ორგანიზაცია, მჭიდროდ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული კლდოვანი მასივის ქვემოთ, მის უშუალო სიახლოვეს არსებულ ნამოსახლარებთან. ქვაბების სახით საქმე გვაქვს საეკლესიო სენიორიის ისეთ ტიპთან, როდესაც სასულიერო კერის გარშემო გაერთიანებულია კომპაქტური დასახლებები თავიანთი სამრეწველო-სახელოსნო კერებით (თვალჭრელიძე, სხირტლაძე 2010: 107).

1980-1981 და 1983-1987 წწ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის სპელეისტიკის ლაბორატორიის ექსპედიციამ განახორციელა მცირე მასშტაბის არქეოლოგიური გათხრები ნათლისმცემლის მონასტერში. წყაროების ცნობით კომპლექსი დავითის მოწაფე ლუკიანემ ააშენა (ძქალძ 1963: 239). ის რთული გეგმიურ-კომპოზიციური არქიტექტურული ანსამბლია, რომელშიც გამოირჩევა არდეული, განვითარებული და გვიანდელი შუა საუკუნეების კლდის ძეგლები და მიწისზედა ნაგებობები, მათი დამაკავშირებელი გვირაბები და ღია ტიპის გასასვლელები. ეფექტურადაა გადაჭრილი წყალმომარაგების საკითხი (თვალჭრელიძე 1988: 12, 13). ფენების შესწავლისა და სტრატიგრაფიის გარკვევის მიზნით მონასტრის ტერიტორიაზე დაიდო რამდენიმე საცდელი თხრილი. მონასტრის ცენტრალურ და დასავლეთ სექტორებში გამოვლინდა ახალი სამონასტრო სტრუქტურები: ეკლესია-სამლოცველოები, სენაკები, საყოფაცხოვრებო და სამეურნეო სათავსები, წყალმომარაგებისა და თავდაცვითი სისტემები, სამაროვანი. მონასტრის აღმოსავლეთ ნაწილში, 3-4 მ სიმაღლის მიწის ფენით დაფარულია მთლიანი იარუსი თავისი ქვაბ-ეკლესიებით, სენაკებითა და სახელოსნოებით. მონასტრის აღმოსავლეთი ნაწილი უნდა იყოს არქიტექტურული ანსამბლის ფორმირების პირველი საფეხური (თვალჭრელიძე 2003: 42, 43). არქეოლოგიური მასალა ძირითადად წარმოდგენილია IX-XIII და XVII-XIX სს-ის არტეფაქტებით. მათ შორის არის მოჭიქული ჭურჭელის თითქმის ყველა სახეობა, თხელკედლიანი „ფერმკრთალი“ თიხის ჭურჭლის მაღალმხატვრული ნიმუშები, თამარ მეფის მონეტა, ფაიანსისა და მინის ჭურჭელი, როგორც ქართული, ისე იმპორტული; სამშენებლო კერამიკა, ლითონის ნივთები, სამკაული და სხვა (თვალჭრელიძე 1988: 21). 2001 წ. ნათლისმცემლის მონასტრის ე. წ. „შიდა ეზოში“, სატრაპეზოს სამხრეთ-დასვლეთ კუთხესთან გაიწმინდა კირხსნარით შელესილი წყლის დიდი რეზერვუარი. სხვა ნივთებთან ერთად მასში აღმოჩნდა სპილენძის ორი თეფში, ბრინჯაოს შანდლის ძირი, სპილენძის ლამპრის გარსაკრავი და რკინის მაკრატელი. ერთ თეფშზე წარწერაა: „ქ: თუმანი: შვილი: ქსენეფოსესია“. თარიღდება XVII-XVIII სს-ით. ბრინჯაოს შანდლის ძირის ბაკოზე წარწერაა: „ქ. მეფე თეიმურაზ“. გარეპირზე მეორე წარწერაა: „ქ. ნარმანთ: ოსეფესია“. პირველ წარწერაში კახეთის მეფე თეიმურაზ II-ა (1733-1762) მოხსენიებული. ჩანს, მას გარეჯის მონასტრისათვის შეუწირავს ეს შანდალი. მეორე წარწერა შანდლის მკეთებელ ოსტატს უნდა ჰკუთვნებოდა. 1913 წ. გარეჯის მონასტერში მოგზაურობისას ექ. თაყაიშვილს დიდი რაოდენობით უნახავს მონასტრისათვის შეწირული გვიანდელი შუა საუკუნეების სპილენძისა და ვერცხლის სხვადასხვა სახის ნივთები. წყლის რეზერვუარში აღმოჩენილი ლითონის ნივთებიც ამ რიგის არტეფაქტების ჯგუფს უნდა მიეკუთვნოს (თვალჭრელიძე, სხირტლაძე 2004: 87-92).

იმავე ექსპედიციამ მცირე მასშტაბის გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარა დავითის ლავრაში (ფერისცვალების ეკლესიაში გაიხსნა წმ. დავითის განსასვენებელი), საბერეების, წამებულისა და უდაბნოს მონასტრებში (თვალჭრელიძე, სხირტლაძე 2010: 96).
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1972ა; ალიბეგაშვილი, ვოლსკაია 1964: 47-51; ბაგრატიონი 1983: 56; ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 58; ბაგრატიონი დავით 1941: 14; ბახტაძე 1989: 83-88; ბახტაძე, თვალჭრელიძე 2003-2004: 157-165; ბუგიანიშვილი 1972: 456; 1979: 60-86; 1988: 18-37; ბუგიანიშვილი ... 1972: 15-19; ბურჩაკ-აბრამოვიჩი, გაბაშვილი 1945: 451-464; გაფრინდაშვილი 1977: 3-12; 1987; დოლიძე 1964: 42-46; ვარაზაშვილი 1988: 38-47; ვოლსკაია 1988: 130-155; თვალჭრელიძე 1988: 12-21; 2002: 27-48; 2003: 42-46; თვალჭრელიძე, სხირტლაძე 2004: 87-94; 2010: 96-117; თოდუა 1973: 17-30; ისტ. დოკ. 1958: 116, 154, 155, 157; კერატიშვილი 1971: 68-78; კლდიაშვილი, სხირტლაძე 1999; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 64, 266-268, 270-273, 280-282, 284-288, 293, 294, 296298, 326, 327; 1953: 185, 311; 1955: 24, 27, 31-33, 113, 141, 413, 456, 530; მგელიაშვილი 1988: 156-163; მჭედლიშვილი 1977: 157-170; 1978: 114-123; სხირტლაძე 1983ა; 1987ბ; ფიცხელაური 1988: 14-17; 1990: 15-17; ქავთარია 1965; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 150, 154; ქართლ-კახეთის ... 1903: 9, 12, 13, 19, 28, 40, 42, 45, 103, 105, 110, 198; ქც 1: 208,24; 209,20; 210,11; ქც 4: 229,6; 331,25; 332,1-7; 529, სქ. 3; 530,2; 530,9; 530, სქ. 1; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 42, 61, 65; 1974: 56; 1977: 718; ქართულ-სპარსული ... 1984: 24, 35; ქებულაძე, თვალჭრელიძე 2003-2004: 127-137; ყვავაძე 1988: 53-60; ჩუბინაშვილი 1948ბ; ძქალძ 1963: 239; ძქაძ 1989: 111, 127, 128, 130; ჯავახიშვილი 1983: 160-163.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9