გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გაგ გავ გან გარ გაჩ

გარისი


(ქც 4: 405,19,23; ქც 2:365,27; 508,17; 509,8). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:405,19,23), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 365,27; 508,17; 509,8), XVII-XVIII სს-ის ქართული ისტორიული საბუთები (მასალანი საქ. სტატ. 1907: 52, 115, 117, 118, 121; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 59; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 620; 1972: 100, 101), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 50), ისქანდერ მუნშის „აბასის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორია“ (მუნში 1969: 22).

მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონული ცენტრის ტერიტორიაზე.

1556 წ. გარისთან გაიმართა ბრძოლა ქართლის მეფე ლუარსაბ I-ის (1527-1556) ჯარსა და ყიზილბაშთა შორის. საბრძოლო მოქმედებებს მეფის ვაჟი სვიმონი ხელმძღვანელობდა. გაქცეული მტრის ერთი რაზმი შემთხვევით გადააწყდა ლუარსაბის ამალას, რომელიც ბრძოლის ველს ადევნებდა თვალს. შეტაკებისას ლუარსაბი მოკლეს.

გარისის ტერიტორიაზე (დღევანდელი თეთრიწყარო) 1956 და 1968 წწ. არქეოლოგიური კვლევა-ძიება წარმოებდა ე. წ. გარისის გორის სამაროვანზე (ა. ბოხოჩაძე, კ. კვიჟინაძე).

თეთრიწყაროს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ი. გძელიშვილი), სტადიონის ტერიტორიაზე (გარისის გორა) მიაკვლია მშენებლების მიერ დაზიანებულ 3 ქვის სამარხს. იქვე ერთი ქვევრსამარხიც გათხარა (ბოხოჩაძე 1963: 37). 1968 წ. კ.კვიჟინაძემ იქვე შეისწავლა 16 ქვის სამარხი და 16 ქვევრსამარხი. ქვევრსამარხების ინვენტარი ღარიბულია – მსხლისებურტანიანი ხელადები (ერთი წითლად მოხატულია), ჯამ-ფიალები, ბრინჯაოსა და რკინის სამაჯურები (თოლორდავა 1980: 46, ბოხოჩაძე 1963: 37, კვიჟინაძე 1975: 13, 74). №23 სამარხში აღმოჩნდა ოქროს სასაფეთქლე რგოლები, რის საფუძველზეც ს. მარღიშვილი ამ სამარხს დაწინაურებულ ფენას მიაკუთვნებდა (მარღიშვილი 1992: 41, 99). სამაროვანი თარიღდებოდა ძვ. წ. VI-IV სს-ით (ბოხოჩაძე 1963: 37, კვიჟინაძე 1975: 13). ვ. თოლორდავამ ქვევრსამარხები ძვ. წ. IV ს-ით დაათარიღა (თოლორდავა 1980: 46).

თეთრიწყაროს ცენტრში იდგა 1721 წ. აგებული ეკლესია. ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში X ს-ის ეკლესიის ნანგრევია. მის გარშემო შემორჩენილია ძველი საფლავის ქვები. ჩუქურთმიანი ქვები და რელიეფები გამოყენებულია მის გვერდით მდგარ, XIX ს-ის რუსული ეკლესიის ასაშენებლად (ციციშვილი 1979: 15).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 50; ბოხოჩაძე 1963: 37; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 59; თოლორდავა 1980: 46; კვიჟინაძე 1975: 13, 74; ლორთქიფანიძე 1935: 295; მასალანი საქ. სტატ. 1907: 52, 115, 117, 118, 121; მუნში 1969: 22; მარღიშვილი 1992: 41, 99; ლომთათიძე 1983; ქც 4: 405,19,23; ქც 2: 365,27; 508,17; 509,8; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 620; 1972, 100, 101; ციციშვილი 1979: 15.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9