გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გეგ გედ გელ გერ

გეგუთი

ციხე-დარბაზი (ქც 4: 159,12; 161,27; 169,8; 189,19; 261,1; 284,13; 761,1; 840,9,11; 872,15; 875,22; 876,5; 884,18; 886,1; 892,17).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 159,12; 161,27; 169,8; 189,19; 261,1; 284,13; 761,1; 840,9,11; 872,15; 875,22; 876,5; 884,18; 886,1; 892,17), „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ქც 1: 338,16; 344,10), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 16,13; 49,13; 22,7 ; 50,2; 99,18; 101,6; 111,2), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 487; 1967: 172; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 435; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 52; კაკაბაძე 1967: 335; ისტ. დოკ. 1959: 61), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 117, 150, 175, 177), ალექსი იევლევის 1650-1652 წწ. იმერეთის სამეფოში ელჩობის საანგარიშო აღწერილობა (იევლევი 1969: 167), საქართველოს 1772 წ. რუკა, შედგენილი იოჰან გიულდენშტედტის მიერ (გამრეკელი 1964: 33).

ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „სად ერთვის რიონს ყვირილა, მის ჩდილოთ და რიონის დასავლით არს გეგუთი, სადგური ზამთარს მეფეთა. აქა არს მზგავსი შენებული მეჩიტისა, მრავალ-პალატოვანი, დიდნი და მცირენი, თლილი ქვისა: უწოდებენ ციხე-დარბაზს“ (ქც 4: 761,1).

მდებარეობს ქ. ქუთაისის სამხრეთით, 7 კმ-ზე, მდ. რიონის მარჯვენა მხარეს, დღევანდელ სოფ. გეგუთთან. კ. კეკელიძემ გეგუთი გააიგივა ლაზიკური პერიოდის მუხურისთან (კეკელიძე 1961: 29).

ფიქრობენ, რომ აქ ჯერ კიდევ ლაზიკის სამეფოს არსებობის დროს სამეფო ნაგებობები იყო, რომლებიც შემდგომ მტერს დაუნგრევია (არჯევანიძე 1959: 92). 1123 წ. დავით აღმაშენებელი გეგუთში ისვენებდა. ის იმთავითვე სამეფო დომენში შედიოდა. 1165-1166 წწ. გიორგი III (1156-1184) ლაშქრობიდან გეგუთში ჩავიდა, სადაც შესაძლოა ძირითადი სამეფო რეზიდენცია ჰქონდა. გიორგი III-ის შვილი თამარი, როგორც ჩანს, გეგუთს ერთ-ერთ სამეფო სანადირო-დასასვენებელ ციხე-დარბაზად იყენებდა. გეგუთის ციხე-დარბაზს შემდგომი მეფეებიც მოიხმარდნენ ერთ-ერთ რეზიდენციად. როგორც ჩანს, ციხე-დარბაზი საბოლოოდ XIX ს-ში დაინგრა (არჯევანიძე 1959: 93).

არქეოლოგიურად გეგუთი მცირედ შეისწავლა 1937 წ. ვ. წილოსანმა. მან აქ ძირითადად არქიტექტურული აზომვები აწარმოვა. 1953-1956 წწ. აქ სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა (ხელმძღ. ვ.ცინცაძე). გეგუთში 1976 წ. გათხრებს აწარმოებდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ვარდციხის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ვ. ჯაფარიძე) (ჯაფარიძე ... 1979: 79-81). 1984-1985 წწ. არქეოლოგიური დაზვერვა ჩაატარა იმავე ექსპედიციის სადაზვერვო რაზმმა (ხელმძღ. ვ. ლიჩელი) ციხე-დარბაზის სამხრეთით ჩატარდა მცირე გათხრები (ლიჩელი 1987: 61-62). მასალა ინახება ნ. ბერძენიშვილის სახ. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში.

გეგუთის ციხე-დარბაზი შუა საუკუნეების ძეგლია. აქვე ელინისტური ხანის არქეოლოგიური ფენებიც აღმოჩნდა. ციხე-დარბაზის სამხრეთით ადგილ „ვაშნარში“ გაითხარა ძვ. წ. II ს-ის ძელებიანი და ბათქაშიანი 15 სმ სისქის გადამწვარი ფენა. აქ არქეოლოგიური მასალიდან დადასტურდა ადგილობრივი ქვევრების, ამფორების, ქოთნების, ჯამებისა და სხვ. ფრაგმენტები. ამ ნაგებობის ნაშთების აღმოსავლეთით გაითხარა ძვ. წ. III-II სს-ის ორმოსამარხი, რომელშიც მიცვალებული მარჯვენა მხარეს კიდურებმოხრილი ესვენა. მას ჩატანებული ჰქონდა – მოყავისფროდ გამომწვარი დოქი, გველის სტილიზებულთავებიანი ბრინჯაოს სამაჯური და მინის მძივები (ლიჩელი 1987: 62).

ციხე-დარბაზის სამხრეთ-აღმოსავლეთით ადგილ „რკინის ჯვარში“ გაითხარა შუა საუკუნეების კოშკისა და თავდაცვითი კედლის (სიგანე 80 სმ) ნაშთები. კედელი რიყის ქვითა და აგურით (27X27X6 სმ) არის ნაგები. კედელთან, ფენაში შუა საუკუნეების ჭურჭლის, ღარიანი და ბრტყელი კრამიტის ნატეხები დადასტურდა (ჯაფარიძე ... 1979: 81). როგორც ჩანს, აქ ციხე-დარბაზის თავდაცითი სისტემა იყო.

გეგუთის ციხე-დარბაზი დაახ. 2000 კვ მ ფართობზეა გადაჭიმული. ზოგადად გამოირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა – VIII-IX, XII და XIII-XIV სს-ის. ნაგებობებს ეტყობათ შეკეთება-გადაკეთების კვალი. ციხე-დარბაზის ცენტრალური ნაგებობა 14 მ დიამეტრიანი გუმბათით გადახურული კვადრატული დარბაზია, რომლის შიდა სივრცე 196 კვ მ-ია. გუმბათს ზემოდან გასანათებელი ღიობი ჰქონდა. ამ დარბაზის გარშემო განლაგებული იყო სხვადასხვა ზომის ოთახები, რომლებიც კამარულად იყო გადახურული. სასახლის ჩრდილო-დასავლეთითა და სამხრეთ-დასავლეთით მრგვალი კოშკებია. კედლების მაქსიმალური სისქე 1,80 მ, ხოლო მინიმალური – 0, 80 მ-ია. მათში ზოგან ჩაწყობილია ხის ძელები. მშენებლობისათვის გამოყენებულია მოწითალოდ გამომწვარი აგური (ძირითადად 27X27X6 სმ). ცოკოლი აშენებულია თლილი ქვით, ხოლო შემდეგ ნაგებია აგურით. მოპირკეთებისათვის ზოგან გამოყენებულია მარმარილოც. გადახურვის თაღი შესრულებულია აგურით და ზემოდან დუღაბი და კრამიტის წყობა აქვს (წილოსანი 1938: 458-467).
 
ბიბლიოგრაფია: არჯევანიძე 1959: 92, 93; ბარნაველი 1959: 113; ბერიძე 1974: 165; ბერძენიშვილი 1964: 311-313; 1966: 85; ბერძენიშვილი 1975: 447; გამრეკელი 1964: 33; დადიანი 1962: 144; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 435; იევლევი 1969: 167; ისტ. დოკ. 1959: 61; კაკაბაძე 1967: 335; კეკელიძე 1961: 29; ლიჩელი 1987: 61-62; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 52; ქრონიკები 1897: 487; 1967: 172; ქც 1: 338,16 ; 344,10; ქც 2:16,13 ; 49,13; 50,2; 111,2; ქც 4:159,12; 161,27; 169,8; 189,19; 261,1; 284,13; 761,1; 840,9,11; 872,15; 875,22; 876,5; 884,18; 886,1; 892,17; ჩაკვეტაძე 1958; ცინცაძე 1955ა: 9-11; ციციშვილი 1955: 71, 72; წილოსანი 1938: 451-467; ჯაფარიძე ... 1979: 79-81.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9