გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გეგ გედ გელ გერ

გედსამანია , გეთსამანია

მონასტერი (ქც 4: 379, 22).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 379,22), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 321; 1953: 279; ისტ. დოკ. 1958: 73), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 44), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1964: 303).

ვახუშტი ბაგრატიონი გეთსამანიის შესახებ გადმოგვცემს: „ვერტყვილის ხევს ზეით ერთვის ძირულას ბჟინევის-ხევი. აქა არს, სამხრით, მონასტერი გეთსამანია, გუმბათიანი, კეთილშენი, საწინამძღურო“ (ქც 4: 379,20-23).

მდებარეობს ხარაგაულის მუნიც-ში, ძირულას ხეობაში, ხეფინის ხევში, მდ. უხედურას მარჯვენა ნაპირას, თანამედროვე სოფ. გედსამანიის ტერიტორიაზე (ბერაძე 1976-1977: 34).

წყაროებში პირველად იხსენიება XVIII ს-ის პირველ ნახევარში. ითვლებოდა მეფის სახასო და გივი ამილახორის სასარდლო სოფლად, რომელიც შემდეგ აბაშიძისთვის უბოძებიათ, მაგრამ მალე უკანვე დაუბრუნებიათ ამილახორისთვის (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 321). XVIII ს-ის მეორე ნახევარში სოფ. გეთსამანია ეკლესიითურთ მირიან ბატონიშვილს ეკუთვნოდა (ბაგრატიონი 1986: 44). გეთსამანიის საყდარი წარმოადგენდა ხეფინისხევის საეკლესიო ცენტრს (ბერაძე 1976-1977: 34, 35). გეთსამანია წყაროებში ზოგჯერ „გესამანიის“ სახელით იხსენიება (ბაგრატიონი 1986: 44).

გეთსამანია არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

აგურითა და ტუფის ქვათლილებით ნაგები საყდარი დარბაზულია. ეკლესია XIX ს-ში გადაუკეთებიათ. ძველი ეკლესია უფრო დიდი ყოფილა. მისი საძირკველი ახალი ეკლესიის გეგმაში ვერ ეტევა და გარეთ გამოდის. ნაგებობას შემოუყვება ქვის გალავანი (ბერაძე 1976-1977: 35).

გეთსამანიის ჩრდილოეთით, ხევისჯვარში მდებარეობდა წმინდა გიორგის ეკლესია, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. XIX ს-ში იქ აუგიათ ახალი ეკლესია. ხევის-ჯვრიდან 1 კმ დაშორებით, ჩრდილო-აღმოსავლეთით დგას ნებიერითის წმინდა თევდორეს დარბაზული ეკლესია, ნალისებური აფსიდითა და თაღოვანი გადახურვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. რიკოთის უღელტეხილის ჩრდილო-დასავლეთით, 100 მ დაშორებით შემორჩენილია დარბაზული ტიპის „ქუცუმის წმინდა გიორგის“ ეკლესია, რომლის აფსიდა ნახევარწრიულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა (ბერაძე 1976-1977: 34).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 44; ბაქრაძე 1875: 40; ბერაძე 1976-1977: 34-41; გიულდენშტედტი 1964: 303; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 321; 1953: 279; ისტ. დოკ. 1958: 73; ქც 4: 379,22.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9