(ქც 1: 331,3). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ქც 1:329,20 ; 330,19; 331,3; „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 113,7), ბასილი ეზოსმოძღვრის „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ (ქც 2: 146,11), ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე (ქც 1 :367,5,31 ; 369, 23 ; 371, 20) ჟამთააღმწერელი (ქც 2: 167,20; 207,6), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 350,8, 9; 360,3; 487,1, 4; 423,1,2; 498,1, 2), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 199,26; 248,10; 261,3; 245,24; 586,26; 753,12,17, სქ. 2; 754,11,13,15; 803,11; 807,25; 809,28; 810,11,27, სქ. 1; 813,21; 814,29; 845,11; 876,23), XVI-XVIII სს-ის კინკლოსის ფრაგმენტის მინაწერი და კინკლოსური ქრონიკა, XVII ს-ის „გელათის გულანი“, „შემოქმედის გულანი“, „ჟამნგულანი“ (მცირე ქრონიკები 1968: 35, 37, 68, 71, 74, 75), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 100, 117, 146, 149, 155, 156, 164, 179), ტოლოჩანოვის „იმერეთში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა“ (ტოლოჩანოვი 1970: 80, 152), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გულდენშტედტი 1962: 137, 141, 143, 145, 147, 187, 297, 325), ჟაკ ფრანსუა გამბას „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ (გამბა 1987: 133, 164, 166, 168, 183, 184, 186, 188), ალექსანდრე დიუმას „კავკასია“ (დიუმა 1964: 412-415).
ვახუშტი ბაგრატიონი გელათის შესახებ გადმოგვცემს: „წყალწითელას აღმოსავლით, გორის კალთას, არს ეკლესია, ყოვლად წმიდის ღვთისმშობლისა, დიდშუენიერი, დიდნაგები და ქნული შიგნით სოფიის კენჭითა, გუმბათიანი, კეთილ-შუენიერს ადგილსა. აღაშენა აღმაშენებელმან დავით მეფემან და უწოდა სასუფეველს გენაათი, აწ უწოდებენ გელათს“ (ქც 4: 753,12, 17).
მდებარეობს ქ. ქუთაისიდან 11 კმ-ის დაშორებით, მდ. წყალწითელას მარცხენა ნაპირზე.
XII-XIV სს-ში გელათი უდიდესი სამონასტრო და საგანმანათლებლო ცენტრი იყო. 1106 წ. დავით აღმაშენებლის თაოსნობით დაარსდა მონასტერი და აკადემია. მონასტერი სამეფო სახლის საკუთრებად და მეფეთა საძვალედ ითვლებოდა. იქ დაკრძალულია: დავით აღმაშენებელი, დემეტრე I, გიორგი III, და სხვ. იმერეთის მეფეები – ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I და სხვ.
XII-XIII სს-ში ერთ-ერთი მდიდარი ფეოდალური სენიორია იყო. XII-XV სს-ში მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია. XIV ს-ის მეორე ნახევარსა და XV ს-ში ქვეყნის დაკნინების გამო გელათის ეკონომიკურ-კულტურული განვითარება შეფერხდა. მისი ძველი მდგომარეობა დროებით გიორგი ბრწყინვალის დროს აღდგა. XV ს-ის მეორე ნახევრის შემდეგ დასავლეთ საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა. 1510 წ. 23 ნოემბერს ის გადაწვეს ოსმალებმა. იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ მონასტერი განაახლეს. XVI ს-ის მეორე ნახევარში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინტიდან გელათში გადმოიტანეს (ლომინაძე 1955: 24). XVII ს-ის მეორე ნახევარში გელათი დაქვეითებულია. XVIII ს-ში ისევ განახლდა. 1822 წ. გელათის საეპისკოპოსო გაუქმდა და იმერეთის საეპისკოპოსოს შეუერთდა.
გელათის ცენტრში მდებარეობს ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ღვთისმშობლის ტაძარი. ჯვრის ტოტები სწორკუთხაა. გუმბათი ოთხ საყრდენზეა. ტაძრისთვის სხვადასხვა დროს მიუშენებიათ: დასავლეთ მხარეს – სტოა, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს ეკვდერები. ტაძრის ფართობია 35X36 მ, სიმაღლე – 34 მ. მოპირკეთებულია თლილი ქვით; ფასადები დამუშავებულია დეკორატიული თაღედებით. ტაძარი შენდებოდა 1106-1126 წლებში.
ტაძრის კედელ-კამარები დაფარულია ფრესკებით. ჩრდილოეთი კედლის ქვედა რეგისტრში გამოსახულნი არიან ისტორიული პირები. მარჯვნიდან მარცხნივ პირველი დავით აღმაშენებელია. ფრესკას ახლავს ქართული ასომთავრული წარწერა: „დიდი მეფეთა შორის წარჩინებული, აღმაშენებელი, საუკუნოდმცა არს ხსენება დავით მეფისაი, ამინ“ (ლომინაძე 1955: 30). დავითის გვერდით გამოსახულია დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი ევდემონი წარწერით: „აფხაზეთისა კათალიკოზი ევდემონ“. მის გვერდით წარმოდგენილია იმერეთის მეფე ბაგრატ III (1510-1565) წარწერით: „მეფეთ მეფე ბაგრატ“. მის შემდეგ ბაგრატის მეუღლე ელენე, წარწერით: „დედოფალთა დედოფალი ელენე“. მეოთხე პირია იმერეთის მეფე გიორგი ბაგრატის ძე (1565-1583) წარწერით: „მეფეთ მეფე გიორგი“. გვერდით მისი პირველი მეუღლე რუსუდანი: „დედოფალთა დედოფალი რუსუდან“. გიორგისა და რუსუდანს შორის გამოსახულია ბავშვი: „ძე მათი ბაგრატ“. მხატვრობა და წარწერები შესრულებულია XVI ს-ში. მეორე და შემდეგ რეგისტრებში მოცემულია რელიგიური კომპოზიციები და პირები.
ტაძრის საკურთხევლის აფსიდის კონქი შემკულია მოზაიკით. კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმა იესო ქრისტეთი ხელში, აქეთ-იქით მთავარანგელოზები – გაბრიელი და მიქაელი. მათ საკოსი და ლორონი აცვიათ, ცალ ხელში სფერო უჭირავთ, მეორეში – ლაბარუმი. ფიგურები გამოსახულია ოქროსფერ ფონზე. ღვთისმშობელს ჯვრებით დამშვენებული მუქი ლურჯი მაფორიუმი აცვია. სახის კონტური მწვანე კენჭებით არის შემოწყობილი. წარბებისა და ცხვირის ჩრდილები ნუშის ფერია. ყრმას ოქროს ქიტონი აცვია. საკოსი მწვანე ფერისაა, ლორონი ფერადი ქვებით მორთული. გაბრიელ მთავარანგელოზის ტანსაცმელი შედარებით ერთფეროვანია. მოზაიკის მთელი ფონი შესრულებულია სმალტისა და კირქვის ოთხკუთხა კენჭებით. მოზაიკა 1125-1130 წწ. თარიღდება (ამირანაშვილი 1944: 188-190).
ტაძრის აღმოსავლეთით დგას წმინდა გიორგის ეკლესია, ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისა. მოპირკეთებულია თლილი ქვით. აგებულია XIII ს-ში (მეფისაშვილი 1966: 33).
კედლები მოხატულია. სამხრეთ კედელზე გამოსახულნი არიან ისტორიული პირები: კათოლიკოსი ევდემონ ჩხეტიძე, იმერეთის მეფე ბაგრატი და მისი მეუღლე. წარწერები არ შემონახულა. ჩრდილოეთის კედელზე გამოსახულია მეფე გიორგი ბაგრატის ძე, მისი მეუღლე თამარი და მათი ძე ალექსანდრე. გუმბათის თაღის შუბლზე წარწერაა: „ქრისტე ადიდე სულითა მეფეთ მეფე ბაგრატ და დედოფალთ დედოფალი ელენე ... რამეთუ ესე არს რომელი მთნავს ამას დავემკვიდრე“. მხატვრობა და წარწერები XVI ს-ით თარიღდება.
ტაძრიდან 9 მ-ზე დგას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. ორსართულიანი, გეგმით სწორკუთხა. ქვედა სართული ოთხივე მხარეს თაღებითაა გახსნილი, მეორე სართული კი ჯვარისებური ფორმისაა. აგებულია XIII-XIV სს-ში.
მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით აღმართულია სამსართულიანი სამრეკლო. პირველი სართული თაღიანი ღია ნაგებობაა, მეორე – პატარა ოთახია, მესამე – წრიული ფორმის ღია ნაგებობაა, რომელიც გადახურულია გუმბათით. ნაგებია XIII ს-ში.
მონასტრის სამხრეთ-დასავლეთის კონცხზე წმინდა საბას X-XI სს-ის დარბაზული ეკლესიაა. მისგან ნანგრევებიღაა შემორჩენილი. მახლობლად წმინდა ილიას ეკლესიაა.
წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის დასავლეთით მდებარეობს დიდი დარბაზის ნანგრევები, რომელიც აკადემიის შენობადაა მიჩნეული. დარბაზის სიგრძეა – 25,36 მ, სიგანე – 10,36 მ, კედლის სიმაღლე – 10 მ. საერო სტილისაა. დარბაზი სწორკუთხა ფორმისაა. შუაში დგას ქვის მაგიდა, ხოლო კედლების გასწვრივ გრძელი ერთიანი ქვის საჯდომები. აღმოსავლეთით სამი შესასვლელი ჰქონდა. კედლები მოხატული ყოფილა. შენობას თაღიანი სახურავი ედგა. აგებულია XII ს-ში (ყაუხჩიშვილი 1948: 35).
სამონასტრო კომპლექსი შემოზღუდულია ქვის მაღალი გალავნით. მას სამხრეთითა და აღმოსავლეთით ჭიშკრები აქვს. გალავნის სამხრეთით, მთავარ შესასვლელში დავით აღმაშენებლის სამარხია.
გალავნის გარეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთით 150 მ-ზე ე. წ. სოხასტერის ნაგებობათა კომპლექსი მდებარეობს. ნანგრევებიღაა შემორჩენილი. სოხასტერის მიდამოში ვარაუდობენ დავით აღმაშენებლის მიერ აშენებულ ქსენონს (ლომინაძე 1955: 59).
- ბიბლიოგრაფია: ამირანაშვილი 1944: 188-190; გამბა 1987: 133, 164, 166, 168, 183, 184, 186, 188; გიულდენშტედტი 1962: 137, 141, 143, 145, 147, 187, 297, 325; დადიანი 1962: 100, 117, 146, 149, 155, 156, 164, 179; დიუმა 1964: 412-415; ლომინაძე 1958; მეფისაშვილი 1966; მცირე ქრონიკები 1968: 35, 37, 68, 71, 74, 75; ტოლოჩანოვი 1970: 80, 152; ქც 1: 331,1; 367,5; 369,23; 371,20; ქც 2: 113,7; 146,11; 167,20; 207,6; 350,8,9; 360,3; 487,1,4; 493,1,2; 498,1,2; ქც 4: 199,26; 248,10; 261,3; 245,24; 686,26; 753,12,17, სქ. 2; 754,11,13,15; 803,11; 807,25; 809,28; 810,11,27, სქ. 1; 813,21; 814,29; 845,11; 876,23; ყაუხჩიშვილი 1948ა.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.