გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გეგ გედ გელ გერ

გერგეტი 

სოფელი, მონასტერი (ქც 4: 357,22).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 357,22), „გერგეტის სულთა მატიანე“ (გერგეტის ... 1954: 272,1-4), XIV, XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 196; 1967: 141; მასალანი საქ. სტატ. 1907: 407; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 65), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 36), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1964: 63).

ვახუშტი ბაგრატიონი გერგეტის შესახებ გადმოგვცემს: „სტეფანწმიდის დასავლით არს გერგეთი, არაგუს იქით კიდესა. ზეით ამისსა არს, მყინვარის კალთასა ზედა, მონასტერი სამებისა, გუმბათიანი, მცხეთის სამკაულის სახიზრად“ (ქც 4: 357,21-25).

მდებარეობს ყაზბეგის მუნიც-ში, მდ. თერგის მარცხენა ნაპირზე, მყინვარწვერის კალთაზე, დღევანდელი სოფ. გერგეტის ტერიტორიაზე.

სოფელი გერგეტი წმიდა სამების ეკლესიითა და გერგეტაულის ციხით მცხეთის საეკლესიო მამულებს ეკუთვნოდა (ქრონიკები 1897: 196). XIV ს-ის მიწურულისათვის მეფე ბაგრატ V-ს (1360-1393) გერგეტელი საყდრისშვილებისათვის განუახლებია ძველი სიგელი, რომლის მიხედვითაც მათი სისხლი ხევის სხვა მოსახლეობასთან შედარებით, უფრო ძვირად ფასობდა (მაკალათია 1934: 228; გერგეტის ... 1954: 248). 1493 წ. საბუთით მთელი ხევი გერგეტელ საყდრიშვილებს მძევლებს გადასცემდა (გერგეტის ... 1954: 272,1-4). გერგეტის სამების ტაძარს ხშირად სწირავდნენ სოფლებსა და სახნავ-სათეს მიწებს (გერგეტის ... 1954: 267,7,8, 273,14, 286,5-7). გერგეტელ საყდრისშვილთა პრივილეგიები კიდევ უფრო გაიზარდა XVIII ს-ის 30-იანი წლებიდან. ისინი სალაშქრო ვალდებულებებისგანაც თავისუფლდებოდნენ გარდა იმ შემთხვევისა, თუ მტერი უშუალოდ თრუსოსა და ხევის ტერიტორიაზე შეიჭრებოდა (ქრონიკები 1967: 141).

1972 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. რ. რამიშვილი) შეისწავლა სოფლის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე წმინდა გიორგის დარბაზული ტიპის ეკლესია (4,5X2,7 მ) და მისი მიმდებარე ფართობი. ეკლესია ნაგებია დიდრონი დამუშავებული ქვიშაქვის კვადრებით, წყობა მშრალია. საკურთხეველი სწორაფსიდიანია, შესასვლელი აქვს დასავლეთიდან. სამხრეთ კედელში, ამოქოლილი თავდაპირველი შესასვლელი კარის სათაურ ქვაზე ამოკვეთილია ჯვარი ორად თავგახსნილი მკლავებით. ეკლესიას სამხრეთიდან აქვს მინაშენი, რომლის გათხრებისას აღმოჩნდა: თიხის ქოთნების, ჯამის, ჭრაქისა და სხვ. ჭურჭლის ნატეხები. იქვე გამოვლინდა ფიქალის ფილებით შედგენილი, აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი სამი უინვენტრო ქვის სამარხი. №1-ში აღმოჩნდა ოთხი მცირეწლოვანი მიცვალებულის ცუდად შენახული ძვლები. №2 სამარხში დაკრძალული იყო ექვსი მცირეწლოვანი მიცვალებული, №3-ში – სამი. ჩონჩხები აქაც ცუდად იყო შემონახული. ეკლესიის დასავლეთით, 9,3 მ-ის დაშორებით გაითხარა აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი უინვენტარო აკლდამა (3,2X2 მ), რომელიც ნაშენია ქვიშაქვის დიდი ქვებითა და ფიქალის ფილებით. წყობა მშრალია. გადახურულია ფიქალის ფილებით. დასავლეთ ნაწილში მოწყობილია ოთხკუთხა ჩასასვლელი. აკლდამაში სხვადასხვა ადგილას აღმოჩნდა 14 თავის ქალა.

საკუთრივ სოფლის ტერიტორიაზე გაითხარა აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი, წაგრძელებული ოთხკუთხედის გეგმის (2,08X1,1 მ) აკლდამა, რომელიც ნაგებია ქვიშაქვის ქვებითა და ფიქალის ფილებით, წყობა მშრალია. აკლდამა 1965 წ. მიუკვლევიათ ადგილობრივ მცხოვრებლებს. მათი გადმოცემით სამარხში ადამიანის ჩონჩხების, ტანსაცმლის ნაშთები და იარაღი ყოფილა (რამიშვილი ... 1973: 76).

გერგეტის დასავლეთით, შემაღლებულ კლდეზე დგას წმიდა სამების გუმბათიანი ტაძარი. აგებულია ანდეზიტის გათლილი კვადრებით. გარედან მოჩუქურთმებულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ძველი შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. ნახევარწრიული აფსიდა იატაკიდან ორი საფეხურითაა აწეული. კანკელი გვიანდელია. სამკვეთლოსა და სადიაკვნოს აქვს მცირე ზომის სარკმლები. ტაძრის მეორე იარუსზე ასასვლელი სადიაკვნოს ჩრდილოეთ ნაწილშია. ტაძარზე სამხრეთიდან მიშენებულია თემის უხუცესთა სათათბირო, „საბჭეო“. ტაძრის მოხატულობა დღეისათვის აღარაა შემორჩენილი. ნაგებობა თარიღდება XIV ს-ის პირველი ნახევრით. გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ორსართულიანი სამრეკლო გუმბათითაა დაგვირგვინებული.

ტაძრის აფსიდაზე 14-სტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა: „მოსახსენებელნი სახელითა ღმრთისა (სულკურთხეულის) ფარსადანისსა ძმასა გრიგოლსა, მამასა მისსა ზახორას შეუნდვნესა ღმერთმან, გკრია ყ ... ი კრია“. კანკელზე XX ს-ის 30-იანი წლებისათვის შემორჩენილი ყოფილა დაზიანებული ფრესკული წარწერა, რომელიც დღეისათვის მთლიანად გადაშლილია (მაკალათია 1934: 222; სანიკიძე 1975: 81). სამრეკლოზე 8-სტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა: „იაგუნდის ძესა, (რომელმან) სამრეკლონი აღაშენნა წმიდისა სამებისაი ეკლესიისა, შეუნდვნენ ღმერთმან, გალატოზსა გრიგოლს შეუნდვნენ ღმერთმან“. სამრეკლოს მეორე ასომთავრული წარწერიდან აზრის გამოტანა შეუძლებელია: „... წმიდის სამებისათა“ (სანიკიძე 1975: 78, 79).

სოფლიდან სამხრეთ-დასავლეთით, ორ მთას შუა ამოზიდულ კლდეზე მდებარეობს გვიანდელი შუა საუკუნეების ზურგიანი კოშკი. ნაშენია ქვიშაქვის ქვებითა და ფიქალის ფილებით დუღაბზე. ქვების ჰორიზონტალურ რიგებს შორის დატანებულია წნული ლასტები. კოშკის კედლები კლდის უსწორმასწორო რელიეფს მიუყვება და სხვადასხვა სიმაღლისაა. მაქსიმალური სიმაღლე 11 მ, მინიმალური – 7 მ. კოშკის შიდა ფართობია 3,8X2,1მ. კედლების სისქე 1 მ-ს აღწევს (ზაქარაია 1962: 69).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 36; ბაქრაძე 1875: 127, 128; ბერიძე 1974: 169; გერგეტის ... 1954: 248, 267,7,8, 272,1-4, 273,14, 286,5-7; გიულდენშტედტი 1964: 63; დოლიძე, შმერლინგი 1956: 68; ზაქარაია 1962: 69; 1981: 173-200; ითონიშვილი 1971: 110; მაკალათია 1934: 222-228; მასალანი საქ. სტატ. 1907: 407; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 65; რამიშვილი ... 1973: 76; სანიკიძე 1965: 25-31; 1967: 242-266; 1975; ქც 4: 357,22; ქრონიკები 1897: 196; 1967: 141.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9