ეკლესია (ქც 4: 539,5,6,სქ.3), ციხე (ქც 1: 334,12).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ქც 1: 334,12), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 158,14; 539,5,6, სქ. 3), XIII ს-ის კურთხევა მირონისა და განგება დარბაზობისა (ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 49), მოვსეს კალანკატუაცის „ალვანთა ქვეყნის ისტორია“ (კალანკატუაცი 1985: 27, 49, 50, 103, 169, 175); ჰასან რუმლუს „უმშვენიერესი ისტორიათაგანი“ (რუმლუ 1966: 27, 28); ისქანდერ მუნშის „აბასის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორია“ (მუნში 1969:14).
ვახუშტი ბაგრატიონი გიშის შესახებ გადმოგვცემს: ხორანთას „ქუეით დიდს ალაზანს მოერთვის გიშის წყალი, რომელი გამოსდის კავკასს, კულმუხსა და ჰერეთს შორის... და მოდის გიშამდეს. გიში არს მთის ძირს, რომელი იყო საერისთაო წუქეთისა, და ეკლესია დიდი, გუმბათიანი, და იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი ელისენისა, წუქეთისა და შაკიხისა, არამედ მიუხუნა შააბაზ კახეთს და ჰყო სასულტნოდ ... და აწ უწოდებენ ალის სულთნად“ (ქც 4: 539,5,6).
ლოკალიზდება თანამედროვე დაბა ქიშის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შექის (ნუხის) მუნიც-ში, მდ. გიშის წყლის მარჯვენა ნაპირზე (მუსხელიშვილი 1980: 65-67; 1982: 49; ჭილაშვილი 1980: 242).
ქართულ ისტორიულ წყაროებში გიში იხსენიება XII ს-დან. 1117 წ. დავით IV აღმაშენებელმა (1089-1125) აიღო გიშის ციხე და საბოლოოდ შემოიმტკიცა ჰერეთი. გიში წუქეთის საერისთავოს ცენტრი იყო. XVI ს-იდან დაიწყო კახეთ-ჰერეთის დაპყრობა სპარსელების მიერ. XVII ს-ში შაჰ-აბას I-მა ისტორიული წუქეთი ალის სასულთნოდ (ელისუს სასულთნო, კაკის სასულთნო) აქცია (ჭილაშვილი 1980: 14, 17, 192, 193, 241; პაპუაშვილი 1970: 32, 33, 49, 141, 182, 236; მუსხელიშვილი 1980: 65-67; 1982: 49-51, 60-62).
გიშის ეკლესია მდებარეობს შექის ჩრდილოეთით 5 კმ-ზე. დარბაზული ეკლესია ნაგებია თლილი შირიმის ქვით. აქვს ნახევარწრიული აფსიდა. XI ს-ში ეკლესიას დაადგეს გუმბათი. თუმცა, მეორე მოსაზრებით, გიშის საეპისკოპოსო კათედრალი უნდა ყოფილიყო VIII-IX სს-ით დათარიღებული ლეკითის ტეტრაკონქი (ხახანაშვილი 1895: 29; ჩუბინაშვილი 1959: 435; მუსხელიშვილი 1982: 49-51).
- ბიბლიოგრაფია: კალანკატუაცი 1985: 27, 49, 50, 103, 169, 175; მუნში 1969: 14; მუსხელიშვილი 1980: 65-67; 1982: 49-51, 60-62; პაპუაშვილი 1970: 32, 33, 49, 141, 182, 236; რუმლუ 1966: 27, 28; ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 49; ქც 1: 334,12; ქც 4: 158,14; 539,5,6,სქ.3; ჩუბინაშვილი 1959: 435; ჭილაშვილი 1980: 14, 17, 192, 193, 241, 242; ხახანაშვილი 1898: 290.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.