მცირე ქალაქი (ქც 4: 669,16,18).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 669,16,18), 1392 წ. ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარი (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 178), „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 266, 267), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 215-217).
ვახუშტი ბაგრატიონი გოკიას შესახებ გადმოგვცემს: „ხერთვის ზეით ამ ჯავახეთის წყალს ერთვის გოკიის მდინარე, გამოსდის შარვაშეთის მთას ანუ ჯავახეთისას, მოდის გოკიამდე ჩდილოდამ სამხრით, მერმე აღმოსავლიდამ დასავლეთად და მიერთვის ჯავახეთის მტკუარს ჩდილოდამ. გოკია არს ქალაქი მცირე. მოსახლენი არიან მესხნი, სომეხნი და ურიანი ვაჭარნი“ (ქც 4: 669,15-19).
მდებარეობს ახალქალაქის მუნიც-ში, მდ. გოკიისწყლის (მდ. ჭობარეთის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე, თანამედროვე სოფ. გოკიას ტერიტორიაზე.
XVIII ს-ში გოკია იყო ჯავახეთის ერთ-ერთი პატარა ქალაქი, რომელზეც გადიოდა ახალქალაქიდან სამცხეში მიმავალი გზა (ბერძენიშვილი 1985: 100, 116). XIX ს-ში მის ტერიტორიაზე რამდენიმე ეკლესიის ნანგრევი იყო შემორჩენილი (როსტომოვი 1898: 53, 54; ლომსაძე 1975: 446). გოკია ზოგჯერ იხსენიება გოგიას სახელწოდებით (ბერძენიშვლი 1985: 114).
გოკია არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
- ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1964: 155, 156; ბერძენიშვილი 1985: 100, 116, 114; გიულდენშტედტი 1962: 215-217; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 266, 267; ლომსაძე 1975: 446; როსტომოვი 1898: 53, 54; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 178. ქც 4: 669,16,18.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.