გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გოდ გოკ გომ გონ გორ გოს გოჯ

გონიო , გონია

მცირე ქალაქი და ციხე (ქც 4: 792, 14).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:589,12,16; 590,21; 591,7, სქ. 1; 676,7,8; 678,2; 689,7; 690,5; 792,14, სქ. 8; 793,4; 814,14,23,25; 820,15; 852,11), იოანე საბანისძის „ჰაბოს წამება“ (საბანისძე 1981: 129), სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“ (ორბელიანი 1983: 293-296), არჩილ მეფის „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა“ (არჩილი 1989: 351), პლინიუსის „ბუნების ისტორია“ (პლინიუსი VI, 12, 1949: 271), აბელას წარწერა (ელნიცკი 1938: 310, 311), ფაიუმის წარწერა (შპაიდელი 1985: 135, 136), არიანეს „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“ (არიანე 1961: 35), კლავდიოს პტოლემაიოსის „გეოგრაფიული სახელმძღვანელო“ (პტოლემაიოსი 1955: 51), იპოლიტე რომაელის „დიამერისმო“ (იპოლიტე რომაელი 1961: 20), ევსევი კესარიელის „ქრონიკები“ (ევსევი კესარიელი 1961: 32), „ტაბულა პუეტენგერიანა“ (მილერი 1961: 639), ანონიმის „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“ (ანონიმი 1965: 19), აგათია სქოლასტიკოსის „ისტორია“ (აგათია სქოლასტიკოსი 1936: 82, 83), პროკოპი კესარიელის „ბრძოლა გოთებთან“ (პროკოპი კესარიელი 1965: 94, 95), სტეფანე ბიზანტიონელის „ეთიკა“, „აფსისტე“ (სტეფანე ბიზანტიონელი 1936: 274), დონ კრისტოფორო დე კასტელის „ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ“ (კასტელი 1976: 171), ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“ (ჩელები 1971: 95, 96), მუსტაფა ნიამას „ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ“ (ნიამა 1976: 218), აინი ალის „რისალე“ (აინი ალი 1971: 60), ჟან შარდენის „მოგზაურობა“ (შარდენი 1975: 38, 42-49), ფრანსუა გამბას „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ (გამბა 1987: 276).

ვახუშტი ბაგრატიონი გონიოს შესახებ გადმოგვცემს: „ბათომის პირისპირ, ჭოროხის სამხრეთის კიდეზე, არს გონია, მცირე ქალაქი და ციხე“ (ქც 4: 792,13,14).

მდებარეობს შავიზღვისპირეთში, ახლანდელი სოფ. გონიოს ტერიტორიაზე. აქვე ლოკალიზდება მცირე ქალაქი აფსარო (უსპენსკი 1917: 163; ჯანაშია 1988: 250; ჭანტურია 1954: 52).

გონიო წყაროებში სხვადასხვანაირად მოიხსენიება: გონია (ქც 4: 598,12,16), აფსაროსი (არიანე), აფსარი (სტეფანე ბიზანტიონელი), აფსარო (კლავდიოს პტოლემაიოსი, პროკოპი კესარიელი), აფსარუნტი (აგათია სქოლასტიკოსი), გონიო (ევლია ჩელები, აინი ალი).

გონიო-აფსაროსის მიდამოებში რომაელთა მოსვლამდე ქალაქის არსებობა ივარაუდება (ლორთქიფანიძე, მიქელაძე, ხახუტაიშვილი 1980: 6). ახ. წ. I ს-ში ის რომაელთა ფორპოსტი ხდება. ახ. წ. II ს-ის 30-იანი წლებისათვის გონიო-აფსაროსში რომაელთა ათასკაციანი გარნიზონი იდგა. ის საგრძნობლად ჭარბობდა ფაზისის, სებასტოპოლისისა და პიტიუნტის გარნიზონების რაოდენობას, რაც გაძლიერებული იბერიის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხით იყო განპირობებული (ლომოური 1981: 229; შპაიდელი 1985: 135). III-IV სს-ში მნიშვნელოვანი და საკმაოდ დიდი ციხე-ქალაქია. VI ს-ს შუა ხანებში დაკარგული აქვს უწინდელი მნიშვნელობა. 1547 წ. ის ოსმალებმა დაიკავეს (ქც 4: 814,25). XVII ს-ში გონიო ტრაპიზონის ვილაიეთში და ბათუმის სანჯაყში შედის (ჩელები 1971: 95). იმ დროს გონიო თურქთა მნიშვნელოვანი ფორპოსტია დასავლეთ საქართველოში და იქ მათი რვაასკაციანი გარნიზონი დგას (ჩელები 1971: 95). გონიო თურქთაგან გათავისუფლდა რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წწ. ომის დროს.

გონიოს ციხე მდებარეობს მდ. ჭოროხის მარცხენა ნაპირზე, მისგან 2 კმ-ის, ხოლო ზღვის ნაპირიდან 800 მ-ის დაშორებით. გეგმით სწორკუთხაა (194X245 მ). საერთო ფართობი 4,7 ჰა. ციხეზე გამოიყოფა მშენებლობის სამი ეტაპი: ახ. წ. I-II, IV-VI და XVI-XVII სს-ის. გალავნის ქვედა ნაწილი ნაგებია პატარა ზომის ქვათლილებით. ზედა ნაწილი ამოყვანილია დიდი ზომის ქვებით (კედლის სისქე 1,6 მ) (ლექვინაძე 1969: 78; ლორთქიფანიძე, მიქელაძე 1960: 765-766). გალავანი 22 კოშკითაა გამაგრებული. ოთხი კოშკი ნახევარწრიული ფორმისაა, დანარჩენი – სწორკუთხა.

1959 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის რაზმმა სადაზვერვო ხასიათის სამუშაოები ჩაატარა გონიოში (ლორთქიფანიძე, მიქელაძე 1960: 761-767). 1961, 1964 წწ. იქ დაზვერვები აწარმოა ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (გძელიშვილი, ხახუტაიშვილი 1964: 59-96). გონიოში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა 1968-1971 წწ. (ინაიშვილი 1973: 17, 18). ციხეზე არქეოლოგიური კვლევა-ძიება განახლდა 1990 წელს და დღემდე გრძელდება (ხელმძღვანელი შ. მამულაძე).

ციხის ტერიტორიაზე გამოვლენილია ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრის დიუნური დასახლება (ინაიშვილი 1973: 21). 1966 წ. ციხის სამხრეთით შემთხვევით აღმოჩნდა ძვ. წ. IV-III სს-ის სამარხეული კომპლექსი, რომელიც შედგებოდა კოლხური ამფორისაგან, ხელადისა და ქოთნისაგან (ჩხაიძე 1983: 90-93). ციხის ტერიტორიაზე გამოვლენილია რომაული ხანის წყალსადენის სისტემა, ქვაფენილიანი ქუჩის ნაწილი, „სვეტებიანი ნაგებობის“ ნაშთები, „კოშკიანი“ შენობა და მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალა: ადგილობრივი და იმპორტული წარმოების ამფორები, კრამიტები, სუფრისა და სამზარეულო კერამიკა, სანელსაცხებლეები, წითელლაკიანი კერამიკა, რომაულ-ბიზანტიური მონეტები, არქიტექტურული დეტალები; VI-VII სს-ის ადგილობრივი და იმპორტული ამფორები, დოქები, მინის ჭურჭლის ფრაგმენტები; XVI-XVIII სს-ის კერამიკული ნაწარმი – დოქები, დერგები, ჯამები, ჩიბუხები და სხვ.

სოფ. გონიოში გზის გაფართოებისას აღმოჩნდა ოქროს ნივთების განძი, რომელიც ზოგადად I-III სს-ით თარიღდება. განძი შედგებოდა ოქროს შემდეგი ნივთებისგან: ჭაბუკ-ქანდაკება, ფიალა, წყვილი სამაჯური, ფირფიტოვანი პოლიქრომიული გარსაკრავები, გულსაკიდი ჰელიოსის გამოსახულებით, ბალთები, ვარდულები, ღილები, მძივები, მძივსაკიდები, ძეწკვები (ლორთქიფანიძე, მიქელაძე, ხახუტაიშვილი 1980: 11-19). განძი ინახება ხ. ახვლედიანის სახ. აჭარის სახელმწიფო მუზეუმში. გონიოს ციხესიმაგრეში 2010 წელს არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმი გაიხსნა (ხელმძღვანელი შ. მამულაძე).
 
ბიბლიოგრაფია: აგათია სქოლასტიკოსი 1936: 82, 83; აინი ალი 1971: 60; ანონიმი 1965: 19; არიანე 1961: 35; არჩილი 1989: 351; გამბა 1987: 276; გონიო-აფსაროსი 2002; გონიო-აფსაროსი 2004; გძელიშვილი, ხახუტაიშვილი 1964: 59-96; დიუბუა დე მონპერე 1839: 221; ებრალიძე 2000: 62-69; 2002: 89-92; 2005; ევსევი კესარიელი 1961: 32; ელნიცკი 1938: 310, 311; ინაიშვილი 1973: 17, 18, 21; ინგოროყვა 1954: 204; იპოლიტე რომაელი 1961: 20; კასტელი 1976: 171; კახიძე, ხალვაში 1998: 25-31; ლექვინაძე 1969: 78; ლომოური 1981: 229; ლორთქიფანიძე, მიქელაძე 1960: 761-767; ლორთქიფანიძე, მიქელაძე, ხახუტაიშვილი 1980; მამულაძე 2007; მილერი 1961: 639; მიქელაძე 1977; ნიამა 1976: 218; ორბელიანი 1983: 293-296; პლინიუსი 1949: 271; პროკოპი კესარიელი 1965: 94, 95; პტოლემაიოსი 1955: 51; საბანისძე 1981: 129; სტეფანე ბიზანტიონელი 1936: 274; უსპენსკი 1917: 163; ქც 4: 589,12,16; 590,21; 591,7, სქ. 1; 676,7,8; 678,2; 689,7; 690,5; 792,14, სქ. 8; 793,4; 814,14,23,25; 820,15; 852,11; შალიკაძე 2000: 56-62; შარდენი 1975: 38, 42-49; შპაიდელი 1985: 135, 136; ჩელები 1971: 95, 96; ჩხაიძე 1982: 114-128; 1983: 90-93; ძერბინი, გამყრელიძე, თოდუა 2012: 89-93; ჭანტურია 1954: 51; ჯანაშია 1988: 250; ხალვაში 2002.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9