(ქც 4: 422,5). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 422,5), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 386,2), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 31), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 188, 322, 351; ქართ. სამართ. ძეგ. 1985: 876).
მდებარეობს კასპის მუნიც-ში, მდ. თეძმის მარჯვენა შენაკადის გოსტიბესწყლის მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. გოსტიბეს ტერიტორიაზე.
1609 წ. მღვდელმა თევდორემ ქართლში შემოჭრილი თურქთა ლაშქარი გოსტიბეს გავლით ერთაწმინდაში ჩაიყვანა. ამით მტრის მოულოდნელ თავდასხმას გადაარჩინა ცხირეთის ციხეში მდგომი ლუარსაბ II (1606-1615) და მისი მცირერიცხოვანი მებრძოლები.
1930 წ. სოფ. გოსტიბეს განაპირას, დასავლეთით, მიწის დამუშავებისას დაზიანდა სამარხი, რომელშიც აღმოჩნდა ბრინჯაოს მასრაგახსნილი შუბისპირი; მთლიანადსხმული ე. წ. „კახური ტიპის“ ბრინჯაოს სატევარი, კოლხური ცული, ცილინდრული ფორმის მოზრდილი ჭურჭლის ფრაგმენტი.
1948 წ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციამ (ხელმძღ. ტ. ჩუბინიშვილი) გათხარა ორი ქვაყრილიანი ორმოსამარხი იმ ტერიტორიაზე, სადაც 1930 წ. სამარხი დაზიანდა. ორმოსამარხებში აღმოჩნდა შავად გამომწვარი თიხის ჭურჭელი; ბრინჯაოს მასრაგახსნილი შუბისპირი და სატევრის ფრაგმენტი. სამარხები თარიღდება ძვ. წ. XI-VII სს-ით.
სოფლის აღმოსავლეთით აღმოჩნდა მეორე სამაროვანი, სადაც გაითხარა ერთი ქვაყუთი. მიცვალებული დაკრძალული იყო კიდურებმოკეცილი, მარჯვენა გვერდზე. სამარხში აღმოჩნდა: ამოღარული გეომეტრიული სახეებით შემკული თიხის შავად გამომწვარი ხელადა, ვერცხლის სასაფეთქლე რგოლი, გველისთავებიანი ბრინჯაოს სამაჯური, ბრინჯაოს საწვივე რგოლები (8 ც), ბრინჯაოს საკინძი და ღილები. სამარხი თარიღდება ძვ. წ. VI-IV სს-ით (ჩუბინიშვილი 1950:9-34). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
1982 წ. სოფ. გოსტიბეში შემთხვევით აღმოჩნდა ორმოსამარხი. მიცვალებული დაკრძალული იყო კიდურებმოკეცილი, მარჯვენა გვერდზე, თავით აღმოსავლეთით. სამარხში აღმოჩნდა ვერცხლის ფეხიანი თასი, რომელზეც ხაზებით გამოყვანილია ოთხი თხა(?), ხოლო წერტილებით – ყურძნის მტევნები; ბრინჯაოს ჭვირული ბალთა; ბრინჯაოს ზარაკი და სარდიონის მძივები. სამარხი თარიღდება ახ. წ. II-III სს-ით (სძა 1990: 151). მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
არქეოლოგიური დაზვერვების შედეგად ცნობილია გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარი, რომელიც მდებარეობს მდ. გოსტიბესწყლის მარჯვენა ნაპირზე, სოფლის განაპირას, აღმოსავლეთით. ნასოფლარზე დადასტურდა რიყის ქვით ნაგები შენობების ნანგრევები და უხეშკეციანი, მოწითალოდ გამომწვარი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. აქვე დგას კოშკი და წმინდა სამების ეკლესია. კოშკი გეგმით ოთხკუთხაა (8,3X9,1 მ). კუთხეები გარედან მომრგვალებულია. ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით. დაზიანებულია. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით (სძა 1990: 150, 151).
წმინდა სამების X-XI სს-ის ეკლესია დარბაზულია (11,5X5,9 მ). ნაგებია ფლეთილი ქვით. დაზიანებულია. ნახევარწრიულ აფსიდაში ერთი თაღოვანი სარკმელია. კედლები შელესილი ყოფილა, რომლის ქვეშ შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები (სძა 1990: 151).
სალომიის ლომისის განვითარებული შუა საუკუნეების ეკლესია დგას სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, სალომიასწყლის მარჯვენა ნაპირზე. მისგან გადარჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადი საკურთხევლით (სძა 1990: 151).
სოფლის სამხრეთით, 1 კმ-ის დაშორებით მდებარეობს კაბერის შუა საუკუნეების ნასოფლარი და წმინდა გიორგის XI ს-ის ეკლესია. ნასოფლარზე შემორჩენილია რიყის ქვით ნაგებ შენობათა საძირკვლები. ეკლესია დარბაზულია (12,7X11,9 მ). ნაგებია ფლეთილი ქვით. კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია ქვათლილები. ნალისებურ აფსიდაში ერთი თაღოვანი სარკმელია. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. სამკვეთლო ეკლესიის თანადროულია. ხოლო ეგვტერი მოგვიანებით მიუშენებიათ (სძა 1990: 150; მეფისაშვილი 1979: 46-63).
კაბერის გვიანი შუა საუკუნეების თლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია (5,3X3,1მ) მდებარეობს ნასოფლარის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ნახევარწრიულ აფსიდაში ერთი სარკმელია. ძლიერ დაზიანებულია (სძა 1990: 150).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 31; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 188, 322, 351; მეფისაშვილი 1979: 46-63; სძა 1990: 150, 151; ქართ. სამართ. ძეგ. 1985: 876; ქც 2: 386,2; ქც 4: 422,5; ჩუბინიშვილი 1950: 9-34.
იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.