გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გოდ გოკ გომ გონ გორ გოს გოჯ

გოჯი 

ციხე, ციხე-გოჯი (ქც 1: 24,5,სქ.1), ქალაქი და ციხე (ქც 4: 777,13).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“ (ქც 1: 24,5,სქ.1), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (ქც 1: 146,5; 157,20; 235,2, სქ. 1, 238,5; 242,16), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 777,13), „დავითისა და კონსტანტინეს მარტვილობა“ (მარტვილობაი დავითისა და კონსტანტინესი 1946: 238), იუსტინიანეს „ნოველები“ (იუსტინიანე 1965: 34, 35), პროკოპი კესარიელის „ომი სპარსელებთან“ (პროკოპი კესარიელი 1965: 97, 101, 105, 107, 108), „შენობათა შესახებ“ (პროკოპი კესარიელი 1965: 220, 221), „ბრძოლა ვანდალებთან“ (პროკოპი კესარიელი 1965: 230), აგათია სქოლასტიკოსის „ისტორია“ (აგათია სქოლასტიკოსი 1936: 30, 40, 53, 56, 59, 91, 95, 148), თეოფანე ჟამთააღმწერელის „ქრონოგრაფია“ (გეორგიკა 1952: 110), დონ ქრისტოფორო დე კასტელის „ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ“ (კასტელი 1976: 195), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 325), კ. კოხის „მოგზაურობა რედუტ კალედან ტრაპეზუნტამდე“ (კოხი 1981: 178-180).

ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „სენაკს ზეით, უნაგირას ძირში, არს ნაქალაქევი, ციხე გოჯად წოდებული. ეს აღაშენა მეფის ფარნაოზის ჟამს ქუჯიმ, ქალაქი და ციხე“ (ქც 4: 777,11-13).

მდებარეობს სენაკის მუნიც-ში, მდ. ტეხურის პირას, ახლანდელ სოფ. ნოქალაქევის ტერიტორიაზე (დიუბუა დე მონპერე 1839: 53; ბაქრაძე 1875: 94, 95; ლომოური 1979: 151-155).

წყაროებში სხვადასხვა სახელით იხსენიება: არქეოპოლისი (პროკოპი კესარიელი, აგათია სქოლასტიკოსი), ციხე გოჯი (ლეონტი მროველი, ჯუანშერი, ვახუშტი ბაგრატიონი), ნაქალაქევი (ვახუშტი ბაგრატიონი), ჯიხან-ქვიჯი (მარტვილობა დავითისა და კონსტანტინესი), ნოქალაქევი (კ. კოხი).

ძვ. წ. IV-III სს-ში ციხე და ქალაქია. ახ. წ. IV-VI სს-ში – ეგრისის სამეფოს დედაქალაქი. 705-711 წწ. იქ არაბთა გარნიზონი იდგა (ჯანაშია 1952: 368). 735-738 წწ. ციხე გოჯი არაბთა სარდალმა მურვან-ყრუმ დაანგრია. XVIII ს-ში დადიანთა რეზიდენციაა (ზაქარაია ... 1984: 19).

ნოქალაქევში არქეოლოგიური გათხრები პირველად 1930-1931 წწ. განხორციელდა (მ. შნაიდერი). 1971 წ. იქ სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დასავლეთ საქართველოს საძიებო-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. გ. გრიგოლია). 1973 წლიდან სისტემატურ არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებს ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიცია (ხელმძღ. პ. ზაქარაია, დ. ლომიტაშვილი).

IV-VI სს-ის ნაქალაქარი მდებარეობს მდ. ტეხურის მარცხენა ნაპირზე, მაღალი მთის ფერდობზე. შედგება სამი ნაწილისაგან: ქვედა, შუა და ზედა ციხე ანუ ციტედელი. ნაქალაქარის ტერიტორია გალავნითაა შემოსაზღვრული. შიდა ფართობია 17-18 ჰა. გამოვლენილია სხვადასხვა დროის სამი გალავანი: პირველი გალავანი აშენებულია ახ. წ. IV ს-ის დასაწყისში; მეორე – V ს-ის პირველ ნახევარში; მესამე – V-VI სს-ის მიჯნაზე. გალავანი გამაგრებულია სწორკუთხა ფორმის კოშკებით (ზაქარია 1987: 142, 143). ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკებიც სწორკუთხაა, ორსართულიანი. ნაგებია რიყის ქვით დუღაბზე. ციტადელის გეგმა გრძელი სამკუთხედია. სამხრეთის მხარეზე ორი ვიწრო შესასვლელია. კარის გვერდით ნიშში აღმოჩნდა ადგილობრივი წარმოების ორ რიგად დაწყობილი 22 ამფორა. გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კუთხეებში ჩაშენებულია სწორკუთხა ფორმის სამი კოშკი. ნაგებია რიყის ქვითა და კვადრებით (ზაქარაია 1987: 177-179). ციტადელის ტერიტორიაზე ერთნავიანი ეკლესიაა. ნაშენია თლილი ქვებით. თარიღდება V-VI სს-ით (ზაქარაია ... 1984: 46). ნაქალაქარის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან 40 მ სიგრძის თლილი ქვით ნაგები გვირაბია. მისი კამარა ნახევარწრიულია. გვირაბს აქვს ქვის კიბე. შემორჩენილია თოთხმეტი საფეხური (ზაქარაია 1987: 149, 150).

ნაქალაქარის სამხრეთით გამოვლინდა IV ს-ის სასახლის ნაშთი. შემორჩენილია მხოლოდ თაღების საყრდენები. მეორე ორსართულიანი სასახლე მდებარეობს აღმოსავლეთით, ვაკეზე. შუაში დარბაზია. გრძივ კედლებზე აივნები ყოფილა. დათარიღებულია V ს-ით. მესამე სასახლე სამსართულიანია. პირველი სართული დამხმარე დანიშნულებისა იყო და ცალკე კარი ჰქონდა დასავლეთიდან. მეორე სართულზე მისაღები დარბაზი იყო; მესამეზე – საცხოვრებელი. სასახლე ნაგებია თლილი კვადრებით. თარიღდება VI ს-ის დასაწყისით. გვიან შუა საუკუნეებში სასახლის პირველი სართული მარნად გამოუყენებიათ (იაშვილი, ზამთარაძე 1981: 184-193).

„ორმოცმოწამეთა“ ეკლესიის გარშემო, თანამედროვე სასაფლაოს ტერიტორიაზე, გამოვლენილია სხვადასხვა დროის სამი ეკლესია. პირველი მათგანის მხოლოდ საკურთხეველია შემორჩენილი. ის ნახევარწრიულია. ეკლესია დარბაზული ტიპის უნდა ყოფილიყო. თარიღდება IV ს-ის შუა ხანებით. მეორე სამნავიანი ბაზილიკაა (22,35X26,6 მ). ცენტრალური ნავი გვერდითი ვიწრო ნავებისაგან გამოყოფილია სვეტებზე დაყრდნობილი სამ-სამი თაღით. გვერდით ნავებს დასავლეთით განიერი ნავი აერთებს. მასში ყოფილა სანათლავი. ეკლესიას ოთხი კარი ჰქონდა. ნაგებია ყორე და ნახევრად დამუშავებული ქვით. თარიღდება V ს-ის შუა ხანებით. მესამე ეკლესია ბაზილიკაა. მრავალჯერაა გადაკეთებული. თავდაპირველი ეკლესია სამნავიანია. კარი დასავლეთითა და სამხრეთით აქვს. თარიღდება VI ს-ის დასაწყისით. გვიან შუა საუკუნეებში გადაუკეთებიათ გუმბათოვან ეკლესიად. ეკლესია XVI-XVII სს-ში მოუხატავთ. გადარჩენილი ფრესკებიდან საკურთხევლის კონქში უნდა იყოს გამოსახული ღვთისმშობელი ყრმითა და მთავარანგელოზებით. ქვედა რეგისტრზე, ცენტრალური სარკმლის ორივე მხარეს გამოსახულია ზიარების სცენა. მომდევნო ქვედა რეგისტრზე მღვდელმთავრები არიან წარმოდგენილნი (ზაქარაია ... 1984: 27; კაპანაძე 1987: 90-122). საკურთხეველში, აფსიდის კედლებზე ოთხი ჯვარია გამოსახული. თარიღდება VI ს-ის დასაწყისით (სხირტლაძე 1987ა: 126-133). დასავლეთ კედელზეც სამი რეგისტრია. ზედა მოხაზულობაში „ღვთისმშობლის მიძინება“ უნდა ყოფილიყო გამოსახული. მარცხნივ – „სულიწმიდის მოფენა“, მარჯვნივ – „ლაზარეს აღდგინება“, ქვემოთ – „წმიდა მხედარი დემეტრე“.

ეკლესიის აღმოსავლეთით დგას კოშკი. შემორჩენილი პირველი სართული თაღოვანია. ნაგებია დიდი ზომის თლილი ქვებით. ნაქალაქარის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში მდებარეობს აბანო („სამოქალაქო აბანო“). შედგებოდა ხუთი განყოფილებისაგან: საცეცხლე, გასახდელი, ცივი, თბილი, ცხელი. აბანოს შიდა კედლები და აუზები შელესილია ჰიდრავლიკური ხსნარით. ფასადები შემოსილია საშუალო ზომის თლილი ქვით. თარღიდება IV-V სს-ით (ზაქარაია, კაპანაძე 1991: 109-113). მეორე აბანო („სამეფო აბანო“) მდებარეობს პირველიდან ასიოდე მეტრზე. ხუთგანყოფილებიანია. გეგმაში ირეგულარულია. ნაგებია თლილი ქვით. პირველი სათავსის იატაკზე აღმოჩნდა აგურის ფრაგმენტი ბერძნული წარწერით: „მომდინარე მხურვალებაა (ამისი) დასათვალიერებელი (ე. ი. შესამოწმებელი) ადგილი“. წარწერა VI-VII სს-ით თარიღდება (ყაუხჩიშვილი 1981: 197, 198).

ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის მასალები: ადრეანტიკური ხანის კოლხური სასმისები (ლომიტაშვილი, ლორთქიფანიძე 1987: 203-209); ახ. წ. IV-VI სს-ის ადგილობრივი ამფორები, ლუთერიები, ქოთნები, დოქები, იმპორტული ამფორები, წითელლაკიანი ლანგრებისა და ჯამების ფრაგმენტები. VII-XI სს-ის ლარნაკების, ქილების, ქვევრების ნატეხები, XI-XIII სს-ის იმპორტული მოჭიქული ჭურჭლის ფრაგმენტები (ლექვინაძე 1987: 237-246); სხვადასხვა დროის მონეტები: კოლხური ნახევარდრაქმები (18ც), ადრიანეს (117-138) ვერცხლის მონეტა, ანასტასი I-ის (491-518) ერთი 20-ნუმიანი მონეტა, იუსტინე I-ის (518-527) სამი 40-ნუმიანი სპილენძის მონეტა, იუსტინიანე I-ის (527-565) ერთი 40-ნუმიანი მონეტა, იუსტინე II-ის (565-578) სპილენძის ორი 20-ნუმიანი მონეტა, ერთი კირმანეული. XVII ს-ის ორი თურქული მონეტა (აბრამიშვილი 1987: 274-285).

ნაქალაქარის სამაროვანზე სამარხები ოთხ ჯგუფად იყოფა: I. ძვ. წ. IV-III სს-ის შუა ხანების ორმოსამარხებში მიცვალებულები დაკრძალულია მოკრუნჩხული, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით აღმოსავლეთით, სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით. სამარხებში აღმოჩენილია ადგილობრივი დოქი, ბრინჯაოს ზარაკი და საყურე-რგოლები. II. ძვ. წ. III ს-ის შუა ხანებისა და ძვ. წ. II ს-ის ქვევრსამარხები. ისინი დაფლულია ჰორიზონტალურად, პირით აღმოსავლეთით. მიცვალებულები დაკრძალულია მოხრილად, თავით აღმოსავლეთით. სამარხებში აღმოჩენილია: ადგილობრივი წარმოების დოქები, იმპორტული კანთაროსი, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს სამაჯურები, საბეჭდავები, საყურე-რგოლები, ფირფიტა-გარსაკრავები, მინის მძივები, რკინის შუბისპირი, ვერცხლის მონეტები. III. ძვ. წ. I-ახ. წ. I სს-ის ორმოსამარხებში მიცვალებულები დაკრძალულია ოდნავ მოხრილი, მარცხენა გვერდზე, თავით აღმოსავლეთით. მათში აღმოჩენილია ადგილობრივი დოქები, დეკორატიული ამფორა, ვერცხლის, რკინისა და ბრინჯაოს სამაჯურები, საყურე-რგოლები, მთის ბროლის, სარდიონისა და მინის მოოქრული და მოვერცხლილი მძივები, რკინის დანა და კავის ფრაგმენტები. IV ახ. წ. IV-VI სს-ის ორმოსამარხებში მიცვალებულები დაკრძალულია ზურგზე გაშოტილი, თავით დასავლეთით. სამარხებში აღმოჩნდა: ადგილობრივი წარმოების ქოთნები, დოქები, ოქროს, რკინისა და ბრინჯაოს მშვილდსაკინძები, საკინძები, ბეჭდები, საყურე-რგოლები, სარდიონისა და მინის მძივები (გვინჩიძე 1981: 158-179).

1930 წ კოშკის იატაკის ქვეშ აღმოჩნდა იმპერატორ მავრიკი ტიბერიოსის (582-602) ოქროს მონეტების (23 ც) განძი (აბრამიშვილი 1959ა: 233-250). განძი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1959ა: 233-250; 1987: 274-285; აგათია სქოლასტიკოსი 1936: 30, 40, 53, 56, 59, 91, 95, 148 ბაქრაძე 1875: 94, 95; ბროსე 1851: 21-24; განი 1907: 12-143; გამყრელიძე 2010: 76, 155, 193; გეორგიკა 1952: 110; გვინჩიძე 1978; 1979: 152-166; 1981: 150-181; გიულდენშტედტი 1962: 325; გოზალიშვილი 1972: 214-227; გრიგოლია ... 1973: 36; გრიგოლია ... 1972: 30; დიუბუა დე მონპერე 1839: 53-60; ზაქარაია ... 1984; ზაქარაია 1987: 136-186; ზაქარაია, კაპანაძე 1991; იაშვილი, ზამთარაძე 1981: 184-196; იოსელიანი 1850: 72; იუსტინიანე 1965: 34, 35; კასტელი 1976: 195; კაპანაძე 1987: 90-125; კოხი, სპენსერი 1981: 178-180; ლექვინაძე 1959: 144-158; 1974: 112-119; 1987: 237-245; ლომიტაშვილი, ლორთქიფანიძე 1987: 203-209; მარტვილობაი დავითისა და კონსტანტინესი 1946: 238; მურავიოვი 1848ა: 265-273; პროკოპი კესარიელი 1965: 97, 101, 105, 107, 108, 220, 221, 230; სხირტლაძე 1987ა: 126-135; ქც 1: 24,5, სქ. 1; 146,5; 157,20; 235,2, სქ. 1; 238,5; 242,16; ქც 4: 777,13; ყაუხჩიშვილი 1948: 188-194; ყაუხჩიშვილი 1981: 197, 198; შენგელია 1980: 167-174; შნაიდერი 1981: 240-242; ჩუბინაშვილი 1970ა: 93-103; ჯანაშია 1952: 308-312.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9