აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
ალა ალე ალი ალო

ალის ციხე


(ქც 4: 377,7). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 377, 7; 433, 21), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1989: 57).

ვახუშტი ბაგრატიონი ალის ციხის შესახებ გადმოგვცემს: „ალის წყალზედ (მდ. ჭერათხევი) ... ალს ზემოთ არს ლიხის მთის კალთას, ციხე ალისა“ (ქც 4: 377,7).

ალის ციხე მდებარეობს ხაშურის მუნიც-ში, მდ. ჭერათხევის მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. მცხეთისჯვარში. ციხეს დღეისათვის ეწოდება მცხეთისჯვრის ციხე (ნადირაძე 1987: 4).

XVII ს-ის 20-იან წლებში გიორგი სააკაძემ სხვა ციხეებთან ერთად ალის ციხეც გაამაგრა (ქც 4: 433,21). 1757 წ. ლეკებმა ალის ციხე აიღეს (ხერხეულიძე 1989: 57). ალის წყლის ხეობას მიჰყვებოდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი გზა. ციხე ჩრდილოეთიდან იცავდა ამ გზაზე მდებარე ქალაქ ალს (გვასალია 1983: 147, 148).

სოფ. მცხეთისჯვარში არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის წინაფეოდალური ხანის განყოფილების ექსპედიცია. 1972-1977 წწ. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ჯ. ნადირაძე. 1988 წლიდან – ა. დავითაშვილი. ადგილ „ნაურიებში“ გაითხარა სამაროვანი, 3 სხვადასხვა პერიოდის სამარხები (ბრაგვაძე, დავითაშვილი 1993: 3). ყველაზე ადრეული სამარხები თარიღდება ძვ. წ. VIII-VII სს-ით. II პერიოდი მოიცავს ადრეანტიკურ, ხოლო III პერიოდი – ადრეელინისტურ ხანას.

ადგილ „გასაყიდლიანთ ვენახში“ სამი ფენაა: I – გვიანბრინჯაოს ხანის, II – ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრის, III – განვითარებული შუა საუკუნეების ნასახლარი, სადაც აღმოჩნდა 1200 წ. მოჭრილი ბრინჯაოს ჩინური მონეტა (ბრაგვაძე, დავითაშვილი 1993: 46).

ადგილ „ნაურიებში“, რომელსაც კვეთს გომი-საჩხერის ტრასა, გამოვლინდა სამაროვანი სამი სხვადასხვა პერიოდის სამარხებით. ყველაზე ადრეული (III ფენა) თარიღდება ძვ. წ. VIII-VII სს-ით. მიცვალებულები დაკრძალულნი იყვნენ კიდურებმოხრილნი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით სამხრეთ-დასავლეთით, ჩრდილო-დასავლეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით. სამარხებში აღმოჩნდა მონაცრისფროდ და მოჩალისფროდ გამომწვარი თიხის ჭურჭელი: ქოთნები, დოქები, სასმისები, ჯამები, ლანგრები. ლითონის ნივთებიდან გვხვდება: ბრინჯაოს თოხი, შუბისპირი, სატევარი, მშვილდსაკინძი, ღილები, ისრისპირი, სამაჯურები, საკინძები, რკინის დანები, სატევრები და მშვილდსაკინძები (დავითაშვილი 1996: 166-168; 1999: 19-29; 2000: 18-27). III ფენის სამარხებიდან აღსანიშნავია №82 ორმოსამარხი. მასში მიცვალებულის ჩონჩხი არ დადასტურდა. სამარხში აღმოჩნდა ბრინჯაოს ნივთები: მამაკაცის ითიფალური ქანდაკება, ხარის ქანდაკება, საკიდი ძაღლის გამოსახულებით, ჯაჭვზე ასხმული ზანზალაკები და ირმის ქანდაკება, ფანტასტიკური ცხოველის გამოსახულება, სამაჯურები. სამარხი თარიღდება ძვ. წ. VII ს-ით (ნადირაძე 1990: 113, 114). სამაროვანზე ადრეანტიკური ხანის (II ფენა) 25 სამარხი გაითხარა. მიცვალებულები დაკრძალულნი იყვნენ კიდურებმოხრილნი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით აღმოსავლეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით. სამარხები ინდივიდუალურია. მხოლოდ ორში იყო დაკრძალული ორ-ორი მიცვალებული. სამარხებში აღმოჩნდა: მორუხოდ და მოწითალოდ გამომწვარი თიხის ჭურჭელი, რკინის მასრაგახსნილი და მასრაშეკრული შუბისპირები, სატევარი, დანები, ცული, ბრინჯაოსა და ვერცხლის რგოლები, ბრინჯაოს სამაჯურები, საკინძები, მძივები (სარდიონის, გიშრის, ქარვის, მინისებური პასტის). სამარხები თარიღდება ძვ. წ. VI-V სს-ით (დავითაშვილი 2000: 29-58). სამაროვანზე ადრეელინისტური ხანის (I ფენა) 16 ორმოსამარხი გაითხარა. მიცვალებულები დაკრძალულნი იყვნენ კიდურებმოკეცილნი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით ჩრდილო-დასავლეთით ან სამხრეთ-დასავლეთით. სამარხებში აღმოჩნდა რუხად და ჩალისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭელი: ყურმილიანი დოქი, კოჭობები, დაშტრიხული სამკუთხედებით წითლად მოხატული დოქები; ლითონის ნივთები: ბრინჯაოს გვერდებჩაჭრილი ცილინდრული ზარაკები, საკინძები, მშვილდსაკინძები; რკინის შუბისპირი და კოლხური ნახევარდრაქმა; მძივები სხვადასხვა ფორმისა და მასალისაა – მთის ბროლის, სარდიონის, კირქვის, მინისებური პასტის.

ადრეელინისტური სამარხებიდან ტიპურია №16 ორმოსამარხი. მიცვალებული დაკრძალული იყო კიდურებმოხრილი, მარცხენა გვერდზე, თავით სამხრეთ-დასავლეთით. სამარხში აღმოჩნდა: მოშავო ფერის თიხის დოქი; მრგვალგანივკვეთიანი ბრინჯაოს რგოლები (2 ც); სარდიონისა და კირქვის მძივები (6 ც). სამარხი თარიღდება ძვ. წ. IV ს-ის მეორე ნახევრითა და ძვ. წ. III ს-ის დასაწყისით (ბრაგვაძე, დავითაშვილი 1993: 3, 13, 25).

მცხეთიჯვრის არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).

ალის ციხე მდებარეობს სოფ. მცხეთისჯვრის განაპირას, მდ. ჭერათხევის მარჯვენა ნაპირზე, მაღლობზე; ციხე შედგება დედაციხისა და გალავნისაგან. გალავანი მოიცავდა დაახლ. 1 ჰა ტერიტორიას. ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე. დედაციხის კედლები მისდევს ქედის ზედაპირს, ამიტომ მას არაწესიერი მოხაზულობა აქვს. მის ტერიტორიაზე სხვადასხვა შენობათა ნაშთებია შემორჩენილი, მათ შორის, წყლის აუზიც. ციხე ძლიერაა დაზიანებული. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით (გვასალია 1983: 147).
 
ბიბლიოგრაფია: ბრაგვაძე, დავითაშვილი 1993; გვასალია 1983: 147, 148; დავითაშვილი 1996: 166-168; 1999: 19-29; 2000: 18-27; 2002: 29-58; ნადირაძე 1987: 4; ნადირაძე 1990: 113, 114; ქც 4: 377,7; 433,21; ხერხეულიძე 1989: 57.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9