გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გრე გრი გრუ

გრემი 

ქალაქი, დაბა (ქც 4: 546,14).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 546,14; 552,8; 568,4,10; 571,26; 573,2; 578,4; 583,12; 584,2; 585,10), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტი (ქც 2: 383,2), XVI-XVII სს-ის ისტორიული საბუთები (სიგელები ... 1891: 94; ქრონიკები ... 1897: 374, 375, 380, 463; 1967: 184, 195; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 64; ქართულ-სპარსული ... 1955: 43), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1913: 321), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 157), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 97, 102), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 140), ჰასან რუმლუს „ცნობები საქართველოს შესახებ“ (ჰასან რუმლუ 1966: 21, 22, 26), ისქანდერ მუნშის „ცნობები საქართველოს შესახებ“ (მუნში 1969: 17, 85), ქათიბ ჩელების „ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ“ (ჩელები 1978: 133), კ. კოხის „ბრძოლის ველზე გასვლა“ (კოხი 1981: 238, 245-247), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გუილდენშტედტი 1962: 33).

ვახუშტი ბაგრატიონი გრემის შესახებ გადმოგვცემს: „ალაზანს ერთვის საბუე-გრემის წყალი, გამომდინარე დიდოეთსა და მას შორის კავკასს და მომდინარე, ვითარცა წინანი მდინარენი. ამ წყალზედ არს გრემი, რომელ ქმნეს ქალაქად ... (1466 წ.) აწცა არს შენობა და ეკლესია შეუმუსრავი. ოდეს მოაოხრა შააბაზ, მიერით არს დაბა და არღარა ქალაქი. აქა არს ეკლესია გუმბათიანი“ (ქც 4: 546,14).

ძველი ქალაქი გრემი ლოკალიზდება დღევანდელი სოფელი გრემის სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს მდ. ალაზნის მარცხენა შენაკადის მდ. ინწობის შუა წელის მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებული გორაკის, გრემის მთავარანგელოზის ანსამბლის გარშემო, ალაზნის ვაკეზე.

ქალაქი გრემი XV-XVII სს-ში კახეთის მნიშვნელოვანი სტრატეგიულ-ადმინისტრაციული და სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი იყო. 1466 წ. კახეთის სატახტო ქალაქი გახდა. 1614-1616 წწ. გრემი დააქცია შაჰ-აბას I-მა. (ზაქარაია 1975: 9-20).

1963-1967 წწ. ნაქალაქარის ტერიტორიაზე გათხრებს აწარმოებდა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. პ. ზაქარაია). განათხარი მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

გრემის ნაქალაქარი გვიანი შუა საუკუნეების ძეგლია. 1966-1967 წწ. აქ გვიანბრინჯაოს პერიოდისა და განვითარებული შუა საუკუნეების უმნიშვნელო არქეოლოგიური მასალაც აღმოჩნდა (ზაქარაია 1975: 170). ქალაქს დაახლოებით 50 ჰა ფართობი ეჭირა და განლაგებული იყო მდ. ბოლიას (მდ. ინწობის შენკადის) გასწვრივი ქედის ბოლო შემაღლებაზე (სადაც მთავარანგელოზის ანსამბლია) და მის გარშემო მდებარე ვაკეზე. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულია გვიანი შუა საუკუნების კერამიკის (ქვევრები, ქოთნები, ჯამები, დოქები და სხვ.), მოჭიქული კერამიკისა და ფაიანსის (მათ შორის სპარსული) ნატეხები (ზაქარაია 1975: 170, 171; ჭილაშვილი, გიუნაშვილი 1972: 122-138). ქალაქი გრემი სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა. პირობითად ესენია: მთავარანგელოზის ანსამბლი – ციტადელი, მეფე-დიდებულთა უბანი და სავაჭრო უბანი. „მეფე-დიდებულთა“ უბანი განთავსებული იყო ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და 20 ჰა-მდე ფართობი ეჭირა. აქ ნაგებობები საძირკვლის დონეზეა შემორჩენილი. ისინი მრავალჯერაა გადაკეთებული. შენობის გეგმარება ცუდად იკითხება.

მეფის სასახლე მდ. ინწობის ნაპირას, მცირე შემაღლებაზე მდებარეობს. ნაგებობა სწორკუთხაა და შედგება რამდენიმე სათავსისაგან, დარბაზისა და აუზისაგან. ის რიყის, ფლეთილი ქვითა და კირხსნარითაა ნაგები. აქ გამოიყოფა ოთხი სამშენებლო ფენა. ზოგან შემორჩენილია აგურის იატაკი. მის ჩრდილოეთით გაითხარა ექვსი სათავსისაგან შემდგარი ე. წ. აკადემიის სწორკუთხა (20,5X18,5 მ) შენობა. კედლები ნაგებია რიყის ქვით და აგურით (22X22X4 სმ). იატაკი აგურითაა მოგებული. მის ჩრდილოეთით აღმოჩნდა „შადრევნებიანი პავილიონი“ (11,8X12,7 მ) და ე. წ. რვაწახნაგა ნაგებობა (შიდა ფართობი 5,5X5,5 მ). აქვე გაითხარა რიყის ქვითა და აგურით აშენებული, სწორკუთხა ნაგებობები (16,7X11 მ; 40,6X7 მ). მათი გეგმარება მეტ-ნაკლებად იკითხება. აქვეა მარანი, რომელშიც მხოლოდ საწნახელის ნაშთებია შემორჩენილი. გაითხარა აგურით (22X22X4 სმ) კირხსნარზე ნაგები ორგანყოფილებიანი აბანო. აქვე აღმოჩნდა თიხის მილების ნაშთებიც (ზაქარაია 1975: 51-82).

სავაჭრო უბანი განლაგებული იყო ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდ. ალაზნის ვაკეზე და 30 ჰა-მდე ფარობი ეჭირა. ნაგებია ძირითადად რიყის, ფლეთილი ქვითა და აგურით (22X22X4 სმ). აქ არის „ქულბაქები“ შიდა ეზოთი და „ქარვასლა“. მათი გეგმარება ზუსტად არ იკითხება. ქარვასლის სათავსოების დაახლოებითი ფართობი 14 კვ მ-დან 23 კვ მ-მდე მერყეობს. აქვე გაითხარა მეორე ორგანყოფილებიანი აბანო, რომელშიც აღმოჩნდა წყალსადენის კერამიკული მილები. ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს „თარსაგალავნის“ ცენტრალურ-გუმბათოვანი ტიპის ეკლესია (9,8X6,8 მ). აფსიდა ნახევარწრიულია, შუაში მოგრძო სარკმლით. ეკლესია ძირითადად აგურითაა (22X24X5 სმ) ნაგები, მაგრამ გამოყენებულია რიყისა და ფლეთილი ქვაც. დასავლეთის კედელზე, კარის თავზე შემორჩენილია სამენოვანი (ქართული, სპარსული, სომხური) სამშენებლო წარწერა. ქართული, მხედრულად შესრულებული ვარიანტია: „მე ფრიად ცოდვილმან მათარსი აღვაშენე კარის ეკლესია ესე ყოვლად წმიდისა, ბრძანებითა და შეწევნითა ძისი მისისა და ჟამსა შინა მეფობასა მისისა პატრონის ალექსანდრესითა, წელსა მეოცდასამესა ქკსა სპა (1593 წ.) და შევსწირეთ კნინი შესაწირავი ესე სამი კუამლი კაცი, ერთი წისქვილი, ერთი ვენახი და ორი ქულბაქი, სახსრად სულისა ჩემისა. რამანცა ადამის მონათესავემან ამა ეკლესიაზედა მჯდომს კაცზედა ნასად ხელი დადვას ან ეს არ გაუთაოს, ღმერთმან მას ნურა გაუთაოს რა. ამინ კირიალეისონ“ (შანიძე 1940: 6).

სავაჭრო უბანში აღმოჩნდა აგრეთვე გუმბათოვანი, აგურით ნაგები ეკლესიის ნაშთები (7,5X7,5 მ) (ზაქარაია 1975: 127).

ქალაქს ქედის დაბოლოებაზე გადმოჰყურებს კონცხზე განლაგებული მთავარანგელოზის ანსამბლი. კონცხი შემოსაზღვრულია გალავნით, რომელშიაც ჩაშენებულია კოშკები. გალავნის ზედა ნაწილი არ არის შემორჩენილი. ციტადელში მთავარი შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდანაა. გალავანს სათოფურები 4-5 მ დაცილებით აქვს ჩატანებული. კოშკები შემორჩენილია მეორე სართულის დონეზე; გალავანს მოსახვევებში, გარედან, კონტრფორსები დაუყვება. ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით; ზოგან კუთხეებში გამოყენებულია აგური (22X23X4 სმ). მასში შეიმჩნევა სხვადასხვა დროის საამშენებლო ფენები. გალავნის შიგნით ძირითადი ნაგებობაა მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც ლეონ მეფის (1520-1574) ბრძანებითაა აგებული. მეფე აქვე, ეკლესიაშია დაკრძალული. ტაძრის დასავლეთის კედელზე გამოხატულია ლეონ მეფე (რომელსაც ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს), ზედა მხარეს ასომთავრული წარწერით: „მეფე ლეონ აღმშენებელი“ (ზაქარაია 1975: 25). ეკლესიის დასავლეთი კარის თავზე, ინტერიერის მხრიდან, შემონახულია ბერძნული წარწერა: „ქ. აღიმართა და განახლდა ღვთაებრივი და ყოვლადწმინდა ტაძარი ყოველთა უდიდესთა მიქაელისა და გაბრიელისა, სახელოვანი მეფის ლეონის შეწევნით, ხარჯით, გულმოდგინებითა და შრომით, მაშინ, როდესაც მღვდელმთავარი იყო ნიკოლოზი, (1577წ.) აგვისტოს თვის 29-ს, მეოთხე დღეს, საბას წინამძღვრობის დროს ... ქარტულარიოსი, ბერმონაზონი და პროტოსვინგელოზი სალონიკელი“ (ყაუხჩიშვილი 1951: 332-335). ტაძარში რელიგიური ხასიათის სხვა მოკლე ქართული და ბერძნული წარწერებიცაა (ყაუხჩიშვილი 1951: 332-335). მთავარანგელოზის ეკლესია (16X12,5 მ, სიმაღლე 20 მ) ცენტრალურ-გუმბათოვანი ტიპისაა. აფსიდა ნახევარწრიულია და აქვს მოგრძო სარკმელი. საკურთხევლის გვერდებზე სადიაკვნე და სამკვეთლოა. ინტერიერში შეისრული ტიპის თაღებია. ეკლესიას სამი მხრიდან აქვს თითო-თითო შესასვლელი. ტაძარი ნაგებია აგურით (21X21X4 სმ), შიგადაშიგ ურევია რიყის ქვაც. ეკლესია თავდაპირველად მოჭიქული კრამიტით ყოფილა გადახურული (ჩუბინაშვილი 1959: 440-454; ზაქარაია 1975: 27-30).

მთავარანგელოზის ეკლესიის სამხრეთით დგას „პალატი-სამრეკლო“, რომელიც მთავარანგელოზზე უფრო ადრინდელ ნაგებობად ითვლება. ეს არის კოშკურა ტიპის სამსართულიანი (თავზე სამრეკლოთი) ნაგებობა, რომელიც რამდენიმე საამშენებლო ფენას შეიცავს. პირველ სართულზე განლაგებულია კამარით გადახურული დარბაზი (10X6 მ), რომელიც დანარჩენ სართულებს შიდა კიბით უკავშირდება. „პალატი-სამრეკლო“ ნაგებია აგურით (24X24X6; 25X25X6 სმ) (ზაქარაია 1975: 36-44). ციტადელის შიგნით, სამრეკლოს სამხრეთით და გალავნის ჭიშკართან, თხრილებში აგურითა და ფლეთილი ქვით აშენებული სხვადასხვა ნაგებობის ნაშთებია. არქეოლოგიური მონაპოვარი – კერამიკა, აქ გვიანი შუა საუკუნეებისაა (ზაქარაია 1975: 44-46).
 
ბიბლიოგრაფია: ამირანაშვილი 1961: 396, 397; ბარნაველი 1959: 116; ბერიძე 1974: 171-173; გორგიჯანიძე 1913: 21; გორდეევი 1919: 9; გიულდენშტედტი 1962: 33; დადიანი 1962: 140; ზაქარაია 1975; იოსელიანი 1850: 43, 44; მუნში 1969: 17, 85; კოხი 1981: 238, 245-247; კიკნაძე 1880: 39-44; მამულაშვილი 1936: 170-173; 1947: 167-193; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 64; მარკოვი 1904: 402; მესხია 1959: 101; ორბელიანი 1981: 157; სიგელები ... 1891: 94, 95; ქართულ-სპარსული ... 1955: 43; ქც 2: 383,2; ქც 4: 546,14; 552,8; 568,4,10; 571,26; 573,2; 578,4; 583,12; 584,2; 585,10; ქრონიკები 1897: 374, 375, 380, 463; 1967: 184, 195; ყაუხჩიშვილი 1951: 332-335; შანიძე, ფუთურიძე 1940: 5-11; ჩელები 1978: 133; ჩუბინაშვილი 1956: 447-450; ცხოვრება ... 1980: 97, 102; ჭილაშვილი 1980; ჭილაშვილი, გიუნაშვილი 1972: 122-138; ხერხეულიძე 1913: 276; ჰასან რუმლუ 1966: 21, 22, 26.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9