(ქც 4: 138,8). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 138,8), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 275,2), „ძეგლი ერისთავთა“ (ძე 1954: 344, 345).
მდებარეობს ახალგორის მუნიც-ში, ქსნის ხეობაში, მდ. ალეურას მარჯვენა შენაკად გრუისხევის შუა წელზე.
ახ. წ. VI ს-ში ცხრაზმისხეველთა და ქსნისხეველთა შორის პირველობისათვის ბრძოლა მიმდინარეობდა. გრუის ციხეს იმ დროს ქსნისხეველები ფლობდნენ. ცხრაზმისხეველებმა გრუის ციხეს ალყა შემოარტყეს. როსტომ ერისთავმა აიღო ზედა ციხე. გრუელები ქვედა ორ ციხეში გამაგრდნენ და ზავი ითხოვეს. იმავე ღამეს ცხრაზმისხეველებმა ქვედა ციხეებიც დაიკავეს და ციხის ზღუდე-ნაგებობები დაანგრიეს (ძე 1954: 344, 345). 975 წ. ახლო ხანებში ქართლის აზნაურებმა იხმეს კახელები და გადასცეს უფლისციხე, რომელიც იმ დროს ბაგრატ III-ს ეკავა. მაშინ ტაო-კლარჯეთის მთავარი დავით III კურაპალატი, ბაგრატის მამობილი, თრიალეთში გადმოვიდა კახეთზე გასალაშქრებლად. კახელებმა ზავი ითხოვეს. ქართლი და უფლისციხე ბაგრატ III-ს დაუბრუნეს. წირქუალის ციხე და გრუი კი თვითონ დაიკავეს (ქც 1: 275,1,2). იგივე ამბავს ვახუშტი ბაგრატიონიც აღწერდა იმ განსხვავებით, რომ გრუის გრუვის ფორმით მოიხსენიებდა (ქც 4:138,1-9).
გრუის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
ციხე აშენებულია შემაღლებულ, ჩრდილო-სამხრეთ ხაზზე 200-ოდე მ-ით წაგრძელებულ გორაკზე, რომელსაც სამი მხრიდან წყალი უვლის. თხემის სიგანე 80 მ-დეა. ციხის ქვედა, სამხრეთი ნაწილი გალავნითაა შემოზღუდული, სადაც სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები და 6 მ დიამეტრის მქონე სათოფურებიანი ცილინდრული კოშკია შემორჩენილი. გალავნისა და სხვა ნაგებობათა კედლები ნაშენია რიყისა და კლდის ფლეთილი ქვებით დუღაბზე. ჩრდილოეთი, გალავნით შემოზღუდული ზედა ნაწილი უფრო დაზიანებულია. იქ შეინიშნება ზურგიანი კოშკის ნაშთი და სხვადასხვა ნაგებობები, რომლებიც ნაშენია კლდის ფლეთილი ქვებით დუღაბზე. გარდა სათოფურებიანი ცილინდრული კოშკისა, ციხის ნანგრევები ადრე შუა საუკუნეებით თარიღდება (გვასალია 1967: 43).
- ბიბლიოგრაფია: გვასალია 1967: 43; ქც 1: 275,1,2; ქც 4: 138,8; ძე 1954: 344, 345.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.