(ქც 1: 281,2). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 281,2), XI ს-ის ქართული ხელნაწერის სქოლიო (ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდი ფ. №97:436), გიორგი მთაწმინდელის სვინაქსარი, გელათის მეტაფრასული რედაქცია (გეორგიკა 1952: 413-415), „ორენტიოსისა და ძმათა მისთა მარტვილობა“ (გეორგიკა 1952: 413), ნუსხა ყველა თანამდებობისა და მმართველობისა, როგორც სამოქალაქო ისე სამხედროსი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეებში (გეორგიკა 1961: 175), ბასილი სოფენელის საეკლესიო კათედრათა ნუსხები (გეორგიკა 1952: 130, 140, 142, 144, 181, 184), დიუბუა დე მონპერეს „მოგზაურობა კავკასიაში“ (დიუბუა დე მონპერე 1937: 161, 164).
მდებარეობს გალის მუნიც-ში, ქ. ოჩამჩირიდან 10 კმ-ის დაშორებით, ახლანდელი სოფ. გუდაყვას ტერიტორიაზე.
გუდაყვა სხვადასხვა წყაროში სხვადასხვა სახელით იხსენიება: გუდაყვა (ქც 1: 281,2), ზიღანევი (XI ს-ის ქართ. ხელნაწერი; ორენტიოსისა და ძმათა მისთა მარტვილობა).
III-IV სს-ში საეკლესიო ცენტრია. ზიღანევში დაუკრძალავთ ორენტიოსის თანამოღვაწე კირიაკი. IV-V სს-ში რომაული გორნიზონის – ვალენტის II კოჰორტის სადისლოკაციო პუნქტია (ლექვინაძე 1969: 88-99), რასაც ზოგიერთი მკვლევარი უარყოფს (ლომოური 1981: 215). VII-XII სს-ში გუდაყვაში საეპისკოპოსო კათედრაა (ბერძენიშვილი 1966ა: 299).
1965-1972 წწ. სოფ. გუდავას ტერიტორიაზე გათხრებს აწარმოებდა ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გუდაყვას არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. პ.ზაქარაია). 1974 წ. სადაზვერვო ხასიათის სამუშაოების ჩატარებისას იქ გამოვლინდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარი, სადაც აღმოჩნდა ქსოვილიანი კერამიკის ფრაგმენტები, თიხის სადგარები, ქოთნების ნატეხები, ბრინჯაოს შუბისპირი, რკინის ცული (შამბა 1984: 5, 8). IV-V სს-ის ნამოსახლარი მდებარეობს სოფელ გუდავას ტერიტორიაზე, მდ. ოქუმის მარცხენა ნაპირზე.
ნამოსახლარის ტერიტორიაზე გამოვლენილია რომაული ხანის სასიმაგრო ნაგებობის ნაშთი. სამხრეთ-დასავლეთის კედლის ნაშთის სიმაღლე 60 სმ, სიგანე – 1 მ. აღმოსავლეთის კედლის სიგრძე 110 მ. ნაგებია რიყის ქვით. თავდაცვითი ნაგებობის ნაშთები სწორკუთხოვანი გალავნის ნაწილი უნდა ყოფილიყო (ზაქარაია, ლექვინაძე 1974: 141, 143).
გუდავის IV-V სს-ის ნამოსახლარზე გამოვლენილია ბაპტისტერიუმის ნანგრევები (10,6X7 მ). სწორკუთხაა, აღმოსავლეთის მხარეზე ნახევარწრიული შვერილი აფსიდით. ნაგებია რიყის ქვებით (ზაქარაია, ლექვინაძე 1974: 140; ხრუშკოვა 1985: 71). ნამოსახლარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ადრეანტიკური შავლაკიანი ჭურჭლის ფრაგმენტები; IV ს-ის მინის ფეხიანი სასმისები და ე. წ. „ხალიანი“ ჭურჭლის ფრაგმენტები; IV ს-ის რომაელი იმპერატორების – კონსტანტინე დიდისა და ლიცინუსის სპილენძის 16 მონეტა; IV-V სს-ის ყავისფერთიხიანი და ყვითელ-წითელთიხიანი ამფორების, მცირეაზიური წარმომავლობის წითელლაკიანი ლანგრების, ლუთერიუმების, ადგილობრივი ქოთნებისა და დოქების ნატეხები; უხვადაა წარმოდგენილი აგურისა და კრამიტის ფრაგმენტები (ზაქარაია ლექვინაძე 1974: 141, 144, 145; ზამთარაძე 1979: 69-78).
- ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1966ა: 299; გეოგრიკა 1952: 130, 140, 142, 144, 181, 184, 413-415; 1961: 175; დიუბუა დე მონპერე 1937: 161, 164; ზამთარაძე 1979: 69-78; ზაქარაია, ლექვინაძე 1974: 141, 144, 145; ლომოური 1981: 215; ქც 1: 281,2; შამბა 1984: 5, 8; ხრუშკოვა 1985: 71.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.