ციხე (ქც 4: 790,22, სქ. 7).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 790,22, სქ. 7). 1689 წ. საჩივარი გიორგი ნაკაშიძისა გიორგი მამულაიშვილზე (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 474, 475), შემოქმედის ქრონიკები (ქრონიკები 1967: 489).
ვახუშტი ბაგრატიონი გურიანთას შესახებ გადმოგვცემს: „სუფსეის სამხრით და ბაილეთის ჩდილოთ არს გურიანთას ციხე, კლდე-გორასა ზედა შენი“ (ქც 4: 790,21,22, სქ. 7).
მდებარეობს ოზურგეთის მუნიც-ში, მდ. სუფსასა და ნატანებს შორის, თანამედროვე სოფ. გურიანთას ტერიტორიაზე.
წყაროებში იხსენიება XVIII ს-ში, როგორც სადავო ტერიტორია ნაკაშიძესა და ერისთავს შორის (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 474, 475). XVIII ს-ის 70-იან წლებში თურქების მიერ ქვემო გურიის დაპყრობის შედეგად აყრილი მოსახლეობა გურიელმა გურიანთაში დაასახლა. XVIII ს-ში გურიანთა ნაკაშიძეებს ეკუთვნოდა. XIX ს-ის მეორე ნახევრიდან ეს ადგილი იხსენიება გურიანთას უბნად (ბაქრაძე 1987: 228) ან სოფელ გურიანთად. გურიანთას ძველი სახელწოდებაა „გურიამთა“ (ჩხატარაიშვილი 1985: 10).
გურიანთას ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო 1949 წ. ნაქალაქარ ვაშნარის გათხრებით, რომელსაც აწარმოებდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის ისტორიულ-გეოგრაფიული ექსპედიცია (ხელმძღ. გ. გობეჯიშვილი). 1963 წ. გურიანთაში არქეოლოგიური დაზვერვები და გათხრები ჩაატარა იმავე ინსტიტუტის ისტორიულ-გეოგრაფიულმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. ნ. ბერძენიშვილი), რომლმაც გამოავლინა ნეოლითური, ბრინჯაოსა და რკინის ხანის, აგრეთვე გვიანი შუა საუკუნეების ნამოსახლარები (ვაშაკიძე 1971: 5, 6; ნებიერიძე 1972: 9). 1965 წ. ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღ. ა. ინაიშვილი) ვაშნარის ნაქალაქარზე განაახლა გათხრები (ინაიშვილი 1973: 16). 1991-1994 წწ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის გურიის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ვ. სადრაძე) გურიანთას ტერიტორიაზე სადაზვერვო და მცირე გათხრითი სამუშაოები ჩაატარა (სადრაძე, ძნელაძე ... 1996: 64).
გურიანთას ნეოლითური ნამოსახლარი მდებარეობს გურიანთას თემის სოფ. ციხისფერდში, მდ. სკურდუმის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ბორცვზე. ნამოსახლარის მასალა შედგება იარაღების, წარმოების ნარჩენებისა და კერამიკისაგან. დანიშნულებისა და გამოყენების მიხედვით მასალა დაიყო შემდეგ ჯგუფებად: ნუკლეუსები (კონუსური და პრიზმული სახის), ანატკეცები, ანამტვრევები, ლამელები, საფხეკები, საჭრისები, სახერხები, კომბინირებული იარაღები, გეომეტრიული მიკროლითები, რიყის ქვის იარაღები, ცულები, სათლელ-სატეხები, ჩაქუჩები და სხვა. თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები ქილისებური მოყვანილობისაა, ბრტყელძირა, პირგადაშლილი, უყურო. არათანაბრად გამომწვარი კეცი შეიცავდა კირის, კვარცისა და ქარსის მინარევებს. გურიანთას ნამოსახლარი წარმოადგენს გვიან ნეოლითურ ძეგლს (ნებიერიძე 1972: 56-61, 71). მასალა ინახება ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში.
გურიანთას ერთ-ერთ ბორცვზე, რომელზეც მდებარეობს „ნაკაშიძეების ციხე,“ აღმოჩნდა ადრეანტიკური ხანის სქელკედლიანი ქვევრის ნატეხები, დერგები, პითოსები, იმპორტული ამფორები და ა. შ. იქვე გამოვლინდა ელინისტური ხანის ქვევრები, სინოპური ამფორის ძირი, კოლხური სასმისები, ქუსლიანი ჯამების ფრაგმენტები, სინოპური ჯამის ნატეხი, კრამიტის ნატეხი და სხვა (ვაშაკიძე 1971: 7-27). მასალა ინახება ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში.
ვაშნარის ციხე-ქალაქი მდებარეობს სოფ. გურიანთას ტერიტორიაზე, მდ. სკურდუმისა და ნატანების შესართავში, შემაღლებულ ადგილას. სამი მხრიდან დაცულია ფლატენაპირიანი მდინარეებით. აღმოსავლეთიდან გამაგრებულია ქვის მტკიცე, ორმაგი ზღუდით, რომელიც ნაწილობრივ მდინარეების ნაპირებს გასდევს. შიდა ციხეს შემოუყვება წახნაგოვანი ფორმის გალავანი, რომელშიც ყოველი 40 მ-ის კვადრატული კოშკებია (8X8 მ). ციხე-ქალაქის გარე და შიდა გალავანი ნაგებია კვადრებით, ფლეთილი და რიყის ქვით კირხსნარზე.
შიდა ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში გამოვლინდა სამნავიანი ბაზილიკა, რომლის აფსიდა ხუთწახნაგაა და გალავნის გარეთაა მოქცეული. ბაზილიკა ნაგებია ბაზალტის კვადრებითა და კვადრატული აგურებით კირხსნარზე. კარიბჭე დასავლეთიდანაა. ნახევარწრიული, საფეხურებიანი საკურთხევლის იატაკი მოპირკეთებულია მარმარილოს ფილებით. ბაზილიკის სამხრეთი კედლის ქვეშ აღმოჩნდა თიხის მილებით შედგენილი წყალსადენი. ბაზილიკა პირველად მიიჩნიეს სპარსულ საკურთხევლად, შემდეგ აბანოდ (ბაქრაძე 1987: 232). ბაზილიკის ჩრდილოეთით, გალავნის გასწვრივ გამოვლინდა ორსართულიანი ნაგებობა (12,15X15,1 მ). ქვედა სართული ღორღით იყო ამოვსებული. ზედა სართულში, რომელიც ოთხი სენაკისაგან შედგებოდა, აღმოჩნდა: თიხის ორი სარკოფაგი, ბაზისები, იმპოსტები, სვეტისთავები, კრამიტები. ნაგებობა მიიჩნიეს სამლოცველოდ (გობეჯიშვილი 1952: 155), მავზოლეუმად (ლექვინაძე 1961: 158-165). ციხე-ქალაქი დათარიღდა V-VIII სს-ით (გობეჯიშვილი 1952: 155; ლექვინაძე 1961: 164, 165). ვაშნარი „უჩინარი-უჯინარის“ სახელითაც იყო ცნობილი. გამოთქმულია მოსაზრება ვაშნარისა და პეტრას იგივეობის შესახებ (ბაქრაძე 1987: 231; სახოკია 1950: 15).
გურიანთას, ანუ ნაკაშიძეების ციხე მდებარეობს სოფ. გურიანთას ერთ-ერთ ბორცვზე. მისი გალავნის ერთი ნაწილი მდ. ნატანებამდე, ხოლო მეორე – მდ. სკურდუმამდე ჩადის. შემორჩენილია ციხის ნანგრევები (ვაშაკიძე 1971: 8). გურიანთას ციხის ტერიტორიაზე დგას ღვთისმშობლის სახელზე აგებული ეკლესია. ეკლესია მოხატულია. ერთი გამოსახულების ქვევით წარწერაა: „მამუკა ნაკაშიძე“. გურიანთას ციხე და ეკლესია XVII ს-ის დასაწყისშია აგებული (ბაქრაძე 1987: 228, 229; კალანდაძე 1996: 121). ეკლესიაში აღმოჩნდა წარწერიანი ხატები: 1. ღვთისმშობლის ვერცხლის ხატი, მხედრული წარწერით: „აღვაშენე ციხე ეს გურიანთისა ... მოიჭედა ხელითა ... ოქრომჭედლის იოვანესი და დეკანოზისა ეფრემ ცერცვაძის...“. წარწერა დაზიანებულია. ციხის ამშენებლის სახელი ვერ იკითხება. 2. წმინდა მარინეს ხატი მხედრული წარწერით: „ქ. მოგჭედა ხატი მთავარანგელოზის და წმიდისა მარინესი ბატონის შვილმან მამია და მეუღლემან მისმან თინათინ ...“. ეს წარწერა და ღვთისმშობლის ხატის წარწერა ერთი და იგივე ხელით არის ამოჭრილი და ერთმანეთის მსგავსია. შესაძლოა, გურიანთას ციხის ამშენებელი მამია გურიელია (1600-1625) (თაყაიშვილი 1907: 31); 3. მაცხოვრის ვერცხლის ხატი მხედრული წარწერით: „შევამკე ესე მაცხოვრის ხატი ერისთავის ასულმან ეფემიამ“. 4. ღვთისმშობლის ვერცხლის ხატი რელიგიური შინაარსის ხუცური წარწერით (თაყაიშვილი 1907: 31-34). აღნიშნული ხატების შენახვის ადგილი დღეისათვის ცნობილი არ არის. გურიანთას ციხის აღმოსავლეთით შემორჩენილია XVII ს-ის დასაწყისის დარბაზული ტიპის ეკლესია (კალანდაძე 1996: 121).
გურიანთას უბანში, სოფ. ციხისფერდში, მთაზე შემორჩენილია ციხის კედლების ნანგრევები. ციხე გეგმაში სწორკუთხედის ფორმისაა. ნაგებია ფლეთილი ქვით. მასთან ახლოს დგას გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული ტიპის დაზიანებული ეკლესია (კალანდაძე 1996: 121).
ვაშნარში აღმოჩნდა VI-VIII სს-ის რელიგიური ხასიათის ბერძნულწარწერიანი ქვა (22X33,5X12,5 სმ) (ყაუხჩიშვილი 1951: 110-112). ქვა ინახება ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში.
- ბიბლიოგრაფია: ბაქრაძე 1987: 228, 232; გობეჯიშვილი 1952: 154-156; 1996: 165-180; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 474, 475; ვაშაკიძე 1971: 5-27; თაყაიშვილი 1907: 30-34; 1907ა: 28-30; 1907ბ: 90-92; ინაიშვილი 1973: 3-37; კალანდაძე 1996: 118-121; ლექვინაძე 1961: 153, 154, 158; ნებიერიძე 1972: 56-61; 1996: 64, 65; სადრაძე, ძნელაძე ... 1996: 22-40; სახოკია 1950: 15; ქრონიკები 1967: 489; ქც 4: 790,22,სქ.7; ყაუხჩიშვილი 1951: 110-112; ჩხატარაიშვილი 1985: 10; ჭანიშვილი, სადრაძე 1996: 41, 45.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.