სოფელი (ქც 4: 346,22).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 346,22), XI-XIX სს-ის ისტორიული დოკუმენტები (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 262; ქრონიკები 1967: 45; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 744; 1981: 55, 56, 57), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 473, 490).
ვახუშტი ბაგრატიონი გუჯარეთის შესახებ გადმოგვცემს: „გომარეთს ზეით ჭვარებამდე არს ხეობა გუჯარეთისა ... გუჯარეთის სოფელს ქუეით ... არს კლდე“.
მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, თორში, მდ. გუჯარეთისწყლის ზემოთ, თრიალეთის ქედის ჩრდილო კალთაზე, ბორჯომიდან 40 კმ-ში.
გუჯარეთში გადიოდა გზა ყარაბულახიდან თრიალეთზე, თორის მთის გავლით. აქედან თოთხამის უღელტეხილით აბუხალოზე და გვეძინეთზე (ბერძენიშვილი 1966: 41, 45; ბერძენიშვილი, გიორგაძე ... 1987: 13).
გუჯარეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
სოფ. გუჯარეთთან, დასავლეთით, ხევგაღმა, შემაღლებულ ადგილზე დგას წმინდა ნიკოლოზის დარბაზული ეკლესია, ნაგები რუხი ფერის უხეში ქვათლილებით. სამხრეთიდან არსებული შესასვლელის არქიტრავზე ჯვარია გამოსახული. ეკლესიას აქვს სამი სარკმელი. მას გარს უვლის გალავანი, რომლის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. ეკლესია XVI-XVIII სს-ით თარიღდება. XIX ს-ში ეკლესია გადაუკეთებია ბერძენ ოსტატს (გუჯარეთი 1987: 13).
სოფლის მახლობლად, სამხრეთით, ნარიანისკენ მიმავალ გზაზე XIII ს-ის ორი ქვაჯვარია, რომლებზეც რელიეფური ჯვარია გამოსახული.
- ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1966: 41; ბერძენიშვილი, გიორგაძე ... 1987: 13;D გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 473, 490; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 262; ქართ. სამართ. ძეგ. 1970:744; 1981:55-57; ქრონიკები 1967: 45; ქც 4: 346,22.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.