(ქც 4: 508,5). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 508,5), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 67; საქ. სიძ. 1909: 149; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 255), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 279; 1974: 675), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 66), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 41), იოჰან გიულდნშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 101, 103, 179, 277, 279; 1964: 27, 65).
მდებარეობს ჯავის მუნიც-ში, მდ. ლიახვის მარცხენა მხარეს, თანამედროვე სოფლების – დიდი გუფთისა და პატარა გუფთის ტერიტორიაზე (ხარაძე 1992: 123).
პირველად იხსენიება XVI-XVII სს-ის სიგელ-გუჯრებში მიწის ნასყიდობის თაობაზე (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 67; საქ. სიძ. 1909: 149). 1725 წ. ოსმალების წინააღმდეგ აჯანყებულმა ქართლელებმა კახეთის მეფე კონსტანტინე (1722-1733) მოიწვიეს, რომელმაც შეკრიბა კახელები, თუშები, ფშავ-ხევსურები და შემოვიდა ქართლში. ბრძოლა მოხდა გუფთასთან (ქც 4: 508,5). 1736 წ. მეფე ალექსანდრემ გიორგი მაჩაბელს ჯავის ხეობა და სოფ. გუფთა უწყალობა (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 255). ზოგიერთ წყაროში გუფთა „გუფთი“-ს ფორმით გვხვდება (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 279).
ის არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
გუფთაში შემთხვევით აღმოჩნდა ადრებრინჯაოს ხანის ყუამილიანი ცული, რომელიც ინახება ცხინვალის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (მუსხელიშვილი, ცქიტიშვილი 1960: 191; ტეხოვი 1971: 54).
სოფელში შემორჩენილია ეკლესიისა და ციხის ნანგრევები. გვიანი შუა საუკუნეების წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ციხის ნანგრევები მდებარეობს დიდი ლიახვის ნაპირას, სოფ. პატარა გუფთის აღმოსავლეთით, 300 მ-ის დაშორებით, გორაკზე. ნაგებია რიყის ქვებით, დუღაბზე. მის დასავლეთ ნაწილში სწორკუთხა კოშკია (10X7,2 მ). ციხე სამსართულიანი ყოფილა. შემორჩენილია კოშკის ქვედა სართული, რომელსაც შესასვლელი აქვს ჩრდილოეთიდან. კოშკიდან აღმოსავლეთით მიემართება ერთმანეთისაგან 9 მ-ით დაშორებული გალავნის ორი კედელი. ჩრდილოეთი კედელი გრძელდება 70 მ-ზე. ციხე გვიანი შუა საუკუნეებისაა (მაკალათია 1971: 21; გვასალია 1982: 42).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 41; ბერძენიშვილი 1944: 173-211; 1965: 162; გვასალია 1982: 39-42; გვრიტიშვილი 1955: 405, 406; გიულდენშტედტი 1962: 101, 103, 179, 277, 279; 1964: 27, 65; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 255; მაკალათია 1971: 6, 17; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 67; მუსხელიშვილი, ცქიტიშვილი 1960: 185-198; ორბელიანი 1981: 66; საქ. სიძ. 1909: 149; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 279; 1974: 675; ქც 4: 508,5; ხარაძე 1992: 123; ტეხოვი 1971: 54.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.