და დე დვ დი დმ დო დრ დუ
დად დავ დამ დან დარ

დარიალის ციხე


(ქც 1: 49,8). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“ (ქც 1: 49,8), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 65,10, 358,13), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მეორე ტექსტი (ქც 2: 443,20), „ძეგლი ერისთავთა“ (ძე 1954: 347), მოვსეს ხორენაცის „სომხეთის ისტორია“ (ხორენაცი 1984: 145), იბნ ალ-ფახიკის, მასუდის, იბნ-რუსტეს თხზულებები (იბნ ალ-ფახიკი 1902: 15, 31; მასუდი 1908: 53; იბნ-რუსტე 1963: 221), „ჰუდუდ ალ-ალემი“ (ჰუდუდ ალ-ალემი 1930: 31), 1733 წ. რუსული რუკა (დოკ. საქ. ჩრ. კავკ. 1968: 118, 119;), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1964: 33, 181), რიჩარდ უილბრაჰიმის „მოგზაურობა საქართველოში“ (უილბრაჰიმი 1990: 25).

მდებარეობს ყაზბეგის მუნიც-ში, დარიალის ხეობაში, ყაზბეგიდან ჩრდილოეთით, ათიოდე კმ-ის დაშორებით, მდ. თერგის მარცხენა ნაპირის შემაღლებულ კლდეზე.

პლინიუსთან (ახ. წ. I ს) მოხსენიებულ სიმაგრე კუმანიას (პლინიუსი VI, 30) დარიალის ციხესთან აიგივებენ (დოლიძე, შმერლინგი 1956: 74; წითლანაძე 1977: 93). სხვა მოსაზრებით კუმანია დღევანდელი ქუმლის ციხეა (მურავიოვი 1988: 160). ხალხურ მეტყველებაში მას თამარის ციხეს უწოდებენ (ითონიშვილი 1971: 145).

ციხეს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა. ის იცავდა აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიიდან მომთაბარე ტომების შემოტევებისაგან. ციხის ტერიტორიაზე გადიოდა ჩრდილოეთ კავკასია-სამხრეთ კავკასიის დამაკავშირებელი ერთ-ერთი ძირითადი მაგისტრალი. ხეობის ვიწრო გასასვლელში ძვ. წ. II ს-ში ციხე (კარი) აუშენებია იბერიის მეფე მირვანს (ქც 4: 358,13-15). ახ. წ. I ს-ში ხეობა ჩაკეტილი ყოფილა მტკიცე კედლით. იქვე მდგარა სიმაგრე კუმანია (პლინიუსი VI, 30). ახ. წ. I ს-ის 70-იან წლებში ქართველთა ლაშქარმა ჯავახეთში სძლია სომეხთა უფლისწულ ზარენს. ტყვედ ჩავარდნილი უფლისწული დარიალის ციხეში გამოუმწყვდევიათ (ქც 1: 49,8; ქც 4:65,10; ხორენაცი 1984: 145). ვახტანგ გორგასალს დარიალის ხეობაში მძლავრი საფორტიფიკაციო სისტემის მშენებლობა წამოუწყია (ქც 1: 156,19-22). ზოგი არსებული სიმაგრე, მათ შორის, დარიალის ციხე საიმედოდ გაუმაგრებია. რაზეც მიუთითებს მის ტერიტორიაზე შემორჩენილი V ს-ის მიწურულისა და VI ს-ის დასაწყისის ზღუდის კედლები (მინდორაშვილი 1991: 3). VI ს-ის 30-იანი წლებიდან დარიალის ციხეზე ირანელებმა დააწესეს კონტროლი (მქ 1964: 94,32-39, 95,1-4). VII-VIII სს-ში, არაბ-ხაზართა ბრძოლების დროს ორივე მხარე ხშირად იყენებდა დარიალის გასასვლელს. ამასთან დაკავშირებით არაბი ისტორიკოსები დარიალის ციხეს არაერთგზის მოიხსენიებენ. თუმცა მათი ცნობები ხშირად მცდარია. იბნ ალ-ფახიკი დარიალის მშენებლობას ხოსრო ანუშირვანს (531-579) მიაწერდა (იბნ ალ-ფახიკი 1902: 15). ზოგი არაბული წყარო დარიალის სიმაგრეს ალანთა ციხედ თვლიდა (იბნ რუსტე 1963: 221; ჰუდუდ ალ-ალემი 1930: 31). მათ შეცდომისკენ უბიძგებდა ხეობის გვიანდელი სახელწოდება დარიალანი (ალანთა კარი) და ალანთა წინააღმდეგ მიმართული ციხე ალანებს მიაკუთვნეს (გვასალია 1976: 148). ალანური კულტურის ზოგიერთი მკვლევარი უკრიტიკოდ იყენებს რა არაბულ წყაროებს, დარიალის ციხეს ალანურ სიმაგრედ მიიჩნევს (ნოვოსელცევი 1969: 132, 133; კუზნეცოვი 1971: 156; 1984: 144). ციხე ფუნქციონირებდა გვიან შუა საუკუნეებშიც, რაზეც მეტყველებს იქ შემორჩენილი ნაგებობები და არქეოლოგიური მასალა (ზაქარაია 1988: 53; მინდორაშვილი 1991: 5). 1733 წ. რუსული რუკის მიხედვით დარიალის ციხე მიტოვებული სიმაგრეა (დოკუმენტები ... 1968: 118, 119).

გამოთქმულია მოსაზრება, რომ ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში მოხსენიებული „დავითის ციხე“, რომელსაც ის დარიალის ხეობაში მიუთითებდა (ქც 4:358,12), ადგილმდებარეობის მიხედვით ზუსტად ემთხვევა ლეონტი მროველის მიერ მოხსენიებულ „დარიალის ციხეს“ (ქც 1: 49,8). ამდენად, დარიალის, იგივე დავითის ციხე უნდა იყოს (მინდორაშვილი 2001ა: 45-50).

1878 წ. ციხეზე დაზვერვითი სამუშაოები უწარმოებია ფ. ბაიერნს (ბაიერნი 1885: 41-51). 1934-1935 წწ. ნ. მარის სახ. მატერიალური კულტურის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ა. კრუგლოვი) ციხეზე ჩაატარა მცირე მასშტაბის გათხრები. ზედა ციხეზე აღმოჩენილი მასალა, უმთავრესად კერამიკა და მინის ნივთები ა. კრუგლოვმა VIII-IX სს-ით დაათარიღა (კრუგლოვი 1937: 247). 1962-1963 წწ. ციხის ტერიტორიაზე გამავალი გაზის სადენის მშენებლობის გამო, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. გ. გობეჯიშვილი) შეისწავლა ციხის სხვადასხვა უბანი. იქ აღმოჩენილმა ე. წ. სკვითური ტიპის ბრინჯაოს ისრისპირმა, ცხოველის გამოსახულებიანმა ბრინჯაოს ქინძისთავმა და კერამიკის ერთმა ჯგუფმა დაადასტურა, რომ ციხის ტერიტორიაზე პირველ საუკუნეზე ადრინდელი ფენებიც უნდა იყოს წარმოდგენილი (წითლანაძე 1963: 32). ნაგებობის სამხრეთით, ფერდობის ძირთან გაითხარა ნამოსახლარის ნაშთები. შენობები ნაგები იყო ფიქალისა და ქვიშაქვის დიდრონი დაუმუშავებელი ქვებით. წყობა მშრალია. ნაგებობებში გამოვლინდა: ადრე და განვითარებული შუა საუკუნეების თიხის ჭურჭლის ნატეხები, რკინის ისრისპირები, დანის ფრაგმენტები, ბრინჯაოს სამჯურის ნატეხი და სხვ. ციხის სამაროვანზე გაითხარა ადრე და განვითარებული შუა საუკუნეების აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი მცირეინვენტარიანი და უინვენტარო ქვის სამარხები (წითლანაძე, გობეჯიშვილი 1964: 25; წითლანაძე 1977: 95-99). ექსპედიციამ დარიალის ციხის ჩრდილოეთით, სოფ. ლარსთან შეისწავლა წყალდიდობისაგან გადარეცხილი ადრე შუა საუკუნეების სამარხები, რომლებშიც აღმოჩნდა: თიხის ჭურჭელი, რკინის მშვილდსაკინძი, სხვადასხვა მასალისა და ფორმის მძივები (წითლანაძე 1963: 32, 33). 1966 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიციის (ხელმძღ. გ. გობეჯიშვილი) მიერ გაითხარა დარიალის ციხის ჩრდილოეთით, მდ. თერგის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ „გიგიას სათიბთან“ შემთხვევით გამოჩენილი სამაროვანი, სადაც აღმოჩნდა აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი ქვის სამარხები. შესწავლილ იქნა 16 მათგანი. ინვენტარი წარმოდგენილი იყო თიხის ჭურჭლით, ბრინჯაოს აბზინდებითა და მშვილდსაკინძებით, რკინის დანებით, მინის სამაჯურებითა და ბეჭდებით, მძივებით, IX ს-ის ვერცხლის ორი არაბული მონეტითა და სხვა (წითლანაძე ... 1967: 76, 77). 1972 წ. სამაროვანზე მუშაობა გააგრძელა იმავე ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. რ. რამიშვილი). გაითხარა აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი 38 ქვის სამარხი. ზოგიერთ მათგანში აღმოჩნდა რკინის დანები, ბრინჯაოს სამაჯურები, ვერცხლის სარკეები, სასაფეთქლე რგოლები, ბრინჯაოს ბეჭდები, მძივები, მინის ჭურჭელი და სხვა (რამიშვილი ... 1973: 86, 87). 1988-1989 წწ. ახალი გაზსადენის მშენებლობის გამო, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. რ. რამიშვილი) განაახლა გათხრები დარიალის ციხის ტერიტორიაზე. სამუშაოები რამდენიმე უბანზე წარმოებდა. ციხის ჩრდილოეთ კარიბჭესთან ადრე შუა საუკუნეების კედლის ქვეშ გამოვლინდა მშრალი წყობით ნაგები მძლავრი კედელი, რომლის აშენების თარიღი თუ უფრო ადრე არა, სავარაუდოდ ძვ. წ. II-I სს-ით მაინც შეიძლება განისაზღვროს (მინდორაშვილი 1991: 3; 2005: 105-150). ციხის დასავლეთი ფერდობის ძირას გაითხარა ქვიშაქვისა და ფიქალის ფილებით მშრალი წყობით ნაშენი ხაროიანი ნაგებობის ნაშთები. ოთახში აღმოჩნდა ფიქალის ფილებით შედგენილი კვადრატული ფორმის კერა, თონე. იატაკის დონეზე მიკვლეული მოუჭიქავი და მოჭიქული კერამიკის მიხედვით, ნაგებობა XIII-XIV სს-ით თარიღდება. გათხრები შეეხო ზედა ციხის ცენტრალურ ნაწილსაც. იქ აღმოჩნდა გვიანი შუა საუკუნეების საცხოვრებელი შენობის ნაშთი, სადაც გამოვლინდა თიხის ჭურჭლის ნატეხები და ხელწისქვილის ქვა. ციხის სამაროვანზე გაითხარა აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი 31 უინვენტარო ქვის სამარხი (მინდორაშვილი 1991: 6; 2005: 118-121; რამიშვილი ... 1997: 104, 105).

ციხე აგებულია აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან სრულიად მიუდგომელი მაღალი კლდოვანი მთის ზედა ნაწილზე, მთის დასავლეთ ფერდობსა და ფერდობის ძირზე. ზედა ციხეზე (ფართობი დაახ. 1 ჰა) შემორჩენილია ზღუდის კედლები, კოშკისა და სხვა ნაგებობათა ნაშთები. ციხის დასავლეთ ფერდობს ჩრდილო და სამხრეთი მხრიდან დაუყვება მძლავრი სასიმაგრო კედლები. ციხის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან შემოსასვლელი გზა გაივლიდა კლდეეებს შორის არსებულ კარიბჭეს, რომელსაც აღმოსავლეთიდან ოთხკუთხა, დასავლეთიდან კი ზურგიანი კოშკი დაჰყურებს. გზა გადიოდა ციხის დასავლეთი ფერდობის ძირზე, სადაც ცალკეული ნაგებობების ნაშთებია შემორჩენილი. ამის შემდეგ გზა უხვევდა სამხრეთ-აღმოსავლეთით და ჩადიოდა მდ. თერგის პირას. ციხე სასმელი წყლით მარაგდებოდა დასავლეთით მდებარე კლდოვანი ფერდობიდან (მასუდი 1908: 53).

აქ რამდენიმე სამშენებლო ფენა დასტურდება. მათ შორის ყველაზე უძველესია ჩრდილოეთ კარიბჭესთან ადრე შუა საუკუნეების ზღუდის კედლის ქვეშ აღმოჩენილი სასიმაგრო კედელი, რომელიც მშრალი წყობითაა ნაგები. მისი სისქე 6 მ-ია. პერანგებად გამოყენებულია დიდრონი ლოდები. პერანგებს შორის სივრცე წვრილი ქვითაა ამოვსებული. კედელი სავარაუდოდ ძვ. წ. II-I სს-ით თარიღდება. მეორე სამშენებლო პერიოდს მიეკუთვნება მასზე დაშენებული ზღუდის კედელი (სისქე 2,6 მ), ნაგები ქვიშაქვის მოგრძო, სწორკუთხა კვადრებით, რომლებიც დაწყობილია ზუსტ ჰორიზონტალურ რიგებად, კირხსნარის თხელ ფენაზე. ანალოგიურად ნაგები კედლები ზედა ციხეზეცაა შემორჩენილი. თარიღდება V ს-ის მიწურულითა და VI ს-ის დასაწყისით (მინდორაშვილი 1991: 3; 2005: 107-109). განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეებისაა ციტადელზე შემორჩენილი ნაგებობები. კედლის დუღაბის ფენაში ზოგჯერ დატანებულია ხის ლასტები.

ციხის განათხარი და შემთხვევით მოპოვებული მასალა სხვადასხვა პერიოდისაა. მათ შორის ყველაზე ადრეულია ციხის დასავლეთ ფერდობზე გაზსადენის თხრილში შემთხვევით აღმოჩენილი ბრინჯაოს სამწახნაგა მასრიანი ისრისპირი, რომელსაც ერთი წახნაგი დაგრძელებული აქვს. ისრისპირი ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებით თარიღდება. ძვ. წ. IV ს-ის მიწურულითაა დათარიღებული შემთხვევით აღმოჩენილი ბრინჯაოს საკინძი. ადრეული იერისაა აქატის სწორკუთხა მძივი (წითლანაძე 1971: 64).

ადრე შუა საუკუნეების მასალა ძირითადად კერამიკაა. მათ შორის აღსანიშნავია წითელპრიალა და მოჩალისფროდ გამომწვარი ხელადების ნატეხები. სამზარეულო კერამიკიდან გვხვდება ჩაფები, ქოთნები (წითლანაძე 1977: 98; მინდორაშვილი 1991: 5;). სამშენებლო დანიშნულების კერამიკიდან მცირე რაოდენობით გვხვდება ბრტყელი კრამიტის ნატეხები, რომელთა უმრავლესობა წერნაქითაა შეღებილი. განვითარებულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება დერგები, ქოთნები, ხელადები (წითლანაძე 1977: 98). გვიანი შუა საუკუნეებისაა მოუჭიქავი ჭურჭლის (დერგების, ქოთნების, ხელადების და სხვ.) და ფაიანსის ორიოდე ნატეხი. დარიალის ციხის მასალაში ცალკე გამოიყოფა მოზრდილი ჯგუფი შუა საუკუნეების კერამიკისა (დერგები, ქოთნები, ქილები, ჯამები და სხვ.), რომელთაც აქვთ შავი ან მონაცრისფო კეცი. ნაწილი კერამიკისა ზედაპირნაპრიალებია. ჭურჭლის უმრავლესობა შემკულია ირიბი ნაჭდევებით. ის ჩრდილო-კავკასიური ნაწარმია (მინდორაშვილი 2005: 111-118).

განათხარ თუ შემთხვევით აღმოჩენილ მასალაში ლითონის ინვენტარი მცირეა. ესენია: რკინის ორი ცალი ოთხწახნაგა და ერთი სამფრთიანი ისრისპირი, დანის ნატეხები, რკინისა და ბრინჯაოს ნემსისებური ნივთი, ბრინჯაოს რგოლისა თუ სამაჯურის ნატეხი. ასევე ცოტაა მინის ჭურჭლის ფრაგმენტები (წითლანაძე 1977: 98-100). ერთი ცალია აღმოჩენილი ბრტყელგანივკვეთიანი მწვანე მინის სამაჯურის ფრაგმენტი. გვხვდება სარდიონის, აგრეთვე მინის მძივები, რომელთაგან ზოგიერთი ინკრუსტირებულია. ქვის ნივთებიდან აღსანიშნავია ხელწისქვილის რამდენიმე ფრაგმენტი.

ციხის სამაროვანზე სამარხთა ერთადერთი ტიპია აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი ქვის სამარხები. მათ უმრავლესობას მიწის ზედაპირზე სწორკუთხედად ან ოვალურად შემოუყვებოდა საშუალო და მოზრდილი ქვები, თავისებური სანიშნები, რომელთა ქვეშ საკუთრივ ქვის სამარხი იყო გამართული. სამარხები ინდივიდუალურია. მიცვალებულები დასვენებულია ზურგზე გაშოტილი, თავით დასავლეთით. რამდენიმე მიცვალებული დასვენებული იყო მარჯვენა გვერდზე. მთელ რიგ სამარხებში ძვლების ცუდად დაცულობის გამო მიცვალებულთა დაკრძალვის პოზის დადგენა ჭირს (წითლანაძე 1971: 76; მინდორაშვილი 1991: 5, 6; 2005: 118-121). ინვენტარი მხოლოდ 1963 წ. გათხრილ ერთ სამარხში აღმოჩნდა. ესენია: ბრინჯაოს მრგვალგანივკვეთიანი მავთულისაგან დამზადებული თავგახსნილი სამაჯური და ორი ბეჭედი, რომელთაგან ერთი თვალბუდიანია, მეორე დამზადებულია ბრინჯაოს ორი, ერთმანეთში გადახლართული მავთულისაგან. სამარხი თარიღდება ადრე შუა საუკუნეებით (წითლანაძე 1977: 99). დარიალის ციხის არქეოლოგიური მასალა ინახება ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ. ლორთქიფანიძის სახ. არქეოლოგიის ცენტრის დუშეთის ბაზაზე.

ციხის სამხრეთით მდებარე ვრცელი ველი უკავია სამაროვანს. ციხის ჩრდილოეთით, 800-ოდე მ-ის დაშორებით, ხეობის ყველაზე ვიწრო ადგილას, მთის განშტოებაზე აგებულია ხეობის ჩამკეტი სასიმაგრო კედელი (კარი). ის აშენებულია ქვიშაქვის ნაწილობრივ დამუშავებული ქვებით კირხსნარზე.

დარიალის ციხის ჩრდილოეთით, ორიოდე კმ-ის დაშორებით მდ. თერგის მარცხენა ნაპირზე, სოფ. ზემო ლარსის მიდამოებში შემთხვევით არქეოლოგიურ აღმოჩენას ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ 1958 წელს, როცა წყალდიდობის გამო დაზიანდა ადრე შუა საუკუნეების ქვის სამარხები. ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებმა მხოლოდ ერთი სამარხეული ინვენტარის გადარჩენა მოახერხეს. დანარჩენი განადგურდა (წითლანაძე 1976: 10).

1962 წ. შეისწავლეს წყალდიდობისაგან გადარეცხილი სამარხები. ჩამონარეცხი კერამიკა სხვადასხვაგვარია. ისინი გამომწვარია წითლად, მოჩალისფროდ და შავად. განათხარ სამარხში ჩონჩხი დაშლილა. შემორჩენილი თავის ქალა ქვაზე იდო. სახის წინ ედგა თიხის შავად გამომწვარი კოჭობი, ძირზე ბორბლის რელიეფური გამოსახულებით. მკერდის არეში გაბნეული იყო სარდიონის, ქარვისა და მინის მძივები. წელთან აღმოჩნდა რკინის ზამბარიანი მშვილდსაკინძი. სამარხი თარიღდება ადრე შუა საუკუნეებით. ზემო ლარსთან აღმოჩენილი ფენა სავარაუდოდ ეკუთვნოდა დასახლებას, რომელიც დარიალის ციხის ჩრდილოეთ ფორფოსტს წარმოადგენდა. ამაზე მიუთითებს იქვე, მაღალ კლდეზე არსებული კოშკის ნაშთებიც (წითლანაძე 1963: 32, 33). ზემო ლარსის არქეოლოგიური მასალა ინახება ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

„გიგიას სათიბის“ სამაროვანი მდებარეობს დარიალის ციხის ჩრდილოეთით, მისგან სამიოდე კმ-ის დაშორებით, მდ. თერგის მარჯვენა ნაპირზე. 1966, 1972 წწ. სამაროვანზე შეისწავლეს იქნა 54 ქვის სამარხი, რომლებიც 2-3 სართულადაა განლაგებული. ფიქალის ქვის ფილებით ნაგები სამარხები დამხრობილია აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე, მეტ-ნაკლები გადახრით. მიცვალებულები ზურგზეა გაშოტილი ან გვერდზეა დასვენებული, თავით დასავლეთით, ზოგიერთი – აღმოსავლეთით. სამარხები ინდივიდუალურია. ყველა მათგანში ჩნდებოდა ნახშირის კვალი. ზედა სართულის სამარხები უინვენტაროა. 1966 წ. გათხრილი სამარხებიდან ინვენტარი 6 მათგანში გამოვლინდა. ესენია: თიხის ჭურჭელი, რკინის დანები და ბრინჯაოს აბზინდები. ბრინჯაოს მშვილდსაკინძები, შავი მინის გრეხილი სამაჯურები, ვერცხლის თვალბუდიანი ბეჭდები (ერთის თვალი დაკარგულია, მეორეზე შემორჩენილია არაბულწარწერიანი გემა), მინის სასმისი, ბრინჯაოს კოვზი, სხვადასხვა ფორმისა და მასალის მძივები (წითლანაძე, კახიძე, შატბერაშვილი 1967: 76, 77). სამარხებში აღმოჩნდა ვერცხლის ორი არაბული (ქუფური) ნახევარდირჰემიანი მონეტა. ერთი მოჭრილია 802 წ. ქ. სანააში ხალიფა რაშიდის (786-809) სახელით (წონა 1,13 გრ). მეორე – 821-822 წწ. მადინ ბაჯუნაისში ხალიფა მამუნის (813-833) სახელით (წონა 1,58 გრ) (ჯალაღანია 1972: 23). 1972 წ. გათხრილი სამარხებიდან ნაწილი უინვენტაროა, რაც ზოგჯერ მდ. თერგის ზემოქმედებისა და განძის მაძიებელთა მიზეზითაცაა გამოწვეული. რამდენიმე სამარხი თითო-ოროლა ნივთს შეიცავდა. უხვი ინვენტარით გამოირჩევა №11 და №13 სამარხები. მათში აღმოჩნდა: თიხის ჭურჭელი, რკინის ცული, ხის ქარქაშიანი რკინის დანა, ბრინჯაოს სამაჯურები, ვერცხლის სარკეები, სასაფეთქლეები, ღილები. ბრინჯაოს ილარი, თვალბუდიანი ბეჭდები, სხვადასხვა ფორმისა და ზომის სარდიონის, აგრეთვე მინის ინკრუსტირებული მძივები, ნიჟარები, მინის ბეჭდები, მოცისფრო გამჭვირვალე მინის სანელსაცხებლე და მინის ყურიანი ჭურჭელი, ოქროს მტევნისებური საყურე და სხვ. სამაროვანი IX-X სს-ით თარიღდება (რამიშვილი ... 1973: 68; ლომთათიძე 1977: 95; წითლანაძე ... 1998: 70-80). სამაროვნის კლდოვანი უბის სიღრმეში უნდა არსებულიყო თანადროული ნამოსახლარი, რომელიც, საფიქრებელია, მთებიდან ჩამოწოლილმა ზვავმა იმსხვერპლა (რამიშვილი ... 1973: 87). სამაროვნის მასალა ინახება ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. რამდენიმე ნივთი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
 
ბიბლიოგრაფია: ბაიერნი 1885: 41-45; გიულდენშტედტი 1964: 33, 181; გვასალია 1976: 144-150; დოკუმენტები ... 1968: 118, 119; ზაქარაია 1988: 51-53; იაკუთი 1964: 14, 18; ითონიშვილი 1971: 145-147; 1984: 6; ლომთათიძე 1977: 95; მაკალათია 1934: 111-113; მინდორაშვილი 1991; 1998გ: 80-86; 2001ა: 45-50; 2005; მქ 1963: 94,32-39, 95,1-4; რამიშვილი ... 1973: 85-87; რამიშვილი ... 1997: 104, 105; უილბრაჰიმი 1990: 25; ქც 1: 49,8; ქც 2: 443,20; ქც 4: 65,10 ; 358,12; ძე 1954: 347; წითლანაძე 1963: 31-33; 1971: 63-65; 1976: 7-12; 1977: 93-101; წითლანაძე, გობეჯიშვილი 1964: 23-25; წითლანაძე ... 1967: 76, 77; წითლანაძე ... 1998: 70-80; ხორენაცი 1984: 145; დოლიძე, შემერლინგი 1956: 74; იბნ ალ-ფახიკი 1902: 15, 31; იბნ-რუსტე 1963: 221; კრუგლოვი 1937: 247; კუზნეცოვი 1971: 156; 1984: 144; მასუდი 1908: 53; მურავიოვი 1988: 160; ნოვოსელცევი 1969: 132; პლინიუსი VI, 230; ჰუდუდ ალ ალემი 1930: 31.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9