და დე დვ დი დმ დო დრ დუ
დად დავ დამ დან დარ

დავითის ციხე


(ქც 4: 358,12). იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:358,12).

მდებარეობს ყაზბეგის მუნიც-ში, დარიალის ხეობაში, დაბა გველეთის ჩრდილოეთით, ორიოდე კმ-ის დაშორებით.

ვახუშტი ბაგრატიონი დავითის ციხის შესახებ გადმოგვცემს: „გუელეთს ქუეით ერთვის არაგუსვე ხევი ... გარდავალს ამ ხევიდამ გზა ძურძუკსა და ქისტეთს, ძნელი, საჭირო. კუალად გარდავალს გზა გუდამაყარსაცა. ამ ხევს ქუეით დავიწროვდების ხევი ესე კლდითა, და აქა არს ციხე დავითისა, არაგვის აღმოსავლით კიდესა ზედა, აღმაშენებელის აღშენებული“ (ქც 4: 358,7-13).

ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერისა“ და რუკის მიხედვით, ციხე მდგარა მდ. თერგისა (არაგვის) და ხდეს (ქისტინკას, ვახუშტისეული არაგვის ხევი) შესართავიდან ოდნავ ქვემოთ, არაგვის აღმოსავლეთ (მარჯვენა) ნაპირზე. თერგის ხეობის იმ მონაკვეთზე, რომელზეც ვახუშტი ბაგრატიონი საუბრობს, ე. ი. მონაკვეთზე დაბა გველეთიდან ვიდრე ლარსის ბოლომდე, მდინარის მარჯვენა ნაპირზე არსად შეინიშნება ციხე, კოშკი ან სასიმაგრო კედელი თუ მათი ნაშთი, რომელიც „დავითის ციხედ“ შეიძლება მიგვეჩნია. აღნიშნული მონაკვეთი ისეთი ქარაფოვანი და მიუდგომელია, რომ ამ მხარეს, იშვიათი გამონაკლისის გარდა („გიგიას სათიბის“ სამაროვანი), ძეგლები არ გვხვდება. ხეობის ამ მონაკვეთში ისინი განლაგებულია მდინარის დასავლეთ (მარცხენა) ნაპირზე (დარიალის ციხე, მისგან ჩრდილოეთით მდებარე ხეობის ჩამკეტი კედელი, ლარსის კოშკი და სხვა).

ე. ვეიდენბაუმი ერთმანეთისაგან განასხვავებდა თერგის მარცხენა ნაპირზე აღმართულ დარიალის ციხესა და „აღწერაში“ ამავე მიდამოებში, მდინარის მარჯვენა ნაპირზე მითითებულ დავითის ციხეს. ამ უკანასკნელს ის თერგის მარჯვენა ნაპირზე ეძიებდა, მაგრამ, რადგან იქ ციხის კვალი არსად ჩანდა, დაასკვნა, რომ დავითის ციხე ალბათ შეეწირა რუსების მიერ ახალი გზის გაყვანას (ვეიდენბაუმი 1888: 269).

„აღწერისა“ და რუკის მიხედვით დავითის ციხის ადგილმდებარეობა ზუსტად ემთხვევა დარიალის ციხის ადგილმდებარეობას იმ განსხვავებით, რომ უკანასკნელი აღმართულია არა მდინარის აღმოსავლეთ, არამედ დასავლეთ კიდეზე. დავითის ციხე იგივე დარიალის ციხე უნდა იყოს, „აღწერაში“ და რუკაზე შეცდომით მდინარის აღმოსავლეთ (მარჯვენა) ნაპირზე მითითებული (მინდორაშვილი 2001: 45-50).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1991; ვეიდენბაუმი 1888: 269; მინდორაშვილი 2001: 45-50; 2005; ქც 4: 358,12.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9