აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
ამა ამბ ამი

ამაღლება

მონასტერი (ქც 4: 754,14).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 754,14), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 161; 1964: 261), ალექსი იევლევის ელჩობის ანგარიში (იევლევი 1969: 87).

მდებარეობს ვანის მუნიც-ში, კვინისწყლის (ამაღლების წყლის) მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ამაღლების ტერიტორიაზე (გიულდენშტედტი 1962: 161; ბერაძე 1977: 29).

ამაღლების მონასტერი წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება XVII ს-ში ალექსი იევლევის იმერეთის სამეფოში ელჩობის ანგარიშში (იევლევი 1969: 87). მონასტერი იყო ბარის ერისთავთა საგვარეულო საძვალე. XVIII ს-ის 30-ანი წლებიდან ამაღლების მონასტერი უკვე ეკლესიად მოიხსენიება. სოფელს ამაღლება ეწოდა ეკლესიის სახელის გამო (ბერაძე 1977: 29).

ამაღლება არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ამაღლების ეკლესია წარმოადგენს სამაფსიდიან ნაგებობას. ეკლესიას გუმბათოვანი გადახურვა ჰქონდა (გუმბათი ჩამონგრეულია). ნაგებია ფლეთილი ქვით კირხსნარზე. ნაწილობრივ მოპირკეთებულია თლილი ქვითა და აგურით. შესასვლელი აქვს სამხრეთითა და დასავლეთით. სამი სარკმელი აღმოსავლეთით, თითო-თითო – სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთითაა. ეკლესია 1615 წ. აუგიათ მაცხოვრის სახელზე (ბერაძე 1977: 29; სიხარულიძე 1989: 82; ბოჭორიძე 1995: 51).

ეკლესიის მახლობლად მდ. ფერეთის მარცხენა ნაპირზე, სოფ. ზენდარში შემორჩენილია ციხე-დარბაზის ნანგრევები, რომელიც ბარის ერისთავთა სახლის ფუძემდებელს, გიორგი (გედეონყოფილ) ერისთავს აუშენებია (სიხარულიძე 1989: 82).
 
ბიბლიოგრაფია: ბაქრაძე 1875: 24; ბერაძე 1977: 28-40; ბოჭორიძე 1995: 51; ბურჯანაძე 1957; გიულდენშტედტი 1962: 161; 1964: 261; იევლევი 1969: 87; სიხარულიძე 1985: 82-87; ქც 4: 754,14.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9