და დე დვ დი დმ დო დრ დუ
დემ დეხ

დეხვირი

ციხე (ქც 4: 749,5; 878,23; 882,22).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 749,5; 878,23; 882,22), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 309, 327).

დეხვირის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „ლეჩხუმის საშუალს, ცხენისწყლის კიდეზედ არს ციხე კლდესა ზედა შენი, დეხვირი, თავი თაკუერისა, რამეთუ, რომელსა უპყრავს იგი, მორჩილებასა მისსა შინა არან სრულიად“ (ქც 4: 749,4-6).

მდებარეობს ცაგერის მუნიც-ში, ცაგერიდან 3 კმ-ის დაშორებით, სოფ. დეხვირის მახლობლად, მდ. ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე.

დეხვირის ციხე ლეჩხუმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმაგრე იყო. იცავდა ცხენისწყლის ხეობიდან ლაჯანურის ხეობაში მიმავალ გზებს. იოჰან გიულდენშტედტი დეხვირის ციხეს მოიხსენიებს იმ პუნქტებს შორის, რომლებიც ქალაქს ედრებიან (გიულდენშტედი 1962: 309).

სოფ. დეხვირში ვახუშტისეული აღწერილობის მსგავსი ციხე-რეზიდენცია არ არის. სოფელში არის ოთხკუთხა კოშკის ნანგრევები. ოთხი ნაციხარია დეხვირსა და სოფ. ლესინდას შორის, რომლებიც ერთ ხაზზე მდებარეობდნენ და აკონტროლებდნენ ცხენისწყლისა და დოქანურის ხეობებს (მუსხელიშვილი 1977: 129). დ. ბერძენიშვილის აზრით დეხვირის ციხე იდგა რიონ-ცხენისწყლის წყალგამყოფ ქედზე და მას ექვსი სოფელი ეკრა: ცხეთა, ლასკანა, თხიზურგა, ლესინდა, ლაშატა, წილამური და სადეხვირო ეწოდებოდა (ბერძენიშვილი 1983: 57).

1717-1718 წწ. ბეჟან დადიანმა თავისი ძმა მანუჩარი პატიმარყო დეხვირის ციხეში (ქც 4: 878,23). ბეჟან დადიანმა დეხვრის ციხეში გამოამწყვდია იმერეთის მეფე გიორგი VI-ის (1703-1711, 1714-1716, 1718-1720) ცოლყოფილი თამარი (ქც 4: 882,22). 1802 წ. მეფე სოლომონ II-ემ (1789-1810) აიღო დეხვირის ციხე.

დეხვირის ციხე არქეოლოგიურად შესწავლელია.

1970-1971 წწ. ლეჩხუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ლ. სახაროვა) სოფ. დეხვირში დაზვერვებისას მიაკვლია „ნაციხვარებს“ (სახაროვა ... 1972: 22, 23).

დეხვირში შემორჩენილია ციხის ნანგრევები, რომლებიც დაჰყურებს მთელ სადეხვიროს. აზიდულ ბორცვებზე ნაგებ მასიურ კოშკებს გალავანი აქვს შემოვლებული და მოგვიანებით დამატებით ტერასულად განლაგებული ზღუდეები უჩნდებათ (ბერძენიშვილი 1983: 57, 58).
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი ... 1983: 57, 58; ბერძენიშვილი 1990: 516; გიულდენშტედტი 1962: 309, 327; მუსხელიშვილი 1977: 129; სახაროვა ... 1972: 22, 23; ქც 4: 749,5; 878,23; 882,22.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9