და დე დვ დი დმ დო დრ დუ
დვა დვი

დვანი


(ქც 4: 374,22). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 374,22), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 42), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1989: 58, 76), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 73; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 778, 991; 1972: 120, 113; 1974: 674, 675; 1977: 141; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 155).

მდებარეობს ქარელის მუნიც-ში, მდ. დვანისწყლის ხეობაში, დღევანდელი სოფ. დვანის ტერიტორიაზე.

X-XV სს-ში დვანი ქართლის საერისთავოში შედიოდა. XVI ს-ში ქსნის საერისთავოშია (გვრიტიშვილი 1955: 82). XVIII ს-ის ბოლოსა და XIX ს-ის დასაწყისში სამაჩაბლოშია (გვასალია 1983: 113). წერილობით წყაროებში იხსენიება „დუანი“ – „გუანის“ სახელებითაც (მუსხელიშვილი 1977: 172; 1980: 35).

1936, 1938, 1940 წწ. დვანში შემთხვევით აღმოჩნდა რამდენიმე სამარხი. სამარხეული მასალა წარმოდგენილია თიხის ჭურჭლით, რკინისა და ბრინჯაოს ნივთებით, სამკაულით. მასალა ინახება ს. მაკალათიას სახ. გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში (მაკალათია 1948 :6).

1944 წ. გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ს. მაკალათია) დაიწყო დვანის სამაროვნის შესწავლა, რომელიც გაგრძელდა 1955 წელსაც. 1955 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შიდა ქართლის დაზვერვითმა ექსპედიციამ (ხელმძღ. დ. მუსხელიშვილი) დვანში გამოავლინა გვიანი ბრინჯაოს პერიოდის გორანამოსახლარები. 1973-1974 წწ. იმავე ინსტიტუტის კასპის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. გ. ცქიტიშვილი) იქ ჩაატარა არქეოლოგიური დაზვერვები.

დვანის სამაროვანი მდებარეობს ადგილ „სოლოფერდაზე,“ რომლის სიგრძე დაახ. 300 მ-ია. შეისწავლეს 15 ორმოსამარხი. რამდენიმე გამონაკლისის გარდა ყველა სამარხი ინდივიდუალურია. მიცვალებულები დაკრძალულია მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე კიდურებმოკეცილი, თავით სამხრეთისკენ. სამაროვნის მასალა წარმოდგენილია თიხის ჭურჭლით, იარაღ-საჭურვლით, სამკაულით, სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთებით. შავპრიალა ან მოწითალო თიხის ჭურჭელი ჩარხზეა დამზადებული. მათგან აღსანიშნავია: დაბალყელიანი და პირგანიერი ხელადა; პირგანიერი ქუსლიანი სასმისი; პირგადმოკეცილი ქოთანი; სადღვებელი; ქუსლიანი სურები; ქოცოები; ჯამები და სხვ. ჭურჭლის ნაწილი ორნამენტირებულია. ჭარბობს გეომეტრიული, წერტილოვან-ხაზოვანი, წიწვისებური, ტალღისებური ორნამენტი. იარაღ-საჭურველი ძირითადად რკინის ნივთებითაა წარმოდგენილი (აკინაკი, 3 ცული, 2 მოხრილი დანა ძვლის ფირფიტებით შემკული ვადით, მასრაგახსნილი შუბისპირი, ლაგამი). ბრინჯაოს იარაღი მცირე რაოდენობითაა (შუბისპირი და 4 ე. წ. სკვითური ტიპის ისრისპირი). სამკაული წარმოდგენილია როგორც ბრინჯაოს (2 მშვილდსაკინძი, ბრტყელი ბეჭედი, მრგვალთავიანი საკინძები), ასევე ვერცხლის (სასაფეთქლე რგოლები, 3 სამაჯური, 2 მრგვალთავიანი, გახვრეტილი საკინძი) ნივთებითა და სარდიონის, პასტის, მინის, გიშრისა და ქარვის მძივებით. სამარხებში აღმოჩნდა სამეურნეო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ქვის (3 კაჟის ნამგლის ჩასართი, ხელსაფქვავის ქვები, ობსიდიანის ანატკეცები) და ლითონის (ბრინჯაოს მახათი, ორნამენტირებული ბალთა, ჩქიფი, ცხვრის ქანდაკება, სამტუჩა სურა) ინვენტარი. სამაროვანი თარიღდება ძვ. წ. VII-VI სს-ით (მაკალათია 1948: 40; 1957ბ: 139-143; 1963: 7-11).

არქეოლოგიურმა დაზვერვებმა დვანში სხვადასხვა პერიოდის რამდენიმე ძეგლი გამოავლინა: ორფენიანი (ადრებრინჯაოს, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის) ნამოსახლარი სამნიფერდას გორაზე. გვიანბრინჯაოს პერიოდის ნამოსახლარები ტახტისზურგას მთის სამხრეთით და სოლოფერდაზე, სადაც მოპოვებულია შავად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და ხელსაფქვავის ქვები (სძა 1990: 366). გვიანბრინჯაოს პერიოდის სამაროვნებია ადგილ კიბრავაში, სოლოფერდას გვიანბრინჯაოს ხანის ნამოსახლართან. ორი ორმოსამარხია გამოვლენილი სოლოფერდაზე და სოლოფერდას ძირზე. მიცვალებულები დაკრძალულია მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე კიდურებმოკეცილი, თავით ჩრდილო-დასავლეთისკენ. იქ მოპოვებულია შავად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს ფოთლისებური და ე. წ. კახური ტიპის სატევრები, მასრაგახსნილი შუბისპირი, ე. წ. აღმოსავლეთ ამიერკავკასიური ცული და სხვ. შუა საუკუნეების ნასოფლარებია: ტახტისზურგას ფერდობზე, დვანიდან 3 კმ-ის დაშორებით, ძველ სასაფლაოზე, ადგილებში: საკვირიკე, წინუბანი, წეროვანები. გვიანი შუა საუკუნეების სამაროვანია სამნიფერდას ჩრდილო-აღმოსავლეთით 100 მ მანძილზე. მთის ფერდობზე გაშიშვლებულ ფენაში მოჩანს ქვის ფილებით ნაგები სამარხები. მასალა ინახება ს. მაკალათიას სახ. გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში (სძა 1990: 366, 367).

დვანის ჩრდილო-დასავლეთით 1 კმ-ის დაშორებით, მთაზე მდებარეობს გუმბათიანი ეკლესია წმინდა გიორგი „კვართისა“ (7,5X10,4 მ). დასავლეთიდან და სამხრეთიდან გარშემოსავლელით. აფსიდა ნახევარწრიულია. ნაგებია მორუხო ფერის თლილი და რიყის ქვის წყობით. გუმბათი რვაწახნაგოვანია. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. თარიღდება VI ს-ის შუა ხანებითა და VII ს-ის დასაწყისით. გადაკეთებულია გვიან შუა საუკუნეებში (ჩუბინაშვილი 1978: 7-25; სძა 1990: 366, 367).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 42; ბერძენიშვილი 1966: 29, 30, 31; გვრიტიშვილი 1955: 67, 68; გვასალია 1967: 24; 1983: 25, 57, 113; 1989: 3, 4, 8, 9, 11; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 115; თაყაიშვილი 1907: 135; მაკალათია 1948; 1957ბ: 139-143; 1963: 7-11; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 73; მუსხელიშვილი, ცქიტიშვილი 1960: 188, 194; მუსხელიშვილი 1977: 171-173, 191, 194; 1980: 35; სძა 1990: 366, 367; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 778, 991; 1972: 120, 113; 1974: 674, 675; 1977: 141; ქორიძე 1965: 110, 111; ქც 4: 374,22; ჩუბინაშვილი 1978: 7-25; ხარაძე 1992: 140, 143; ხერხეულიძე 1989: 58, 76.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9