და დე დვ დი დმ დო დრ დუ
დვა დვი

დვირი


(ქც 4: 305,22; 364,17; 381,25; 739,6). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 305,22; 364,17; 381,25; 739,6), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტი (ქც 2: 349,10,28), ქართლ-კახეთის XVII-XVIII სს-ის ქრონიკები (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 63), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 43), „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941:95), „ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი“ (ჩილდირის ეიალეთის ... 1979: 61).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, ყვერბილისა და ლიკანის ხევებს „ზეით არს ჭობის-ხევი და არს დვირამდე ქართლისა“ (ქც 4: 381,25).

მდებარეობს ბორჯომის მუნიც-ში, მდ. მტკვრის მარჯვენა მხარეს, მტკვრისა და დვირულას შესართავთან, დღევანდელი სოფ. დვირის ტერიტორიაზე (ბერძენიშვილი 1985: 7).

XII-XIII სს-ში დვირი თორის შემადგენლობაშია და მნიშვნელოვანი პუნქტია ქართლიდან სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მიმავალ გზაზე (აბრამიშვილი 1956: 107-109; მაკალათია 1957ა: 5; ბერძენიშვილი 1985: 41). დვირსა და ხეფინიხევზე გადიოდა ქართლის სამეფოს დასავლეთი საზღვარი (ბერძენიშვილი 1979: 75). XVI ს-ში ოსმალთა შემოსევების შედეგად მოსახლეობა დვირში რვა კომლამდე შემცირდა (ხუჯაძე 1969: 123). 1732 წ. ის ლეკებმა დაარბიეს (ჩხეიძე 1913: 43; მაკალათია 1957ა: 9).

1941 წ. დვირში აღმოჩნდა ქვის ფილებით ნაგები სამარხი ღარიბი ინვენტარით. ნაპოვნია აგრეთვე ბრინჯაოს საკინძები, თიხის ჭურჭელი, რკინის მოხრილი დანა (ნიორაძე 1944: 170; ხუჯაძე 1969: 123). ბორნიღელეს სათავში ადგილ „სარაიებში“ აღმოჩნდა ბრინჯაოს შუბისპირები, სატევრები, საკინძები, რომლებიც თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებით. მასალა ინახება ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

დვირი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

მის შემოგარენში ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მესხეთ-ჯავახეთის ექსპედიციამ (ხელმძღ. ო. ღამბაშიძე) 1979-1983, 1986 წწ. შეისწავლა კვირაცხოვლის სამაროვანი, ხოლო 1983-1988 წწ. ბორნიღელეს სამაროვანი.

კვირაცხოვლის სამაროვანი მდებარეობს ე. წ. „კვირაცხოვლის მიწების“ დასავლეთ ნაწილში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, დვირის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 4 კმ-ის დაშორებით. შეისწვლეს 104 სამარხი (1 ურნასამარხი, 1 ქვის ფილებით ნაგები სამარხი და 102 ორმოსამარხი). ორმოსამარხები ოვალური ან ოთხკუთხა ფორმისაა. სამარხები ინდივიდუალური ან კოლექტიურია. მათი უმრავლესობა ინჰუმაციურია. გვხვდება ოთხი კენოტაფი და კრემაციის ერთი შემთხვევა. მიცვალებულები დაკრძალულია მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, კიდურებმოკეცილი, თავით დასავლეთით, სამხრეთით ან ჩრდილოეთით. მასალა წარმოდგენილია: თიხის ჭურჭლით (ქოთნები, დერგები, კათხები, ჯამები, ხელადები, ლანგრები), იარაღ-საჭურვლით (ბრინჯაოს ფოთლისებური სატევრის პირები, მასრაგახსნილი ბრინჯაოსა და რკინის შუბისპირები, ყუნწიანი და ქუსლამოღარული ისრისპირები, რკინის დანები), სამკაულით (ბრინჯაოს დისკოსებურთავიანი, სოკოსებურთავიანი, სფერულთავიანი, კოპებიანი, თავხვია საკინძები; თავებგახსნილი, სადაზედაპირიანი და ორნამენტირებული სამაჯურები; სარდიონის ექვსწახნაგა და ბრინჯაოს კასრისებური მძივები) და სხვ. მასალა თარიღდება ძვ. წ. XV-VI სს-ით (ღამბაშიძე, კვიჟინაძე 1982: 57-62; ღამბაშიძე, კვიჟინაძე, აბრამიშვილი 1985: 33, 34). სამაროვნისათვის ტიპიურია №29 ორმოსამარხი (1,1X1,1X0,9 მ). მიცვალებული დაკრძალულია მარჯვენა გვერდზე, კიდურებმოკეცილი, თავით სამხრეთით. აღმოჩნდა თიხის 4 ჭურჭელი, ბრინჯაოს 2 საკინძი, 2 შუბისპირი, 2 სატევარი, 1 დანა. თარიღდება ძვ. წ. X-IX სს-ით (ღამბაშიძე, კვიჟინაძე 1982: 57-62). მასალა ინახება ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და მესხეთ-ჯავახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაზე.

ბორნიღელეს სამაროვანი მდებარეობს დვირის ჩრდილოეთით, მტკვრის მარცხენა ნაპირზე. შეისწავლეს 121 სამარხი, რომლებიც ოთხ ქრონოლოგიურ ჯგუფად იყოფა: 1. ძვ. წ. XV-XI სს; 2. ძვ. წ. XI-IX სს; 3. ძვ. წ. VIII-VI სს; 4. ძვ. წ. IV ს (მხოლოდ 1 სამარხი). უმრავლესობა ორმოსამარხებია. გვხვდება ფლეთილი ქვით ნაგები სამარხებიც. ისინი ინდივიდუალური, წყვილადი ან კოლექტიურია. მიცვალებულები დაკრძალულია მარჯვენა (მამაკაცები) ან მარცხენა (ქალები) გვერდზე, კიდურებმოკეცილი. დამხრობა არაერთგვაროვანია. ძვ. წ. VIII-VI სს-ის სამარხებში დადასტურებულია კრემაცია. სამაროვნის მასალა წარმოდგენილია თიხის ჭურჭლით (პირფართო, ცილინდრული ფორმის სასმისები, პირგადაშლილი ჯამები, კათხები, ჩაიდნისებური ჭურჭელი და სხვ.), იარაღით (ბრინჯაოს ფოთლისებური სატევრისპირები, მასრაგახსნილი ხელშუბისპირები, გრძელყუნწიანი ფრთებდაშვებული ისრისპირები, ე. წ. კოლხური ტიპის ცულები, რკინის შუბისპირები, დანები და სხვ.), სამკაულით (ბრინჯაოს დისკოსებურთავიანი, სოკოსებურთავიანი, დაწახნაგებულთავიანი, თავხვია და სხვ. საკინძები; თავებგადასული სამაჯურები, სასაფეთქლე რგოლები, მშვილდსაკინძის ფრაგმენტები; სარდიონის, მინის, ბრინჯაოს მძივები და სხვ.), საყოფაცხოვრებო საგნებით (კაჟის ნამგლის ჩასართები, ძვლის სახვრეტები, ბრინჯაოს სადგისები, მახათები, ღილები და სხვა). ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა ვერცხლის „კოლხური თეთრი“ (ნახევარდრაქმა), სამაროვანზე ტიპურია №117 ორმოსამარხი (0,85X0,45 მ). მიცვალებული დაკრძალულია მარცხენა გვერდზე კიდურებმოკეცილი, თავით აღმოსავლეთით. აღმოჩნდა შავი ფერის პირგადაშლილი, ორნამენტირებული კათხა, შავი ფერის კანელურებით შემკული ტოლჩა, ბრინჯაოს შუბისპირი, რკინის სატევარი, ბრინჯაოს ოთხკუთხა ბალთა, ბრინჯაოს კონუსური ღილი, ბრინჯაოს 5 ლურსმანი. თარიღდება ძვ. წ. VIII-VII სს-ით (ღამბაშიძე, ღამბაშიძე 1986: 22-27; 1987: 28-30; ღამბაშიძე ... 1991: 27-31; ღამბაშიძე ო. ღამბაშიძე 1995: 48-50).

1930 წ. დვირში აღმოჩნდა ბიზანტიური მონეტების განძი, რომელიც შედგება 45 ოქროს, 4 ბრინჯაოს ყალბი და 1 ვერცხლის მონეტისაგან. მთელი განძი, გარდა ერთისა, ეკუთვნის ბიზანტიის სამ იმპერატორს: კონსტანტინე VIII-ს (1025-1028), კონსტანტინე X დუკას (1059-1067) და რომანოზ IV დიოგენეს (1067-1071). 1 მონეტა არაბული დირჰემია 757-758 წწ. მოჭრილი და მკვლევართა ვარაუდით, შემთხვევით უნდა იყოს განძში მოხვედრილი. ასეთადვეა მიჩნეული 4 ყალბი მონეტა (ლომოური 1938: 309; აბრამიშვილი 1956: 107-109; პახომოვი 1966: 33-34; ჯალაღანია 1972: 30). განძი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

დვირში რამდენიმე ეკლესიაა. მთავარანგელოზის ეკლესია მდებარეობს დვირის ცენტრში. ის დარბაზული ტიპისაა. ნაგებია თლილი ქვით. გადაკეთებულია XIX ს-ის მეორე ნახევარში (ბერძენიშვილი 1964: 250). კვირაცხოვლის ეკლესია დგას სოფლის თავში, სასაფლაოზე. ეკლესიის ეზოში აღმოჩნდა ოთხკუთხა ფორმის კირქვა (35X19X7 სმ), რომელზეც გაკეთებულია ებრაული წარწერა. მასში მოხსენიებულია ჭაბუკი მოსე, პატივცემულ რაბინის, აბრამის ძე. თარიღდება 1728 წლით. ზოგიერთი მკვლევარის ვარაუდით, ეს ქვა გადმოტანილია სხვა ადგილიდან (ბაბალიკაშვილი 1972: 55-57; ბერძენიშვილი 1985: 67). საკვირიკეს ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. დაზიანებულია. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ზოგიერთი მოსაზრებით ეს უნდა იყოს გიორგი მერჩულეს თანამოღვაწის, ქრისტეფორეს მიერ IX ს-ში აგებული კვირიკეწმიდა (ბერძნიშვილი 1964: 250).

დვირის ხევის ქვემო წელზე მდებარეობს დვირის ციხე. შემორჩენილია ნანგრევები. (ბერძნიშვილი 1964: 252).
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1956: 107-109; ბაბალიკაშვილი 1972: 55-57; ბერძენიშვილი 1971: 3-22; 1985: 7; ბერძენიშვილი 1964: 223, 247, 250-252; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 95; 1958: 127, 128, 145, 146, 319, 480; ზაქარაია 1977: 36; ლომოური 1938: 309; ლომსაძე 1975: 43, 273, 264, 330; მაკალათია 1957ა: 5, 9, 11; ნიორაძე 1944: 173-221; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 63; ქც 2: 349,10,28; ქც 4: 305,22; 364,17; 381,25; 739,6; ღამბაშიძე, კვიჟინაძე 1982: 57-62; ღამბაშიძე, კვიჟინაძე, აბრამიშვილი 1985: 31-36; ღამბაშიძე, ღამბაშიძე 1986: 21-29; 1987: 28-32; 1987ა:36-43; 1995:48-50; ღამბაშიძე ... 1991: 27-34; ჩილდირის ეიალეთის ... 1979: 61; ჩხეიძე 1913: 43; ხუჯაძე 1969: 123; ჯალაღანია 1972: 30; ჯალაღანია 1979: 7.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9