და დე დვ დი დმ დო დრ დუ
დიდ დიმ დირ დიღ

დიდუბე


(ქც 4: 177,5; 338,22; 524,3). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 177,5; 338,22; 524,3), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 47,9), ბასილი ეზოსმოძღვრის „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ (ქც 2: 122,6; 128,17), XI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 33; საქ. სიძ. 1909: 4; 1910: 455, 456; ისტ. საბ. 1913: 83; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 72; მასალანი საქ. სტატ. 1907: 3; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 74), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 81), პაპუნა ორბელიანის „საქართველოს ცხოვრება“ (ორბელიანი 1913: 91), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 61).

ვახუშტი ბაგრატიონი დიდუბის შესახებ გადმოგვცემს: „ტფილისის ჩდილოთ არს მინდორი დიდუბისა“ (ქც 4: 338,22).

მდებარეობს ქ. თბილისის ტერიტორიაზე, მის ჩრდილოეთ ნაწილში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, დიდუბის ვაკეზე და მოიცავს ხევ-ძმარის, ღრმა-ღელეს, ყეენის გორისა და ლოტკინის გორის ტერიტორიას (ბაგრატიონი 1986: 81; ბერიძე 1971: 127-140; გიულდენშტედტი 1962: 61). დიდუბე „ცხენის-ტერფის“ სახელითაც მოიხსენიება (ქც 4: 338,22; ჩხეტია 1938: 61).

წყაროებში პირველად XI ს-ში იხსენიება (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 33), XII ს-ში იქ მდგარა მეფის სასახლე და კარის ეკლესია (ბერიძე 1971: 127). 1193 წ. თამარ მეფემ (1189-1207) დავით სოსლანზე დიდუბეში იქორწინა (ქც 2: 122,6). XIII ს-ის მეორე მეოთხედიდან მონღოლებისა და ჯალალედინის შემოსევების შედეგად ტერიტორია გაუკაცრიელდა (ბერიძე 1977ა: 213). დიდუბე ხელახლა დასახლებულა მეფე ვახტანგ V-ის (1658-1676) დროს (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 74). XVIII ს-ში მოზრდილი დასახლებაა და შედის ქართლის მეორე სასპასპეტოში (დასტურლამალი 1886: 103; მასალანი საქ. სტატ. 1907: 3; ბერიძე 1971: 130). 1740 წ. თეიმურაზ II-მ (1744-1762) დიდუბის მოურავობა გურგენიძეებს უბოძა (საქ. სიძ. 1910: 455, 456). დიდუბეზე გადიოდა ქართლის უკიდურესი ჩრდილოეთი საზღვარი. XVIII ს-ის მეორე ნახევრიდან ოსმალობა-ყიზილბაშობისა და ლეკთა თარეშის შედეგად დიდუბის მოსახელობა ძალიან შემცირდა. გადარჩენილი ნაწილი კუკიასა და ჩუღურეთში დასახლდა, დიდუბეში კი გერმანელთა კოლონია გაჩნდა (ბერიძე 1971: 127-140).

1926 წ. ნაძალადევში, ყოფილი რუსთაველისა და ჩერქეზიშვილის ქუჩების კუთხეში შემთხვევით აღმოჩნდა სამარხი ბრინჯაოს 2 საბრძოლო იარაღით: მთლიანადსხმული სატევარი ნახევარსფეროსებური დაფანჯრული თავით (სიგრძე 44,8 სმ) და მასრაგახსნილი, ფოთლისებურპირიანი შუბისპირი (სიგრძე 31,8 სმ). თარიღდება ძვ. წ. XIII-XI სს-ით (ქორიძე 1959: 39-41, 47). 1930 წ. დიდუბეში აღმოჩნდა მაღალი, ფართო ცილინდრულყელიანი თიხის ჭურჭელი, სადა, მონაცრისფრო ზედაპირით და მხართან პატარა ნახევარსფეროსებრი ყურებით. თარიღდება ადრე ბრინჯაოს პერიოდით (ჯაფარიძე 1991: 107). 1935 წ. ღრმა-ღელეში, №2 აგურის ქარხნის მიდამოებში აღმოჩნდა ბრინჯაოს ცული ადამიანის ჩონჩხსა და კერამიკასთან ერთად. თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულის პირველი ნახევრით (კუფტინი 1941: 18), შუაბრინჯაოს ან მასზე ოდნავ ადრეული პერიოდით (ქორიძე 1955: 75-79). 1955 წ. დიდუბეში, ხიდთან აღმოჩნდა ორმოსამარხი, რომლის მასალა წარმოდგენილია მოშავო, პირგადაშლილი დაბალყელიანი თიხის ჭურჭლითა და მასრაგახსნილი შუბისპირით. თარიღდება გვიანბრინჯაოს ხანით (ქორიძე 1958: 86). მიწის სამუშაოების დროს ღრმა-ღელეში აღმოჩნდა ბრინჯაოს ბეჭედი, რომელსაც ამკობს ნარინჯისფერი მინის ბრტყელი ინტალიო ლომის გამოსახეულებით. თარიღდება ახ. წ. I ს-ით (ლორთქიფანიძე 1961: 18).

1930-1931 წწ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. გ. ნიორაძე) შეისწავლა დიდუბის ნამოსახლარი და სამაროვანი. 1949-1950 წწ. იმავე მუზეუმის ექსპედიციამ (ხელმძღ. დ. ქორიძე) ჩაატარა სამუშაოები ღრმა-ღელეს სამაროვანზე. 1968-1969 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დიღმის ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. რ. აბრამიშვილი) ჩაატარა დაზვერვები დიდუბის ტერიტორიაზე.

დიდუბის ნამოსახლარი მდებარეობს მექანიკური ქარხნის ტერიტორიაზე. დაზიანდა მშენებლობის დროს. ნამოსახლარის არქეოლოგიური მასალა წარმოდგენილია თიხის ჭურჭლით, ობსიდიანისა და კაჟის იარაღებით, ქვისა და ძვლის ნივთებით. კერამიკა, რომელიც მასალის უმრავლესობას შეადგენს, სადაა, ხელით ნაძერწი, არათანაბრად გამომწვარი. მურა ფერის, შავი ან შავპრიალა ვარდისფერი სარჩულით. არის ქვიშანარევი და ქსოვილის ანაბეჭდებიანი ჭურჭლის ფრაგმენტებიც. გამოიყოფა სქელკედლიანი ჯამები, ბადიები, ქოთნები, სასმისები, ფართოყელიანი დიდი ქილები ნახევარსფერული ყურებით, სარქველები, საცრისებურძირიანი ტანდახვრეტილი ჯამი, მინიატურული შვერილებიანი კერა, სადგრის ფრაგმენტები. კაჟის იარაღი მხოლოდ ორია. შედარებით უხვადაა ობსიდიანის ლამელისებური, საჭრისისებური და სამწახნაგა ანატკეცები. ძვლისა და ქვის ნაკეთობებიდან აღმოჩნდა სადგისები, კვირისტავები და მრგვალი გახვრეტილი ქვები. ნამოსახლარის ფაუნა წარმოდგენილია მსხვილფეხა საქონლის, შვლისა და ჯეირანის ძვლებითა და რქებით. თარიღდება ძვ. წ. IV ათასწლეულის დასასრულითა და III ათასწლეულით (ქორიძე 1955: 6-75).

ღრმა-ღელის სამაროვანი მდებარეობს ავჭალის გზატკეცილიდან მახათა-ყეენის ქედისკენ 300-400 მ მანძილზე. შეისწავლეს შვიდი სამარხი. ყველა ინდივიდუალური ორმოსამარხია, მოგრძო ოთხკუთხა ფორმის. სამარხებს აქვთ ძელური გადახურვა, რომლის ზევით სხვადასხვა ზომის ქვაყრილებია გაკეთებული. მიცვალებულები დაკრძალულია მარჯვენა გვერდზე, კიდურებმოკეცილი, თავით ჩრდილოეთისაკენ. სამაროვნის მასალა წარმოდგენილია თიხის ჭურჭლითა და ბრინჯაოს ნივთებით. შავპრიალა, მონაცრისფრო ან ლეგა ფერის კერამიკა (ქოცოები, კოჭობები, ქოთნები, ქვაბქოთნები, ქილები, ბადიები, ჩაფი, სასმისები, ლანგრები, ჯამები, რიტუალური ჭურჭელი) ჩარხზეა დამზადებული. ისინი ორნამენტირებულია. გვხვდება ზოომორფული ჭურჭელიც. ბრინჯაოს იარაღი წარმოდგენილია 1 შედგენილტარიანი, ფოთლისებურპირიანი სატევრით და 2 მასრაგახსნილი ხელშუბისპირით. სამარხებში აღმოჩნდა მსხვილფეხა საქონლისა და ღორის ძვლები.

დიდუბის სამაროვანი მდებარეობს მექანიკური ქარხნის ტერიტორიაზე. დაზიანდა მშენებლობის დროს. კომპლექსების მიხედვით მასალის დაჯგუფება ვერ ხერხდება. მასალა წარმოდგენილია თიხის ჭურჭლითა და მძივ-სამკაულით. თიხის ჭურჭელი (კოჭობები, ფიალები, ყურმილიანი დოქები, ქოთნები და სხვ.) გვხვდება მოწითალო ფერის, შავადნაპრიალები, წერნაქიანი, წითლად მოხატული და სხვ. ორნამენტში ჭარბობს კონცენტრული ხაზები, ზიგზაგები, წერტილები. სამკაული წარმოდგენილია ბრინჯაოს თავებგახსნილი ზურგშეზნექილი სამაჯურით, სასაფეთქლე რგოლით, კასრისებურთავიანი საკინძით, ბეჭდით, ცხოველის ქანდაკება-საკიდით, ზარაკებით, ეჟვნებით; ვერცხლის (3 ბეჭედი) ნივთებით, მინის მძივებით. თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრითა და ახ. წ. დასაწყისით (ქორიძე 1958: 47-74). დიდუბესა და ღრმა-ღელეში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

დაზვერვითი სამუშაოების შედეგად დიდუბეში, ღრმა-ღელესა და ნაძალადევში აღმოჩნდა ადრებრინჯაოს, შუაბრინჯაოს, გვიანბრინჯაო-ადრერკინის, ანტიკური ხანის ნამოსახლარები და სამაროვნები (აბრამიშვილი, რამიშვილი 1975: 16-24).

დიდუბის ტერიტორიაზე აღმოჩნდა რამდენიმე მონეტა: 1934 წ. სპილენძის ფელსი (1723-1724) (პახომოვი 1938: 60). 1938 წ. XI ს-ის ბიზანტიური უსახელო მონეტა, 1941 წ. XIII ს-ის მეორე ნახევრის ქართულ-ჰულაგუიდური ვერცხლის დრამა, 1958 წ. ძვ. წ. II-I სს-ის პართიის მეფის, ფრაატ IV-ის დროინდელი დრაქმა (ბერიძე 1971: 128, 130). მონეტები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). დიდუბეში მდებარეობს ღვთისმშობლის გუმბათიანი ეკლესია. აგებულია 1884 წ. ძველი ეკლესიის ადგილზე. ეკლესიაში არსებულ საფლავზე გაკეთებულ მხედრულ წარწერაში მოხსენიებულია ეკლესიის ამშენებელი, დეკანოზი ბესარიონ სიმონის ძე ზედგენიძე (ბერიძე 1977ა: 224). 1915 წ. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ინიციატივით დიდუბის ეკლესიის ტერიტორიაზე გაიხსნა პანთეონი.

დიდუბეში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდგარა მოგრძო, სწორკუთხა ფორმის ციხე, ოთხივე კუთხეში ცილინდრული ფორმის კოშკებით. თარიღდება დაახლოებით XVIII ს-ის 40-იანი წლებით (ბერიძე 1971: 134).
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი, რამიშვილი, 1975: 16-24; ბაგრატიონი 1986: 81; ბერიძე 1971: 127-140; 1977ა: 210-229; ბერძენიშვილი 1964: 325; თბილისი 1978: 203; თბილისის ისტორია 1990: 34, 35, 37, 39, 122, 154, 163, 210, 342, 343; გიულდენშტედტი 1962: 61; დასტურლამალი 1886: 103; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 72; იოსელიანი 1844: 122; 1866: 262; 1871ა: 77, 78; ისტ. საბ. 1913: 83; კუფტინი 1941: 27, 47, 106, 108, 115; ლორთქიფანიძე 1961: 18; მასალანი საქ. სტატ. 1907: 3; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 74; ორბელიანი 1913: 91; 1981: 82, 219, 238; პახომოვი 1938: 60; საქ. არქ. 1992: 160, 161; მუსხელიშვილი 1977: 17; საქ. სიძ. 1909: 4; 1910: 455, 456; ქც 2: 47,9, 122,5, 128,17; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 33; ქორიძე 1953: 127-155; 1955: 7-75; 1958: 47-74, 86; 1959: 39, 40, 41, 47; ქც 4: 117,5; 338,22; 524,3; ჩხეტია 1938: 61, 63, 147, 163, 165, 202; ჯაფარიძე 1991: 105-107, 110, 111, 114.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9