და დე დვ დი დმ დო დრ დუ
დიდ დიმ დირ დიღ

დიმი 

ციხე, დაბა (ქც 1: 24,11; ქც 4: 752,7).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“ (ქც 1: 24,11), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 752,7), ქართული ისტორიული საბუთები (ბურჯანაძე 1959: 20; ქრონიკები 1967: 186; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 1130), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 165), ფრანსუა გამბას „მოგაზურობა ამიერკავკასიაში“ (გამბა 1987: 166, 172, 173, 178).

ვახუშტი ბაგრატიონი დიმის შესახებ გადმოგვცემს: „ხანის წყლის აღმოსავლით და ყვირილის მდინარის სამხრით, ფერსათის კალთას, არს დიმი, სადაცა ჰყო პირველმან მეფემან ფარნაოზ ციხე მტკიცე, და აწ არს დაბა“ (ქც 4: 752,5-7).

მდებარეობს ბაღდათის მუნიც-ში, მდ. ხანისწყლის მარჯვენა ნაპირზე.

დიმი წყაროებში სხვადასხვა სახელით იხსენიება: დიმნა (ქც 1: 24,11), დიმი (ქც 4: 752,7), დმნი (ქრონიკები 1967: 186). ძვ. წ. III ს-ში ფარნავაზს აუშენებია იქ ციხე. XVIII ს-ში ის დაბა იყო (ქც 4: 752,5-7).

დიმი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

დიმის ციხის აღმოსავლეთ ფერდობზე დაზვერვებისას აღმოჩნდა ჭურჭლის ფრაგმენტები, ქვევრების ნატეხები, დამწვარი ბათქაში, ალიზი, ამფორისკის ფრაგმენტი, ბრინჯაოს კილიტი. ანაკრეფი მასალა ელინისტური ხანით განისაზღვრა (ცქიტიშვილი 1964: 84). ციხის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, „ცეცხლოურის“ წყაროს მახლობლად შემთხვევით აღმოჩნდა ქვევრსამარხი, ხოლო „ამილახვრისოულად“ წოდებულ ადგილზე – ორმოსამარხები, რომლებშიც დაფიქსირდა რკინის შუბები, ისრისპირები, მძივები, სამკაული, თიხის ჭურჭელი – ჩაფები, ჯამები. სამარხები პირველი საუკუნეებით უნდა დათარიღდეს (ცქტიშვილი 1964: 84). 1939 წ. სოფ. დიმში აღმოჩნდა ძვ. წ. XIV-XIII სს-ის კოლხური ცულების განძი, რომელიც 12 ცალისაგან შედგება (ქორიძე 1965: 14). ნივთები ინახება ნ. ბერძენიშვილის სახ. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში.

დიმის ციხე „ციხის ყელი“ (ხალხური) მდებარეობს ზემო დიმში, სოფლის აღმოსავლეთ განაპირას, მაღალ მთაზე. შემორჩენილია ნანგევები. წყობა მეტწილად ჰორიზონტალურია. აშენებულია უხეშად გათლილი კვადრებით კირხსნარზე. მის სამხრეთ კუთხეში დგას ოთხკუთხა კოშკის ნანგრევები. ციხის ნაშთები შუა საუკუნეებისაა (ცქიტიშვილი 1964: 83).
 
ბიბლიოგრაფია: ბურჯანაძე 1959: 20; გამბა 1987: 166, 172, 173, 178; გამყრელიძე 2010: 175; გიულდენშტედტი 1962: 165; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 1130; ქც 1: 24,11; ქც 4: 752,7; ქორიძე 1965: 14; ქრონიკები 1967: 186; ცქიტიშვილი 1964: 83, 84.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9