და დე დვ დი დმ დო დრ დუ
დიდ დიმ დირ დიღ

დირბი 

მონასტერი (ქც 4: 374,18).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 374,18), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 42), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 23-29), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 25), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 104), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 213, 214, 241), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1913: 359), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 50), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1989: 55), ქართული ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 74; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 104, 109; ქართლ-კახეთის ... 1903: 17; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 406, 427; 1972: 659; 1981: 81, 463, 785; 1985: 22, 231, 322, 456, 493, 495, 553; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1974: 111, 146, 149, 151, 154, 156, 163, 173; საქ. სიძ. 1909: 233, 498), კასტელის „ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ“ (კასტელი 1977: 187), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 177; 1964: 155).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, „ბრეთის დასავლით წვერიდამ ასტყდების მთა კვერნაქი და მივალს ფიცის-წყლამდე, რომელსა ეწოდა ცეცხლის-ჯუარი. წვერს ქუეით, არადეთს, არს ჭია მარიამული ... ამის ჩდილოთ და ამ წყლის დასავლით კიდესა არს დირბს მონასტერი, სადა ზის არქიმანდრიტი იერუსალიმის ჯუარის მონასტრისა“ (ქც 4: 374,14-19).

მდებარეობს ქარელის მუნიც-ში, მდ. დვანის ფრონეს ხეობაში, თანამედროვე სოფ. დირბის ტერიტორიაზე.

როსტომ მეფეს (1632-1658) დირბი ქრისტეს საფლავისათვის შეუწირავს (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 74). XVII ს-ში ის ქართლის მეორე სასპასპეტოს შემადგენლობაშია (გვასალია 1983: 34; ლომიტაშვილი 1985: 44). 1736 წ. სოფელი ლეკებმა დაარბიეს (ჩხეიძე 1913: 50). 1754 და 1798 წწ. დირბთან მოხდა შეტაკებები ქართველებსა და ლეკებს შორის. (ბაგრატიონი დავით 1941: 25). 1810 წ. 14 აპრილს დირბში შეიპყრეს სოლომონ II (1789-1810) (ჩხეიძე 1913: 214; ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 104).

1955 წ. დირბის მიდამოებში დაზვერვითი სამუშაოები ჩაატარა ივ. ჯავხიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შიდა ქართლის ისტორიულ-გეოგრაფიულმა ექსპედიციამ (ხელმძღ. დ. მუსხელიშვილი). 1973-1974 წწ. იმავე ინსტიტუტის კასპის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. გ. ცქიტიშვილი).

დირბში სხვადასხვა პერიოდის რამდენიმე ძეგლია გამოვლენილი: გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარი მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით ზენაჯვრის გორაზე, სადაც აღმოჩნდა შავპრიალა და ლეგა ფერის თიხის ჯამები, ხელსაფქვავის ქვები; გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარი და სამარხი სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, ადგილ „ნაფუძნარებში,“ სადაც აიკრიფა წითლად გამომწვარი უხეშკეციანი ჭურჭლის ფრაგმენტები. მასალა ინახება ს. მაკალათიას სახ. გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში (მუსხელიშვილი, ცქიტიშვილი 1960: 187; სძა 1990: 368).

დირბში რამდენიმე ეკლესიაა. ღვთისმშობლის სამნავიანი ბაზილიკა (10,35X7,25 მ) მდებარეობს დირბის აღმოსავლეთით. სამივე ნავს წრის მეოთხედის ფორმის აფსიდა აქვს. ნაგებია კარგად დამუშავებული ბაზალტის კვადრებით. თავდაპირველად ის დარბაზული ტიპის ნაგებობა ყოფილა. გვიან შუა საუკუნეებში გაუკეთებიათ ორი მინაშენი სამხრეთიდან (3X7,25 მ) და ჩრდილოეთიდან (2,75X7,25 მ). შემორჩენილია შელესილობისა და მოხატულობის ფრაგმენტები. საკურთხევლის ერთ პატარა ქვაზე ყოფილა 1815 წ. დათარიღებული ბერძნულ-ქართული წარწერა, რომელიც ამჟამად დაკარგულია (ყაუხჩიშვილი 1951: 188). სამხრეთ მინაშენის აღმოსავლეთ კედელში ჩასმულია ქვა-ჯვარი, ე. წ. ხაჩკარი, XV ს-ის მეორე ნახევრის სომხური წარწერით. ეკლესიაზე არსებული ასომთავრული წარწერა არ იკითხება.

ღვთისმშობლის ეკლესია იერუსალიმის ჯვრის მონასტერს ეკუთვნოდა. თარიღდება X ს-ით (მაკალათია 1963: 27, 28). ეკლესიის სამხრეთით, შესასვლელის წინ არის აგურითა და რიყის ქვით ნაშენი სამსართულიანი სამრეკლო (4,95X3,55 მ). პირველი სართულის დასავლეთი ფასადის კუთხეში ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლები შემკულია ორნამენტით. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით (მაკალათია 1963: 27, 28). წმინდა გიორგის, ანუ „ზედა ჯვრის“ დარბაზული ეკლესია (9,6X6,4 მ) მდებარეობს დირბის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. ნაგებია რიყის ქვით. შემორჩენილია საკურთხევლის მოხატულობის ფრაგმენტები, რომლის გარშემო დაზიანებული ასომთავრული წარწერაა. თარიღდება X ს-ით (მაკალათია 1963: 27).

წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია (11X5,9 მ) მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. აფსიდა ნახევარწრიულია. შესასვლელები დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით (სძა 1990: 369).

წმინდა თევდორეს დარბაზული ეკლესია (13,4X7,65 მ) მდებარეობს სოფლის ცენტრში. ნაგებია აგურით, რიყისა და ბაზალტის ქვით. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში სამ-სამი სარკმელია. შემორჩენილია შელესილობისა და მოხატულობის კვალი. თარიღდება XIX ს-ის მეორე ნახევრით (ლომიტაშვილი 1985: 57). ყველაწმიდის დარბაზული ეკლესია (13,5X7,3მ) მდებარეობს დირბის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ნაშენია რიყის ქვითა და აგურით. კუთხეები ამოყვანილია შირიმისა და ბაზალტის ქვით. აფსიდა ნახევარწრიულია. შესასვლელები სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა (სძა 1990: 369).

დირბის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მთაზე მდებარეობს XVIII ს-ის ციხე (30X10მ). აგებულია რიყის ქვით კირდუღაბზე. სამსართულიანია. ციხეს შიდა ეზო (19X20მ) და რამდენიმე კოშკი აქვს. კედლებში გაჭრილია სათოფურები. შესასვლელი აქვს აღმოსავლეთიდან (ზაქარაია 1968: 115; მაკალათია 1969: 29; ლომიტაშვილი 1985: 44-59).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 42; ბაგრატიონი 1983: 28, 29; ბაგრატიონი დავით 1941: 25; ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 104; ბარნაველი 1959: 110; ბაქრაძე 1875: 65; გვასალია 1983: 113; 1989: 3-35; გვრიტიშვილი 1955: 300, 422; გიულდენშტედტის 1962: 177; გონიკიშვილი 1979: 161, 162; გორგიჯანიძე 1913: 359; ზაქარაია 1968: 115; თაყაიშვილი 1907: 131; კასტელი 1977: 187; ლომიტაშვილი 1985: 44-59; მაკალათია 1963: 27, 28; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 74; მუსხელიშვილი, ცქიტიშვილი 1960: 187; ორბელიანი 1981: 213; სძა 1990: 368-370; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1974: 101, 111, 146, 149, 151, 156, 163, 173, 184; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 104, 109; საქ. სიძ. 1909: 233, 498; ქართლ-კახეთის ... 1903: 17; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 406, 427; 1972: 659; 1981: 81, 463, 785; 1985: 22, 231, 322, 456, 493, 495, 553; ქც 4: 374,18; ყაუხჩიშვილი 1951: 188; ჩხეიძე 1913: 50; ხერხეულიძე 1989: 55.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9