დიღუამი, დიღვამი (ქც 4: 109,5; 157,18; 408,7; 412,18; 578,22).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“ (ქც 1: 21,19), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 109,5; 157,18; 408,7; 412,18; 578,22), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (ქც 1: 179,20), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 299,15), „ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი“ (ქც 2: 326,4), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 368,3,5, 372,31, 373,19, 444,6, 527,4,7, 528,7,9), „ძეგლი ერისთავთა“ (ქრონიკები 1897: 6; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 106), XIV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 95, 287, 310, 357, 371, 401, 408, 419; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 280, 317, 318; 1970: 176, 191, 259, 264, 922; 1972: 252, 433, 441, 549; 1974: 644; 1985: 79, 80, 106, 162, 506, 507; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 341; საქ. სიძ. 1909: 23, 47, 65, 91, 93, 95, 524, 530; 1910: 115, 363; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 11, 183, 218; 1953: 166, 555; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 75; დოკ. თბ. ისტ. 1962: 182; სიგელები ... 1902: 250; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1974: 161-163; ქართულ-სპარსული ... 1955: 3, 9, 40, 133, 134, 176), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 280, 317, 318), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 200, 203, 221), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1913: 297; 1981: 200, 203, 221), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 44), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 18, 19), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 40, 81), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 61, 85).
ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, საბურთალოს ველის „ზეით არს ტბა ლისისა, და მის დასავლით მთა სხალდიდისა ... ამის სამხრით ხეობა დიღმისა, გამოსდის ამისი წყალი სხალდიდსა და სათოვლიას მთას და დის აღმოსავლით, მიერთვის მტკუარს დასავლეთიდამ ... სამხრით არს ველი დიდი დიღმისა“ (ქც 4: 339,3-8).
მდებარეობს თბილისის ჩრდილო-დასავლეთით მდ. მტკვრისა და დიღმისწყლის შესართავთან, წარმოადგენს დედაქალაქის გარეუბანს.
წყაროებში პირველად იხსენიება ძვ. წ. IV-III სს-ში მეფე ფარნავაზის დროს (ქც 1: 21,19). დიღომთან დაიბანაკა ვახტანგ გორგასალმა სპარსელებთან ბრძოლის წინ (ქც 1: 179,20). არაბობის დროს დიღომი და დიღმის ხეობა თბილისის საამიროში შედიოდა (მუსხელიშვილი 1967: 75). სიმონ I-ის (1558-1600) დროს სამეფო რეზიდენციაა (ქც 2: 528,7,9; 373,19; 527,4). 1567 წ. დიღომში ბრძოლა გაიმართა სიმონ მეფესა და დაუდ-ხანს შორის (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 341). 1632 წ. დიღომში ოჯახით მდგარა თეიმურაზ I (1590-1663). 1811 წ. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა (1801-1825) დიღომი ერეკლე II-ის (1744-1798) ასულს, ქეთევან ბატონიშვილს გადასცა, რის შემდეგაც სოფელს მუხრანელი ბაგრატიონები დაეუფლნენ (სონღულაშვილი 1985: 51). წყაროებში დიღომი იხსენიება, როგორც „დიღვამი“ (ქც 2: 372,31; 446,4; 512,23; 527,4; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 218; ისტ. საბ. 1913: 57; მასლები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 75; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 317; 1972: 433), „დიღუამი“ (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 218; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 75; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 106; ქრონიკები 1897: 6, 310, 357), „დიღუმი“ (მარტვილობაი რაჟდენისი 1946: 243).
1924 წ. დიღომში, ადგილ „სქელჯაგებში“ აღმოჩნდა სამარხი ბრინჯაოსა და მინის სამკაულებითა და ორი ვერცხლის მონეტით: ავგუსტუსის დენარი (ძვ. წ. 44-ახ. წ. 14) და პართიის მეფის გოტარზეს დრაქმა (ახ. წ. 40-51). სამარხი თარიღდება ახ. წ. I ს-ით (მაკალათია 1928: 171). 1954 წ. ვაშლაჯვარში ერთ-ერთი მოსახლის ეზოში აღმოჩნდა ქვის ფილებით ნაგები სამარხი სამი ცალი მინის სანელსაცხებლე ჭურჭლით. თარიღდება ძვ. წ. IV-V სს-ით (ტყეშელაშვილი 1966: 21). 1959 წ. დიღმისწყლის ხიდის მშენებლობისას გამოვლინდა ოქროს ბეჭედი, საკიდი, 3 რგოლი, ვერცხლის 2 აბზინდა, ფირფიტები, ბეჭედი, ბრინჯაოს 2 აბზინდა, რკინის ორპირლესული მახვილი, მინისა და პასტის მძივები. მასალის ერთი ნაწილი თარიღდება II-III სს-ით, ხოლო ოქროს სამკაული IV ს-ით (ნიკოლაიშვილი 1978: 92, 93). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
1954 წ. თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სადაზვერვო ექსპედიციამ (ხელმძღ. ო. ტყეშელაშვილი) ჩაატარა დაზვერვები ვაშლაჯვარის სამაროვნის ტერიტორიასა და თრელიგორების ერთ-ერთ ბოცვზე. 1969 წ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციამ მცირე მასშტაბის სამუშაოები ჩაატარა თრელიგორების ნამოსახლარზე. იმავე წელს, აღნიშნული ძეგლის შესწავლა დაიწყო ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დიღმის ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (1979 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თბილისის ექსპედიცია, ხელმძღ. რ. აბრამიშვილი), რომელიც გაგრძელდა 1970-1983 წწ. ექსპედიციამ შეისწავლა შემდეგი ძეგლები: 1968-1983 წწ. თრელის სამაროვანი, 1972 წ. ვაშლაჯვრის სამაროვანი, 1972-1987 წწ. ნამგალა მიწის სამაროვანი, 1981 წ. სამარხი ადგილ საჯოგეში, 1982-1987 წწ. ჩალიპირაგორების ნამოსახლარი და სამაროვანი, 1985-1986 წწ. ზურგოვანის სამა-როვანი, 1987 წ. ნამოსახლარი საჯოგეში. 1984-1989 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ჯ. სონღულაშვილი) შეისწავლა დიღმისთავის ნამოსახლარი, სამლოცველო და სამაროვანი.
საჯოგეს ორმოსამარხი მდებარეობს დიღმის ველის ჩრდილო-დასავლეთით, ადგილ საჯოგეში. ქვამიწაყრილიანია. იატაკი მოგებულია ფილებით. ჩონჩხი ცუდადაა დაცული. სამარხში აღმოჩნდა ნაცრისფერი ორყურა თიხის ქოთანი, ბადია და ყურიანი ტიგელი. თარიღდება ადრებრინჯაოს პერიოდით (აბრამიშვილი ... 1984: 35). მასალა ინახება თბილისის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაზე.
თრელიგორების ნამოსახლარი მდებარეობს მდ. დიღმისწყლის ორივე ნაპირზე, დიღმის ველის სამხრეთ ნაწილში, საქართველოს სამხედრო გზის გასწვრივ არსებულ ბორცვებზე. ძეგლი მრავალფენიანია და რამდენიმე ჰექტარი უჭირავს. ყველაზე ადრეულია ადრებრინჯაოს პერიოდის ფენა, რომელიც 3 მ სიღრმეზეა გამოვლენილი. აქ აღმოჩნდა: 6 ორმო (სიმაღლე 1,1-2 მ, პირის დმ 0,5-0,6 მ, ძირის დმ 0,8-1,1 მ) და ქვის მშრალი წყობით ნაგები ოთხკუთხა ნაგებობების კედელი; თიხატკეპნილი იატაკი მასში ჩადგმული კერით (დმ 0,7 მ); ბათქაშის წითლად შეღებილი ხისანაბეჭდიანი ფრაგმენტები; ორმოები ამოვსებული იყო ნაცარ-ნახშირიანი მიწით, ძვლებით, ობსიდიანისა და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებით. კერამიკა მსხვილმარცვლოვანია, ქვიშანარევი ან ბზენარევი, გამომწვარია არათანაბრად, მონაცრისფრო-მოყავისფრო, ღია ფერის ან ყავისფერლაქებიანია. თარიღდება ძვ. წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევრით (თბილისი 1978: 34-44). გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში ნამოსახლარი მჭიდროდაა დასახლებული და უჭირავს დაახ. 1,5 კმ სიგრძის ტერიტორია. შეისწავლეს 100-ზე მეტი სათავსი. ისინი წარმოადგენენ რიყისა და ფლეთილი ქვით ტალახის ხსნარზე ნაგებ ნახევრად მიწურებს, რომელთა ბანური გადახურვა ხის სვეტებს ეყრდნობოდა. საცხოვრებელი ოთახების კედლები თიხითაა შელესილი. იატაკი თიხატკეპნილია, ზოგ შემთხვევაში ნაწილობრივ ქვითაა მოგებული. ყოველი საცხოვრებელი კომპლექსის მარცხენა კუთხეში ორგანყოფილებიანი ღუმელია, რომელსაც ახლავს სანაცრე ორმო, თიხით შელესილი თარო და სხვადასხვა ფორმის სამსხვერპლო-საკურთხეველი. სათავსებში ჩნდება ქვით გადახურული ორმოები, იატაკში ჩადგმული კერები და სხვ. მასალა წარმოდგენილია მრავალგვარი ფორმისა და დანიშნულების თიხის ჭურჭლით, ბრინჯაოს ისრისპირებითა და საკინძებით, რკინის სამეურნეო იარაღებით, თიხის საბეჭდავებითა და სხვ. გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის დასახლება არსებობას წყვეტს I ათასწლეულის შუა ხანებში, მტრის შემოსევის შედეგად (აბრამიშვილი ... 1971: 166-169; აბრამიშვილი ... 1974: 21-22; აბრამიშვილი ... 1975: 16-24, აბრამიშვილი ... 1984: 31-35). ნამოსახლარის ტერიტორია საცხოვრებლად გამოყენებულია გვიანანტიკურ პერიოდსა და ადრე შუა საუკუნეებშიც. ადრე შუა საუკუნეების შენობები ნაგებია რიყის ქვით თიხის ხსნარზე. ისინი ოთხკუთხა გეგმისაა, დაგრძელებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. იატაკი თიხატკეპნილია. აღმოჩნდა იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი მოთეთრო-მოვარდისფრო კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები (აბრამიშვილი, რამიშვილი 1976ა: 32). თრელიგორების ნამოსახლარის მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). თრელის სამაროვანი მდებარეობს დიღმის ველზე, თრელიგორების აღმოსავლეთით. სამაროვანი ფუნქციონირებდა ხანგრძლივი დროის მანძილზე: ადრებრინჯაოს ხანიდან შუა საუკუნეების ჩათვლით. შესწავლილია ადრებრინჯაოს 2, შუაბრინჯაოს 8, გვიანბრინჯაოს 105, ანტიკური ხანის 12 და შუა საუკუნეების 2 სამარხი. ადრებრინჯაოს სამარხები ყორღანებია. დასაკრძალავ ორმოებში (1,7X1,8 მ) აღმოჩნდა უწესრიგოდ მიმოფანტული ძვლები და შავპრიალა ვარდისფერსარჩულიანი ჭურჭელი. თარიღდება ადრებრინჯაოს პერიოდის გვიანი საფეხურით (თბილისი 1978: 34-47). შუაბრინჯაოს სამარხები კუთხეებმომრგვალებული მართკუთხა გეგმის ორმოსამარხებია (1,2-1,8X0,9-1,6 მ). სამარხი ორმოები გადახურულია ხის ძელებით. ისინი ინდივიდუალურია, ინჰუმაციური. გვხვდება კრემაციის შემთხვევაც. მიცვალებულები დაკრძალულია მარჯვენა გვერდზე კიდურებმოკეცილი, თავით სამხრეთ-აღმოსავლეთით. სამარხეული მასალის უმრავლესობა კერამიკაა. ჭურჭელი ხელითაა ნაძერწი ან ჩარხზეა დამზადებული. ორნამენტირებულია. გვხვდება მოშავო, მონაცრისფრო, აგურისფერი ჭურჭელი. სამკაულიდან გამოიყოფა ბრინჯაოს პირამიდისებურთავიანი საკინძი, სარდიონისა და პასტის მძივები. სამაროვანზე ყველაზე მრავალრიცხოვანია გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამარხები. მიცვალებულები დაკრძალულია მარჯვენა (მამაკაცები) ან მარცხენა (ქალები) გვერდზე კიდურებმოკეცილი, თავით ჩრდილოეთისაკენ. სამარხეული მასალა წარმოდგენილია თიხის ჭურჭლით, საბრძოლო იარაღებით, მძივ-სამკაულითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით. გვხვდება საქონლის ძვლებიც. თიხის ჭურჭელი (ჯამები, ფიალები, დოქები, ხელადები, ყურიანი და უყურო ქოთნები, ქილები, დერგები, პირმოყრილი ჭურჭელი, ბიკონოსური ფორმის ქვაბქოთნები, ღრუქუსლიანი სასმისები და სხვ.) დამზადებულია ჩარხზე. გამომწვარია შავად, ლეგად, მონაცრისფროდ. შემკულია გეომეტრიული ორნამენტით. ბრინჯაოს იარაღებიდან გვხვდება მთლიანადასხმული სატევრები, მასრაგახსნილი შუბისპირები. სამკაული წარმოდგენილია ბრინჯაოს ნივთებით (საკინძები, რომბისებური გარსაკრავები, ბეჭდები, რგოლები) და ბრინჯაოს, ოქროს, სარდიონის, კვარცის, ქალცედონის, პასტის, ქვის, ანთიმონის და სხვ. მასალის მძივებით. საყოფაცხოვრებო ნივთებიდან გვხვდება ბრინჯაოს სადგისები და მახათები, კვირისტავები და სხვა (თბილისი 1978: 86-158). ძვ. წ. VIII ს-ის სამაროვანზე ჩნდება სამარხები წარჩინებულ პირთათვის, რომელთა მასალა წარმოდგენილია თიხის ჭურჭლით, მრავალრიცხოვანი ბრინჯაოსა და რკინის ნივთებით (ბოლოკვეთილი მახვილები, დანები, ოთხწახნაგა ისრისპირები, ცხენის აღკაზმულობა, ღვთაების ქანდაკება, შტანდარტის თავები, ორნამენტირებული სარტყელი, სადგისები), სარდიონისა და პასტის მძივებით (აბრამიშვილი ... 1971: 166-169; აბრამიშვილი, რამიშვილი 1975: 16-24).
ელინისტური და რომაული პერიოდის სამარხები ქვევრსამარხები და ორმოსამარხებია. ისინი ძირითადად ინდივიდუალურია. გვხვდება ორი მიცვალებულის ერთად დაკრძალვის შემთხვევაც. სამარხები ინჰუმაციურია, დასტურდება კრემაციაც. მიცვალებულები დაკრძალულია მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე კიდურებმოკეცილი, თავით ჩრდილოეთით ან დასავლეთით (ქვევრსამარხებში). სამარხებში აღმოჩნდა: თიხის ჭურჭელი (ქუსლიანი და ბრტყელძირა ჯამები, კოჭობები, ცალყურა სასმისი, სამტუჩა ხელადები, წერნაქით მოხატული დოქი და სხვ.), საბრძოლო იარაღები (რკინის მახვილი, სატევარი, შუბისპირი, სამფრთიანი ისრისპირები, მოხრილი დანები), სამკაული (ოქროს ზურგჩაზნექილი, მრგვალგანივკვეთიანი სამაჯურები, რკინისა და ბრინჯაოს სამაჯურები, ბრინჯაოს საკინძები, სარდიონისთვლიანი რკინის ბეჭდები, მძივსაკიდი, ავგუსტუსის ორი დენარი (ძვ. წ. 37-ახ. წ. 14), ლურჯი მინის მრავალწახნაგა საბეჭდავი და სხვ. სამარხთა ეს ჯგუფი თარიღდება ძვ. წ. I ს-ის დასასრულითა და ახ. წ. III ს-ით (აბრამიშვილი ... 1971: 166-169; აბრამიშვილი, რამიშვილი 1975: 16-24; ნიკოლაიშვილი 1978: 96). თრელის სამაროვნის მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (თბილისის არქეოლოგიური მუზეუმ-საცავი).
ნამგალამიწის სამაროვანი მდებარეობს დიღმის ველის ჩრდილოეთით, დიდი დიღმის მასივის IV მიკრორაიონის ტერიტორიაზე. მას უჭირავს 1,5 ჰა ტერიტორია. სამაროვანზე აღმოჩნდა ერთმანეთთან მჭიდროდ განლაგებული 50-მდე ყორღანი, რომელთა ყრილები წრიული ფორმისაა, დაზიანებული. მათი ცენტრალური ნაწილი შედგენილია რიყისა და კვარცის ქვით. სამაროვანზე ტიპურია მე-7 ყორღანი. დასაკრძალავი კამერა მდებარეობს რიყის ქვაყრილის ქვეშ. მიცვალებული დაკრძალულია მარცხენა გვერდზე, კიდურებმოკეცილი, თავით ჩრდილო-დასავლეთით. სამარხში აღმოჩნდა: 3 თიხის ჭურჭელი, 45 სარდიონის, 2 ბრინჯაოს, 13 პასტის, 1 მინის მძივი. სამაროვანი თარიღდება გვიანი ბრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპით (აბრამიშვილი ... 1982ა: 18, 19; აბრამიშვილი 1987: 14, 15; აბრამიშვილი ... 1995: 62). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (თბილისის არქეოლოგიური მუზეუმ-საცავი).
საჯოგეს ნამოსახლარი მდებარეობს ადგილ საჯოგეში, დიღმის ველის ჩრდილო-დასავლეთით, დიდი დიღმის მასივის IV მიკრორაიონის ტერიტორიაზე. ფენის სიმძლავრე 1,5-2 მეტრია. თარიღდება გვიანი ბრინჯაოს ადრეული ეტაპით (აბრამიშვილი ... 1995: 60).
ზურგოვანას სამაროვანი მდებარეობს დიღმის ველზე, დიდი დიღმის მასივის II მიკრორაიონის ტერიტორიაზე. სამაროვნის საერთო ფართობია 1000 კვმ. შეისწავლეს ორი ყორღანი. I-ს აქვს ქვიშაქვისა და რიყის ქვისაგან გაკეთებული ყრილი, რომლის ქვეშ მდებარეობს მოგრძო ოთხკუთხა ფორმის სამარხი ორმო. მიცვალებული დაკრძალულია ზურგზე, მოკეცილი ქვედა კიდურებით, თავით ჩრდილოეთით. ყორღანში აღმოჩნდა კონცენტრული ღარებით შემკული შავპრიალა და მოწითალოდ გამომწვარი ჭურჭლის ფრაგმენტები, კვერცხისებური ფორმის თიხის ჭურჭელი. თარიღდება ძვ. წ. XV-XIV სს-ით (აბრამიშვილი ... 1995: 58-60). სამაროვნის მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (თბილისის არქეოლოგიური მუზეუმ-საცავი).
ჩალისპირაგორების სამაროვანი მდებარეობს თრელიგორების ჩრდილოეთით მდებარე ბორცვის აღმოსავლეთ კალთაზე. სამაროვანი დაზიანებულია მოგვიანო პერიოდის ნასახლარით. შესწავლილია 80-ზე მეტი სამარხი. გვხვდება ორმოსამარხები წრიული ან მართკუთხა ფორმის ქვაყრილებით. ხშირ შემთხვევაში სამარხთა ცენტრალურ ნაწილში დასაკრძალავი კამერის თავზე გვხვდება კაჟის თეთრი ქვები. სამარხი ორმოები ოვალური ფორმისაა. სავარაუდოა ძელური გადახურვა. სამარხები ინჰუმაციურია. მასალა წარმოდგენილია თიხის ჭურჭლით (მორუხო-მოყავისფრო, ლეგა-მოშავო ფერის, ჩარხზე დამზადებული, ორნამენტირებული), ბრინჯაოს ნივთებით (ფოთლისებური შუბისპირები, ალისებური მახვილი, თავხვია საკინძები, ხვიები) და მძივებით (პასტის, სარდიონის, ანთიმონის). თარიღდება ძვ. წ. XV-XIV სს-ით (აბრამიშვილი ... 1986: 19; აბრამიშვილი ... 1995: 60-62).
ჩალისპირაგორების ნამოსახლარი მდებარეობს სამაროვანთან ახლოს. ნამოსახლარის ფართობია 3000 კვ მ. განლაგებულია ტერასულად. დაზიანებულია. შენობები ოთხკუთხა გეგმისაა. ნაგებია ფლეთილი და ქვიშაქვის ქვებით თიხის ხსნარზე. შელესილია თიხით, უკანა კედლები ნაწილობრივ მიწაშია ჩამჯდარი. იატაკი თიხატკეპნილია. ზოგიერთი სათავსის იატაკის ნაწილი ფილაქვითაა მოგებული. საცხოვრებელ ნაგებობებში გაითხარა სამეურნეო ღუმლები. ნამოსახლარი ხანძრისა და ნგრევის კვალს ატარებს. გათხრებისას აღმოჩნდა მცირე რაოდენობის კერამიკის ფრაგმენტები. თარიღდება გვიანი ბრინჯაოს ხანით. ნასახლარზე დაშენებულია ადრე შუა საუკუნეების ნაგებობა (აბრამიშვილი ... 1986: 19). ჩალისპირაგორების სამაროვნის და ნამოსახლარის მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (თბილისის არქეოლოგიური მუზეუმ-საცავი).
დიღმისთავის ნამოსახლარი მდებარეობს სოფ. დიღომში მდ. დიღმისწყლის მარცხენა ნაპირზე. განლაგებულია ტერასულად. 30-50 სმ სისქის კედლები ნაგებია რიყის ქვით ტალახზე. იატაკები თიხატკეპნილია. საცხოვრებელი სათავსების ერთი ნაწილი ფილებითაა მოგებული. ჩრდილო-დასავლეთ კუთხეებში დაფიქსირდა პურის საცხობი ღუმლები. გადახურვა ბანურია და ხის სვეტებს ეყრდნობა. ნამოსახლარზე აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს ნივთები, ქვისა და ძვლის სამეურნეო იარაღები, თიხის საბეჭდავები, სხვადასხვა ჯიშის მარცვლეულისა და ყურძნის წიპწები. თიხის ჭურჭელი (სასმისები, დოქები, ლანგრები, ქვაბ-ქოთნები, დერგები, ქვევრები, სადღვებლები) რუხი-მოშავო ფერისაა. დამზადებულია ჩარხზე, ორნამენტირებულია. ბრინჯაოს ნივთები წარმოდგენილია ისრისპირებით, სამაჯურებით, საკინძებით და ნემსებით. სამეურნეო იარაღებიდან გამოიყოფა ქვის სანაყები, რქისა და ძვლის იარაღები. თარიღდება გვიანი ბრინჯაოს ხანით. მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (თბილისის არქეოლოგიური მუზეუმ-საცავი).
სამლოცველო მდებარეობს დიღმისათავის წმინდა გიორგის ეკლესიის აღმოსავლეთით, გალავნის გვერდით (სიგრძე 12 მ, სიგანე 8 მ, კედლის სისქე 2 მ). ნაგებობის ქვედა ფენაში აღმოჩნდა სამსხვერპლოს ნაწილი, რომელიც აღმართული უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთის კედელთან მდებარე საკურთხევლის წინ. ბომონი შემკულია ღარებით. სამლოცველოს სვეტებზე მდგარი გადახურვა უნდა ჰქონოდა. თარიღდება ადრე ელინისტური ხანით.
ვაშლაჯვარის სამაროვანი მდებარეობს მდ. დიღმისწყლის მარჯვენა ნაპირზე არსებული ქედის ფერდსა და თხემზე. შესწავლილია 24 სამარხი. მათ შორის 18 ქვის ფილებით ნაშენი სამარხი და 6 ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხი. სამარხი ორმოები ოვალურია. გადახურულია ქვიშაქვის ფილებით. ინდივიდუალურია. მიცვალებულები დაკრძალულია გულაღმა, თავით დასავლეთით, მარჯვენა გვერდზე. კიდურებმოკეცილი დაკრძალვის მხოლოდ ერთი შემთხვევაა. ქვის ფილებით ნაგები სამარხების უმრავლესობა საოჯახოა. მიცვალებულები ძირითადად ქრისტიანული წესითაა დაკრძალული. სამაროვნის ინვენტარის უმეტესი ნაწილი სამკაული და ტანსაცმელთან დაკავშირებული ნივთებია. კერამიკა და ლითონის იარაღები არ გვხვდება. ექვსი სამარხი უინვენტაროა. თარიღდება IV-VII სს-ით. სამაროვანზე გამოიყოფა №6 სამარხი. ქვისსამარხი (2,6X1,4 მ) აგებულია კარგად გათლილი ქვიშაქვის ფილებით. დაკრძალულია ოთხი მიცვალებული, გულაღმა, გაშოტილ პოზაში. აღმოჩნდა ბრინჯაოს, რკინისა და ძვლის საკინძები, რკინის მშვილდსაკინძი, ბრინჯაოსა და ვერცხლის ბეჭდები. სამარხზე აღმართული ყოფილა კარგად გათლილი ქვიშაქვის ფილებისაგან აგებული სტელა (1,1X0,25X0,32 მ) ასომთავრული წარწერით. იკითხება მხოლოდ ხუთი ასო. თარიღდება VI-VII სს-ით (ტყეშელაშვილი 1966: 20, 21; აბრამიშვილი ... 1973: 44, 45; აბრამიშვილი, რამიშვილი 1975: 23; ნიკოლაიშვილი 1978ა: 65). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
დიღმისთავის სამაროვანი მდებარეობს დიღმისთავის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში. შესწავლილია 11 ქვის სამარხი (ზომები: სიგრძე 1,8-2,4 მ, სიგანე 1,3-0,8 მ, სიღრმე 0,8-0,9 მ). სამარხები კოლექტიურია. მიცვალებულები დაკრძალულია ზურგზე გაშოტილი, თავით დასავლეთით. აღმოჩნდა ბრინჯაოს, რკინისა და მინის სამაჯურები, ბრინჯაოს გულსაკიდები, საყურეები, მინისა და პასტის მძივები, ტანსაცმელთან დაკავშირებული ნივთები. თარიღდება ადრე შუა საუკუნეებით.
1949 წ. მიწის სამუშაოების დროს დიღომში იპოვეს დემეტერე II-ის (1273-1289) სპილენძის მონეტა (პახომოვი 1954: 51). 1955 წ. აქ აღმოჩნდა სპილენძის მონეტების განძი (474 ც), რომელიც შედგება: გიორგი III-ის (1156-1184) 67 ც, თამარის (1184-1207) 203 ც, გიორგისა და თამარის 1 ც, ლაშა-გიორგის (1207-1222) 170 ც, ილდიგიზიდების, დარუბანდის ემირებისა და რუმის სელჩუკების მონეტებისაგან. თარიღდება XII ს-ითა და XIII ს-ის პირველი მეოთხედით (ჯალაღანია 1979: 92). მონეტები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
1960 წ. დიღომში, თეთრ დუქანთან მიწის სამუშაოების დროს აღმოჩნდა ბრინჯაოს ცულების განძი, რომელიც შედგება 3 ე. წ. აღმოსავლურ-ქართული ტიპის ცულისაგან. თარიღდება ძვ. წ. XIII-XII სს-ის მიჯნით (ქორიძე 1965: 19, 109).
დიღომში რამდენიმე ეკლესიაა. მაჩხაანის დარბაზული ეკლესია (7,4X4,6 მ) მდებარეობს სოფ. დიღმის სამხრეთ-დასავლეთით, მთის ფერდობზე. ნაგებია შირიმის ქვით. დაზიანებულია. აფსიდა ნახევარწრიულია. აქვს შესასვლელი სამხრეთიდან და ორი სარკმელი აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში. შემკულია რელიეფური ორნამენტით. საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. შესასვლელის თავზე ასომთავრული წარწერაა: „ქ. სახელითა ღმრთისაითა, მეოხებითა წმიდისა თევდორესითა ადიდენ ღმერთმან ქართლისა ამირაისა ბედითა აეშენა ესე საყდარი ჰომად კიტრისძისაობასა. უფალო, შეუნდვენ ცოდვანი“. წარწერის შუაში მოთავსებულია არაბული წარწერა: „ჰუმად იბნ“. აღმოსავლეთის სარკმლის თავზე მეორე ასომთავრული წარწერაა: „ქ. სახელითა ღმრთისაითა, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობლისაითა, შეწევნითა წმიდისა თევდორესითა, აეშენა საყდარი ესე დიდგორის ხელისუფლობასა გელსაბისაი (გულსაბისა?), ქალაქის უფლობასა ამირაისა ღიავარისა(?). იოვანეს უფალო შეუნდვენ ამინ“. თარიღდება IX ს-ით (ჩუბინაშვილი 1952: 442, 444, 445; ბარნაველი 1962ა: 650, 652, 655).
ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია (8,95X5,65 მ) მდებარეობს სოფ. დიღმის ჩრდილო-დასავლეთით, მთის ფერდობზე. ნაგებია ქვითა და აგურით. დაზიანებულია შესასვლელი სამხრეთიდან და სარკმელი აღმოსავლეთის კედელზე. შესასვლელის ზედა მხარეს წრეში ნაკვეთი ჯვარია გამოსახული. ეკლესია გადაკეთებულია. თარიღდება X ს-ით (შმერლინგი ... 1960: 61).
წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია (5,9X4 მ) მდებარეობს სოფლის სამხრეთით 2 კმ მანძილზე, ხევის მარცხენა მხარეს. აგებულია თლილი ქვით. აფსიდა ნახევარწრიულია. ფასადები შემკულია რელიეფური ორნამენტით. თარიღდება IX-X სს-ით (შმერლინგი ... 1960: 56, 57).
დიღმისთავის წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია (8,1X5,6 მ) მდებარეობს სოფ. დიღმის აღმოსავლეთით. ნაგებია თლილი ქვითა და აგურით. აფსიდა ნახევარწრიულია. აქვს შესასვლელი სამხრეთიდან და სარკმელები აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლებზე. აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფასადები შემკულია რელიეფური ჯვრებით, ფრინველების, ლომების, ხელის მტევნისა და სხვ. გამოსახულებებით. ეკლესიის სამხრეთის კედელზე გაკეთებულია სამი, ხოლო აღმოსავლეთის კედელზე ოთხი შერეული, ასომთავრული და ნუსხური წარწერები. აღმოსავლეთის კედლის წარწერები ცუდად იკითხება. სამხრეთის კედელზე შვიდსტრიქონიანი წარწერაა: „ესე სარკმელი მე აჰმედ დინარისძემან შევქმენ ვინ წარიკითხოთ, ლოცვა ყავთ“. XVIII ს-ში დასავლეთიდან გაკეთებულია მინაშენი (4,5X4,8 მ), რომელზეც მოთავსებულია ოთხ სვეტზე მდგარი სამრეკლო, ოთხკალთიანი გადახურვით. თარიღდება XI ს-ის პირველი მეოთხედით (ზაქარაია 1953ბ: 81-103; შმერლინგი ... 1960: 58-60).
წმინდა მარინეს გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია (14,1X6,25 მ) მდებარეობს სოფლის ცენტრში. ნაგებია აგურით. აქვს შესასვლელი სამხრეთიდან და ხუთი სარკმელი. გადაკეთებულია XIX ს-ში (სძა 1990: 280).
თეთრი გიორგის დარბაზული ეკლესია (7,15X5 მ) მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, მთაზე. ნაგებია თლილი ქვით. აფსიდა ნახევარწრიულია. აქვს შესასვლელი დასავლეთიდან. სარკმლები აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის კედლებშია გაჭრილი. შესასვლელში გაკეთებულია მხედრული წარწერა, რომელშიც მოიხსენიება ეკლესიის ამშენებელი ზაქარია. თარიღდება 1863 წლით (შმერლინგი ... 1960: 61-63).
კავთის წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია (12,25X7,85 მ) მდებარეობს სოფლის სამხრეთით. ნაგებია რიყისა და ქვიშაქვის ქვით. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან. იატაკი მოგებულია თლილი ქვით. თარიღდება XIX ს-ით (სძა 1990: 217).
კვირაცხოვლის დარბაზული ეკლესია (11,15X5,15 მ) მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ნაგებია ფლეთილი ქვით. კედლები შელესილი და შეთეთრებულია. აფსიდა ნახევარწრიულია. აქვს შესასვლელი სამხრეთიდან და სარკმლები დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე. შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. თარიღდება XIX ს-ით (შმერლინგი ... 1960: 63).
წერილობით წყაროებში შემორჩენილია ცნობები დიღმის ციხის შესახებ. ციხე მდგარა მდ. მტკვრისა და დიღმისწყლის შესართავთან. ამჟამად აღარ არსებობს (გიულდენშტედტი 1962: 61).
- ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი ... 1971: 166-169; აბრამიშვილი ... 1971ა :31-34; აბრამიშვილი ... 1973: 39-45; აბრამიშვილი ... 1974: 21-23; აბრამიშვილი, რამიშვილი 1975: 16-24; აბრამიშვილი რამიშვილი 1976: 27-32; აბრამიშვილი ... 1982ა: 13-24; აბრამიშვილი ... 1984: 31-35; აბრამიშვილი ... 1986: 17-20; აბრამიშვილი ... 1995: 55-62; ბაგრატიონი დავით 1941: 24 ბაგრატიონი 1983: 18, 19; ბაგრატიონი 1986: 40, 81; ბარნაველი 1959: 14, 15; 1962ა: 649-655; გვასალია 1983: 68, 97, 167; გიგუაშვილი 1977: 38-45; გიულდენშტედტი 1962: 61, 85; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 11, 183, 218; 1953: 115, 155, 166, 216; დოკ. თბ. ისტ. 1962: 182; ზაქარაია 1953ბ: 81-103; თბილისი 1978: 34-44; 86-158; თბილისის ისტორია 1990: 35, 38, 39, 45, 64, 94, 145, 220, 242, 335, 355; კილოსანიძე 1977: 46-54; მაკალათია 1928: 161-186; მარტვილობაი რაჟდენისი 1946: 243; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 75; მუსხელიშვილი 1967: 75; 1980: 138; ნიკოლაიშვილი 1978: 91-104; 1978ა: 63-76; ორბელიანი 1981: 200, 203, 221; პახომოვი 1954: 51; სძა 1990: 276, 277, 279, 280; საქ. არქ. 1992: 70, 197, 157, 158; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 141; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1974: 161-163; საქ. სიძ. 1909: 23, 47, 65, 91, 95, 524, 530; 1910: 363; სიგელები ... 1902: 250; სონღულაშვილი 1985: 34-55; ტყეშელაშვილი 1966: 20, 21; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 106, 204, 280, 317, 318; 1970: 176, 191, 259, 264, 322; 1972: 252, 433, 441, 543; 1974: 106, 644; 1985: 79, 80, 162, 506, 507, 571; ქართულ-სპარსული ... 1955: 3, 9, 40, 133, 134, 176; ქორიძე 1965: 19, 109; ქრონიკები 1897: 6, 195, 287, 310, 357, 371, 401, 408, 419; ქც 1: 21,9; 179,20; 326,4; 299,15; ქც 2: 368,3,5; 372,31; 373,19; 444,6; 527,4,7; 528,7,9; ქც 4:109,5; 157,18; 408,7; 412,18; 578,22; შმერლინგი ... 1960: 56, 57, 61, 63; ჩუბინაშვილი 1952: 441-447; ცხოვრება ... 1980: 44; ხერხეულიძე 1913: 297; 1981: 200, 203, 221; ჯალაღანია 1979: 92; ჯაფარიძე 1991: 14, 105, 107, 231, 240, 251.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.