დბანისი, ქალაქი (ქც 4: 161,27; 222,29; 224,13; 241,6; 313,8; 315,2; 316,21; 386,26; 411,22; 414,20; 514,19).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: „მატიანე ქართლისა“ (ქც 1:257,1; 312,11; 317,8), „ცხოვრება მეფეთ-მეფე დავითისი“ (ქც 1: 340,10; 344,11), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 251,11; 298,18; 310,18; 322,8,9,), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტი (ქც 2: 483,8; 530,22-23), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 130,21; 161,28; 165,12; 222,29; 224,13; 241,6; 313,8; 315,25; 316,21; 386,26; 411,22; 414,20; 514,19; 517,3), წყალობის დაწერილი მიქაელ კათოლიკოსისა მსახურთუხუცეს ვაჩე გუარამისძისადმი (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 130), 1586 წ. შეწირულობის წიგნი მიცემული სვიმონ I-ის (1556-1600) მიერ დმანისის ეკლესიისადმი (ქართულ-სპარსული ... 1955: 24-32), 1636 წ. ყმისა და მამულის წყალობის წიგნი, მიცემული როსტომ მეფის (1632-1658) მიერ მოლარეთუხუცეს შიოშ ხმალაძისადმი (ქართულ-სპარსული ... 1955: 133, 134), 1662 წ. განჩინება ბარათაშვილების საქმეზე (ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 121), 1732 წ. სახლი-კაცობისა და ერთობის წიგნი დიმიტრის ორბელიანისა ბიძაშვილისადმი (ქართ. სამართ. ძეგ. 1976: 706), 1758 წ. სამართალი თეიმურაზ II-ისა (1744-1762) ზაალ ყაფლანიშვილისა და დათის ამილახორიშვილის საქმეზე (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 55), 1766 წ. არზა, მიცემული ჰარხვერდიბეგის მიერ ერეკლე II-ისადმი (1744-1798) (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 63), 1793-1795 წწ. არზა ყაფლანიშვილებისა სამართლის მიცემაზე (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 929), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 13, 14, 19, 20, 43, 44, 66-69, 85-89, 95, 98, 112, 126, 132, 139, 220, 242), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 53), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 74), სტეფანოს ტარონელის (ასოღიკი) „ისტორია“ (ასოღიკი 1864: 184), მათე ურჰაელის „ჟამთ აღწერილობა“ (ურჰაელი 1966: 247), კირაკოს განძაკეცის „ისტორია“ (განძაკელი 1946: 18), სტეფანოს ორბელიანის „ცხოვრება ორბელიანთა“ (ორბელიანი 1978: 40), ვარდან არევალცის (დიდი), „მსოფლიოს ისტორია“ (ვარდანი 1861: 147, 148), ალ-ფარიკის „მაიაფარიკინის ისტორია“, (ალ-ფარიკი 1942: 139-143), იაკუთის ლექსიკონი (იაკუთი 1964: 57), ჰაჯი მეჰდი ყული ყაჯარი (ჰაჯი მეჰდი ყული ყაჯარი 1942: 92), ისკანდერ მუნშის ცნობები (მუნში 1969: 63), ქათიბ ჩელების ცნობები (ჩელები 1978: 252), მუსტაფა ნაიმას ცნობები საქართველოს შესახებ (მუსტაფა ნიამა 1979: 21), დონ ქრისტოფორო დე კასტელის „ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ“ (კასტელი 1976: 215), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1964: 81).
ვახუშტი ბაგრატიონი დმანისის შესახებ გადმოგვცემს: „დბანისს უდის ჩდილოეთ მაშავერი, სამხრით ფინეზაური“ (ქც 4: 315,5).
მდებარეობს დმანისის მუნიც-ში, მდ. მაშავერასა და მდ. ფინეზაურის შესართავს შორის, მაღალ კონცხზე.
V-VIII სს-ში დმანისი მჭიდროდ დასახლებული პუნქტი იყო (მუსხელიშვილი 1938: 447; მესხია 1959: 35; ჭილაშვილი 1970: 111). 853 წ. ქალაქი ბუღა თურქმა აიღო (ქც 1: 257,1). 989 წ. დმანისი სომეხთა კვირიკიანმა მეფემ, დავით გურგენის ძემ დაიმორჩილა (ბერძენიშვილი 1979: 70). XI ს-ის 80-იანი წლებიდან ის სელჩუკების ხელშია. 1123 წ. დავით აღმაშენებელმა (1089-1125) გაათავისუფლა და სამეფოდ დაიჭირა (ქც 1: 344,11). XII-XIII სს ქალაქის აყვავების ხანაა. იმ დროისათვის ის ვრცელი და მდიდარი სავაჭრო ქალაქია (ჯაფარიძე 1998: 19). XIII ს-ის 20-30-იან წლებში დმანისი ჯერ ჯალალედინმა, შემდეგ კი მონღოლებმა აიღეს (განძაკეცი 1946: 18). XIII ს-ის 70-იან წლებში დიდი საფასურის გაღების შემდეგ ქალაქს სადუნ მანკაბერდელი დაეპატრონა. სამეფო ხელისუფლებას დმანისი კვლავ დაემორჩილა დავით VIII-ის მეფობისას (1293-1311). თემურ-ლენგის შემოსევების შედეგად XIV ს-ის ბოლოდან იქ საქალაქო ცხოვრება შეწყდა (ჯაფარიძე 1998: 25). XV ს-იდან იგი ბარათაშვილებისა და მათი განაყარის, ორბელიშვილ-ყაფლანიშვილების საკუთრებად იქცა (ბერძენიშვილი 1979: 94). დმანისის დაქვეითებას ხელი შეუწყო 1485 წ. იაყუბ ყაენის შემოსევამაც, 1536 წლისათვის აქ მხოლოდ 700-მდე ადამიანი ცხოვრობდა (ჯაფარიძე 1998: 25). 1578 წ. ოსმალების მიერ აღებული დმანისი 1583 წ. დაიბრუნა სვიმონ I-მა (მუსხელიშვილი 1938: 333). XVII ს-ის დასაწყისში ირანის შაჰმა აბას I-მა იქ ყიზილბაში მეციხოვნეები ჩააყენა (შენგელია 1979: 21). XVII ს-ის მეორე ნახევრიდან XVIII ს-ის პირველ ნახევრამდე დმანისს ერთგვარი აღორძინების კვალი ამჩნევია. მიმდინარეობს ეკლესიების რესტავრაცია, თავს იჩენს ხელოსნობის ზოგიერთი დარგი, ძლიერდება ფულის ბრუნვა (ჯაფარიძე 1998: 25). XVIII ს-ის 20-იანი წლებიდან ჯერ ოსმალების, შემდეგ სპარსელების, მოგვიანებით კი ლეკთა თარეშების გამო ის მოსახლეობისაგან იცლება (ორბელიანი 1981: 91). XVIII ს-ის 70-იან წლებში იქ არსებობას განაგრძობს პატარა სოფელი (გიულდენშტედტი 1964: 81).
დმანისის ნაქალაქარისა და მისი შემოგარენის არქეოლოგიური შესწავლა 1936-1937 წწ. დაიწყო საქართველოს სახ. მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ლ. მუსხელიშვილი). 1960 წ. ძეგლზე მუშაობა განაახლა ამავე მუზეუმის ექსპედიციამ (ხელმძღ. ვ. ჯაფარიძე, 1993 წლიდან ჯ. კოპალიანი). 1972 წ. ძეგლის შესწავლა განაგრძო ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღ. ვ. ჯაფარიძე, ჯ. კოპალიანი). 1978-1987 წლებში დმანისის ახლომდებარე კლდეში ნაკვეთი ძეგლები შეისწავლა საქართველოს სახ. მუზეუმის ქვემო ქართლის კლდის ძეგლთა შემსწავლელმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ზ. თვალჭრელიძე, ნ. ბახტაძე). 1991 წლიდან არქეოლოგიური კვლევის ცენტრისა და გერმანიის ქალაქ მაინცის რომაულ-გერმანული ცენტრალური მუზეუმის წინარე და ადრე ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფი გათხრებს აწარმოებდა ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილ ქვის ხანის ძეგლზე. 2001 წლიდან დმანისში არქეოლოგიურ გათხრებს წარმართავს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბუნების ისტორიისა და გეოლოგია-პალეოანთროპოლოგიის ჯგუფი (ხელმძღ. დ. ლორთქიფანიძე).
1983 წ. დმანისის ნაქალაქარის III უბნის XI ნაგებობის შიგნით, თიხატკეპნილ იატაკში ჩაჭრილ საკონტროლო თხრილში აღმოჩნდა ადრეპალეოლითური ხანის ქვის იარაღები. ძეგლზე ჩატარებულმა არქეოლოგიურმა კვლევამ გამოავლინა ბაზალტის ლავებზე დალექილი 3,5-4 მ სისქის, ერთმანეთისაგან ლითოლოგიურად განსხვავებული, სხვადასხვა სიმძლავრის დელუვიური, მდინარული და ვულკანური ქანის ქვის მასალა, რომელიც ვილაფრანკული ასაკის ფაუნისტურ ნაშთებსა და თავის ქალებსაც შეიცავდა (ჯაფარიძე, ბოსინსკი ... 1991: 1-34; ნიორაძე, იუსტუსი 1998: 141; გაბუნია, ვეკუა ... 2000: 5-14). დმანისის ადრეპალეოლითური სადგომი მდებარეობდა პატარა ტბის მახლობლად, რომელიც ლავური ნაკადის მიერ მდინარის ჩაკეტვის შედეგად მოშავო-მოყავისფრო თიხნარისაგან, ალაგ-ალაგ ქვიშისა და ღია ფერის თიხნარი ლინზების ჩანართებისაგან შედგებოდა. ამ ფენაში გვხვდება განმარხებული ცხოველების ძვლებიც (გაბუნია, ვეკუა, ლორთქიფანიძე 1998: 164; გაბუნია, ვეკუა ... 2000: 5-14). ქვის ნივთების რაოდენობა იქ უმნიშვნელოა. IV ფენა წარმოადგენს მოყავისფრო თიხნარს, რომელშიც ძვლები და ქვის ნივთების მცირე რაოდენობაა მოპოვებული. III ფენაში, რომელიც მკვრივი კარბონატიზირებული კირქვისაგან შედგება, ნამარხი ძვლებისა და ქვის ნაწარმის რაოდენობა მცირეა. ქვის მასალისა და ნამარხი ძვლის სიუხვით გამოირჩევა II, ღია ყავისფერი თიხნარი ფენა. იგი შეიცავს სხვადასხვა ზომის ქვარგვალებს, ბუნებრივ ანამტვრევებს, საეჭვო არტეფაქტებს, აგრეთვე სხვადასხვა ანატკეცებს, მათ შორის, რეტუშირებულებს, ნუკლეუსებს, ქვარგვალებზე დამზადებულ იარაღებს. იქ მოპოვებულ ქვის ხელჩაქუჩებს ხანგრძლივი გამოყენების შედეგად დაჩეჩქვილი ბოლოები აქვთ. ნუკლეუსები ძირითადად ერთფუძიანია, ცალმხრივი, განივი ან გრძივი ტიპის, გვხვდება აგრეთვე ორ ან მრავალფუძიანი, აგრეთვე მცირე ზომის ნუკლეუსებიც. იარაღად გამოიყენებოდა ანატკეცები. დიდი ანატკეცების ნაპირებს მჭრელი დანების ფუნქცია შეეძლოთ შეესრულებინათ, პატარა ანატკეცებს – ჭრისა და ამოკვეთის. იშვიათია რეტუშირებული ანატკეცები. ქვის იარაღის დასამზადებლად ძირითად მასალად ადგილობრივი ტუფია გამოყენებული, თუმცა გვხვდება კვარცისა და კვარციტის თითო-ოროლა ნაწარმიც. ძეგლის ასაკი 1,87-1,67 მილიონი წელია (ნიორაძე, იუსტუსი 1998: 140-148; მგელაძე, ლორთქიფანიძე ... 2009: 422-425). დმანისი, განმარხებული ჰომინიდების ძვლებით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვედა პალეოლითური ადგილსაპოვებელია, რომელიც მოიცავს 40-ზე მეტ მონაპოვარს. მათგან აღსანიშნავია 4 თავის ქალა (ლორთქიფანიძე, ჯაშაშვილი, ... 2007: 305-310). მოგვიანებით ჩატარებული კვლევების შედეგად დმანისის პალეოლითური ადგილსაპოვებელის სტრატიგრაფიაში გამოიყო A ერთეულები, რომლებიც შედგებიან ვულკანური შემადგენლობის რამდენიმე ფენისაგან (მგელაძე, ლორთქიფანიძე ... 2009: 422-425), აქედან B1X (ჯაშაშვილი, პონსე დე ლეონი ... 2010: 705 715) ფენაშია აღმოჩენილი ადამიანის ნაშთები. დმანისის ადამიანი მიეკუთვნება ჰომო ერეკტუსის სახეობას, რომელიც დაახლოებით 2,5 მილ.-750 000 წლის წინ ცხოვრობდა. ჰომო ერეკტუსმა აფრიკა დაახლოებით 1,8 მილიონი წლის წინ დატოვა და აზიაში გავრცელდა. მათი სიმაღლე არ აღემატებოდა 166 სმ. ხოლო წონა 50 კილოგრამს. დმანისელი ჰომინიდები ორ ფეხზე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ (პოზნერი, კემბელი ... 2010: 492-504).
სოფ. პატარა დმანისის ტერიტორიაზე, დაზვერვებისას, ნახნავებში აღმოჩენილია ნუკლეუსი და ორი ანატკეცი, რომლებიც აშელის ეპოქას მიეკუთვნება, ხოლო დმანისის ნაქალაქარის მოპირდაპირე მხარეს, მდ. მაშავერას მარცხენა ნაპირის პლატოზე, სოფ. ვარდისუბნის სახნავ მიწაზე ნაპოვნია მუსტიეს ხანის ორი ანატკეცი (ბუგიანიშვილი 1998: 119-120).
დმანისის ნაქალაქარსა და მის შემოგარენში მიკვლეულია ბრინჯაოს ხანის ძეგლები: გარეუბნის სამაროვანზე, შუა საუკუნეების სამარხების ქვეშ გამოვლენილია ადრე და შუაბრინჯაოს ხანის რამდენიმე (ჯაფარიძე, კოპალიანი ... 1997: 132) და გვიანბრინჯაოს ხანის სამარხები (ჯაფარიძე, კოპალიანი 1991: 108). ქალაქის შიდაციხეზე აღმოჩენილია ამავე პერიოდის სამეურნეო ორმოები (ჯაფარიძე, კოპალიანი ... 1991: 104) და გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანისათვის დამახასიათებელი კერამიკის შემცველი 1,3 მ სიმძლავრის ფენა (კოპალიანი 1996: 59). ნაქალაქარიდან 2 კმ-ში, მდ. მაშავერას მარცხენა კალთაში გამოკვეთილი ქვაბების კომპლექსში აკრეფილია ბრინჯაოს ხანისათვის დამახასიათებელი კერამიკა (ბახტაძე 1992: 100).
დმანისის ნაქალაქარის მახლობლად, სოფ. განთიადში, სოფ. აბულმუგში და სოფ. ვარდისუბანში, ადგილ ღრმახევისთავში აღმოჩნდა ბრინჯაოს, რკინისა და ანტიკური ხანის ძეგლები: ღრმახევისთავში შესწავლილია ე. წ. მტკვარ-არაქსული კულტურის ნასახლარი, რომელიც ძვ. წ. IV ათასწლეულის შუახანებიდან ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლო მეოთხედამდე ფუნქციონირებდა. აქვე აღმოჩნდა ადრებრინჯაოს ხანის 4 ღარიბული ორმოსამარხი (აბრამიშვილი, გიგუაშვილი, კახიანი 1980: 11-17). სოფ. განთიადის მახლობლად, ადგილ ორწყლებზე შესწავლილია მტკვარ-არაქსის კულტურის ერთფენიანი ნასახლარი. მოპოვებული კერამიკა და ობსიდიანის ისრისპირები ძეგლს ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისით ათარიღებს (კახიანი ... 1991: 55). ამავე ტერიტორიაზეა შესწავლილი ყორღანული ველი. ყორღანთა უმრავლესობა შუაბრინჯაოს ხანით თარიღდება, ერთი – გვიანბრინჯაოს ადრეული ეტაპით (კახიანი ... 1991: 58). სოფ. განთიადის მახლობლად შესწავლილია ორი სამაროვანი – განთიადი I და განთიადი II. განთიადი I-ზე გაითხარა სხვადასხვა პერიოდის ორასზე მეტი სამარხი. უძველესია სამაროვნის დასავლეთი ნაწილი, რომელიც ძვ. წ. XV-XIV სს-ით თარიღდება. დანარჩენ ტერიტორიაზე მიკვლეულ სამარხთა დიდი ნაწილი ძვ. წ. VIII-VII სს-ის პირველი ნახევრით თარიღდება, ხოლო სამაროვნის გვიანდელ ქრონოლოგიურ ზღვარს ძვ. წ. VII ს-ის მეორე ნახევრისა და ძვ. წ. VI ს-ის სამარხები განსაზღვრავენ (კახიანი ... 1991: 55). განთიადი II-ზე მიკვლეული სამარხები გვიანბრინჯაოს ადრეულ ეტაპს, კერძოდ, ძვ. წ. XV ს-ის მეორე ნახევარსა და ძვ. წ. XIV ს-ს მიეკუთვნება (კახიანი ... 1991: 54). ადგილ ღრმახევისთავში აღმოჩენილია გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვანი. იქ ყველაზე ადრეულია №95 სამარხი, რომელიც ძვ. წ. XIV-XIII სს-ით თარიღდება. შემდგომი პერიოდის სამარხები ძვ. წ. XIII-XII სს-საა. რკინის ფართო ათვისების ხანის სამარხებიდან ყველაზე ადრეულია №№24 და 38 სამარხები, რომლებიც ძვ. წ. VIII-VII სს-ით თარიღდება. 45 სამარხი ძვ. წ. VII ს-ის ბოლო ხანებითა და ძვ. წ. VI ს-ით თარიღდება. აქემენიდური ხანის სამარხები 43-ია (აბრამიშვილი, გიგუაშვილი, კახიანი 1980: 17-23), თუმცა რამდენიმე მათგანი შესაძლებელია პოსტაქემენიდურ და ადრეელინისტურ ხანასაც ეკუთვნოდეს.
დმანისის შუა საუკუნეების ნაქალაქარი შედგება შიდა ციხის, უშუალოდ ქალაქის, გარეუბნებისა და სამაროვნებისაგან. ნაქალაქარი კარგადაა დაცული მდ. ფინეზაურისა და მდ. მაშავერას ღრმა ხეობებით. ქალაქს (ფართობი 13 ჰა) გარს ერტყა ბაზალტის ქვით ნაგები მაღალი გალავანი, რომელიც ალაგ-ალაგ კონტრფორსებით იყო გამაგრებული. მისი ერთადერთი მისადგომი სამხრეთ-დასავლეთიდან არსებული ჭიშკარი იყო (ჯაფარიძე 1966: 32).
დმანისის შიდა ციხე მდებარეობს ნაქალაქარის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და გალავნითაა გამოყოფილი ქალაქისაგან. გალავანში დატანილია კარიბჭე. შიდა ციხის ფართობია 3250 კვ მ. გალავნის საერთო სიგრძეა 322 მ, მაქსიმალური სიმაღლე 10 მ. გალავანზე მიშენებულია ბურჯები და სამი კოშკი. საძირკველი კლდეზეა დაშენებული. გალავანი ნაგებია ქვიშაქვისა და ბაზალტის ფლეთილი ქვითა და კირის დუღაბით. მას შიგნიდან ჰქონდა საბრძოლო ბაქნები, რომელთა სიგანეა 1 მ. ციხე თავდაპირველად IX-X სს-ში აშენდა, XI-XII სს-ში კი კედლები ხელმეორედაა აგებული. გალავნის სამხრეთ-დასავლეთით ბორცვი ხელოვნურად იყო დაფერდებული და ქვით მოპირკეთებული, კლდოვან მასივებში კი თხრილები იყო ამოჭრილი, რომლებზეც კედლები იყო ამოშენებული. №1 კოშკი შიდაციხის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ მხარეს დგას. მისი ქვედა ფენა შეიცავს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის მასალას. შემდეგ ფენაში აღმოჩენილია ალიზითა და ხით ნაგები შენობა. IX-X სს-ში ბაზალტის ქვით აგებულია ოთხკუთხა (6X6,6 მ) კოშკი, რომელიც XI-XII სს-ში ჩრდილოეთით გააფართოეს და კედელის ორი ძლიერი ბურჯი მიუშენეს. №2 კოშკი (4,1X3,2 მ) XVIII ბურჯშია მოთავსებული. მისი შემორჩენილი სიმაღლეა 2 მ და არქეოლოგიური მასალით XII ს-ით თარიღდება. №3 კოშკი გარეთ, აღმოსავლეთ გალავანსა და კარიბჭესთან მიმავალი გალავნის კედლების კუთხეებშია აშენებული (4,2X4,6 მ) და განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდება (კოპალიანი 1996: 50-69). ნაგებობებიდან აღსანიშნავია სასახლეები, აბანო, საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობები. აბანო ნაგებია ბრტყელი აგურით, გალესილია ბათქაშით და ისრულ ტრომპებზე დაყრდნობილი გუმბათებითაა გადახურული. გუმბათები გარედან ქიმებიანი ბრტყელი აგურითაა დამაგრებული. თარიღდება XIII-XIV სს-ით (მუსხელიშვილი 1938: 352-360). ნაგებობა №5, ე. წ. „ქალაქის თავის სასახლე“ ნაგებია ქვიშაქვით (16,6X11,8 მ). მისი საძირკველი კლდეშია ჩაჭრილი. სასახლე შედგება ხუთი ოთახისაგან. გადახურული იყო კრამიტით, იატაკი კვადრატული აგურით იყო მოგებული. თარიღდება IX-X სს-ით, XII-XIV სს-ში იგი შეუკეთებიათ, XV-XVII სს-ში კი ახალი სათავსოები მიუშენებიათ (კოპალიანი 1996: 73) №6 ნაგებობაც სასახლეა (12,5X12,7 მ). იგი ორსართულიანი იყო. გადახურვა თაღოვანი ჰქონდა. არქეოლოგიური მასალა შენობას XIII ს-ით ათარიღებს (კოპალიანი 1996: 74). X ნაგებობის ქვედა დონე IX-XI სს-ისაა. ამ დონეზე მიკვლეულია XI ს-ის ბიზანტიური მონეტა და კერამიკა. მის ზემოთ XII-XIV სს-ის ფენაა, რომელშიაც მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკა, 15 თონე და თამარ მეფის მონეტებია აღმოჩენილი. ნაგებობის ზედა დონე XVI-XVIII სს-ით თარიღდება (კოპალიანი 1996: 75).
ქალაქის ქუჩები 2,5 მ სიგანისაა და ქვაფენილითაა მოკირწყლული. საცხოვრებელი ნაგებობები ფლეთილი ქვითა და დუღაბითააა ნაგები, მათ უმეტესობას ბანური გადახურვა ექნებოდა ოთახების იატაკი თიხითაა მოტკეპნილი, თუმცა გვხვდება ფილაქნებით მოფენილი იატაკიც. ზოგიერთი ოთახის ცენტრში შემორჩენილია კერა. სტრატიგრაფიული მონაცემების საფუძველზე გამოიყოფა XII-XIII, XIII, XIII-XIV სს-ისა და გვიანდელი შუა საუკუნეების ნაგებობები. შენობებს შორის აღსანიშნავია კერამიკული და მინის დასამუშავებელი სახელოსნოები, ქულბაქები, ზეთსახდელი, ბეღლები, მარნები (ჯაფარიძე 1966: 32-40).
- ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი, გიგუაშვილი, კახიანი 1980: 17-23; ალ-ფარიკი 1942: 139-143; ასოღიკი 1864: 184; აფრასიძე 1984: 34-36; ბაგრატიონი 1983: 74; ბაგრატიონი 1986: 53; ბახტაძე 1991: 100; ბერიძე 1967ა: 36-38; 1974; ბერძენიშვილი 1965; ბერძენიშვილი 1964ა; 1979; 1998: 66-75; ბოსინსკი 1989: 111-113; ბრაიერი 1995; ბუგიანიშვილი, მგელაძე 1988; ბუგიანიშვილი, ვეკუა, მგელაძე 1990; ბუგიანიშვილი 1998: 114-121; გაბაშვილი 1981: 30-32; გაბუნია 1992: 185-208; გაბუნია, ვეკუა, ბუგიანიშვილი 1988; გაბუნია, ვეკუა 1993; გაბუნია, ვეკუა 1995: 509-512; გაბუნია, ვეკუა, ლორთქიფანიძე 1998: 16-170; გაბუნია, ვეკუა ... 2000: 5-14; განძაკელი 1946: 18; გიულდენშტედტი 1964: 81; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 55, 63; დოლაბერიძე 1985; ვარდანი 1861: 147, 148; ვეკუა 1996; ვეკუა, მგელაძე 1990; ვეკუა, ლორთქიფანიძე ... 2005: 717-718; თაყაიშვილი 1991; კასტელი 1976: 215; კახიანი 1965; კახიანი ... 1991: 51-57; კვერფელდი 1938: 186-188; კოპალიანი 1996; 1998ა; ლომოური 1938; ლორთქიფანიძე 1935; ლორთქიფანიძე, ჯაშაშვილი ... 2007: 305-310; მაისურაძე 1953; 1954; მაისურაძე 1995: 25-49; მელიქსეთ-ბეგი 1954: 158-161; მეფისაშვილი 1971; მესხია 1959; მგელაძე, ლორთქიფანიძე ... 2009: 1-4; მუსტაფა ნაიმა 1979: 21; მუსხელიშვილი 1938ა; 1940; 1941; მუსხელიშვილი 1995: 181, 182; ნიორაძე 1996; ნიორაძე, იუსტუსი 1997; 1998: 140-149; ორბელიანი 1978: 40; ორბელიანი 1981: 13, 14, 19, 20, 43, 44, 66-69, 85-89, 95, 98, 112, 126, 132, 139, 220, 242; ოთხმეზური 1981: 92-98, 109-111; სვანიძე 1971: 171; იაკუთი 1964: 57; პონტცერი, როლიანი ... 2010: 1-13 ტაბატაძე 1974: 124; ურჰაელი 1966: 247; ფერინგი, ფრიშერი, გაბუნია 1996: 5, 6; მუნში 1969: 63; ქართულ-სპარსული ... 1955: 24-32, 133, 134; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 130, 929; 1972: 121; 1976: 706; ქც 1: 257,1; 312,11; 317,8; 340,10; 344,11; 241,6; ქც 2: 251,11; 255,2; 298,18; 310,18; 322,8,9; 483,8; 530,22-34; ქც 4: 130,21; 161,28; 165,12; 222,29; 224,13; 241,6; 313,8; 315,25; 316,21; 386,26; 411,22; 414,20; 514,19; 517,3; ყვავაძე, ვეკუა 1993: 342-355; შელკოვნიკოვი 1965; ჩელები 1978: 252; ჩუბინაშვილი 1936; ჭილაშვილი 1970: 134-168; ჯალაღანია 1979; ჯალაღანია, ჯაფარიძე 1987: 16-52; ჯამბურია 1955: 38, 41; ჯაფარიძე 1966: 34-36; 1966ა: 32-40; 1969: 57-74; 1969ა: 53-79; 1971: 75-88; 1971ა: 221-223; 1971ბ: 221-223; 1972ა: 52-56; 1972ბ: 475-476; 1973: 99-104; 1973ა: 84-88; 1973ბ: 423-424; 1974ა: 152-173; 1974ბ: 64-66; 1975ა: 454-455; 1976: 89-95; 1978: 120-123; 1980: 272-275; 1982; 1982ა: 44-65; 1984: 18-27; 1986: 396-397; 1988; ჯაფარიძე 1998: 38-57; ჯაფარიძე 1998ა: 19-37; ჯაფარიძე, ართილაყვა 1971: 63-74; ჯაფარიძე, ბოსინსკი ... 1989: 67-116; ჯაფარიძე, ბოსინსკი ... 1991; ჯაფარიძე, კოპალიანი 1987: 105-119; ჯაფარიძე, კოპალიანი ... 1991: 102-110; ჯაფარიძე, კოპალიანი ... 1995: 131-134: ჯაფარიძე, კოპალიანი ... 1997: 106-108; ჯაფარიძე, ღამბაშიძე 1979: 204-214; ჯაშაშვილი ... 2010: 705-716; ჯღამაია 1980; ჰაჯი მეჰდი ყული ყაჯარი 1942: 92.
იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.