და დე დვ დი დმ დო დრ დუ
დოდ დოე

დოდო 

მონასტერი (ქც 4: 529,16).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 529,16), XIV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართლ-კახეთის ... 1903: 13, 31, 96, 99; ისტ. დოკ. 1958: 153; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 448, 449; 1970: 180).

დოდოს მონასტერი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შემადგენელი ნაწილია. დაარსებულია დავით გარეჯელის მოწაფის, დოდოს მიერ VI ს-ში. წყაროებში გვხვდება ამ მონასტრის მოხსენიების მეორე ფორმაც „დოდოს რქა“. დოდოს მონასტერი იცლება XVIII ს-ში. მის ყმებსა და მამულებს ერეკლე II და ანტონ I გარეჯის არქიმანდრიტს გადასცემენ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 448).

ვახუშტი ბაგრატიონი დოდოს შესახებ გადმოგვცემს: „გარეჯის მთასა შინა, ნათლისმცემელსა და დავით გარეჯას შუა, მონასტერი დოდო, რომელი ქმნა მამამან წმიდამან დოდომ, რომელიცა იყო ნათესავით და ქუეყნით კახი, მოწაფე დავით გარეჯელისა და დაფლულია იგი მუნვე ... უზის წინამძღუარი“ (ქც 4: 529,15-17; 530,1-3).

კლდეში ნაკვეთი ტაძრის კედლებზე შემორჩენილია მხატვრობის კვალი. მათში გამოირჩევა ქტიტორთა ფრაგმენტული გამოსახულებები, რომელთაგან ერთი ქალის პორტრეტია, მეორე გვირგვინოსანი მამაკაცის – მეფის. ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს გამოკვეთილი ეკვდერის აფსიდა ეკავა ვედრების გამოსახულებას, მისი ჭერი კი შემკულია ფერწერული ჯვრით. ნახატები შესრულებული უნდა იყოს XII ს-ის დასაწყისიდან XIII-XIV სს-ის მიჯნამდე (სხირტლაძე 1991: 49-54).

1980 წ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სადაზვერვო ჯგუფმა აღმოაჩინა დოდოსრქის გვიანბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, რომელიც მდებარეობს ამავე სახელწოდების ქედის დასავლეთ ნაწილში, ყველაზე მაღალ და დავაკებულ თხემზე. ნამოსახლარის ცენტალურ ნაწილში დგას შუა საუკუნეებში აგებული, თავმორღვეული საყარაულო კოშკი. მის ქვეშ ორი გამოქვაბული და ერთიც კოშკში ასასვლელი გვირაბია. ნამოსახლარის სამხრეთით მდებარე ღრმა ხევის ჩრდილო ფლატეში მრავალი გამოქვაბულია. ისინი პირდაპირ უყურებენ ხევს გაღმა არსებულ ჩიჩხატურისა და დავით გარეჯის ლავრას. ნამოსახლარის ფართობია 160X40 მ (ვარაზაშვილი 1988: 40).

დოდოს რქის გვიანბრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ჩრდილოეთით 100 მ-ის დაშორებით დაბლობში შეიმჩნევა ერთრიგად შემოყოლებული ქვის წრეები და მცირე ზომის ქვის გროვები. სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს ნამოსახლარის სამაროვანი. ძეგლის ანაკრეფი მასალა ფრაგმენტულია. ჭურჭლების უმეტესობა ნაძერწია განლექილი თიხისაგან და მონაცრისფროდაა გამომწვარი. ჭურჭელი დამზადებულია ჩარხზე. შემკულია ტალღისებური და ზიგზაგისებური ამოღარული ხაზებით. კერამიკულ ნაწარმში გამოიყოფა ორი ჯგუფი: 1. ჭურჭლისთვის დამახასიათებელია მტკიცე ქვიშანარევი კეცი, მოგლუვებული რუხი ან ნაცრისფერი ზედაპირი, ყურები ლენტური და მრგვალია, კორპუსი დაფარულია კონცენტრული ხაზებით. ზოგიერთზე დატანილია ფართო ბადისებრი ორნამენტი. არის ძირდაკეჭნილი ჭურჭელიც. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოთი და I ათასწლეულის პირველი ნახევრით. 2. ამ ჯგუფში ჭურჭლის სულ რამდენიმე ნატეხია. დამზადებულია წმინდად განლექილი თიხისაგან, წვრილი თეთრი ჩანართებით. კეცი ფხვიერია. გამოწვა ძირითადად შავია. საფიქრებელია, რომ მეორე ჯგუფის მასალა, აქვე მიკვლეული ადრეული იერის მქონე, ნავისებური ფორმის ნამგლის ჩასართთან ერთად, მიეკუთვნებოდეს შუადან გვიანბრინჯაოს ხანაზე გარდამავალ პერიოდს, ან უკიდურეს შემთხვევაში გვიანბრინჯაოს ხანის ადრეულ ეტაპს (ვარაზაშვილი 1988: 41).

ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახ. მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ დოდოს მონასტერში ჩატარებული გათხრების შედეგად სხვა მასალებთან ერთად გამოვლინდა მოჭიქული კერამიკის ნიმუშები. მათ შორის გვხვდება IX-X სს-ის არტეფაქტები: 1. შიშველ კეცზე თეთრი ანგობით მოხატული და უფერული ჭიქურით დაფარული. 2. შიშველ კეცზე თეთრი ანგობით მოხატული და მწვანედ მოჭიქული. 3. ფერადი ხაზებით შემკული ჯამები. 4. ანგობის თეთრ ფონზე ფერადი ნაღვენთებით შემკული ჯამები. მასალა თარიღდება IX-X სს-ით. უფრო მრავალფეროვანია XI-XIII სს-ის მხატვრული კერამიკა. მათ შორის გვხვდება ამოკაწვრით შემკული და ერთფერად ან მრავალფრად მოჭიქული ჯამები, შემკული მცენარეულ-გეომეტრიული ორნამენტით, კუფური ორნამენტით, ჯვრისა და ფრინველის გამოსახულებებით. ამ პერიოდის ჯამებიდან აღსანიშნავია ბერძნული დამწერლობის იმიტაციით შემკული ჯამები. XIV ს-ით თარიღდება მოჭიქული ჯამების იმიტაცია, რომელთა შემკულობაში ჭიქური ძალზე ცოტა რაოდენობითაა გამოყენებული (თვალჭრელიძე 2003-2004: 110-126).
 
ბიბლიოგრაფია: ვარაზაშვილი 1988: 40; თვალჭრელიძე 2003-2004: 110-126; ისტ. დოკ. 1958: 153; სხირტლაძე 1991: 49-54; ქართ. სამართ. ძეგ. 1965:448, 449; 1970: 180. ქც 4: 529,16.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9