დრის ციხე (ქც 4: 341,17).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 341,17; 342,17; 343,13).
ვახუშტი ბაგრატიონი დრისის ციხის შესახებ გადმოგვცემს: „ერთაწმიდის დასავლით არს ციხე დრისა, მაღალს კლდესა ზედა, მაგარი, მდინარესა ზედა თეძმისასა“ (ქც 4: 341,17).
მდებარეობს კასპის მუნიც-ში, სოფ. ზენადრისისა და ჭყოპიანას დასავლეთით 400 მ-ზე, მდ. თეძმის მარცხენა ნაპირზე.
დრისის ციხე და მდ. თეძმის ზემოწელი ჯავახიშვილების მფლობელობაში შედიოდა (მაკალათია 1959: 28).
ის არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
დრისის ციხის (იგივე ჯავახაანთ ციხის) კომპლექსში შედის ციხე-გალავანი, ეკლესია, კოშკი, სასახლე. ყველა ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია. კომპლექსი თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით. მდ. თეძმის პირას მდებარე რთული კონფიგურაციის კლდოვან კონცხს გარშემოუყვება გალავანი. ციხე-გალავანი ორიარუსიანია, ზედა იარუსზე დგას კოშკი და ეკლესია, ქვედაზე – ორსართულიანი სასახლე და სხვა ნაგებობები.
ციხე-გალავნის ჩრდილოეთ კედელში ჩაშენებულია ოთხსართულიანი, გეგმით სწორკუთხა კოშკი (5,8X3,9 მ). ნაგებია ფლეთილი ქვიშაქვის ქვებით. კოშკიდან სამხრთით დგას დარბაზული ეკლესია (6,35X4,65 მ), ნაგები მწვანე ტუფის თლილი ქვით. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, იგი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან – თაღოვანი. ნახევარწრიული შვერილი აფსიდის ღერძზე ერთი შეისრული სარკმელია, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში გაჭრილია თითო სწორკუთხა, ხოლო დასავლეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელი. საკურთხევლის იატაკში ამოჭრილია ქვევრის ფორმის სათავსო (მაკალათია 1959: 27, 28; სძა 1990: 219, 220).
- ბიბლიოგრაფია: მაკალათია 1959: 27, 28; ქც 4: 341,17; 342,17; 343,13; სძა 1990: 219, 220.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.