(ქც 4: 327,22). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 327,22), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 265, 315), XVII-XVIII სს-ის (საქ. სიძ. 1910: 45; ქართულ-სპარსული ... 1955: 121; ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 247), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 140), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 47), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 62).
ვახუშტი ბაგრატიონი დურნუკის შესახებ გადმოგვცემს: „ასურეთის ხევს ქუეით, სამხრით, არს დურნუკი. აქა არს კარკნალი და დარანნი დიდ-დიდნი“ (ქც 4: 327,22,23).
მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიც-ში, თეთრიწყაროდან 17 კმ-ის დაშორებით, მდ. ალგეთისა და ხრამის წყალგამყოფ ქედზე, დღევანდელი სოფ. დიდი დურნუკის ტერიტორიაზე (ციციშვილი 1979ბ: 5).
XVIII ს-ში დურნუკი სამეფო საკუთრებაა (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 250, 315). ის რამდენჯერმე დაარბიეს ლეკებმა (ბაგრატიონი 1983: 62).
სოფ. დურნუკსა და მის შემოგარენში 1950 წ. დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებდა ისტორიის ინსტიტუტის ქვემო ქართლის ისტორიულ-გეოგრაფიული ექსპედიცია (ხელმძღ. ნ. ბერძენიშვილი), რომელმაც მიაკვლია ნეოლითური ხანის სადგომს, „ციკლოპური“ ნაგებობის ნანგრევს, ანტიკური ხანის სამაროვანსა და შუა საუკუნეების ორ ნასოფლარს (ციციშვილი 1979ბ: 5). ნეოლითური სადგომია მიკვლეული სოფ. დურნუკის სამხრეთ-აღმოსავლეთით (ბერძენიშვილი ნინო 1963: 5-16). 1981-1989 წწ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მარაბდა-ახალქალაქის ექსპედიციამ (ხელმძღ. ზ. შატბერაშვილი) ამავე ტერიტორიაზე შეისწავლა რამდენიმე გორასამარხი და ადრეელინისტური ხანის სამაროვანი. სოფ. დიდი დურნუკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 3 კმ-ის დაშორებით, გათხრილია რამდენიმე გორასამარხი. ერთ-ერთი მათგანის ყრილის სიმაღლეა 2 მ, დმ-25 მ. ყრილის თავზე იდო ქვის ვეშაპი. მცირე ზომის ოთხკუთხა ორმოში აღმოჩნდა ერთმანეთში არეული ადამიანისა და ცხოველის ძვლები, აგრეთვე შავპრიალა და თხელკედლიანი, ე. წ. ბედენური მცირე ზომის ჭურჭლის ფრაგმენტები. სამარხი თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულით. მასალა ინახება თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
სოფ. დურნუკიდან 4 კმ-ის დაშორებით, რკინიგზის სადგურ „ცხრა ძმის“ (სოფ. ქოთიში) ტერიტორიაზე შესწავლილია სამაროვანი, რომელიც სადგურის მშენებლობისას დაზიანდა. იქ გაითხარა 8 ქვის სამარხი. მიცვალებულები დაეკრძალათ მარჯვენა გვერდზე, მოკრუნჩხულ მდგომარეობაში, თავით აღმოსავლეთით. №2 სამარხში, რომელიც ტიპურია ამ სამაროვანისათვის, აღმოჩნდა მსხლისებურტანიანი ხელადა, წითლად შეღებილი პირგადაშლილი ფიალა და რკინის სამაჯური. სამაროვანი თარიღდება ძვ. წ. IV-III სს-ის მიჯნით. მასალა ინახება თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
სოფლიდან ჩრდილოეთით, 2 კმ-ის დაშორებით, მდ. ალგეთის მარჯვენა ნაპირზე, დაზვერვებისას აღმოჩენილია ახ. წ. დასაწყისის ქვის სამარხები და ნასახლარი. სოფლის ჩრდილო ნაწილში შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევია. სოფლის სამხრეთით შუა საუკუნეების ნასახლარია (ციციშვილი 1979ბ: 5). სოფ. ქოთიშის მახლობლად, დურნუკიდან 5 კმ-ის დაშორებით, შუა საუკუნეების ნასოფლარი და დარბაზული ეკლესიის ნანგრევია. მისგან ჩრდილო-დასავლეთით 2 კმ-ის დაშორებით „ციკლოპურ“ შენობათა ნაშთები, მცირე ზომის დარბაზული ეკლესიის ნანგრევები და ქვაჯვრებია მიკვლეული (ციციშვილი 1979ბ: 5).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 47; ბაგრატიონი 1983: 62; ბერძენიშვილი 1963: 5-16; ლორთქიფანიძე 1935: 304; ორბელიანი 1981: 140; საქ. სიძ. 1910: 45; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 265, 315; 1974:247; ქართულ-სპარსული ... 1955: 121; ქც 4: 347,22; ციციშვილი 1979ბ: 5-9.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.