და დე დვ დი დმ დო დრ დუ
დუდ დურ დუშ

დუშეთი


(ქც 4: 354,9). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 354,9; 424,3; 433,10; 435,25; 437,19; 439,25; 440,1,16; 422,26; 447,18; 448,5; 453,6,10; 459,1; 462,4,14; 467,18; 503,25; 505,13,17,24; 592,4; 593,24; 595,4,5,14,15; 624,4), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტი (ქც 2: 391,5; 411,27,28; 415,9; 436,9; 438,9; 439,2), ხოფის მონასტრის 1251 წ. წარწერა; 1630 წ. მხედრული წარწერა ეფრემ სირინის წიგნზე, ათონის ივერთა მონასტერში (იოსელიანი 1860: 44), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 34), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 53, 69, 196, 216, 217), სეხნია ჩხეიძის „მეფეთა ცხოვრება“ (ჩხეიძე 1913: 212, 213), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1913: 259), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 81), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 42), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 79, 82, 94), იესე ბარათაშვილის „ცხოვრება-ანდერძი“ (ბარათაშვილი 1950: 9, 26, 29, 36, 87), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 76), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 91; 1953: 1, 78, 255; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 548, 554, 555; 1974: 249; 1981: 183; 1985: 17, 310, 356, 455, 561, 911, 926; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 135; 1974: 30, 33, 107, 108, 118; ქრონიკები 1897: 449-451; სიგელები ... 1902: 221, 250; საქ. სიძ. 1910: 230, 294, 317; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 61, 75, 95, 100, 103, 127, 129, 193, 196, 207; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 78), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 3, 5, 7, 49, 95, 273; 1964: 127, 129), „მოგზაურობა რუსეთის ტრანსკავკასიის პროვინციებში“ (უილბრაჰამი 1990: 22), დე გრაი დე ფუას „ცნობები საქართველოს შესახებ“ (დე გრაი დე ფუა 1985: 28, 43, 44, 51, 57, 86, 95).

ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „არს აქა ტბა ბაზალეთისა, დუშეთის წინაშე მდებარე“ (ქც 4: 354,9).

მდებარეობს მდ. არაგვის მარჯვენა მხარეს, ბაზალეთის ტბის მახლობლად, ქ. დუშეთის ტერიტორიაზე.

წყაროებში პირველად იხსენიება 1215 წ-ის წარწერაში (იოსელიანი 1860: 43, 44). XIII ს-მდე ქართლის საერისთავოში შედიოდა და სამეფო დომენში იყო გაერთიანებული. XIV ს-ში არაგვის საერისთავოშია. XVII ს-ის დასაწყისში დუშეთშია არაგვის ერისთავის რეზიდენცია და საბაჟო (იოსელიანი 1850: 85; მესხია 1983: 459). 1743 წ. თეიმურაზ II-მ (1744-1762) გააუქმა არაგვის საერისთავო და დუშეთი თავის შვილიშვილს – ვახტანგს გადასცა (იოსელიანი 1850: 85; ორბელიანი 1913: 194; გვასალია 1975: 78; მესხია 1982: 231). 1754-1755 წწ. დუშეთი ჯერ ნურსალ-ბეგმა, შემდეგ ომარ ხანმა დაარბია (ორბელიანი 1913: 212; ხერხეულიძე 1913: 250; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 103; მესხია 1986: 321). ერეკლე II-ის (1744-1798) 1784 წ. ბრძანებით დუშეთმა ქალაქის წოდება მიიღო (იოსელიანი 1850: 45). 1801-1803 წწ. დუშეთი სამაზრო ქალაქია. ამ წოდებას დროებით კარგავს 1821 წლამდე. შემდეგ კვლავ იბრუნებს სენატის ბრძანებით (იოსელიანი 1850: 45; მესხია 1986: 321). წყაროებში დუშეთი „კობიას ციხედაც“ მოიხსენიება (ხერხეულიძე 1913: 259; მესხია 1986: 321).

1875 წ. კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოებამ (ვირუბოვი, ბაიერნი) სამუშაოები ჩაატარა დუშეთის მახლობლად, ძველ სასაფლაოზე. 1971 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. რ. რამიშვილი) დაზვერა სოფ. ვარსიმაანთკარი. 1972 წ. ექსპედიციამ ვარსიმაანთკარში დაიწყო სამაროვნის შესწავლა, რაც 1981-1985 წწ. დასრულდა. 1979-1982 წწ. ექსპედიციამ შეისწავლა ნამოსახლარები ვარსიმაანთკარსა და დუშეთში, შამანაურის ქუჩაზე, ხოლო 1984-1985 წწ. მანგიანთხევში შეისწავლა კოშკი.

ვარსიმაანთკარში ჩატარებული დაზვერვებისას აღმოჩნდა მონაცრისფრო-მოწითალო კაჟისაგან დამზადებული ანატკეცები და სახოკები, რომლებიც მუსტიეს ხანით თარიღდება (რამიშვილი ... 1972: 44; წერეთელი 1983: 40-50).

ვარსიმაანთკარის ნამოსახლარი მდებარეობს დუშეთის დასავლეთით, 3 კმ-ის დაშორებით, ვარსიმაანთქედების აღმოსავლეთ ფერდზე. ნამოსახლარის საერთო ფართობია დაახ. 700 კვ მ. საცხოვრებელი კომპლექსები ცუდადაა დაცული. შენობები ნაგებია ალიზის აგურით, რიყის ქვის საძირკველზე. კედლების სიგანე მერყეობს 0,5-1 მ-მდე. სათავსებში გვხვდება კერებისა თუ ღუმლების ფრაგმენტები. არქეოლოგიური მასალა წარმოდგენილია სამეურნეო, სამზარეულო და სუფრის ჭურჭლით, რომელთა უმრავლესობა გამომწვარია ლეგა-მონაცრისფროდ, მოწითალოდ ან წითლადაა შეღებილი. შემკულია გეომეტრიული ორნამენტით. თარიღდება ძვ. წ. VI-III სს-ით. ნამოსახლარის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ადრე შუა საუკუნეების ქვის სამარხი (რამიშვილი ... 1986: 50; 1987: 77).

ვარსიმაანთკარის სამაროვანი მდებარეობს ვარსიმაანთქედებზე, ნამოსახლართან ახლოს. უჭირავს 1000 კვ მ-ზე მეტი ფართობი. შესწავლილია 166 ორმოსამარხი. მათი უმრავლესობა ინდივიდუალურია, ნაწილი წყვილადი. მიცვალებულები დაკრძალულია მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, კიდურებმოკეცილი, თავით დასავლეთით, სამხრეთ-დასავლეთით ან ჩრდილო-აღმოსავლეთით. მიცვალებულთან ერთად ცხენის დამარხვის შემთხვევაც გვხვდება. სამაროვანზე აღმოჩნდა კერამიკა, იარაღ-საჭურველი, სამკაული, სამეურნეო იარაღები. თიხის ჭურჭელი (ხელადები, ქოთნები, კოჭობები, სამფეხა ჯამები, ფინჯნები) შავი ან მოწითალო კეცისაა. ნაწილი წითლადაა მოხატული. გვხვდება წითელი ანგობით დაფარული ჭურჭელი. მასალაში იარაღ-საჭურველს წამყვანი ადგილი უჭირავს. განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა რკინის იარაღები. სამაროვანზე აღმოჩნდა 92 შუბისპირი, 2 აკინაკი, 91 დანა, 13 ისრისპირი, მათ შორის ე. წ. „სკვითური ტიპის“, 12 სატევარი, 2 ფარი, 2 მუზარადი. სამკაულიდან გვხვდება ოქროს სხივანა და პირამიდისებური საყურეები, ვერცხლის სასაფეთქლე რგოლები, ბრინჯაოს ცილინდრულთავიანი საკინძები, ბრინჯაოს ზურგჩაზნექილი და რკინის რკალდაკეჭნილი სამაჯურები, საბეჭდავი, სარდიონისა და მინის მძივები. სამეურნეო იარაღები და საყოფაცხოვრებო საგნები წარმოდგენილია სალესი ქვებით, ილარებით (12 ც) და სხვ. სამაროვნი თარიღდება ძვ. წ. VI-III სს-ით. თუმცა, სამარხთა დიდი ნაწილი ძვ. წ. VI-V სს-საა (წითლანაძე 1983: 52-76; რამიშვილი ... 1984: 61; რამიშვილი ... 1986: 50; მუხიგულაშვილი 1986: 67-73). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი და ოთ. ლორთქიფანიძის სახ. არქეოლოგიის ცენტრის დუშეთის ბაზა).

დუშეთში, ნ. შამანაურის ქუჩაზე, ნამოსახლარის გათხრისას აღმოჩნდა მოჭიქული ჭურჭელი, მინის სასმისის ფრაგმენტები, კრამიტები და სპილენძის მონეტები (გიორგი III-ის, თამარის, ლაშა-გიორგისა და რუსუდანის). თარიღდება XII-XIII სს-ით. მასალა ინახება დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და გ. ძიძიშვილის კერძო კოლექციაში.

მანგიანთხევის კოშკი მდებარეობს დუშეთის ჩრდილო-დასავლეთით, მანგიანთხევის მარცხენა მხარეს. კოშკი ოთხკუთხაა. ნაგებია დიდი ზომის რიყისა და კლდის ფლეთილი ქვით. გათხრებისას აღმოჩნდა მცირე რაოდენობით თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით (რამიშვილი ... 1987: 89).

1905 წ. დუშეთის მუნიც-ში აღმოჩნდა მონეტების განძი, რომელიც შეიცავდა 960 ვერცხლის მონეტას. განძი გაიფანტა. ცნობილია 4 მონეტა: ე. წ. „გიორგაული“, კირმანეული თეთრი, 2 ჯუჩიდური, თოხთამიშის სახელით ურდოში მოჭრილი. ერთ მათგანზე თარიღია ჰიჯრით 792 წ (1389-1390) (ღვაბერიძე 1986: 77).

1983 წ. სოფ. მილახვრიანთკარის ჩრდილო-დასავლეთით შემთხვევით აღმოჩნდა სამარხი, რომლის მასალა წარმოდგენილია ბრინჯაოს სამკაულით, მძივებით, სარკითა და სხვ. თარიღდება ახ. წ. III-IV სს-ით. მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის ბაზაზე (რამიშვილი ... 1987: 79, 80).

დუშეთსა და მის შემოგარენში შემორჩენილია რამდენიმე ეკლესია, კოშკი და ციხე-დარბაზი. წმინდა გიორგის განვითარებული შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია (15X6,45 მ) დგას გიორგი სააკაძის ქუჩაზე. ნაგებია ქვიშაქვით. აფსიდა ნახევარწრიულია. შესასვლელი აქვს დასავლეთიდან და სამხრეთიდან. სარკმელები აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის კედლებზეა. სამხრეთის კარის თავზე ჯვრის გამოსახულებაა. ეკლესიაში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. გადაკეთებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კობიანთკარის გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია (9,1X5,65 მ) მდებარეობს დუშეთის სამხრეთ-დასავლეთით. ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. აფსიდა ნახევარწრიულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. სარკმლები აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის კედლებზეა. კარის ორივე მხარე შემკულია ჯვრის გამოსახულებებით.

მილახვრიანთკარის დარბაზული ეკლესია (9,4X5,8 მ) ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. აქვს შესასვლელი დასავლეთის მხრიდან და სარკმლები აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე.

ყარანგოზიშვილების XVII ს-ის ხუთსართულიანი კოშკი „შეუპოვარი“ დგას დუშეთის ჩრდილოეთით. ნაგებია აგურითა და ფლეთილი ქვით. გეგმით ოთხკუთხაა. თავდაპირველად ჰქონია გალავანი, რომლის მხოლოდ აღმოსავლეთი კედელია შემორჩენილი. კედლებში დატანილია სარკმლები და სათოფურები. პირველი სართულის შესასვლელთან გვიანდელი მინაშენია (ბერიძე 1983: 60; ზაქარაია 1969: 80, 81).

წყაროებში შემორჩენილია ცნობები დუშეთის ციხესიმაგრის შესახებ, რომელიც მდებარეობდა ქალაქის ცენტრში, დაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის ნაგებობა შემორტყმული იყო გალავნით (124X96 მ), რომლის კუთხეებში იდგა სამსართულიანი ცილინდრული კოშკები. რიყის ქვით ნაგები კედლების სიმაღლე იყო 8,5 მ, სისქე 1,5 მ. ციხე-სიმაგრის შიდა ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელზე მიდგმული იყო უფლისწულ ვახტანგის მიერ XVIII ს-ის დასასრულს აგებული ორსართულიანი სახლი. მისგან ჩრდილოეთით კი წმინდა გიორგის კარის ეკლესია და სხვა სამეურნეო ნაგებობანი. ციხესიმაგრის აღმოსავლეთი კარის თავზე მარმარილოს ქვაზე გაკეთებული იყო წარწერა: „ქ. ზეცად ამაღლებულის ცხებულისა გვირგინოსნისა საქართველოს მეფის თეიმურაზის აღზრდილმან და ძისა მისისა კახთა მეფის ირაკლის წყალობა განმრავლებულმან, ჩვენ ტომით ჩოლოყაშვილმან, არაგვის ერისთავმან ჯიმშერ, აღვაშენე დუშეთის სასახლე კოშკი გალავნითურთ და შევამკევ რაოდენ ძალ-მედვა, და ვინცა აღმოიკითხვადით ხსენებასა ჩემსა ჰყოფდეთ. განსრულდა თვესა მაისს კგ-სა. ქორონიკონს ყლთ“ (23 მაისი 1751 წ.) (იოსელიანი 1860: 59; მესხია 1982: 616; ბერიძე 1983: 83). დუშეთის ციხესიმაგრე დღეს აღარ არსებობს.

მილახვრიანთკარის ციხე-დარბაზი ე. წ. „ჭილაანთ სასახლე“ მდებარეობს დუშეთის დასავლეთით, დაახლოებით 2 კმ-ის დაშორებით, სოფ. მილახვრიანთკარში. ის გეგმით კვადრატულია (26X26 მ) და შემოზღუდულია ოთხკოშკიანი გალავნით. გალავნის სიმაღლეა 5-5,5 მ, კედლების სისქე 1,3 მ. გალავანი და კოშკები შემკულია ნახევარწრიული ქონგურებით. ციხე-დარბაზის საერთო ფართობია 700 კვ მ. სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ორსართულიანი სახლია, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში გალავანზე მიშენებული ყოფილა დარბაზული ტიპის, რიყის ქვითა და აგურით ნაგები ეკლესია.

ციხე-დარბაზი რამდენჯერმეა გადაკეთებული. XIX-XX სს-ის მიჯნაზე ის თეთრად ყოფილა შეღებილი და ამიტომ „თეთრ სასახლესაც“ უწოდებდნენ. ციხე-დარბაზის კარზე მოთავსებული იყო კვადრატულ ფილაზე (38X38,5X5 სმ) გაკეთებული მხედრული წარწერა: „ქ. ყოვლისა საქართველოსა მეფისა ირაკლი მეორისა ძისა ვახტანგ ალმასხანისა გულითადმან მონამან ჭილაძემან ბაბანას შვილმან მილახვარმან სამთა თემთა მოურავმან და რუსეთის გზის მცველმან გლახამ აღვაშენე ციხე და გალავანი ესე და მას შინა სახლი ღ(ვთ)ისა და სახლნიც ჩემნი მოვამრგვალენ რათა მას შინა იდიდებოდეს ღ(მერთ)ი და მის მიერ იცვებოდნენ შვილნი და სახლეულნი ჩემნი. სრულ იქნა მაისს ლ წელსა ქესსა ჩყ, ქკსსა უპჯჰ“ (1800 წ 30 მაისი). თარიღდება XVIII-XIX სს-ით (საქ. სახ. მუზ. ეპიგრ. ძეგ. 1953: 26; ზაქარაია 1969: 80, 81; პრივალოვა 1977: 96-108; ბერიძე 1983: 83). წარწერიანი ქვა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1983: 81; ბაგრატონი 1986: 34; ბაგრატონი ბაგრატ 1941: 79, 82, 94; ბაგრატონი დავით 1941: 42; ბარათაშვილი 1950: 9, 23, 26, 29, 36. 87; ბარნაველი 1959: 54; ბერიძე 1983: 78-83, 133; ბერძენიშვილი 1966: 13, 59, 60, 62; გვასალია 1972: 30-44; 1975: 48, 67, 78; გიულდენშტედტი 1962: 3, 5, 7, 49, 95, 273; 1964: 127, 129; დე გრაი დე ფუა 1985: 28, 43, 44, 51, 57, 86, 95; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 91; 1953: 1, 78, 256; ვირუბოვი 1877: 5, 6; ზაქარაია 1969: 80, 81; ინანიშვილი, საყვარელიძე 1983: 77-80; იოსელიანი 1850: 45; იოსელიანი 1860; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 78; მესხია 1982: 391; 1983: 232, 458, 459; 1986: 320-323; მუხიგულაშვილი 1986: 67-73; 1990: 157-167; ორბელიანი 1913: 212, 213; 1981: 53, 69, 196, 216, 217; პრივალოვა 1977: 96-108; რამიშვილი ... 1972: 44, 45; რამიშვილი ... 1973: 77-89; რამიშვილი 1982: 45; რამიშვილი ... 1984: 61; რამიშვილი ... 1986: 50; რამიშვილი ... 1987: 77, 79, 80; რამიშვილი ... 1991: 91; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 135; 1974: 30, 33, 107, 108, 118, 189; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 61, 75, 95, 100, 103, 127, 129, 193, 196, 207; საქ. სიძ. 1910: 228, 230, 294, 317, 356, 392; საქ. სახ. მუზ. ეპიგრ. ძეგ. 1953: 26; სიგელები ... 1902: 121, 250; უილბრაჰიმი 1990: 22; ქც 2: 391,5; 411,27,28; 415,9; 436,9; 438,9; 439,2; ქც 4: 354,9; 424,3; 433,10; 435,25; 437,19; 439,25; 440,1,16; 422,26; 447,18; 448,5; 453,6,10; 459,1; 462,4,14; 467,18; 503,25; 505,13,17,24; 592,4; 593,24; 595,4,5,14,15; 624,4; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 548, 554, 555; 1974: 249; 1981: 183; 1985: 17, 310, 356, 455, 561, 911, 926; ქრონიკები 1897: 449, 450, 451; ღვაბერიძე 1986: 77; ჩხეიძე 1913: 212, 213; ცხოვრება ... 1980: 76; წერეთელი 1983: 40-50; წითლანაძე 1983: 52-76; ხარაძე 1992: 75-78; ხერხეულიძე 1913: 259.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9