ეგ ენ ერ ეც ეძ
ენა ენი

ენაგეთი


(ქც 4: 389,17). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 389,17), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი და მესამე ტექსტი (ქც 2: 345,6; 485,11), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 79; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 831; 1972: 10, 13, 33; 1981: 151, 152, 622; 1985: 391, 848, 849, 851, 852, 855; ქრონიკები 1897: 349-352; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 27, 28, 39, 67, 143, 153, 161, 281, 290, 348; 1953: 30, 123, 377, 379; საქ. სიძ. 1910: 143; 1920: 60, 71, 95, 100, 188; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1935:346), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962:67, 239).

ვახუშტი ბაგრატიონი ენაგეთს მოიხსენიებს 1490 წლის მოვლენების თხრობისას. იაყუბ ყაენისგან გამოგზავნილი ლაშქარი ხალილ-ბეგის სარდლობით კოჟრის ციხეს შემოერტყა. „ესე ყოველი მიესმათ ბარათიანთა, ენაგეთს მდგომთა, და მათ თანა ქაიხოსრო ციციშვილსა, თურმანიძეს ქაიხოსროს და თავსა მათსა სულხან ბარათაშვილსა, ესენი წავიდნენ მსწრაფლად და მიეწივნენ თათართა“ (ქც 4: 389,17-20).

მდებარეობს თეთრი წყაროს მუნიც-ში, მდ. ენაგეთის ხევის (ალგეთის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე, სოფ. დიდი ენაგეთისა (აწინდელი ჯორჯიაშვილი) და პატარა ენაგეთის (ყოფილი ახალშენი) მახლობლად.

1513 წ. ქავთარ ბარათაშვილის შვილებს აქ ჰქონდათ სასახლე და ჰყავდათ ყმები (ქრონიკები 1897: 349). 1543-1756 წწ. ენაგეთის მებატონეებად იხსენიებიან გერმანოზიშვილები (საქ. სიძ. 1920: 109, 305, 330). 1721 წ. აღწერით გერმანოზიშვილებს ენაგეთში ქონდათ 8 საკომლო მამული (გვრიტიშვილი 1955: 134). 1658-1713 წწ. გოსტაშაბიშვილებს ენაგეთში ჰყავდათ 4 კომლი ყმა (საქ. სიძ. 1920: 44, 50, 309, 344, 354, 356, 358, 369, 371). 1721 წ. ენაგეთში ითვლებოდა 15 მებატონე, 1 უყმო აზნაური (სადუნიშვილი), 27 გამომღები და 1 ამოწყვეტილი ყმა (ლორთქიფანიძე 1935: 305). იოჰან გიულდენშტედტი აღნიშნავდა, რომ ენაგეთი გაპარტახებული სოფელია (გიულდენშტედტი 1962: 67). აქ გადიოდა თბილისიდან ქვემო ქართლისაკენ მიმავალი გზა: თბილისი – ტაბახმელა – ვაშლოვანი – ასურეთი – ენაგეთი – ფარცხისი (ბერძენიშვილი 1966: 73).

1948-1950 წწ. ქვემო ქართლის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ. ბერძენიშვილი) ენაგეთის მიდამოებში მიაკვლია შემდეგ ძეგლებს: ენაგეთის ჩრდილო-დასავლეთით, 2 კმ დაშორებით გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარი, სადაც 8 მცირე ზომის ეკლესია ყოფილა. ენაგეთის ჩრდილოეთით 500 მ დაშორებით, მაღლობზე შემორჩენილია ქვით ნაგები შენობებისა და გალავნის ნაშთები; ენაგეთის აღმოსავლეთით 1 კმ-ზე ეკლესიის ნანგრევებია; ენაგეთის დასავლეთით 1 კმ-ზე, მაღლობზე გვიანი შუა საუკუნეების სამების ეკლესიის ნანგრევია. მის ჩრდილოეთით XVIII-XIX სს-ის სასაფლაო და რამდენიმე ქვაჯვარია (ციციშვილი 1979: 11-17; 1980: 8-14; ლომთათიძე 1989: 325).

1983-1985 წწ. ენაგეთ-კიკეთის გზის გაყვანისას დაზიანდა ანტიკური ხანის რამდენიმე სამარხი. ადგილ „ნაკალოვარზე“ აღმოჩნდა შუა საუკუნეების ნასახლარის ნაშთი. საცხოვრებელი შენობები აგებულია რიყის ქვით თიხის ხსნარზე. შენობას (10X5X1მ) სამხრეთ-დასავლეთით ჰქონდა კარი. ჩრდილო-აღმოსავლეთით შეინიშნებოდა 0,7 მ სიგანის კორიდორი. აღმოსავლეთ კედელთან მოწყობილი იყო თიხის ღუმელი. დასავლეთის კედელთან აღმოჩნდა ხის გადახურვის დანახშირებული კონსტრუქცია (თუშიშვილი, მარღიშვილი 1987: 44-47; 1991: 340).

1988 წ. ენაგეთის სიახლოვეს, ადგილ „ნაკალოვრებიდან“ 1,5 კმ-ის დაშორებით, სამხრეთით, სამელიორაციო სამუშაოებისას, გამოვლინდა ძვ. წ. IV-III სს-ის სამაროვანი, რომელიც შეისწავლა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ალგეთის ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ. თუშიშვილი). სამაროვანზე გაითხარა ორმოსამრხი და ქვის სამარხი, რომელიც ნაგებია ქვიშაქვის ფილებისაგან. სახურავის დონეზე დაკრძალული იყო აღკაზმული ცხენი. აღკაზმულობა შედგებოდა ორწილადი ლაგმისა და ბრინჯაოს მრგვალ-ბრტყელი ნივთისაგან. სამარხში დაკრძალული მამაკაცის ჩონჩხი ესვენა მარჯვენა გვერდზე, მკვეთრად მოხრილი, თავით სამხრეთ-დასავლეთით. ენაგეთის სამაროვანზე მოპოვებული ნივთებიდან აღსანიშნავია: თიხის ხუთი დოქი, ქოთანი, ჯამი, ვერცხლის ფიალის ფრაგმენტები, ცხოველისთავიანი ბრინჯაოს სამაჯური, ორნამენტირებული ილარი, ბურთულებიანი საყურე, ბრინჯაოს ბეჭედი, შეწყვილებული მილაკი, ფიბულა, ბრინჯაოს სამაჯურის ფრაგმეტები, გუმბათისებური ზარაკი, რკინის შუბისპირი, ძვლის 13 ისრისპირი, სარდიონის, მინის, მინისებური პასტის მძივები (მარღიშვილი 1990: 46-51). ენაგეთის არქეოლოგიური მასალა ინახებოდა არქეოლოგიური კვლევის ცენტრში.
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1966: 117; ბერძენიშვილი 1979: 93, 94; გვრიტიშვილი 1955: 133-137; გიულდენშტედტი 1962: 67, 239; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 27-29, 67, 143, 153, 161, 281, 290, 348; 1953: 127, 281, 254, 251; თუშიშვილი, მარღიშვილი 1987: 44-47; 1991: 34-40; ლომთათიძე 1989: 325; ლორთქიფანიძე 1935: 305; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 79; მარღიშვილი 1990: 46-51; საქ. სიძ. 1910: 143; 1920: 18, 60, 71, 95, 100; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 831; 1972: 10, 13, 33, 377; 1981: 151, 152, 622; 1985: 391, 848, 849, 851, 852, 855; ქც 2: 345,6, 485,11; ქც 4: 389,17; ქრონიკები 1897: 349-352; ციციშვილი 1979: 11-17; 1980: 8-14.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9