ეგ ენ ერ ეც ეძ
ერგ ერე ერთ ერკ ერუ ერწ

ერგე


(ქც 4: 676,7,8). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 676,7,8; 680,18; 792,13; 793,4), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტი (ქც 2: 349,26), ჟან მურიეს „ბათუმი და ჭოროხის აუზი“ (მურიე 1962: 37).

ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „ზღვის შესართავზედ და ჭოროხის ჩდილოსავე კიდესა არს ბათომი ... ამას ზეით, ჭოროხის ჩდილოსავე კიდესა ზედა, არს ერგე“ (ქც 4: 792,10-13).

მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიც-ში, მდ. ჭოროხისა და აჭარისწყლის შესართავთან, ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე.

XV ს-ის მეორე ნახევრიდან ერგე გურიის სამთავროშია (ქც 2: 349,26). XIX ს-ში შედის ლაზისტანის სანჯაყის ბათუმის ნახიეში (ცინცაძე 1980: 58). ზოგიერთ წერილობით წყაროში მოიხსენიება როგორც „ელგე“ (მურიე 1962: 37).

1959 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სადაზვერვო ჯგუფმა (ო. ლორთქიფანიძე, თ. მიქელაძე, ა. ინაიშვილი, ა. რამიშვილი) ჩაატარა სამუშაოები ერგესა და თხილნარის ტერიტორიაზე. 1964 წ. ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ერთობლივმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ი. გძელიშვილი) ჩაატარა არქეოლოგიური დაზვერვები ერგეს მახლობლად სოფ. მახოს ტერიტორიაზე. 1969-1971 და 1982-1983 წწ. ჯერ ბათუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ა. ინაიშვილი), შემდეგ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ექსპედიციის მახვილაურის ქვის ხანის ნამოსახლარის შემსწავლელმა რაზმმა (ხელმძღ. ს. გოგიტიძე) შეისწავლა ხსენებული ნამოსახლარი.

მახვილაურის ნამოსახლარი მდებარეობს კახაბრის დაბლობის ჩრდილოეთ ნაწილში, მდ. ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე, მდინარის დონიდან 508 მ სიმაღლის ბორცვზე. მოპოვებულია დაახლოებით 2000 ერთეული იარაღი და იარაღის ფრაგმენტი. მათ შორის, 429 კაჟის, 98 ობსიდანის, 643 რიყის ქვის, 116 ბაზალტის იარაღი და 435 კერამიკის ფრაგმენტი. კერამიკა ხელითაა ნაძერწი. გამომწვარია მოვარდისფრო-მოყვითალოდ. გამოიყოფა ანგობირებული და ორნამენტირებული ჭურჭლის ფრაგმენტები. თარიღდება განვითარებული ნეოლითური ხანით (გოგიტიძე 1977: 69-89; საქ. არქ. 1991: 255, 256). ნამოსახლარის ტერიტორია საცხოვრებლად გამოუყენებიათ გვიანბრინჯაო-ადრერკინის, ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში (გოგიტიძე 1983: 3-24). მასალა ინახება ბათუმის ნ. ბერძენიშვილი სახ. სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.

ერგესა და მის შემოგარენში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა დაზვერვებმა გამოავლინა: სოფ. მახოს ტერიტორიაზე გვიანბრინჯაოს პერიოდის ნამოსახლარი, ხოლო ერგესა და თხილნარში მარნისა და ქვევრების ნაშთები (ლორთქიფანიძე, მიქელაძე 1960: 763; ინაიშვილი 1974: 154).

ერგესა და მისი შემოგარენიდან ცნობილია რამდენიმე განძი: ერგეს განძი აღმოჩნდა 1936 წელს. შედგება ბრინჯაოს ათი ცულისაგან. მათგან ერთი დაკარგულია, ერთი კი შეცდომითაა ამ განძზე მიკუთვნებული. 2 ცული მიჩნეულია კოლხური ცულების პროტოტიპად. დანარჩენი კი კოლხური ცულების პირველ სახეობას მიეკუთვნება (ჯაფარიძე 1950: 50; ქორიძე 1965: 12; რამიშვილი 1966: 176-191; 1974: 608). თარიღდება ძვ. წ. XVII-XIV სს-ით (ქორიძე 1965: 103); ძვ. წ. XV ს-ის დასასრულითა და XIV ს-ის დასაწყისით (რამიშვილი 1974: 98). განძი ინახება ხ. ახვლედიანის სახ. აჭარის სახელმწიფო მუზეუმში.

ზემო ჯოჭოს განძი აღმოჩნდა 1960 წ. ადგილ სარახიაში. შედგება ბრინჯაოს ხუთი კოლხური ცულისა და ბრინჯაოს ზოდებისაგან. ცულები მასიურია. დამახასიათებელია გორდა, მაგრამ მკვეთრად ასიმეტრიული პირი, სატარის ძირზე ქიმისებური შვერილები, მახვილი ყუა და სწორი ტანი (სიხარულიძე 1962: 11; ქორიძე 1965: 13, 14; რამიშვილი 1974: 8, 9; ინაიშვილი 1975: 39). თარიღდება ძვ. წ. XVII-XIV სს-ით (ქორიძე 1965: 103); ძვ. წ. XIV ს-ით (რამიშვილი 1974: 99). განძი ინახება ხ.ახვლედიანის სახ. აჭარის სახელმწიფო მუზეუმში. „ჭოროხის“ განძი აღმოჩნდა 1953 წ. მდ. ჭოროხის ნაპირზე. მასში ყოფილა ბრინჯაოს 16 ცული. ცნობილია მხოლოდ ორი. მათგან ერთი ეკუთვნის კოლხური ცულის პროტოტიპს, მეორე კი პროტოტიპიდან პირველ ტიპზე გარდამავალი ფორმისაა. თარიღდება ძვ. წ. XV-XIV სს-ით (ქორიძე 1965: 103); ძვ. წ. XV ს-ით (რამიშვილი 1974: 9, 10, 96). განძი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

ეკალაურის განძი აღმოჩნდა 1960 წ. სოფ. ერგეს ეკალაურის უბანში, ადგილ ხორჩენაზე. მის შემადგენლობაშია ბრინჯაოს 2 ცული, 4 თოხი, 2 წალდი და 1 ზოდი. თარიღდება ძვ. წ. XII-XI სს-ით (სიხარულიძე 1962: 11; რამიშვილი 1974: 9); XI ს-ით (ქორიძე 1965: 28, 113, 114, 123). ინახება ხ. ახვლედიანის სახ. აჭარის სახელმწიფო მუზეუმში. მახოს განძი აღმოჩნდა 1954 წ. მდ. მახოს წყლის მარჯვენა ნაპირზე. შედგება ბრინჯაოს 2 ცულისაგან. ორივე ეკუთვნის კოლხური ცულის პროტოტიპს. ერთი ინახება ხ. ახვლედიანის სახ. აჭარის სახელმწიფო მუზეუმში, მეორე კი ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახ. სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (რამიშვილი 1974: 10; ინაიშვილი 1975: 38) თარიღდება ძვ. წ. XV ს-ით (რამიშვილი 1974: 10, 97). 1972 წელს მახოსწყლის ნაპირას კიდევ ერთი განძი აღმოჩნდა. იგი შედგება ბრინჯაოს 11 ცულისაგან. უმრავლესობა კოლხური ცულების პროტოტიპია. თარიღდება ძვ. წ. XV ს-ით (რამიშვილი 1974: 97). განძი ინახება ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახ. სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (რამიშვილი 1974: 10; ინაიშვილი 1975: 21). მახუნცეთის განძი შედგება ორფერდა ყუამილიანი სწორი შუბლის მქონე ცულისა და ბართოხის ნატეხისაგან. თარიღდება ძვ. წ. XVI-XV სს-ით (რამიშვილი 1974: 24, 126). ინახება ხ. ახვლედიანის სახ. აჭარის სახელმწიფო მუზეუმში. საღორეთის განძი აღმოჩნდა 1960 წელს. შედგება 2 ცულისაგან. თარიღდება ძვ. წ. XIII-XII სს-ის მიჯნით (ქორიძე 1965: 110). განძი ინახება ხ. ახვლედიანის სახ. აჭარის სახელმწიფო მუზეუმში (რამიშვილი 1974: 24). ხელვაჩაურში აღმოჩნდა ცული და შუბისპირი. ცული ეკუთვნის ორფერდა ყუამილიან და სიგრძეზე ჩაღარულ სწორშუბლიანი ცულების ჯგუფს. თარიღდება შუა ბრინჯაოს პერიოდით (რამიშვილი 1974: 10, 41-42). ინახება ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახ. სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.

ერგესა და მის შემოგარენში შემორჩენილია რამდენიმე ციხე და ხიდი. საღორეთის ციხე მდებარეობს ქოხთვარის სერზე. აგებულია ფლეთილი ქვით კირხსნარზე. ციხის ფართობია 200 კვ მ. შემორჩენილია კოშკი, გალავნის კედლის ერთი ნაწილი და კოშკზე მინაშენი კედლის ნანგრევი. სამსართულიანი კოშკის ფართობია დაახ. 6 კვ მ, სიმაღლე 2,5 მ, კედლის სისქე 1,5-2 მ. სათოფურები არა აქვს. თარიღდება XIV-XV სს-ით (სიხარულიძე 1962: 45).

ერგეს ციხე მდებარეობს მდინარეების – ჭოროხისა და ჭოროხისწყლის შესართავთან. დაზიანებულია. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით.

მახოს ერთთაღიანი ხიდი მდებარეობს მდ. მახოსწყალზე (ჭოროხის მარცხენა შენაკადი). თაღი წრიული ფორმისაა, სიგრძე 15,8 მ, სიგანე – შუაში 2 მ, ნაპირებზე 2,15 მ. სიმაღლე წყლის დონიდან კამარის ზედაპირამდე 3, 6 მ, მოაჯირის სიგანე 0,5 მ. ბურჯების სიმაღლე 0,8 მ. ნაგებია თლილი ქვით (სიხარულიძე 1962: 37).

მახუნცეთის ხიდი აჭარისწყალზეა, სოფლის ტერიტორიაზე. ნაგებია ფლეთილი ქვით. სიგრძე 24 მ-ია, სიგანე მერყეობს 2-2,5 მ-ს შორის. თაღის სიმაღლე წყლის დონიდან 6 მ-ია. ბურჯებად გამოყენებულია ბუნებრივი კლდე, რომელიც ალაგ-ალაგ ქვებითაა ამოშენებული (სიხარულიძე 1962: 38).
 
ბიბლიოგრაფია: გოგიტიძე ... 1971: 60, 61; გოგიტიძე 1973: 57-73; 1977: 3-18; 1978: 69-120; 1978ა: 3-12; 1982: 19-43; 1988: 3-24; ინაიშვილი 1973: 18, 22; 1974: 154; 1975: 28, 36-40; ლორთქიფანიძე, მიქელაძე 1960: 761, 763; მურიე 1962: 37; რამიშვილი 1966: 178-180; 1974: 6, 8-10, 24, 46, 94-99; სახოკია 1950: 248; საქ. არქ. 1991: 255, 256; სიხარულიძე 1962: 11, 12, 37, 38, 45; უვაროვა 1891: 212; ქც 2: 349,26; ქც 4: 676,7,8; 680,18; 792,13; 793,4; ქორიძე 1965: 11-14, 28, 60, 101-104, 114, 123; ცინცაძე 1980: 58; ჯაფარიძე 1950: 50; ჯაფარიძე 1991: 194.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9