ეგ ენ ერ ეც ეძ
ერგ ერე ერთ ერკ ერუ ერწ

ერთაწმიდა

ეკლესია (ქც 4: 341,15).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 341,15,16; 422,9), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2:386,7,10), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 66), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 98; 1981: 28, 31; 1985: 217, 342, 399, 835, 879; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 19, 302; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 58; 1953: 15, 38; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 81), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 31), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 63).

ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „თეძამზედ ... ზეით ეკლესია გუმბათიანი, ერთაწმინდისა, სასწაულთმომქმედი“ (ქც 4: 341,15).

ეკლესია მდებარეობს კასპის მუნიც-ში, მდ. თეძმის ხეობაში, მის მარჯვენა მხარეს, თანამედროვე სოფ. ერთაწმინდაში.

XVII ს-ის დასაწყსიში ერთაწმინდა გიორგი სააკაძის მფლობელობაში შევიდა და ტაძარი საგვარეულო საძვალედ იქცა. გიორგი სააკაძის საქართველოდან გადახვეწის შემდეგ ერთაწმინდა სამეფო საკუთრება გახდა. 1652 წ. ქართლის მეფე როსტომმა (1632-1658) ერთაწმინდა ეკლესიითურთ დაუბრუნა იორამ სააკაძეს (მაკალათია 1959: 22-25).

ერთაწმინდა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ერთაწმინდის ეკლესია დგას შუა სოფელში. ტაძრისა და სოფლის სახელწოდება „ერთაწმინდა“ დაკავშირებულია წმინდა ესტატეს სახელთან (გომელაური 1976: 3). ისტორიულ საბუთებში ეკლესია მოიხსენიება „ესტაწმინდის“ სახელით (კაკაბაძე 1929ა: 72).

ერთაწმინდის გუმბათიანი ტაძარი (22,2X14,3 მ) ნაგებია კარგად გათლილი კვადრებით. ტაძარს აქვს 3 შესასვლელი – ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან. დასავლეთიდან არსებული კარიბჭე მთლიანად დანგრეულია. აფსიდა ნახევარწრიულია. სამკვეთლო და სადიაკვნე ნახევარწრიული აფსიდით მთავრდება. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ტაძრის ფასადები მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. ტაძარი თარიღდება XIII ს-ის პირველი ნახევრით. XIX ს-ის მეორე ნახევარში ის შეუკეთებიათ.

ეკლესია შემოზღუდულია გალავნით, რომელიც ნაგებია ფლეთილი და რიყის ქვით. გალავანს 7 კოშკი ჰქონდა. სამხრეთის კედლის გასწვრივ რამდენიმე შენობის ნანგრევია. გალავანი თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. მის ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელში ჩართულია ორსართულიანი სამრეკლო, რომელიც ძველი სამრეკლოს ადგილზე აიგო იგივე მასალით XX ს-ის დასაწყისში (გომელაური 1976: 3-61).

წმინდა თევდორეს ეკლესია დგას სოფლიდან 1,5 კმ-ის დაშორებით, ცხირეთისაკენ მიმავალ გზაზე, „ცუცუბანში“ („ხუცუბანში“). ეკლესია დარბაზულია (8,2X4,5 მ). ნაგებია რუხი ფერის ფლეთილი ქვით. ნახევარწრიულ აფსიდაში ერთი თაღოვანი სარკმელია. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესია თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით (სძა 1990:156).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 31; ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 63; გომელაური 1976; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 19, 302; კაკაბაძე 1929ა: 72; მაკალათია 1959: 22-25; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 58; 1953: 15, 38; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 81; ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 98; 1981: 28, 31; 1985: 217, 342, 399, 835, 879; ქც 2: 386,7,10; ქც 4: 341,15,16; 422,9; ცხოვრება ... 1980: 66.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9