(ქც 4: 375,1). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 375:1), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 42), 1715, 1756 წწ. ისტორიული საბუთები (თაყაიშვილი 1907: 130; ქართ. სამართ. ძეგ. 1865: 406).
მდებარეობს ზნაურის მუნიც-ში, მდ. აღმოსავლეთ ფრონეს (დვანის წყლის) მარცხენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. არკნეთის ტერიტორიაზე (მაკალათია 1963: 22; გვასალია 1989: 8).
ვახუშტი ბაგრატიონი ერკნეთის (არკნეთის) შესახებ გადმოგვცემს: „წუნარის ხევს ზეით არს ეკლესია ერკნეთის, დგანან მთაწმინდის მონაზონნი ბერძენნი“ (ქც 4: 375,1-2).
XVIII ს-ის დასაწყისში რუისის საეპისკოპოსოს არკნეთში ჰქონდა მამული (თაყაიშვილი 1907: 130). აქ მამული ჰქონია იერუსალიმის ჯვრის მონასტერსაც, რომლის წარმომადგენლები სოფელში ღალის ასაკრეფად მოდიოდნენ (მაკალათია 1963: 34).
1949-1950 წწ. ე. პჩელინამ დაზვერვებისას სოფ. არკნეთში მიაკვლია რამდენიმე არქეოლოგიურ ძეგლს. 1951 წ. სამხრეთ ოსეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ტ. ჩუბინიშვილი, ო. ჯაფარიძე) იქ შეისწავლა ანტიკური ხანის ძეგლები და შუაბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი (ჯაფარიძე 1956: 165). 1979 წ. სამხრეთ ოსეთის კვლევითი ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ბ. ტეხოვი) გათხარა გვიანბრინჯაოს ხანის სამაროვანი (ტეხოვი 1982: 63).
სოფლიდან 1 კმ-ის დაშორებით, ადგილ „გორებზე“ გამოვლენილია ფენა, რომელიც შეიცავს შავპრიალა კერამიკასა და კერის ნაშთს. ამავე ფენაში აღმოჩნდა უინვენტარო სამარხი (ჯაფარიძე 1956: 188). მდ. ფრონეს მარჯვენა ნაპირზე, ადგილ „ტბის გზაზე“, აღმოჩენილია ნაცრიანი ორმო, რომელიც შეიცავდა კერის ნაშთს, ბრინჯაოს სატევარს, რკინის დანასა და კერამიკის ფრაგმენტებს. მასალა თარიღდება გვიანბრინჯაოს ხანით (ჯაფარიძე 1956: 183-185).
სოფელში გაითხარა ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო ხანებით დათარიღებული 5 ორმოსამარხი. მიცვალებულები იწვნენ გვერდზე, მოკრუნჩხულები. სამარხეული ინვენტარი შედგებოდა სადღვებლების, ქოთნების, სატევრის, შუბისა და ბეჭდებისაგან (ტეხოვი 1982: 63).
ადგილ „გორებზე“, შუაბრინჯაოს ფენის ზევით აღმოჩნდა ორმოსამარხი, რომლის ინვენტარი – შავად გამომწვარი ქოთანი, ბრინჯაოს სამკაულები და სარდიონის მძივები, მას ძვ. წ. VII-VI სს-ით ათარიღებს (ჯაფარიძე 1956: 185-186).
სოფლიდან 500 მ-ის დაშორებით, ადგილ „ვასასწყაროზე“ გაითხარა 8 სამარხი, მათ შორის, 6 ორმოსამარხი, ერთი ქვევრსამარხი და ერთი დერგსამარხი. მათგან უადრესია ქვევრსამარხი, რომელიც ქვედა ჰორიზონტშია აღმოჩენილი. წითლად მოხატულ, ჰორიზონტალურად ჩაფლულ ქვევრში ორი კიდურებმოკეცილი ჩონჩხი იყო. სამარხეულ ინვენტარს შეადგენდა: შავად გამომწვარი ქოთანი, კონუსურძირიანი დოქი, ზურგშეზნექილი სამაჯურები, ლურჯი მინის სკარაბეოიდი და მრავალწახნაგა საბეჭდავები, რომლებიც სამარხს ძვ. წ. II-I სს-ით ათარიღებს (ჯაფარიძე 1956: 199-203).
ზედა ფენაში აღმოჩენილ ორმოსამარხებში მიცვალებულები დაკრძალულნი იყვნენ ხელფეხმოკეცილ მდგომარეობაში. თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს სამაჯურები და რგოლები, ბრინჯაოს ბეჭედი ლურჯი მინის გემით, ვერცხლის რგოლები, ვერცხლის პართიული მონეტები (სანატრუკი, ოროდ I, ფრაატ III) ორმოსამარხებს ძვ. წ. I-ახ. წ. I სს-ით ათარიღებს (ჯაფარიძე 1956: 190).
სოფელში დგას ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია (მაკალათია 1963: 34).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 42; გვასალია 1989: 3-36; თაყაიშვილი 1907: 130; თოლორდავა 1980: 53, 54; მაკალათია 1963; ტეხოვი 1982: 62-64; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 406; ქც 4: 375,1; ცხოვრებოვა 1979: 57, 72, 110; ჯაფარიძე 1956: 183-205.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.