ეგ ენ ერ ეც ეძ
ეძა

ეძანი


(ქც 4: 319,1,3,18; 321,17). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 319,1,3,18; 321,17), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 48) XIV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 196, 202, 376; მასალანი საქ. სტატ. 1907: 7; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 177, 264; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 83), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 313), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 239).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, „ეძანს ქუევით და ახალქალაქს ზეით გარდმოდის ქცია მაღლის კლდიდამ, ვითარცა ღარიდამ“ (ქც 4: 319,3,4), „ეძანს ზეით ერთვის ქციას ბეშკენაშენის ხევი ჩდილოდამ“ (ქც 4: 319,18,19).

ლოკალიზდება ქ. წალკის ტერიტორიაზე. მდებარეობს მდ. ხრამის მარჯვენა მხარეს, ახალქალაქის დასავლეთით (ბაგრატიონი 1986: 48; ლორთქიფანიძე 1935: 59).

ეძანი შუა საუკუნეებში სამეფო დომენია (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 313). 1392 და 1397 წწ. შეტანილია მცხეთის საეკლესიო მამულების სიაში. 1559 წ. სიმონ მეფემ (1558-1600) სვეტიცხოველს განუახლა ეძანის შეწირულობის საბუთი (ქრონიკები 1897: 196, 202; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 83). 1707 წ. ვახტანგ VI-მ (1716-1724) ეძანი ნათლისმცემლის მონასტერს შესწირა. წყაროებში იხსენიება „ვედზანი“ (გიულდენშტედტი 1962: 239), „ემანი“ – „ეძალი“ – „ეძინის“ სახელებითაც (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 267, 327). XIX ს-ის 30-იანი წლების მიწურულს ეძანს ბარმაქსიზი, ხოლო XX ს-ის 20-იან წლებში წალკა უწოდეს (თაყაიშვილი 1913ა: 67; გაბუნია 1964: 158-59; ჩიქოვანი 1976: 16).

1924 წ. ეძანისა და მისი შემოგარენის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო წალკა-თრიალეთის მატერიალური კულტურის შემსწავლელმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ლ. მელიქსეთ-ბეგი), რომელიც გაგრძელდა 1929, 1932, 1935-1936 წწ. ეძანის (ბარმაქსიზის) მახლობლად, ტაშბაშში შეისწავლეს ციკლოპური ციხის ნაშთი. 1936, 1939 წწ. თრიალეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ბ. კუფტინი) მცირე მასშტაბის სამუშაოები ჩაატარა ეძანის პალეოლითურ სადგომზე და შეისწავლა სამაროვნები ბარმაქსიზში, მანგლისიდან ბარმაქსიზისკენ მიმავალი გზის მახლობლად და ტაშბაშში. 1947 წ. ისტორიის ინსტიტუტის თრიალეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. გ. გობეჯიშვილი) შეისწავლა ხადიკის ყორღანები, ხოლო 1949 წ. ჩაატარა დაზვერვები წალკის შემოგარენში. 1963-1964 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ხრამის ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნინო ბერძენიშვილი) გააგრძელა ეძანის პალეოლითური სადგომის შესწავლა. 1984-1987 წწ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქცია-ხრამის ხეობის ექსპედიციამ (1985 წლიდან ქვემო ქართლის კლდის ძეგლთა შემსწავლელი ექსპედიცია, ხელმძღ. ნ.ბახტაძე) შეისწავლა კლდის ძეგლები წალკის მიდამოებსა და ტაშბაშში. 1986 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის სამხრეთ საქართველოს მთიანეთის ექსპედიციამ (ხელმძღ. მ. გაბუნია) დაასრულა ეძანის სადგომის შესწავლა.

ეძანის პალეოლითური სადგომი მდებარეობს წალკის ჩრდილოეთ ნაწილში, მდ. ხრამის მარცხენა ნაპირზე, ეძანის ეხზე. სადგომის სიგანეა 6-7 მ, სიმაღლე დაახ. 1 მ. ერთფენიან ძეგლზე ძირითადად აღმოჩნდა ობსიდიანისა და ნაწილობრივ კაჟის იარაღები, წარმოების ნაშთები (სულ 31 630 ერთეულზე მეტი). ესენია: ნუკლეუსები, ლამელები, საფხეკები, საჭრისები, სეგმენტები, ტრაპეციები და ტრაპეციისებური ჩასართები, სამკუთხა ჩასართები, სახვრეტები, ბურღები, ისრისპირები და შუბისპირისებური იარაღები. 1 ძვლის იარაღი – ჯეირანის რქის რეტუშორი, რიყის ქვის რამდენიმე ხელჩაქუჩი და სხვ. სადგომის ფაუნა წარმოდგენილია გარეული ცხენის, კეთილშობილი ირმის, კანჯარის, მსხვილფეხა საქონლისა და გარეული ღორის ძვლებით. ეძანის სადგომ-სახელოსნო თარიღდება მეზოლითით (კუფტინი 1941: 122), მეზოლითის მესამე მეოთხედით (გაბუნია 1976: 68).

ხადიკის სამაროვანი მდებარეობს სოფ. ხადიკის მიდამოებში, ადგილ „ჯარგალარში,“ წალკის დასავლეთით, დაახ. 3-4 კმ მანძილზე. შეისწავლეს 3 ყორღანი. მათგან ერთი ადრეული ენეოლითით, ორი ძვ. წ. XIV-XII სს-ით თარიღდება. ადრეული ენეოლითით დათარიღებული ყორღანის ქვამიწაყრილის დმ 25 მ-ია, სიმაღლე – 2 მ. სამარხი ორმო მდებარეობს 2,1 მ სიღრმეზე, ცენტრიდან 3,3 მ მანძილზე. მიცვალებული დაკრძალულია მარჯვენა გვერდზე, ხელ-ფეხმოკეცილი, თავით აღმოსავლეთით. მიცვალებულის ნეკნებს შუა წითელი საღებავის კვალია. ყორღანში აღმოჩნდა ხელით ნაძერწი 3 თიხის ჭურჭელი. ყრილის ცენტრში 0,7 მ სიღრმეზე ძვ. წ. VIII ს-ის ჩაშვებული სამარხია (გძელიშვილი 1950: 703) მეორე და მესამე ყორღანები შედარებით პატარაა: სიმაღლე 0,8 მ, გარე წრის რადიუსი 6,7-7,7 მ. მიცვალებულები დაკრძალულია მარჯვენა გვერდზე ხელ-ფეხმოკეცილი, თავით ჩრდილოეთით. ყორღანში აღმოჩნდა მოწითალო, მოყავისფრო-მოწითალო და შავპრიალა თიხის ჭურჭელი, ცხვრისა და მსხვილფეხა საქონლის ძვლები. თარიღდება ძვ. წ. XIV-XII სს-ით (გძელიშვილი 1954ა: 49-55).

სამაროვანზე, რომელიც მდებარეობს მანგლისიდან ბარმაქსიზისკენ მიმავალი გზის ახლოს, ორი პერიოდის სამარხებია: ენეოლითური ქვის ფილებით ნაგებ სამარხში (1,05X0,73 მ) მიცვალებული დაკრძალულია მარჯვენა გვერდზე ხელ-ფეხ მოკეცილი, თავით სამხრეთისაკენ. მასში აღმოჩნდა ხელით ნაძერწი თიხის ქოთანი და კათხა (კუფტინი 1941: 117). ახ. წ. V-VII სს-ის ქვის სამარხებში (1,7-2X0,55 მ). მიცვალებულები დაკრძალულია მარცხენა გვერდზე, თავით სამხრეთ-დასავლეთით. გვხვდება კოლექტიური სამარხიც (კუფტინი 1941: 21).

ტაშბაშის სამაროვანი მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთ განაპირა მხარეს, ბარმაქსიზიდან 3-4 კმ მოშორებით. შესწავლილია ქვის ფილებისაგან ნაგები 4 სამარხი (1,1-1,2X0,7-1,5 მ). მიცვალებულები დაკრძალულია ხელ-ფეხმოკეცილი, თავით სამხრეთ-დასავლეთით. სამარხებში აღმოჩნდა: მოყავისფრო, ხელით ნაძერწი და მოწითალო ანგობით დაფარული თიხის ჭურჭელი (დოქები, პირმოყრილი ჯამი და სხვ.); ლითონის იარაღი (მასრაგახსნილი შუბისპირი, რკინის დანა); სამკაულები; 1 სამარხი თარიღდება ენეოლითური ხანით, 3 რომაული ან პართიული ხანით (კუფტინი 1941: 24, 25), ან ძვ. წ. V-IV სს-ით (გაგოშიძე 1982: 57).

ციკლოპური ციხე მდებარეობს ტაშბაშის ეკლესიასთან. შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთი ზღუდის ნაშთი. თარიღდება ძვ. წ. IX-VII სს-ით (მელიქსეთ-ბეგი 1938: 54).

წალკისა და ტაშბაშის კლდის ძეგლები წარმოადგენს კლდის ბუნებრივ ან ხელოვნურ ტერასებზე ჯგუფ-ჯგუფად, ერთმანეთისაგან მოშორებით გამოკვეთილ კომპლექსებს. თითქმის ყველა მათგანთან შემორჩენილია ხეობიდან მისასვლელი გზები. უმრავლესობა თითო სათავსიანია, არასწორი ფორმის და უხეშად გამოკვეთილი. ფართობი 4-12 კვ მ. ჭერი კედლებისკენ ვიწროვდება და ღიობით ტერასაზე გამოდის. კომპლექსები საცხოვრებელი და სამეურენო დანიშნულებისაა. წალკის მიდამოებში არსებული კლდის ძეგლები ბრინჯაოს პერიოდით თარიღდება (ბახტაძე 1982: 8-13; 1991: 90-92).

ბარმაქსიზის სამაროვანი მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით. ქვის სამარხებში (1,7-2X0,55 მ) მიცვალებულები დაკარძალულია მარჯვენა გვერდზე ხელ-ფეხმოკეცილი ან ზურგზე, ფეხებმოკეცილი, თავით დასავლეთით. სამარხებში თიხის ჭურჭელი თითქმის არ გვხვდება, გარდა ერთი უხეშად ნაძერწი ჭრაქისა. მამაკაცის სამარხები უინვენტაროა. თარიღება ახ. წ. V-VII სს-ით (კუფტინი 1941: 21). 1939, 1939, 1947, 1963, 1964, 1986 წწ. მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

1936 წ. წალკის მიდამოებში, ხრამის ხეობის ერთ-ერთ გამოქვაბულში აღმოჩნდა XVIII ს-ის თურქული ახჩა (ანთაძე 1982: 79). 1939 წ. წალკაში, ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა ავგუსტუსის ვერცხლის დინარი. წალკაში ნაპოვნია ადრიანეს (117-138) ვერცხლის დინარი. მონეტები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). 1949 წ. წალკის მიდამოებში ნაპოვნია გოტარზეს დრაქმა, რომელიც მპოვნელს დარჩა (აბრამიშვილი 1974: 107).

ეძანში ორი ეკლესიის ნანგრევებია შემორჩენილი. წმინდა იოანეს დარბაზული ტიპის ეკლესია (8,5X5,5 მ) მოპირკეთებულია თლილი ქვით. აფსიდაში ორი ნიში და მოხატულობის ფრაგმენტებია. ეკლესია შემოღობილი ყოფილა. სამხრეთის კედელთან ჩამოვარდნილ ქვაზე გაკეთებულ ხუცურ წარწერაში მოხსენიებულია „არდაძელი“ (თაყაიშვილი 1913ა: 73; ლომთათიძე, გძელიშვილი 1951: 327).

ღვთისმშობლის ეკლესია აგებულია თლილი ქვით. აფსიდა ნახევარწრიულია. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან ჰქონდა. ამჟამად ამოშენებული დასავლეთის კარის თავზე გამოსახულია მეორედ მოსვლის სცენა. ანალოგიური გამოსახულებაა ეკლესიის გალავნის კარის თავზეც. თარიღდება VI ს-ის მეორე ნახევრით (თაყაიშვილი 1913ა: 73; ლომთათიძე, გძელიშვილი 1951: 327).

ეძანთან, მდ. ხრამზე გადებული ხიდის მარცხენა საყრდენში ჩატანებულ ქვაზე არის ასომთავრული წარწერა: „სახელითა ღმრთისათა მე მირიან თარხონის ძემან აღვაშენე და ღირს ვიქმენ წმინდაი ესე ეკლესიაი, საყოფელი წმინდისა დემეტერე მოწამისაი, სალოცავად, აცოცხლენ ღმერთმან, საგარეოს (?) შინ(ა) ჟამთას ბაგრატ მეფეთა მეფე სევასტოსი ამინ“ (თაყაიშვილი 1913ა: 69). წარწერაში მოხსენიებული ბაგრატ სევასტოსი ბაგრატ IV-ეა (1027-1072). ეკლესია, რომელსაც ეს ქვა ეკუთვნოდა, აშენებული უნდა იყოს 1059-1072 წლებში. ზოგიერთი მკვლევარის ვარაუდით, ქვა კათედრალური ეკლესიისაა და მოტანილია გუნია ყალადან (თაყაიშვილი 1913ა: 73), რომელიც ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულ წალკას წარმოადგენს. დღეს აღნიშნული ტერიტორია მოქცეულია წყალსაცავის ქვეშ.
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1974: 107; ანთაძე 1982: 79; ალადაშვილი 1972: 17-24; ბაგრატიონი 1986: 48; ბახტაძე 1982: 8-13; 1991: 90-92; ბერძენიშვილი ნინო 1963: 7; გაბუნია 1964: 158, 159; 1971: 8, 9; 1974: 52-68; 1976; გაგოშიძე 1982: 57; გიულდენშტედტი 1962: 239; გძელიშვილი 1950: 697-704; 1954ა: 49-55; თაყაიშვილი 1913ა: 73; კუფტინი 1941: 21, 24, 25, 117, 122; ლომთათიძე, გძელიშვილი 1951: 315-335; ლორთქიფანიძე 1935: 59; 1938: 58; მასალანი საქ. სტატ. 1907: 7; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 83; მელიქსეთ-ბეგი 1938: 54; საქ. არქ. 1991: 169, 202, 211, 212; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 313; 1970: 177; ქრონიკები 1897: 196, 202, 376; ქც 4: 319,1,3,18; 321,17; ყაუხჩიშვილი 1942: 227, 229; ჩიქოვანი 1976: 16; ჩუბინაშვილი, შმერლინგი 1948: 47-64; ხარაძე 1972: 65, 66; ჯავრიშვილი 1964: 35-41; ჯაფარიძე 1991: 36, 44.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

See also: წალკა
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9